კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სურდათ ქუთაისელ „კნიაჟნებს“ აგრაფინა ჯაფარიძის „ერთ კოვზ წყალში” ჩახრჩობა

აგრაფინა ჯაფარიძის განქორწინება თავად ტარიელ დადიანთან და შემდეგ ქორწინება ოლდენბურგის ჰერცოგის ვაჟზე, პრინც კონსტანტინე პეტრეს ძეზე 1882 წელს, ერთობ გახმაურებული ამბავი გახლდათ. მაშინ ამ ქორწინების ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდა. ამდენი ხნის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძის ბიოგრაფიაში, ისე აირია ერთმანეთში ჭორი და მართალი, რომ რეალური დეტალების დადგენა და ფაქტების დალაგება ჭირს. სწორედ ამიტომ მოვიწვიე ჩვენს რესპონდენტად ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა ჯაფარიძე, რომლისთვისაც ეს საკითხი უცხო ნამდვილად არაა.

 

გოჩა ჯაფარიძე: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც ჩემი პაპა და ბებია, აგრაფინა ჯაფარიძეს ახსენებდნენ ხოლმე. პაპა, აგრაფინას, მამიდას ეძახდა, თუმცა, ეს ქალბატონი იყო მისი ბიძაშვილის შვილი დედის მხრიდან.

– ბატონო გოჩა, მკითხველი რომ არ დავაბნიოთ დავიწყოთ თავიდან.

– აგრაფინა ჯაფარიძე 1855 წელს დაიბადა თავად კონსტანტინე ჯაფარიძის ოჯახში. დედამისი მელანიაც, ჯაფარიძის ქალი გახლდათ. ცხოვრობდნენ ზემო რაჭაში, სოფელ ონჭევში. 5 წლის შემდეგ კონსტანტინე გარდაიცვალა და მელანია საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა თავისი 2 ქალიშვილით. მოგვიანებით, ის დაქვრივებულ აზნაურზე, გიორგი იოსელიანზე გათხოვდა. აგრაფინა 21 წლის იყო, როდესაც ისიც, ასევე დაქვრივებულ, თავად ტარიელ დადიანზე გაათხოვეს.

აგრაფინას ბედი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქუთაისში ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი დაბანაკდა ფლიგელ-ადიუტანტ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის მეთაურობით, რომელიც მანამდე რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში მონაწილეობდა და მოგვიანებით, გენერლის წოდებაც მიიღო.

   30 წლის ოლდენბურგი, რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი, დარდიმანდი, ერთი, ფულის მფანტავი და თავზეხელაღებული კაცი იყო. ყველა ეს თვისება იმპერატორისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დიდი ხნით მოეშორებინა პეტერბურგიდან და კავკასიაში მიევლინებინა. იმპერატორისგან განსხვავებით, სწორედ ამ თვისებების წყალობით მოექცა პრინცი ქუთაისელი ქალბატონების ყურადღების ცენტრში. ქართველი ქალბატონები, მოგეხსენებათ, ლამაზები არიან. მათ შორის პრინცს განსაკუთრებით ერთი, გათხოვილი ქალბატონი მოეწონა – აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც ტარიელ დადიანის მეუღლე გახლდათ. აგრაფინამ მეუღლეს შესჩივლა. ტარიელმა ხმალზე წაივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს – ძვირად დაგიჯდებაო. იმასაც ამბობენ, ტარიელი ბანქოს თამაშობდა და ფული რომ წააგო, გაუყარა აგრაფინამ ოლდენბურგს ხელი და ერთად წავიდნენო. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა და როგორ იყო, რადგან მაშინვე ბევრი ჭორ-მართალი არსებობდა ამ სახელების ირგვლივ. რომ ამბობენ, მილიონი თუმანი შესთავაზა პრინცმა ტარიელს, იმის სანაცვლოდ, რომ მას ერთი ღამით აგრაფინა დაეთმოო, მე არ მჯერა. არ არსებობს! ერთი მილიონი თუმანი, ქუთაისს დაანგრევდა და ხელახლა ააშენებდა. 

– რაც შეეხება კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე სასახლეს, რომელსაც ერთი ღამის სასახლეს უწოდებენ. ეს სასახლე პრინცმა ოლდენბურგმა მართლა აგრაფინა ჯაფარიძეს აუშენა, რათა ეს მანდილოსანი ერთი ღამით მისი გამხდარიყო?

– აგრაფინასა და პრინცს თბილისში არ უცხოვრიათ. ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ. იქ იყო მათი რეზიდენცია. მე ერთი რამ ვიცი: 1882 წელს მოხდა პრინცისა და აგრაფინას შეუღლება და ჯვრისწერა. ამ დროისთვის, თქვენ მიერ აღნიშნული შენობა თანამედროვე სახით, არ არსებობდა. აღნიშნული შენობის მშენებლობის უფლება მაშინდელ ნოვოსადოვსკაიას ქუჩაზე, არქიტექტორ პაულ შტერნის პროექტით, მიწის ნაკვეთის მფლობელმა, ემილია ტიტელმა მხოლოდ 1895 წლის 27 ივნისს მიიღო ქალაქის მმართველობისგან. ეს ადგილი მისი საკუთრება იყო 1897 წელსაც. ამ დროს აგრაფინა 6 შვილის დედა იყო და 6 შვილის დედა მიდიოდა და სასიყვარულო ოთახში ხვდებოდა ოლდენბურგს?! წარმოუდგენელია. საერთოდ კი, კარგი იქნებოდა, საბოლოოდ გარკვეულიყო, ვინ შეიძინა ტიტელის მიერ აგებული ეს შენობა და ვის ჩამოართვეს ის ბოლშევიკებმა, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.

არსებობს ადამიანური ფაქტორიც, ქალბატონი, რომელიც ტარიელ დადიანის ხელში ჩაგრულად გრძნობდა თავს, წამოვიდა მისგან.

– მაგრამ ლექსი: „აგრაფინა, კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო” – საიდან იღებს სათავეს?

– დადიანი რომ ცოლს დაშორდა, სინოდმა დაადასტურა მათი გაყრა. ოფიციალური დოკუმენტიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ასევე, ოფიციალურად მოხდა აგრაფინასა და პრინც ოლდენბურგის ქორწინებაც. პრინცის არჩევნით გაღიზიანებული ქუთაისელი „კნიაჟნები“ მზად ყოფილან „ერთ კოვზ წყალში” ჩაეხრჩოთ აგრაფინა, რომელმაც მათ იმედებსა და ოცნებებს ცივი წყალი გადაასხა. ისინი გულისტკივილს იმითღა იქარვებდნენ, რომ ქუთაისურ სალონებში გიტარაზე აკვნესებდნენ: „აგრაფინა, კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”.

– ჰერცოგისა და იმპერიის კარზე როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

– კონსტანტინე ოლდენბურგის ქორწინება ქართველ ხელმოკლე თავადის ასულზე, არათანასწორად მიიჩნიეს. ამის გამო ჰერცოგმა მამამ პრინცს უფლება ჩამოართვა, რომ აგრაფინასა და მის ნაშობ შვილებს ოლდენბურგის გვარი ეტარებინათ. ჰერცოგმა აგრაფინას ორი გვარი შესთავაზა „ბოზ” და „ფონ ზარნეკაუ”. გასაგები მიზეზების გამო, აგრაფინამ ზარნეკაუ აირჩია. ასე რომ, პრინცმა შვილების მომავალი აგრაფინას სიყვარულს ანაცვალა. მის შთამომავლებს საბოლოოდ გადაეკეტათ გზა ჰერცოგის ტახტისკენ. თავდაპირველად, ნიკოლოზ მეორეც უკმაყოფილო იყო ამ ქორწინებით. თუმცა, როდესაც კონსტანტინემ მას აგრაფინა წარუდგინა, იმპერატორი მოხიბლული და აღფრთოვანებული დარჩა მისი მშვენიერებით. 

– აგრაფინა როგორ გრძნობდა თავს ერთ ჭერქვეშ „დარდიმანდ, ფულის მფანტავ და თავზეხელაღებულ” ოლდენბურგთან?

– ქორწინებამ შეცვალა ოლდენბურგი. ის დასერიოზულდა და ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ქუთაისში ბალახვანის (დღევანდელი წერეთლის) ქუჩაზე იყიდა დიდი ფართობი და გახსნა კონიაკისა და შამპანურის ქარხანა, რომლის ექსპორტსაც უცხოეთში ეწეოდა. ოლდენბურგი მონაწილეობდა ფოთსა და ზუგდიდს შორის რკინიგზის გაყვანასა და, გაგრის კეთილმოწყობაში. 

– რას გვიამბობთ აგრაფინასა და კონსტანტინეს შვილებზე? 

– საყვარელ მეუღლესთან ოლდენბურგს 6 შვილი ეყოლა. 3 ასული (ალექსანდრა, ეკატერინა, ნინა) და 3 ვაჟი (ნიკოლაი, ალექსი, პეტრე). ალექსანდრა ცოლად გაჰყვა საფრანგეთში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის ვაჟს, გიორგის, რომელიც დედასთან, ეკატერინე დოლგორუკოვასთან ერთად,  საფრანგეთში ცხოვრობდა. როდესაც კანონიერი ცოლი მოუკვდა, იმპერატორი მორგანატული ქორწინებით შეუღლდა ეკატერინესთან და მას, შვილებთან ერთად, უგანათლებულესი თავადის, იურიევსკის გვარი უბოძა. იმპერატორს გიორგის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება სურდა, მაგრამ არ დასცალდა, ტერორისტების მსხვერპლი შეიქნა. ალექსანდრა ზარნეკაუსა და გიორგი იურიევსკის შეუღლების ნაყოფი იყო ვაჟი – ალექსანდრე, მაგრამ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1908 წელს ისინი გაეყარნენ. ერთი მხრივ, ალექსანდრე მეორისა და ეკატერინე დოლგორუკოვას  და მეორე მხრივ, პრინც კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის შვილიშვილი, ჰანს-გიორგი ალექსანდრეს ძე (დაიბადა 1961 წელს), რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, რუსეთის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

– რაც შეეხება აგრაფინასა და კონსტანტინეს დანარჩენ შვილებს?

– ვაჟებიდან უფროსი – ნიკოლაი გარდაიცვალა 1976 წელს საფრანგეთში. ორჯერ დაქორწინებულს შვილები არ ჰყოლია. 

მეორე – 31 წლის ალექსი 1928 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს პეტერბურგში. შთამომავლობა არც მას დარჩენია. 

უმცროსი ვაჟი – პეტრე, 1914 წელს პეტერბურგში დაქორწინდა თამარ შერვაშიძეზე, მერის დაზე. ისინი რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდნენ. თამარი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამის შემდეგ პეტრე ზარნეკაუმ ალექსანდრა ანენკოვაზე იქორწინა პარიზში. ზარნეკაუს გვარი მისმა შთამომავლებმა გააგრძელეს.

აგრაფინას ქალიშვილებიდან მეორე, ეკატერინა, მედდა იყო პირველ მსოფლიო ომში. რევოლუციის შემდეგ ის კარგა ხანს, პეტროგრადში დარჩა. სამჯერ იყო გათხოვილი. ჰყავდა ერთი ქალიშვილი ტატიანა პირველ ქმართან – დიდი მთავრის, კირილე ვლადიმირის ძის ადიუტანტთან, ივან ფონ პლენთან. ეკატერინა ზარნეკაუ რომანოვების სახლთან დაკავშირებული უკანასკნელი წარჩინებული ქალბატონი გახლდათ, რომელიც რევოლუციის შემდეგ პეტროგრადში რჩებოდა და ყველანაირად ეხმარებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ის ორჯერ დააპატიმრა ჩეკამ. რუსეთში ცხოვრება სულ უფრო სახიფათო ხდებოდა და პირველი ქმრის შემწეობითა და მართლმადიდებელი მღვდლების დახმარებით, მან 1929 წელს დატოვა ლენინგრადი, იმ საბაბით, რომ კავკასიაში მიემგზავრებოდა სამკურნალოდ. სინამდვილეში კი, საიდუმლოდ გადალახა ფინეთის საზღვარი. პარიზში საბჭოთა აგენტურამ გაარკვია, თუ როგორ შეძლო მან ქვეყნის დატოვება და ჩეკა სასტიკად გაუსწორდა მის დამხმარეებს. მათ შორის 30-ზე მეტ სასულიერო პირს დახვრეტა მიუსაჯეს. 

აგრაფინას უმცროსი ქალიშვილი, ნინა სულიერად დაავადებული იყო და კისლოვოდსკში მკურნალობდა. ამის გამო აგრაფინამ არ დატოვა ქვეყანა, ის ქალიშვილს უვლიდა. ნინა 1922 წელს გარდაიცვალა. 

– ამბობენ, აგრაფინა, მეუღლეს არ გაჰყვა პარიზშიო...

– ესეც სიცრუეა. პრინცმა ოჯახთან ერთად ქუთაისი 1896 წელს დატოვა. აგრაფინა თან ახლდა მეუღლეს. კონსტანტინე 1906 წელს გარდაიცვალა საფრანგეთში. ის პეტერბურგში დაკრძალეს. ამის შემდეგ აგრაფინაც პეტერბურგში ცხოვრობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის პამაჩემმაც მოინახულა. 

– როგორი იყო აგრაფინას აღსასრული?

– ნინას გარდაცვალების შემდეგ, აგრაფინა ქუთაისში დაბრუნდა. ბოლშევიკებმა მას მთელი ქონება ჩამოართვეს. იგი ძმისშვილმა, გიორგი იოსელიანმა შეიკედლა. აგრაფინა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1926 წელს, ფილტვების შეშუპებით. 

 

 

скачать dle 11.3