კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ გამოგზავნა საქართველოში პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი, რასაც მასობრივი მკვლელობა მოჰყვა

 

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია ცნობილ საბჭოთა ბოროტმოქმედს, კიშინიოველ ვიტალი ბეცის შეეხება, რომელიც ქართველმა მილიციელებმა მოკლეს სპეცოპერაციის დროს. პუბლიკაციის ზოგიერთი გმირი დღესაც ცოცხალია, მათი სახელები შევცვალეთ და ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ლამაზი მილიციელი

17 წლის კიშინიოველი ჭაბუკი, ვიტალი ბეცი, მილიციაში სამუშაოდ რომ მივიდა, მთელი საპასპორტო განყოფილების გოგონებს შეუყვარდათ, რადგან, ძალიან ლამაზი, ტანადი და შავთვალება ბიჭი იყო.

– ორი კვირა გაუფორმებლად იარე სამსახურში და, სრულწლოვანი რომ გახდები, დანიშნულებასაც მიიღებ, – უთხრა ვიტალის კიშინიოვის ლენინის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა ანდრეი კორელიუმ, – იცოდე, ქალებს თავი არ გაუყადრო. ჩვენი საპასპორტოს გოგონები ძალიან ვნებიანები არიან და თვალს დაგადგამენ.

კორელიუს სიტყვები მალე აუხდა ბეცის – სულ მოკლე ხანში, საპასპორტო განყოფილების არც ერთი გოგონა არ დარჩენილა, რომ ვიტალის ლოგინში არ ჩაჰგორებოდა. სულ მალე მოლდოვეთის დედაქალაქში ვიტალი ბეცი ძალიან პოპულარული გახდა და ახალგაზრდა, ლამაზ მილიციელს ყველა ლამაზმანი ეტრფოდა. ტოლიკა კი (იგივე ვიტალი) დარდიმანდულ ცხოვრებას ისე მიეჩვია, რომ ფული აღარ ჰყოფნიდა. ამიტომ მან 23 წლის ასაკში ქრთამი აიღო, რის გამოც ის დაიჭირეს და, როგორც ორგანოს თანამშრომელს, პატიმრობის მაქსიმალური ვადა მისცეს. მოსამართლე პოპოვი და პროკურორი მონესკუ შეთანხმებულად მოქმედებდნენ და დიდი სიამოვნებით გაუშვეს ბეცი ციხეში, რადგან ახალგაზრდა, ლამაზ მილიციელს მათ ცოლ-შვილთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა და მასზე გამწარებულები იყვნენ...

სასამართლო შენობის ორასკაციანი დარბაზი თითქმის მთლიანად ახალგაზრდა გოგონებით იყო სავსე, რომლებიც მოსამართლის განაჩენით ისე აღშფოთდნენ, რომ წივილ-კივილი  ატეხეს და მათ დასაშოშმინებლად მილიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს. ვიტალი ბეცი სვერდლოვსკის ¹9 კოლონიაში გაამწესეს, სადაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იხდიდნენ სასჯელს. ბეციმ იქ ოთხი წელი გაატარა, ერთ დღეს კი ის ყოფილ მილიციის მაიორთან, თბილისელ გურამ კობახიძესთან ერთად გაიქცა. ორგანოს ყოფილ მუშაკებზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ, მათ კვალს ვერსად მიაგნეს...

პირველი საქმე

32 წლის გურამ კობახიძე „მურის“ თანამშრომელი იყო და პატიმრის ცემის გამო ათი წლით ჩასვეს ციხეში. ნაცემი პატიმარი ბობოლა პარტიული ფუნქციონერის შვილი იყო და არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის იყო დაკავებული. გურამმა ეს ვერ აიტანა და დაკავებული ისე სცემა, რომ ფეხები მოტეხა და სასქესო ორგანო დაუზიანა.

– ამ მთავრობის დედაც, ტოლიკ! – უთხრა გურამმა ბეცის, – დავრწმუნდი, რომ პრისტუპნიკები ბევრად პატიოსანი ხალხია, ვიდრე მილიციელები და დღეიდან პროფესია უნდა შევიცვალო. შენ?

– მეც, – მიუგო ბეციმ კობახიძეს და გადაწყვიტეს, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება ჩამოეყალიბებინათ, რომელიც შიშის ზარს დასცემდა პოლიციელებს.

ციხიდან გაქცეული ყოფილი მილიციელები მოსკოვში, გურამის ერთ-ერთი საყვარლის, ალა პავლოვას ბინაში დასახლდნენ. პავლოვას და, ანა, ბეცის საყვარელი გახდა და დები თვალის ჩინივით უვლიდნენ ყოფილ მილიციელებს.

გაქცევიდან ოთხი თვის შემდეგ გურამმა და ვიტალიმ ინკასატორის მანქანის გაძარცვა გადაწყვიტეს. პისტოლეტები გურამმა იშოვა და, მას მერე, რაც გრიმიორმა ანამ ორივე მამაკაცი საიმედოდ შენიღბა, ყოფილმა მილიციელებმა საქმის მომზადება დაიწყეს. ისინი გატაცებული მანქანით უთვალთვალებდნენ ინკასატორების მანქანის გადაადგილებას, რომელსაც მოსკოვის ¹3 ხორცკომბინატში თანამშრომლების ხელფასი დაჰქონდა. 2 მაისს, „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტებით შეიარაღებული ბეცი და კობახიძე ორ ინკასატორს დაესხნენ თავს, ყოველგვარი სროლის გარეშე წაართვეს ხაკის ჩანთა და მოპარული მანქანით მიიმალნენ. ჩანთაში 135 ათასი მანეთი იდო, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო.

– ყოჩაღები ვართ, ტოლიკ, – უთხრა გურამმა ბეცის, – პირველი საქმისთვის ცუდი კუში არაა. ეს ერთი და სხვა მრავალი!

ყოფილ მილიციელებს, რომლებიც დროსტარების დიდი მოტრფიალეები იყვნენ, პირველი საქმიდან ნაშოვნი ფული თითქმის ნახევარი წელი ეყოთ. ისინი, რა თქმა უნდა, შენიღბულები, თითქმის ყოველდღე დადიოდნენ  ძვირად ღირებულ რესტორნებში თავიანთ ქალებთან ერთად და, როდესაც ფული შემოაკლდათ, მეორე საქმის მზადებას შეუდგნენ.

მარტოხელა მგელი

ყოფილი მილიციელების მეორე საქმე ¹13 შემნახველი სალაროს გაძარცვა იყო, სადაც ბეციმ და კობახიძემ 70 ათასი მანეთი აართვეს მოლარეს და უკვალოდ მიიმალნენ. მას მერე, ძებნილებმა კიდევ ოთხი საქმე შეასრულეს. ისინი, ძირითადად, ინკასატორებს ძარცვავდნენ და, საერთო ჯამში, 920 ათასი მანეთით აზარალეს სახელმწიფო. მილიციამ უკვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ყოფილ მილიციელებს განსაკუთრებული მონდომებით ეძებდნენ. „მურში“ საგანგებო სამძებრო ჯგუფი შეიქმნა ბეცისა და კობახიძის დასაკავებლად, რომელსაც გურამის ყოფილი კოლეგა და მტერი, ანზორ მელია ჩაუდგა სათავეში. სწორედ მელიამ შეუწყო ხელი გურამ კობახიძის დაპატიმრებას და მისი ადგილი დაიკავა. მელია გაიძვერა, კარიერისტი და ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი იყო. „მურის“ უფროსმა ის საგანგებოდ შეარჩია და უთხრა:

– იმედია, იმ ავაზაკებს გაანეიტრალებ და ერთი ვარსკვლავი ჩემზე იყოს.

– პირობას გაძლევთ, ამხანაგო გენერალო, რომ ყველაფერს ხუთიანზე შევასრულებ! – მიუგო მელიამ გენერალს.

ანზორ მელიამ პირნათლად შეასრულა უფროსისთვის მიცემული პირობა. მან დებს, ალა და ანა პავლოვებს მიაგნო, ორივე სასტიკად აწამა და გაქცეულების ადგილსამყოფელი ათქმევინა, რომლებიც იმ პერიოდისთვის ალას ბინაში აღარ იმყოფებოდნენ და მოსკოვის მახლობლად, 21-ე კილომეტრზე მდებარე აგარაკზე ცხოვრობდნენ. მელიამ აყვანის ოპერაცია დაგეგმა და კონსპირაციულ აგარაკს მოულოდნელად დაესხა თავს. ატყდა სროლა, რომლის დროსაც ორი მილიციელი და გურამ კობახიძე დაიჭრნენ, ბეციმ კი გაქცევა მოახერხა.

– ჩამივარდი ხელში, შე დამპალო?! – უთხრა მელიამ გურამს და პისტოლეტი მიუშვირა, – თვალებში შემომხედე, უნდა ჩაგაძაღლო!

– ნაბიჭვარო, ძაღლივით მოკვდები! – მიუგო გურამმა მელიას და შეაფურთხა, მაგრამ, ტყვიამ მას მარჯვენა თვალი გაუხვრიტა და ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მელიას მაიორის ჩინი მიანიჭეს. თუმცა, მან დიდი ხნით ვერ შეძლო ამით ტკბობა – ის ვიტალი ბეციმ გამოასალმა სიცოცხლეს. ბეციმ დაიფიცა, რომ მელიას მოკლავდა და გურამის მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ შეასრულა სიტყვა.

მეგობრის სიკვდილის შემდეგ 29 წლის ბეცი მარტო დარჩა, თუმცა, საკმაო გამოცდილება და ჟინი ჰქონდა, ამიტომ, კენტად განაგრძო მოღვაწეობა და მარტოხელა მგელივით მოქმედებდა.

დაქირავებული მკვლელი

მილიციელის მკვლელ ვიტალი ბეცის მთელი საბჭოთა მილიცია ეძებდა, მაგრამ, საბჭოთა „ჯონ დილინჯერი“ მათთვის მოუხელთებელი იყო. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ლამაზ მამაკაცს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა 39 წლის ქსენია ჰაუტმანთან, რომელიც მილიციის მაიორი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის კადრებში მუშაობდა. უშვილო, კარგად თავშენახული ქსენია გენერალ იური ლებედევის ქვრივი იყო. ბეცი მის ბინაში ცხოვრობდა და ამ გავლენიანი, სექსზე შეყვარებული ქალის მფარველობით სარგებლობდა. ტოლიკამ ქალი სოჭში გაიცნო, დაუახლოვდა და პირველი ღამის შემდეგ ხელბორკილდადებული აღმოჩნდა პანსიონატ „ზარიას“ ნომერ-ლუქსში, სადაც ის ქსენიამ მიიყვანა.

– გაები მახეში, ლამაზო? – უთხრა ქსენიამ ბეცის, – ეგრევე გიცანი. შენ ძებნილი ბეცი ხარ, მე კი – მილიციის მაიორი.

– შენს კოლეგებს უნდა ჩამაბარო?

– თუ პირობას მომცემ, რომ არ მიღალატებ და არ გამექცევი, არ ჩაგაბარებ.

– პირობას გაძლევ.

ქსენიამ უყოყმანოდ მოხსნა ბეცის ხელბორკილები. ისინი მოსკოვში დაბრუნდნენ და ძებნილი ბეცი მილიციის გენერლის ბინაში დასახლდა, სადაც მისი მოძებნა ყველაზე ეჭვიან მილიციელსაც კი არ მოუვიდოდა თავში.

მილიციის მაიორ ქსენია ჰაუტმანს კოლეგებში პატიოსანი და მოუსყიდავი ადამიანის იმიჯი ჰქონდა სინამდვილეში კი, ეს ვნებააშლილი ქალი მილიციის ერთი ჯგუფის კრიმინალურ მაფიაში იყო გარეული, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულს მფარველობდა და ამაში სოლიდურ წილსაც იღებდა. დაჯგუფებაში ქსენიას გარდა კიდევ ხუთი ადამიანი შედიოდა და მას ეს მემკვიდრეობით ერგო გენერალი ქმრისგან. გარდაცვლილი იური ლებედევი ადრე თვითონ ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს და ცოლი ყველაფრის საქმის კურსში ჰყავდა. კრიმინალი მილიციელები ხშირად ატარებდნენ კონსპირაციულ თათბირს. ერთ-ერთ ასეთ თათბირზე გაირკვა, რომ ორი არასასურველი მოწმის განეიტრალება იყო საჭირო, რასაც დაქირავებული მკვლელი სჭირდებოდა. მილიციელები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილები, ქსენიამ კი კოლეგებს უთხრა:

– ნუ დარდობთ, მე მყავს საიმედო კაცი.

– ვინ? – ერთხმად ჰკითხეს ქალს. 

– ძებნილი ვიტალი ბეცი!

– შენთან ცხოვრობს? – გაეცინა, მერაბ სულაძეს, რომელიც მილიციელი კრიმინალების ხელმძღვანელი იყო.

– დიახ, – გაეღიმა ქსენიას, – დარწმუნებული ვარ, რომ ტოლიკა უარს არ მეტყვის.

ქსენია, როგორც ყოველთვის, არც ახლა შეცდა, ვიტალი ბეცი დაქირავებული მკვლელის როლზე დათანხმდა და ორი წლის განმავლობაში ის წარმატებით ასრულებდა დავალებებს, რომლის დროსაც 9 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ქართული საქმე და უცნაური ლიკვიდაცია

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში გაფართოებული, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი გამოგზავნა, რომელიც საბჭოთა საქართველოს კომუნისტურ ფუნქციონერებს შორის მექრთამეების (კორუფციონერების) გამოვლენით იყვნენ დაკავებულნი. მოსკოველი გამომძიებლები საქართველოს ყველა რაიონს მოედნენ და რაიკომისა და აღმასკომის მდივნების დაკითხვებს აწარმოებდნენ. ამის გამო რამდენიმე ადამიანმა თავიც კი მოიკლა, ხოლო რამდენიმე კი გაურკვეველ ვითარებაში გაქრა ან გარდაიცვალა. კომისია პირადად მიხაილ სუსლოვის მითითებით მოქმედებდა. ეს კი ედუარდ შევარდნაძის თავიდან მოსაშორებლად იყო გაკეთებული, რადგან სუსლოვი შევარდნაძეს მტრობდა და მისი თავიდან მოშორება უნდოდა.

სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში ვინმე ავთანდილ კეჭიაზე გავიდა და მისი დამუშავების შედეგად გაარკვია, რომ საქართველოში მოპოვებული კორუფციული ფულის ლომის წილი მოსკოვში შჩოლოკოვის უწყებაში იგზავნებოდა. კეჭიამ ვერ მოასწრო შუამავლების დასახელება, რადგან ის ქუთაისის ციხეში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს, მაგრამ,  სამაგიეროდ, მან ვინმე კომშაძის, ხოშტარიასა და ავალიანის სახელები გაუმხილა გამოძიებას და მოსკოველი გამომძიებლები იმედოვნებდნენ, რომ მათი მეშვეობით ჯერ შუამავლებს, შემდგომ კი ფულის მიმღებ ადრესატებსაც იპოვიდნენ... შუამავლები კი მერაბ სულაძე, ქსენია ჰაუტმანი და მილიციელ კრიმინალისტთა დაჯგუფების წევრები იყვნენ. ამიტომ, ერთ-ერთი კონსპირაციული თათბირის დროს, კომშაძის, ხოშტარიასა და ავალიანის ლიკვიდაცია გადაწყდა. ამ საქმისთვის კი ტოლიკ ბეცის გამოყენება იყო საჭირო. სამივე მოსაკლავი ობიექტი ქუთაისში, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და ბეცის ისინი მცველების ცხვირწინ უნდა დაეხოცა.

– ტოლიკ, საყვარელო, – დამოძღვრა ქსენიამ ბეცი, – საქმე ასი პროცენტით უნდა შესრულდეს და ამისთვის ნახევარი ქუთაისის გაწყვეტაც რომ დაგჭირდეს, თვალი არ უნდა დაახამხამო.

დაქირავებული მკვლელი თბილისში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ჩაასახლეს. მას მილიციის კაპიტანი პეტრე ზიკოვი უწევდა დახმარებას და წასვლის წინ ბეცის უთხრა:

– მე შენ ქუთაისიდან დაგირეკავ და ფურგონიანი „მოსკვიჩით“ ჩვენი კაცი ჩამოგიყვანს იქ. აბა, შენ იცი.

ბეცი ერთი კვირის შემდეგ გაემგზავრა ქუთაისში და საღორიაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში კომშაძე, ხოშტარია, ავალიანი და ორი მკვლელი მილიციელი დახოცა, შემდეგ იქაურობა ჩუმად დატოვა, ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩაჯდა და წამოვიდა. ქალაქის გასასვლელთან „მოსკვიჩი“ პეტრე ზიკოვმა გააჩერა და ბეცის უთხრა:

– ტოლიკ, ფურგონში უნდა გადახვიდე და ადგილი დამითმო. მკვლელობა გასკდა, ყველგან გეძებენ და, სანამ გზები არ შეუკრავთ, აქედან უნდა გავქრეთ. მე, ხომ ხედავ, ფორმით ვარ და არავინ გაგვაჩერებს...

ბეცი ზიკოვს დაემორჩილა და „მოსკვიჩის“ საბარგულში გადავიდა, მანქანამ კი გზა განაგრძო. ზესტაფონის შესასვლელთან მძღოლმა „მოსკვიჩი“ გააჩერა და ზიკოვთან ერთად სწრაფად გადმოვიდა სალონიდან... ავტომატებით შეიარაღებულმა მილიციის სპეციალურმა ჯგუფმა კი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ფურგონში მჯდარი ვიტალი ბეცი უმოწყალოდ ჩაცხრილეს, ხოლო როცა მისი გვამი პროზექტურაში მიიტანეს, ექსპერტმა მის სხეულზე 72 ჭრილობა აღმოაჩინა...

P.S. ამ შემთხვევიდან მეორე დღეს ზიკოვისა და „მოსკვიჩის“ მძღოლის გვამი მდინარე ყვირილაში აღმოაჩინეს. ერთ კვირაში გენპროკურორის საგანგებო კომისია მოსკოვში გაიწვიეს და გამოძიება შეწყდა. ერთი თვის შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ ქსენია ჰაუტმანი და მერაბ სულაძე, ხოლო 2002 წელს რუსულ პრესაში ქსენია ჰაუტმანის ჩანაწერების ფრაგმენტი გამოქვეყნდა, სადაც ლაპარაკი იყო საბჭოთა პარტიულ-მილიციური მაფიის შესახებ და მის მთავარ წევრებად ნიკოლაი შჩოლოკოვი და მისი რამდენიმე ქართველი კოლეგაც იყო მოხსენიებული.

 

 

скачать dle 11.3