კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რატომ დასდო ცხინვალმა თბილისს ბრალი დაკავებული ქართველი ბავშვების ბედისადმი გულგრილობაში


განსხვავებით სოხუმელებისგან, ცხინვალელი რესპონდენტები ქართველ ჟურნალისტებს, მაინცდამაინც, არ სწყალობენ, თუმცა დიმიტრი მედოევი, ჩვენ მიერ აუღიარებლად განწირული, მაგრამ რუსეთ-ვენესუელა ნიკარაგუას მიერ აღიარებული „იუჟნაია ოსეტიას“ ელჩი რუსეთის ფედერაციაში, გამონაკლისია. შესაბამისად, ვერ გავუშვით ხელიდან მასთან გასაუბრების შესაძლებლობა (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრები რადიკალურად განსხვავდება), განსაკუთრებით ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების ფონზე, რასაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართველი საზოგადოება ოლიმპიური სიმშვიდით პასუხობს (აზდაკისა არ იყოს, შესაძლოა, იმიტომაც, რომ „ქართველ დედებს გაუშრათ ცრემლი“).


– ბატონო დიმიტრი, შეიძლება, ქართულად რომ დაგელაპარაკოთ?

– ჩემთვის სულერთია.

– ჩემთვის სულერთი არ არის, ქართული მირჩევნია. ჩვენი საუბარი დავიწყოთ მეტად მტკივნეული პრობლემით, ოთხი ქართველი მოზარდის დაკავებით, რომლებიც ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. რა იცით ამის შესახებ და როგორია თქვენი პოზიცია?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაფერი ცნობილია. გასული წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენს სახელმწიფოებს ჰყოფს სახელმწიფო საზღვარი. სამწუხაროდ, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ყველა ქვეყანაში ისჯება კანონით. მით უმეტეს, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს ჰქონდათ საბრძოლო საშუალებები.

– თავს ნებას მივცემ, დავაზუსტებ: ისინი ახალგაზრდები კი არა, არასრულწლოვნები არიან.

– კომენტირებას ნუ უკეთებთ ჩემს ნათქვამს.

– კომენტარებს არ ვაკეთებ, უბრალოდ მინდა, ჩემი დამოკიდებულებაც გამოვხატო, რომ შემდეგ არ თქვათ, ისეთი რამ დაწერა, რაც არ უთქვამსო.

– ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ პატივისცემის ნიშნად გამოვნახე დრო, შემდეგ დააზუსტეთ, რაც გინდათ. ახალგაზრდები არიან, აბა, მოხუცები ხომ არ არიან?! მათ აღმოაჩნდათ საბრძოლო და ასაფეთქებელი ნივთიერებები. მეტიც, გამოძიების დროს მათ მიუთითეს ეგრეთ წოდებული „სხრომი“, ქართულად არ ვიცი, რა ეწოდება. ეს არის ადგილი, სადაც ინახავენ საბრძოლო საშუალებებს, რომ შემდეგ ნახონ დივერსანტებმა, ამოთხარონ და მოაწყონ დივერსიები. საქმე ისაა, რომ არავინ არ უნდა გადაკვეთოს საზღვარი უკანონოდ. თუ ვიღაცას უნდა, რომ კეთილი სურვილებით შემოვიდეს „იუჟნაია ოსეტიაში“, არსებობს ცივილიზებული მეთოდები. მანამ, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, სახელმწიფო საზღვარი იქნება ბოქლომზე და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები!

– ჩვენ ვიცით, რომ მკაფიო საზღვრის გავლება ძალიან რთულია, რადგან ოსური და ქართული სოფლები გადახლართულია, ისევე, როგორც ოსი და ქართველი მოსახლეობა. მე ვერ ვარჩევ გარეგნულად ერთმანეთისგან ოსსა და ქართველს და არც არასდროს გამირჩევია. როგორ უნდა დავადგინოთ, სად იწყება საზღვარი თქვენი გაგებით, რომ არ დაგვიჭიროთ?

– უპირველესად, უნდა გითხრათ, რომ მეც ინტერნაციონალურ გარემოში ვიზრდებოდი, ქალაქ ცხინვალში, სადაც ერთ ბაღში, ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში დადიოდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ჩვენ არ ვარჩევდით ერთმანეთს და არც იყო აქტუალური, თუ ვიღაც სომეხი, ოსი, ან – ქართველი იყო. ეს შეიძლება, საბჭოთა კავშირის ხალხთა შორის ძმობის პოლიტიკაა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს კარგი პოლიტიკა გახლდათ. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფოთაშორისო საქმეებს: ჩემი აზრით, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც საქართველოს მმართველი ელიტა, იქნება არც პროდასავლური, არც პროამერიკული, არც პრორუსული, არამედ იქნება პროქართული. ქართველი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აიღებს ძალაუფლებას თავის ხელში და თავად ააშენებს თავის მომავალს, როგორც მათ წარმოუდგენიათ და არა, როგორც სხვებს წარმოუდგენიათ. აი, ეს იქნება კარგი, იმიტომ რომ საღად მოაზროვნე ქართველი ელიტა შეაფასებს რეალიებს არა ვარდისფერი სათვალით, არამედ რეალურად და მაშინ შეიქმნება შესაძლებლობა, მოიძებნოს კონტაქტები „იუჟნაია ოსეტიას“ ხელისუფლებასთან. მოვა დრო, როდესაც ეს კონტაქტები მიგვიყვანს მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერამდე, თანამშრომლობამდე სხვადასხვა სფეროში.

– ეს მესმის, მაგრამ ახლა როგორ მივხვდეთ, სად გადის ის, რასაც თქვენ „იუჟნაია ოსეტიას“ საზღვარს უწოდებთ?

– დამაცადეთ, სწორედ მაქითკენ მივდივარ. როდესაც ხელი მოეწერება სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება ორმხრივი კომისიები, რომ გავარკვიოთ, სად გადის საზღვარი. ამას ჰქვია დელიმიტაცია და დემარკაცია.

– ვიცი.

– იმედი მაქვს, ეს მოხდება და ჩვენ მოვახდენთ საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციას და გვეცოდინება, რა სად გადის.

– მანამდე რა ვქნათ?

– მანამდე რა გინდათ, რომ ჰქნათ?!

– როგორ მიხვდნენ იქ მცხოვრები ადამიანები, სად გადის, თქვენი აზრით, „საზღვარი“?

– ეს საკითხები ძალიან აქტუალურია, რადგან ქართველი მოსახლეობა არ არის ინფორმირებული. თბილისის რეჟიმის საინფორმაციო პოლიტიკა ასეთია: დღესაც ეუბნება თავის მოსახლეობას, რომ ქართველი პარტიზანები ისევ იბრძვიან „იუჟნაია ოსეტიაში“, ნუ უშლით მათ ხელსო.

– მე მსგავსი რამ არასდროს მომისმენია. როდის ამბობდა ამას საქართველოს ხელისუფლება?

– აი, ასეთ საინფორმაციო პოლიტიკას იქამდე მივყავართ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, იყო თუ არ ომი „იუჟნაია ოსეტიაში“, დამთავრდა თუ არა ის, მაგრამ ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ სააკაშვილმა დაამარცხა რუსეთი.

– არა, ეს ასე არ არის.

– ეს „დურდომი“ უნდა დამთავრდეს. უნდა მისცეთ ინფორმაცია მოსახლეობას: „ტუდა ხოდიტ ნელზია“.

– გამახსენდა „ჯენტლმენი უდაჩი“, „ტუდა ნე ხოდი, ა ტო სნეგ ბაშკა პაპადიოტ, ბოლნო ბუდეტ“.

– უნდა უთხრათ თქვენს მოსახლეობას, ის საბჭოთა საქართველოს ყოფილი ტერიტორიაა, ის ახლა დაკარგულია, იქ სხვა ქვეყანაა. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ, მათ შორის, მასმედიის საშუალებით.

– მაინც ვერ გავიგე, როგორ უნდა გავარჩიოთ, სად გადის „საზღვარი“. თქვით, რომ ქართველი მოზარდები დივერსიული აქტების მოწყობას აპირებდნენო. გულწრფელად მითხარით, როგორც ადამიანს, მამას, გჯერათ იმის, რომ 14 წლის ბავშვები დივერსანტები არიან?

– ეს ჩემი აზრი კი არა, ოფიციალური სტრუქტურების აზრია. რაც შეეხება დივერსიულ აქტებს: დივერსიული აქტები ომამდე, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ხდებოდა ქალების, მოხუცების და ბავშვების ხელითაც!

– გაქვთ ამის დამადასტურებელი ფაქტები?

– ჩვენ გვაქვს კონკრეტული საბუთები, რომლებიც ამას ადასტურებს.

– თქვენ ეს ადრეც მითხარით, მე მაშინაც გთხოვეთ და ახლაც გიმეორებთ, გადმომიგზავნეთ ეს საბუთები და ჩვენი ჟურნალი გამოაქვეყნებს.

– როგორ შეიძლება, გამოგიგზავნოთ ის დოკუმენტები, რომლებიც საქმეებში დევს, იმ საქმეებს კი იძიებს სამართალდამცავი ორგანოები?! ეს არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღძრულია ქართული რეჟიმის მიერ მოწყობილი სხვადასხვა დივერსიების გამოსაძიებლად.

– საქართველოს შესაბამის ორგანოებშიცაა აღძრული საქმეები, ბუნებრივია, საპირისპირო შინაარსის. რამდენჯერმე გადაიდო ქართველი ბავშვების სასამართლო პროცესი. რა არის ამის მიზეზი და აპირებთ თუ არა, გაიზიაროთ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ქართველი მოზარდები?

– მინდა, გითხრათ, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ ხელისუფლებისთვის არავის მიუმართავს ამ კონკრეტული საკითხით.

– არ მოუმართავთ?!

– არც ერთი მიმართვა არ მიგვიღია. შეიძლება, ისინი თავიანთ იახტებსა და „კუხნიაში“ რაიმეს ამბობენ…

– „კუხნიაში“ არა, უფრო საჯარო ადგილებში ამბობენ?

– შეიძლება, თქვენი მასმედიაც რაღაცას ამბობს, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი მიგვიღია.

– რომ მიიღოთ, როგორ მოიქცევით, გაითვალისწინებთ?

– თუ ისინი პოპულიზმით არ არიან დაკავებული და მართლაც უნდათ, ჩართული იყვნენ ამ პროცესებში, უნდა მიმართონ ჩვენს ხელისუფლებას და უთხრან თავიანთი მოსაზრება.

– ყველამ იცის, რომ თქვენ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არ უშვებთ არც გაეროს, არც ეუთოს წარმომადგენლებს, არც ევროკომისრებს? თუ ეს მიმართვა არ ყოფილა, ეს მართლაც დაუჯერებელია. მაშინ მითხარით, რა ფორმით უნდა მოგმართონ და მე ამ ინფორმაციას გავავრცელებ?

– თქვენ მშვენივრად იცით, რომ საქართველოში მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადოების მისიები: მათ იციან, როგორ გამოგვიგზავნონ მომართვა, ვის გამოუგზავნონ.

– მათი მიმართვა შეცვლიდა რაიმეს თქვენს დამოკიდებულებაში ქართველი მოზარდების მიმართ?

– ეს შეცვლიდა ჩვენს დამოკიდებულებას ამ ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. 2008 წლის აგვისტოში იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ოფისი ჰქონდათ ცხინვალში, ორი საათით ადრე გავიდნენ, ვიდრე სააკაშვილი ცხინვალის დაბომბვას დაიწყებდა.

– თქვენ რამდენიმე დღით ადრე გაიყვანეთ ცხინვალიდან ქალები და ბავშვები, ისინი ორი საათით ადრე წასულან, ესე იგი, თქვენ უფრო ადრე იცოდით?

– ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებმაც ორი საათით ადრე იცოდნენ და არავის არაფერი უთხრეს, სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასაც კი.

– თქვენ ხომ ისედაც იცოდით?!

– მე ვლაპარაკობ დაკავებულ ბავშვებზე, ვპასუხობ თქვენს შეკითხვას. დრო მეწურება. სწრაფად მკითხეთ, რაც გაინტერესებთ?!

– მაინც არ მიპასუხეთ, სასიკეთოდ შეიცვლება ვითარება, თუ მოგმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციები?

– ის შეკითხვა, რასაც მისვამთ, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ იმ ბავშვების ბედი არ გაღელვებთ!

– როგორ გეკადრებათ?!

– თქვენ ლაპარაკობთ, თუ ასე იქნება, მაშინ რა მოხდებაო. მოდი, ჯერ მოგვმართონ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და შემდეგ დამისვით ეს შეკითხვა!

– სასამართლო რატომ გადაიდო რამდენჯერმე?

– დეტალებს ვერ გეტყვით, მე არ ვარ მოსამართლე და არ ვიცი, რა პროცესუალური ნორმის გამო გადაიდო სასამართლო პროცესი.

– არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაკავებები „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით, მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას, რომ იმ ტერიტორიის გასწვრივ, რასაც თქვენ საზღვარს უწოდებთ, შეიქმნას ბუფერული, ანუ მკვდარი ზონა. ეს ეჭვი რეალურია?

– ეს ეჭვი კი არ არის, არამედ თქვენი „დაგადკები“. თქვენ თვითონვე სვამთ კითხვას და თავადვე პასუხობთ. მე ვერ გავუკეთებ კომენტარს თქვენს პასუხს თქვენსავე კითხვაზე.

– კი ბატონო, ხომ არ ემსახურება ეს ქართველი მოსახლეობის დაშინებას, რომ ისინი არ მიეკარონ იმ ტერიტორიას, სადაც თქვენ საზღვრის გავლებას აპირებთ?

– უბრალოდ რჩევას მოგცემთ: დღეის მდგომარეობით საქართველოს ციხეებში ზის უამრავი ჩვენი მოქალაქე, ზოგიერთი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

– შეიძლება, მათაც უკანონოდ გადმოკვეთეს „საზღვარი“?

– დამამთავრებინეთ: ასეთი თემა ამოწიეთ თქვენთან და იკითხეთ: სად არის ის ხალხი?!

– მითხარით გვარები და დავსვამ ამ საკითხს.

– ამ საკითხებით დაკავებული არიან თქვენი მოქალაქეები, თქვენი ჩინოვნიკები: ერთის გვარია პარასტაევი, მეორის – სანაკოევი. ჰკითხეთ მათ და, საერთოდ, საქართველოს პროკურატურას ჰკითხეთ, როგორია იმ ადამიანების ბედი?! ეს საკითხი განიხილება ოფიციალურ დონეზე ჟენევაში და ქართულ მხარეს არ აქვს პასუხი, სად არიან ის ადამიანები, ცოცხლები არიან თუ უკვე დახოცეს?!

– ჩვენთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველი ბავშვების გასათავისუფლებლად ითხოვთ დაკავებული ოსების გათავისუფლებას. ესე იგი, ეს სიმართლეა?

– ასეთი ინფორმაცია მე არ გამიგია!

– გამოდის, რომ ქართველ ბავშვებს გაასამართლებთ?

– ყველაფერი მოხდება „იუჟნაია ოსეტიას“ კანონმდებლობით. ყველაფერი ჩვენს ტერიტორიაზე ხდება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონით!

– ბავშვებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო და არის კავკასიაში. გადავდოთ გვერდზე პოლიტიკა, უხერხულად არ გრძნობთ თავს, როგორც ადამიანი, როგორც კაცი, როგორც კავკასიელი, როდესაც იჭერთ და ასამართლებთ ბავშვებს?

– მე თქვენ გეთანხმებით, მაგრამ, როდესაც ქართულმა ტანკებმა გადაუარეს ავტომანქანებს, იქაც ისხდნენ ბავშვები! ამბობთ, ჩვენ ადამიანები ვართო, თუ ჩვენც ადამიანები ვართ, როგორ შეიძლებოდა, გაგეჭყლიტათ ქალები და ბავშვები?!

– იმიტომაც გითხარით, პოლიტიკა გადავდოთ-მეთქი. მეც დაგისახელებთ მაგალითებს, როდესაც აქეთ მხარეს დახოცეს ფეხმძიმე ქალები და ბავშვები. უბრალოდ არ მინდა, რომ ურთიერთბრალდების რეჟიმში გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი. მე კონკრეტულად გეკითხებით ახლახან თქვენ მიერ დაკავებული ბავშვების ბედზე.

– ამბობთ, კავკასიელები ვართო და სხვისი ბავშვების ბედი არ გაღელვებთ.

– ჩვენებმა რომ დაიჭირონ ოსი ბავშვები „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით, პირადად მე ნამდვილად გადავეფარები და მათ მხარეს დავიჭერ. ამიტომაც გეკითხებით?

– ეს შეკითხვები დაუსვით სააკაშვილის ჩინოვნიკებს. რატომ ჭყლეტდნენ ისინი ტანკებით ოს ბავშვებს?!

– გადმომიგზავნეთ ამის დამადასტურებელი მასალა.

– ჩაიწერეთ საიტი: „ოსგენოციდ“ წერტილი „რუ“.

– მე კი ჩაგაწერინებთ იმ საიტის მისამართს, სადაც ქართველების ეთნოწმენდაა დადასტურებული.

– მე მესმის თქვენი, თქვენ ამ ჩანაწერს მოასმენინებთ თქვენს უფროსს, ის მოასმენინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომაც მიწევთ ოპონირებას, რომ მათ თავი მოაწონოთ.

– არავის არ ვაწონებ თავს და არავინ არ ისმენს ჩემს ჩანაწერებს.

– დრო ამომეწურა. თუ რაიმე კიდევ გაინტერესებთ, მკითხეთ.

ეს იმის ბრალია, ვინც გამოგზავნა ეს ბავშვები. ამის გამო პასუხი უნდა აგოს საქართველოს სპეცსამსახურებმა. ეს ამერიკელების მიერ მოწყობილი სუფთა წყლის პროვოკაციაა. ამიტომ მე ნუ მთხოვთ პასუხებს. სულ სამი წუთი დამრჩა.

– თქვენ როგორ ხსნით იმ ამბავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არავინ გაღიარათ? არ ბრაზდებით რუსეთზე, რომ არ იყენებს თავის გავლენას?

– „რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტიას“ აღიარების პროცესი შეუქცევადია, ჩვენ გვაღიარა მხოლოდ სამმა ქვეყანამ, მაგრამ წინ გველის უამრავი სახელმწიფოს აღიარება, მათ შორის ევროპული სახელმწიფოებისაც. სპეციალურად თქვენი გამოცემისთვის მოგახსენებთ, რომ ზუსტად ამ წუთებში ოსურ მიწაზე, ქალაქ ცხინვალში, ბელორუსებმა დადგეს ფეხი. იქ იმყოფება ოფიციალური საპარლამენტო დელეგაცია.

– ვიცი, მათი მეორე ნაწილი თბილისშია.

– პროცესი მიდის. ჩვენ ბევრი ქვეყანა გვაღიარებს, მაგრამ მე ვიყავი იმის მომხრე, რომ პირველს ვეღიარებინეთ საქართველოს, მაგრამ ეს არ გამოვიდა. თანამედროვე საქართველო, თავისი ფაშისტური ხელისუფლებით, არ გვაღიარებს და ჩვენ ეს არც გვინდა.

– საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს ცხინვალის რეგიონს: არც ფაშისტური და არც ნეოლიბერალური.


скачать dle 11.3