კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ჟან დიუჟარდინს სკანდალურ მწერალ ფრედერიკ ბეგბედერთან და რა გზით დაუბრუნა მან მუნჯურ კინოს პოპულარობა

 

„მე მას თქვენ წარმოგიდგენთ. მისი სახელია „ოსკარი“ და ის ორ კილოგრამს იწონის”, ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტებთან შეხვედრა ფრანგმა მსახიობმა ჟან დიუჟარდინმა. რამდენიმე ხნით ადრე ლოს-ანჯელესში იგი გახდა პირველი ფრანგი მამაკაცი მსახიობი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმთავრესი ჯილდო მიიღო ნომინაციაში – „მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი“.

ჟან დიუჟარდინი 1972 წლის 19 ივნისს პარიზულ კომუნაში – რიუეი-მალმეზონში დაიბადა და თავდაპირველად სულაც არ აპირებდა მსახიობობას. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ფილოსოფიისა და პლასტიკური ხელოვნების განხრით განაგრძო სწავლა და ამ სპეციალობის ბაკალავრის დიპლომი მიიღო, თუმცა, პროფესიით არ უმუშავია. დიუჟარდინი მშობლების სარემონტო ფირმაში მოეწყო სამუშაოდ და ორი წლის განმავლობაში პროფესიულ დონეზე აითვისა სანტექნიკოსობა. კომიკური მსახიობის ნიჭი ჟანს მოგვიანებით, ჯარში მსახურობის დროს აღმოაჩნდა. 1994 წელს მან წარმატებით დადგა ყაზარმელი მეგობრებისთვის თავის მიერვე დაწერილი პიესა „სერჟანტი-ინსტრუქტორი”, რომელმაც არმიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ დიუჟარდინი პარიზში გაემგზავრა, სადაც მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სპეციალიზებულ ბარებში „სტენდაპ კომედის“ ჟანრში გამოდიოდა სცენაზე, კომიკოსის სახელი დაიგდო და თაყვანისმცემლების მცირერიცხოვანი ჯგუფი გაიჩინა. ბარებში გამოსვლას მოჰყვა მეგობარ-კომიკოსებთან: ბრუნო სალომონთან, ერიკ კოლადოსთან, ერიკ მასოსთან და  ემანუელ ჟუკლასთან ერთად ჩამოყალიბებული ჯგუფი „Nous C Nous”, რომლის შემადგენლობაში ჟანმა ჩაწერა ამავე სახელწოდების დისკი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა კოლექტივს. 1997-1998 წლებში ჟან დიუჟარდინმა სამჯერ გაიმარჯვა პოპულარულ ფრანგულ ტელეშოუში „ვარსკვლავური მტვერი”, კატეგორიაში – „კომიკოსი”. მის მიერ შექმნილი პერსონაჟის, ნიცელი ბრისის ხუმრობებზე მთელი საფრანგეთი ერთობოდა და 1999 წელს ტელერეჟისორმა ალექსანდრა ლამიმ დიუჟარდინს მთავარი როლის შესრულება შესთავაზა სერიალში – „ბიჭი, გოგო”, სადაც მან ოთხი სეზონის განმავლობაში ითამაშა პერსონაჟი, სახელად – ლულუ. სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთში – მას ყოველდღიურად ექვს მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა, რაც დიდწილად დიუჟარდინის დამსახურება იყო და არაერთმა კინორეჟისორმა მასში დიდი პოტენცია დაინახა. 2001 წელს კი, ჟან დიუჟარდინის კინოკარიერა დაიწყო. მან სხვადასხვა ჟანრებში სცადა ბედი, თუმცა ნამდვილი წარმატება წილად ხვდა ავანტიურულ კომედიებში – „ქორწილი”, „მანქანის გასაღები” და „შესანიშნავი ბრისი” შესრულებული როლებით. ფილმებს უზარმაზარი კომერციული მოგება ჰქონდა, ხოლო დიუჟარდინი საფრანგეთის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო კომიკურ მსახიობად დაასახელეს, რომელიც საკუთარ თავზე მუდამ განაგრძობდა მუშაობას და კომიკური ნიჭის გამრავალფეროვნებაზე ზრუნავდა. კინოკარიერის დასაწყისში დიუჟარდინს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რატომ გადაწყვიტა მან მსახიობობა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: „24 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რომ მთელი ეს წლები მსახიობი ვიყავი, რომელიც ამას ვერ ხვდებოდა. მე ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში და სკოლაში ვთამაშობდი სცენაზე, თუმცა, დიდი დრო დამჭირდა, მივმხვდარიყავი, რომ მსახიობობა ჩემი მოწოდებაა. ვიზრდებოდი  ჩვეულებრივ ოჯახში, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა ბოჰემურ სამყაროსთან და მსახიობის კარიერაზე არც კი მიფიქრია, უბრალოდ, მე სულ ვთამაშობდი ხალხისთვის, ვიგონებდი გმირებს და მათი ხასიათით ვცხოვრობდი”.

საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, კომედიები მისი მონაწილეობით, განსაკუთრებით კი – ჯეიმს ბონდის პაროდიაზე გადაღებული „აგენტი 117”, რომლის ორი ნაწილია გამოსული ეკრანებზე: „აგენტი 117: შპიონების  ბუდე” და „აგენტი 117: მისია რიოში”. გარდა ამისა  დიუჟარდინის სახელს უკავშირდება კიდევ რამდენიმე წარმატებული კინოპროექტი: სკანდალური ფრედერიკ ბეგბედერის გახმაურებული რომანის – „99 ფრანკის” ეკრანიზაცია და ფრანგული კომიქსების მიხედვით გადაღებული კომედიურ-სათავგადასავლო ჟანრის ფილმი – „იღბლიანი ლიუკი”. 

2011 წელს ჟან დიუჟარდინმა მიიღო მონაწილეობა თავისი დიდი ხნის მეგობრისა და კოლეგის, რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის შავ-თეთრ მუნჯურ ფილმში „არტისტი”. 1920-1930 წლებზე სტილიზირებული კომედია მუნჯური კინოს ვარსკვლავზე, ჯორჯ ვალენტინზე მოგვითხრობს, რომლის წარმატებულმა კინოკარიერამ ხმოვანი კინოს ერის დაწყებასთან ერთად დაიწყო მსხვრევა. თავდაპირველად მუნჯური და შავ-თეთრი ფილმის გადაღება დიუჟარდინს სარისკოდ მოეჩვენა, თუმცა იგი იმდენად იყო დარწმუნებული ჰაზანავიჩუსის წარმატებაში, რომ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა და სწორედ ჯორჯ ვალენტინის როლით გაიცნო იგი მთელმა მსოფლიომ. საინტერესოა, რომ, როდესაც ჰაზანავიჩუსმა დიუჟარდინს  უთხრა, რომ მუნჯური ფილმის გადაღება სურდა, ჟანმა მას უპასუხა: „მე, კი მთვარეზე მინდა გავფრინდე”. უამრავი კინოკრიტიკოსის მიერ დაწერილი დადებითი რეცენზიები, მილიონობით მაყურებლის აპლოდისმენტები და, ყველაზე მთავარი – მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინოჯილდოები – ეს არის „არტისტის” მონაპოვარი. კანის კინოფესტივალზე დაწყებულ ტრიუმფს, სადაც დიუჟარდინს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაწესებული „პალმის რტო” ხვდა წილად, მოჰყვა „ოქროს გლობუსის” დაჯილდოება, სადაც დიუჟარდინი კვლავ გამარჯვებულის რანგში მოგვევლინა, ამ ყველაფრის ბრწყინვალე დასასრული კი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს – „ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ჟან დიუჟარდინმა და მიშელ ჰაზანავიჩუსმა, რომელსაც ჟანი „ჰაზა-გენიოსს” უწოდებს,  ყველაზე მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვეს. „ოსკარის” ქანდაკების აღების შემდეგ ჟანმა მადლობა გადაუხადა მუნჯური კინოს ვარსკვლავს დუგლას ფერბენკს, მიშელ ჰაზანავიჩუსს, თავის პარტნიორს, ბერენის ბეჟოსა და „არტისტის” მთელ შემოქმედებით კოლექტივს და, ტრადიციულად, წაიცეკვა, როგორც ეს მანამდე „ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე გააკეთა. სხვათა შორის, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა დიუჟარდინი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და ლოს-ანჯელესში გადასვლას, რათა უფრო ახლოს იყო ამერიკულ კინოსტუდიებთან, რაზეც დიუჟარდინმა უპასუხა: „ძალიან ვარ მიბმული პარიზს, ვფიქრობ, რომ პარიზელები ვერ გამიგებენ, ამერიკაში თუ გადავალ საცხოვრებლად და ძალიან გამიბრაზდებიან”.

ჟან დიუჟარდინს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – სიმონი და ჟიული. ამჟამად იგი ტელერეჟისორ ალექსანდრა ლამისთან ერთად ცხოვრობს, სწორედ იმასთან, რომელმაც გაუხსნა გზა ტელევიზიაში. წყვილი 2003 წლიდან არის ერთად და მხოლოდ 2009 წელს დაქორწინდნენ ოფიციალურად. კინოს გარდა, ჟანი ქველმოქმედებაშია ჩართული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარება. 

P.S. „ფრანგული კინოს დიდი აღიარება და ხარისხიანი ფილმი” უწოდა „არტისტს” საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ხოლო, მისმა მეტოქემ საპრეზიდენტო არჩევნებში, სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წარმატება „არტისტისგან” ქმნის „ფრანგული კინოს ლეგენდას”. როგორც, სარკოზიმ და ოლანდმა გაუსვეს ხაზი,  ამ წარმატებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფრანგული კინო ცოცხალია და მზადაა ახალი გამოწვევებისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, მიშელ ჰაზანავიჩუსისა და ჟან დიუჟარდინის დამსახურებაა.

 

 

скачать dle 11.3