კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინიათ დასავლეთის ლიდერებს რუსეთის ქუჩის აქციების და რა ფარული პროვოკაციები ელოდება პუტინს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები რიგიანად არც კი დასრულებულიყო (ხმების დათვლის დასრულებაზე ხომ საერთოდაც ზედმეტი იყო საუბარი), პარალელურად კი, საპროტესტო აქციები იმართებოდა (რა თქმა უნდა, რუსეთში გაყალბებული არჩევნების დაგმობის მიზნით), როდესაც დასავლელმა ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით მიულოცეს ვლადიმირ პუტინს გამარჯვება: პირველი მერცხალი ანგელა მერკელი გახლდათ, ერთ-ერთი პირველთაგანი კი –  ჩვენი ოკეანისგაღმელი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (თვით მედვედევმაც კი სულ ახლახან მიულოცა). რატომ ასწრებდნენ ერთმანეთს მილოცვას ცივილიზებული სამყაროს ლიდერები და რატომ მიესალმნენ ერთხმად დემოკრატიასთან, რბილად რომ ვთქვათ, მწყრალად მყოფ, მართალია, ჯერჯერობით უინაუგურაციო, მაგრამ მაინც აწ უკვე რფ-ის პრეზიდენტ პუტინს? – თემას ირინა სარიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ერთი მხრივ, დასავლეთმა უკვე აღიარა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და, მეორე მხრივ, რუსეთში მისი არსებობისთვის უჩვეულო რამ ხდება: საპროტესტო გამოსვლები პუტინის წინააღმდეგ?
– მე მგონი, უბრალოდ, არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის რეალობასთან თვალის გასწორება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ობამასა და უმრავლესი ლიდერების მილოცვა გულწრფელი არ არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ისედაც გასაგები იყო, რომ პუტინს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში რეალური ოპონენტი არ ჰყავდა და, მაინცდამაინც, არც რეალური ოპონენტის მომზადება შეიმჩნეოდა. ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე კომუნისტების კანდიდატი გავიდა, მნიშვნელოვანი მიზეზია იმისთვის, რომ დასავლეთის ლიდერებმა ყოველგვარი დალოდების გარეშე ერთხმად მიულოცეს გამარჯვება.
– რა დაშავდებოდა, საბოლოო შედეგებს რომ დალოდებოდნენ და შემდეგ მიელოცათ? არ შეეძლოთ მოცდა?
– შეეძლოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი ეს განცხადებები უნდა გახდეს სიგნალი ქუჩის აქციებზე ორიენტირებულებისთვის, რომ რეალურად ამ ქუჩის აქციებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მეორე მხრივ, თუნდაც, დასავლელი პოლიტიკოსების ეს განცხადებებიც რომ არ ყოფილიყო, ლოგიკურად თუ დავაკვირდებით მოვლენებს, ცოტა კურიოზული მდგომარეობაა: ჟირინოვსკიმ, სმირნოვმა და პროხოროვმაც, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ და თუ საქართველოს მასშტაბით ვიმსჯელებთ, სამივემ ძალიან ბევრი ხმა მიიღო, თითოეულმა რამდენიმე მილიონი, მიულოცეს პუტინს წარმატება და აღიარეს ეს არჩევნები.
– ზიუგანოვის გარდა.
– არ აღიარა მხოლოდ და მხოლოდ ზიუგანოვმა და ზიუგანოვის ამ არაღიარების ფონზე, როდესაც კასპაროვი და სხვები, რომლებიც ანტიკომუნისტებად ითვლებიან, აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, გაუგებარია, სად მიდის აი, ეს ვექტორი.
– პროტესტის ვექტორს გულისხმობთ?
– დიახ, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, კასპაროვი გამოვიდეს და თქვას, რომ ზიუგანოვია გამარჯვებული ამ არჩევნებში. ზიუგანოვი კი იმიტომ არ აღიარებს ამ არჩევნებს, რომ საკუთარ თავს მიიჩნევს გამარჯვებულად. იმისდა მიუხედავად, ეს დაგეგმილი იყო თუ არა, თუ დაგეგმილი იყო, ჭკვიანურად დაუგეგმავს რუსეთის ხელისუფლებას, თუ არ იყო დაგეგმილი, მაინც პუტინის სასარგებლოდ მიდის პროცესები, ოღონდ ამას აქვს ერთი ძალიან დიდი ოღონდ: პუტინი არის რუსი პრეზიდენტი, განსხვავებით ბევრი სხვისგან.
– რას გულისხმობთ?
– იმისდა მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ჩვენ პუტინი; არის თუ არა კმაყოფილი საქართველო რუსეთის დამოკიდებულებით საქართველოსადმი, თვითონ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, ჩემი აზრით, პუტინისნაირი პრეზიდენტი ნამდვილად არ ჰყოლია და არ მგონია, ამ შემთხვევაში, რუსეთის ძლიერება, მაინცდამაინც, ხელს აძლევდეს დასავლეთის სამყაროს. ამდენად, ამ თვალსაზრისით, პუტინი, როგორც არაგლობალისტი, ძალიან დიდი ალბათობით, თავიდანვე არასასურველი კანდიდატურა იყო დასავლეთისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატმა, ერთადერთი გამონაკლისი იყო ზიუგანოვი, მათ შორის, პუტინმაც, დასავლეთთან დაწერილი და დაუწერელი დიპლომატიური კანონებით ითამაშა. იმის თქმა მინდა, რომ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდშიც მომხდარა ძალიან ბევრი ისეთი რამ რუსეთში, რომელზეც აბსოლუტურად სამართლიანად გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ხდებოდა იმისთვის, რომ პუტინისთვის ძირი გამოეთხარათ ისევ და ისევ რუსების მონაწილეობით. ახლა აი, ასეთი ტიპის ფარულ პროვოკაციებს შესაძლებელია, არათუ ბოლო არ ჰქონდეს, არამედ პირიქით, უფრო გააქტიურდეს. ეს არ არის გამორიცხული. ეს უფრო მოსალოდნელია აი, ამ არჩევნების შემდგომ, ვიდრე ის, რომ რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი გამოვა და დღეს ზიუგანოვის შესაძლო გამარჯვებაზე ილაპარაკებს.
– არჩევანი პუტინსა და ზიუგანოვს შორის პუტინის სასარგებლოდ წყდება?
– ზიუგანოვის მეორე ადგილი ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს პუტინისადმი დადებით დამოკიდებულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა დასავლელმა ლიდერმა იჩქარა მილოცვა და რეალურად წინასწარ მიულოცა წარმატება პუტინს. ამას შეიძლება, მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდეს: ქუჩის აქციებმა ისეთი სახე არ მიიღოს, რომ მართლაც ზიუგანოვი გამოვიდეს გამარჯვებული, რაც კიდევ უფრო უარესი ვარიანტია დასავლეთისთვის. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩქარი და საკმაოდ ემოციური მილოცვები გარკვეული საფარველიც იყოს, ეგრეთ წოდებული ალიბიც დასავლელი ლიდერებისთვის, რომ თუ შემდგომ პუტინის წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაციები ისევ მოხდება, მათზე ეჭვი არ მიიტანონ.
– თუმცა თავად გამოსვლების ფაქტი, ტრადიციულად, უჩვეულოა რუსული სახელმწიფოსთვის?
– გორბაჩოვის დროიდან, უფრო ელცინის პრეზიდენტობის პერიოდიდან რუსეთში ასეთი მოძრაობები შეიმჩნეოდა. თვითონ რუსეთის მოსახლეობის ფონზე, თუ პროცენტულად ავიღებთ, ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, სრულიად დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის. თუმცა, თუ სუფთა არითმეტიკულად ავიღებთ, რამდენი ადამიანია 64 პროცენტი და რამდენია ყველა დანარჩენი ერთად, ეს მაინც არ არის ისეთი რაოდენობა, რომელმაც შეიძლება, რაღაც რეალური ცვლილებები გამოიწვიოს რუსეთში. ერთადერთი ასეთი რეალური ცვლილებების გამომწვევი შესაძლებელია იყოს, მაგალითად, არეულობა ჯარში, ანუ არეულობა სახელმწიფო სტრუქტურებში. მართალი რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარმა საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადა როგორც შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე, გარეთაც და საკმაოდ არაპოპულარულია ქვეყნის პოლიტიკა ნებისმიერი ასეთი დიდი რაოდენობის მსხვერპლის შემთხვევაში, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ცოტა სხვა ფსიქოლოგიის ქვეყანაა. ის ყოველთვის იმპერიალისტურად აზროვნებდა და, რაც უნდა დიდი მსხვერპლი მოჰყვეს რუსეთის ჯარის მონაწილეობას ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში, ძალიან ბევრი რუსის ფსიქიკაში, ჩემი აზრით კი, უმრავლესობის ფსიქიკაში, წინა პლანზე სწორედ სახელმწიფოებრივი მომენტი იქნება წამოწეული. სხვა საქმეა, რამდენად სახელმწიფოებრივად მოქმედებს ხელისუფლება, მაგრამ იმპერიალისტური აზროვნება ყოველთვის უფრო წინ იქნება რუსეთში, ვიდრე მსხვერპლის ათვლა, განსხვავებით ქართველებისგან.
– ეს გასაგებიცაა, ის მრავალრიცხოვანი, თან არადემოკრატიული ქვეყანაა.
– ამიტომ ვერანაირ დემორალიზებას ვერ ვამჩნევ რუსულ ჯარს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამის ნიშნები არ ჩანს. ფაქტია, დასავლეთი ძალიან დიდი ხანია, მუშაობს ამ დამანგრეველ პროცესებზე. ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციიდან, მაგრამ რუსეთი ყოველთვის ახერხებდა მოდერნიზებული იმპერიის ფორმით მაინც საკუთარი თავის შენარჩუნებას. ერთ რამეში გეთანხმებით, დღეს, ალბათ, ყველაზე უფრო რთულია რუსეთისთვის ამის შენარჩუნება. განსაკუთრებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რელიგიურ ფაქტორს: რუსეთი, როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა, დღითიდღე სუსტდება და დღითიდღე მთლიანობაში სულ უფრო და უფრო იზრდება სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისა თუ ათასგვარი სექტის მიმდევრების რაოდენობა რუსეთში. რაც მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთმა, ადრე თუ გვიან, დაკარგოს თავისი ღერძი, რის გარშემოც ის ყოველთვის არსებობდა. პირველად რუსეთის მართლმადიდებლობამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ოქტომბრის რევოლუციის დროს, მაგრამ მაშინაც, თუმცა ფორმალურად, ათეისტური სახელმწიფო იყო, რეალურად, რუსი მართლმადიდებლების რაოდენობა არ შეცვლილა, ათეიზმი უპირისპირდებოდა მართლმადიდებლობას და არა სექტები. დღეს ისევე, როგორც ყველა მართლმადიდებელ ქვეყანას, რუსეთს ბევრად მეტი პრობლემა აქვს. ფაქტი ერთია: რუსეთმა ამ ეტაპზე მაინც მოახერხა რუსული ხაზის წარმატება. ამდენად, შემდეგ პუტინმა უკვე სკამის შენარჩუნების პოლიტიკასაც უნდა მიჰყოს ხელი, იმიტომ რომ მის მიმართ ეს წინააღმდეგობები არ შემცირდება.
– გასაგებია, რომ პუტინი გამოიყენებდა ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც, ცნობილია, ხმების 30 პროცენტს ვერსად ვერ აღემატება, ამდენივემ თუ მხარი დაუჭირა და რეალური კონკურენტის არარსებობის ფონზე, მაინც დასჭირდება სკამის შენარჩუნება?
– საქმე ის არის, რომ, დაახლოებით, 36 პროცენტი პუტინის წინააღმდეგია, რუსეთისთვის კი 36 პროცენტი ძალიან დიდი ციფრია. ჯერჯერობით ეს 36 პროცენტი არ წარმოადგენს არანაირ სარფთხეს, იმდენად, რამდენადაც გადანაწილებულია სხვადასხვა პოლიტიკოსზე და არა ერთიან კანდიდატზე. თან, იმის გათვალისწინებით, რომ ზიუგანოვია პუტინის მოწინააღმდეგე ლიდერი, ამ ეტაპზე ამას არაფრის პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ რეალური გლობალისტური გეგმა არის არა რუსული პოლიტიკის დალაგება ამა თუ იმ ფორმით, არამედ რუსეთის დაშლა. ამდენად, პუტინს საკმაოდ სერიოზულ ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, თუ მას უნდა, რომ რუსული პოლიტიკა გაატაროს, ის, რაც მან ერთხელ უკვე გააკეთა საკუთრივ რუსეთისთვის და, მეორე მხრივ, არ დაკარგოს დასაყრდენი და არ გაიჩინოს ერთი მთავარი მტერი, რომელზეც უკვე დღევანდელი დღიდანვე იმუშავებს დასავლეთი. მისთვის ახლა პრეზიდენტობა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე იყო მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.
– ის ფაქტი, რომ ასე იჩქარეს დასავლელმა ლიდერებმა და ერთგვარი რევერანსი გაუკეთეს, აძლევს პუტინს ფორას დასავლეთთან ურთიერთობაში?
– რა თქმა უნდა, აძლევს, მაგრამ ჩვენთვის ხომ ნათელია, რომ, რაც უფრო ხმამაღალია კეთილმოსურნე განცხადებები, ამის უკან ყოველთვის დგას ხოლმე საკმაოდ სერიოზული მოთხოვნები?! ამიტომ, ერთი მხრივ, ეს რა თქმა უნდა, გარკვეული ფორაა პუტინისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ კეთილმოსურნე განცხადებებს მნიშვნელოვანი მოთხოვნებიც მოჰყვება.
– რა შეიძლება იყოს ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები? თუმცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნა რომ არ იქნება, გასაგებია.
– არ მგონია, კონკრეტულად ქვეყნებს შეეხებოდეს, იმავე საქართველოს პრობლემას, მაგრამ იმ ნებისმიერ პრობლემას შეიძლება, შეეხოს, რომლებშიც რუსეთისა და უპირველესად ამერიკის ინტერესები იკვეთება. ძირითადად, ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებზეა ლაპარაკი. ბრძოლა მიდის ევროპაზე კონტროლისთვის და, ბუნებრივია, ყველა მოთხოვნა შეეხება ამ ევროპაზე კონტროლის დაბალანსებას და არც შეერთებული შტატები და არც რუსეთი თავისი ნებით არ დაუშვებს რომელიმეს კონტროლის მონოპოლიას. როგორც მინიმუმ, აქ ბალანსზე უნდა იყოს საუბარი მეტ-ნაკლები გადაწონვით. აი, ამ სირთულეს ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ დღეს პუტინს თავისი ჩვეული პოლიტიკის გატარება ძალიან გაუჭირდება.
– ახლა პუტინი უფრო დამოკიდებული გახდა დასავლეთზე, ვიდრე, ადრე?
– რა თქმა უნდა.
– ევროპა თითქმის ერთიანი სივრცეა ევროკავშირის სახით, მასზე დაბალანსებული კონტროლის მოპოვება როგორ არის შესაძლებელი? ენერგოკონტროლი რუსეთს ექნება და პოლიტიკური –  ამერიკას?
– თვითონ ენერგოკონტროლზე იქნება საკმაოდ სერიოზული ბრძოლა, განსაკუთრებით ეს ეხება გაზს, იმიტომ რომ გაზი არის სამომავლო პოლიტიკა და არა, ვთქვათ, სხვა  ენერგომატარებლები. თვითონ რუსეთს ძალიან დიდი ხნის წინათ აქვს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, ამერიკამაც დიდი ხნის წინათ დაიწყო ამაზე ზრუნვა. ამდენად, ეკონომიკური კონტროლის გაყოფაზე არ წავა საუბარი, აქ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთსა და იმავეს ნიშნავს. საუბარი იქნება ენერგოპოლიტიკის დაბალანსებაზე. რამდენად გამოვა, სხვა საქმეა, იმიტომ რომ ევროპა, როგორი ერთიანიც უნდა იყოს, ძალიან კარგად ვიცით, როგორია ქვეყნებს შორის რეალური დამოკიდებულება. მშვენივრად ვიცით, ტრადიციულად, ვისთან ახერხებს რუსეთი უფრო ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ვისთან –  შეერთებული შტატები. ის, რომ ევროპაში უფრო შეერთებული შტატების გავლენაა, ბევრს არაფერს ნიშნავს. რადგან სწორედ იმის გამო, რომ ამერიკული გავლენა ბევრად უფრო ძლიერია ევროპის ქვეყნებზე, მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ანტირუსული, იმდენად პირდაპირი შეხება აქვთ ამერიკულ პოლიტიკასთან.
– რუსულთან ჯერ პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ, თორემ უკვე იქნებოდნენ ანტირუსულად განწყობილი. ეს სიამოვნება წინ ელით.
– სწორედ ესაა საქმე. ჩვენ მხარეზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირიქითაა, თუმცა საქართველოზე ამას ვეღარ ვიტყვით. აქ ისეთი გაძლიერებულია ამერიკული გავლენა, რომ არ მგონია, დიდი აღფრთოვანების მიზეზს იძლეოდეს. მაგრამ ისტორიული მეხსიერებაა სხვანაირი და თუ ჩვენთან უფრო ანტირუსული განწყობა არ არის, მაინც უფრო ნეიტრალურია განწყობა რუსეთის მიმართ. თუმცა იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.

скачать dle 11.3