კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები კრედიტდამოკიდებულები და რა ხერხებს იყენებენ ქართული ბანკები კლიენტების საკრედიტო მახეში შესატყუებლად

საქართველოს ბანკები (სხვა ქვეყნების ბანკებთან ურთიერთობა არ მქონია, ამიტომაც დანარჩენებზე ვერაფერს მოგახსენებთ), იმის გარდა, რომ კომუნალური გადასახდელებით ითბობენ ხელს მოსახლეობის ხარჯზე, ზედაც, ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან ცნობის აღებაში (საკომისიოს სახით, რასაკვირველია), ამ ჩვენი თანამემამულეების საკრედიტო მახეში გაბმის ჩინებული ოსტატებიც ბრძანდებიან (ვერასდროს გაიგებ, რაში და რატომ გახდევინებენ, მართალია, ძირითადად, 3-4-6 ლარს, მაგრამ, თუ ამ თანხას ბანკის კლიენტების რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ადვილი ასახსნელია, რატომ აღწევს ხოლმე ჩვენს ღარიბებით დასახლებულ ქვეყანაში ქართული საბანკო სექტორის სუფთა მოგება რამდენიმე ასეულ მილიონს). მეტიც, თავიანთ სერვისებს ისეთი შეფუთვით აწვდიან მომხმარებელს, რომ საბჭოთა წარსულგამოვლილი, გამოუცდელი და საკუთარი უფლებების არმცოდნე მოქალაქე ლამის თავისი ნებით ჰყოფს თავს საბანკო ყულფში (თან მადლობებსაც იხდის, თუმცა თოკის ფულსაც კი მას ახდევინებენ). საგულისხმოა, რომ ვერ აღმოვაჩინე ფსიქოლოგი, რომელიც ბანკების მიერ კლიენტების გაცუცურაკების მეთოდების ფსიქოლოგიურ მექანიზმს აგვიხსნიდა (გარწმუნებთ, მცდელობა არ დამიკლია), თუმცა, მათგან განსხვავებით, ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე დაგვთანხმდა ბანკი-კლიენტის ურთიერთობის სქემის განმარტებაზე.

– რით იხსნება ადამიანების დამოკიდებულება საკრედიტო ბარათებზე? ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანები იღებენ ახალ-ახალ კრედიტებს, რომ წინა დავალიანებები დაფარონ, შემდეგ იღებენ კიდევ ერთ ახალ კრედიტს და ასე დაუსრულებლად. თითქოს ნარკოდამოკიდებულებას დაემსგავსა ეს პროცესი, ერთგვარ აზარტულ თამაშად იქცა?
– საერთოდ, თანამედროვე სამყაროში ფული კეთდება ადამიანებზე. ბიზნესს აქვს ასეთი კანონი: მოგება შედგება ოთხი სიტყვისგან –  აღმოაჩინე მოთხოვნილებები და სწრაფად დააკმაყოფილე. ნებისმიერი სახეობის ბიზნესი იმაზეა აგებული, რომ მარკეტინგულად შეისწავლოს, რაზეა მოთხოვნილება და უსწრაფესად დაუკმაყოფილოს. აი, ამაზე კეთდება ფული, რადგან ამაში ადამიანები ფულს იხდიან. ამიტომაც ვითარდება უფრო სწრაფად სწრაფი კვების ობიექტები, ვიდრე ფეშენებელური რესტორნები. ამდენად, ყველა ბანკი ელტვის, თავის კლიენტად მიიზიდოს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი, ანუ ყველანი ნადირობენ კლიენტებზე და ცდილობენ მათი რაოდენობის გაზრდას.
რაც შეეხება კრედიტებს. კრედიტდამოკიდებულება, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩემშიც იწვევს წამალდამოკიდებულების, ალკოჰოლზე, თამბაქოსა  თუ ინტერნეტზე, აზარტულ თამაშებსა თუ სხვა სახეობაზე დამოკიდებულების ასოციაციას. მოკლედ, ადამიანების დიდი ნაწილი რაღაცაზეა დამოკიდებული და ამაზე დიდი ფული კეთდება. მოგეხსენებათ, დიდი ფული მოაქვს თამბაქოს, ალკოჰოლის, აზარტული თამაშების ბიზნესს. ნარკოტიკებზე ხომ კეთდება და კეთდება ფული.
– და ბანკების კლიენტებზეც.
– დამოკიდებულება ნიშნავს მიბმულობას. მაგალითად, დასავლეთში სიტყვა „ნარკომანიას“ არ ხმარობენ, უწოდებენ მიჯაჭვულობას, მიბმულობას და, გინდა, სექსზე ყოფილა ადამიანი მიჯაჭვული, გინდა, ნარკოტიკზე, თამბაქოზე, ფულზე თუ „ფეისბუქზე“, მიჯაჭვულობა მიჯაჭვულობაა. ადამიანს ახასიათებს  დიდი იმპულსი იმისა, რომ რაღაცას მიეჯაჭვოს.
– ესე იგი, ბუნებრივია ეს მოთხოვნილება?
– ბუნებრივია, მაგრამ არიან მეტად და ნაკლებად მიჯაჭვული ადამიანები. ყველა ადამიანი რაღაცაზეა მიბმული: ზედმეტი პატრიოტიზმი თუ ოჯახზე გადაყოლაც მიჯაჭვულობაა და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გარკვეული ბიზნესები ნადირობენ ასეთ ადამიანებზე. ნარკომაფია ხომ საერთოდ იმაზე მუშაობს, რომ ჩაითრიოს ახალი ადამიანები. ასევეა, თაბაქოს წარმოება და ასე შემდეგ.
– ბანკები ადამიანების ფულზე მიჯაჭვულობის მომენტს იყენებენ მათ გასაბმელად?
– გემახსოვრებათ გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ადამიანებს გაუჭირდათ და ერთმანეთისგან სესხულობდნენ ფულს, თან პროცენტებით, ანუ ადამიანები ასრულებდნენ ბანკის ფუნქციას და მაშინ იყო ასეთი გამოთქმა: თბილისის ერთ ნაწილს მეორის ვალი აქვს და ერთმანეთს დასდევენო. ეს ფენომენი მართლაც იყო, ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავადაც კი დასდევდნენ და რეგულატორი იყო არა კანონი, არამედ ქურდი, რომელიც არჩევდა ამ საქმეებს. ქურდი იყო მსაჯული და ადგენდა, ვის ვისთვის რამდენი უნდა გადაეხადა და ქურდები ამაზე ფულს აკეთებდნენ. ამან გაიარა და ახლა მათი ადგილი დაიკავა ბანკმა, რომელიც კრედიტს აძლევს ადამიანს და პლუს კანონმა, თუ მევალემ ფული არ გაისტუმრა, ბანკს შეუძლია იმ ადამიანის ქონების გაყიდვა. პირობა იმისა, რომ ბანკმა კრედიტი მოგცეს, იპოთეკურ მომენტზეა მიბმული. მეორე მხრივ, ადამიანები იგივენაირები დარჩნენ ფულთან და ვალთან ურთიერთობაში. მაშინაც სესხულობდნენ ერთისგან ფულს და მეორე ვალს ისტუმრებდნენ, ახლაც იგივე ხდება ბანკის კრედიტებთან მიმართებაშიც. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ბანკისთვის ყველაზე საზიზღარი კლიენტია ის, ვინც კრედიტს იღებს სხვა კრედიტის გადასაფარავად. ამიტომ ბანკი ასეთ კლიენტებზე არ ნადირობს.
– მაგრამ ნადირობს გულუბრყვილო ადამიანებზე: როგორც საბანკო სექტორის ექსპერტები ამბობენ, ბანკები სარეკლამო რგოლებში ატყუებენ მოქალაქეებს, თითქოს მათ აქვთ თანხა საკრედიტო ბარათზე და შეუძლიათ მისი განკარგვა, არადა რეალურად ადამიანს არაფერიც არ აქვს. ბარათზე ბანკის ფულია და ამ თანხის სარგებლობის უფლებას გაძლევთ საკმაოდ მაღალი პროცენტით. ბანკი სარგებლობს მოქალაქეების გამოუცდელობით?
– ჩვენი მოსახლეობა ბევრ რამეშია გამოუცდელი, მაგრამ ეს მისი ყველაზე ნაკლები ნაკლია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მოსახლეობაში დამკვიდრებულია ფულთან ურთიერთობის სტერეოტიპები. განვიხილოთ ეს სტერეოტიპები: მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დანაზოგის მიმართ და არ აქვს მასობრივი დანაზოგების კულტურა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიმდიდრე და ქონება დამოკიდებულია შემოსავლების ზრდაზე, სინამდვილეში ქონება დამოკიდებულია დანაზოგების ზრდაზე. ერთი ჩინური ანდაზა ამბობს: თქვენ გგონიათ, სიმდიდრე შემოსავლებია, არადა სიმდიდრე დანაზოგებზეაო. ჩვენთან კი ძალიან დაბალია დანაზოგების კულტურა. საერთოდ არ არსებობს ბავშვის დანაზოგის კულტურა. ადამიანებს არ შეაქვთ დანაზოგები ბანკში. საბჭოთა დროს ჰქონდათ ანაბრები, მაგრამ, ძირითადად, შავი დღისთვის, დასამარხ ფულს აგროვებდნენ. მოსახლეობამ არ იცის ერთი რამ: თუ გრძელვადიან დანაზოგს აკეთებს, ეს დანაზოგი შეიძლება, გამოადგეს სესხის აღებისთვის და იპოთეკა აღარ დასჭირდება. მოსახლეობას ჰგონია, რომ შემოსავლებშია სიმდიდრე და სიქველე, ანუ კარგი ქცევა არის არა მომჭირნეობა, არამედ ფლანგვა. ამიტომ, როდესაც ამგვარი მენტალიტეტის ადამიანი სესხს იღებს, იმ ფულს მაშინვე ფლანგავს.
– ჩემი აზრით, ეს სტერეოტიპი ჩამოაყალიბა იმან, რომ საუკუნეების განმავლობაში მუდმივად არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობდით. ვისაც ფეხი აუცდებოდა, თავს გვესხმოდა და ხვალინდელი დღე, დიდი ალბათობით, შესაძლოა, სულაც არ გათენებულიყო. მგონია, რომ აქედან მოდის მოლხენის სურვილი იმ ერთ დღეში, სანამ ნამდვილად ცოცხალი ხარ.
– ებრაელებზე უფრო არასტაბილურად არავინ ცხოვრობდა, მაგრამ ებრაელებს მოსემ უთხრა, ყოველი ათი ცხვრიდან ერთი გადაინახეთო და სწორედ იქიდან  შეიქმნა 10 პროცენტის თეორია. ანუ დაშვება ისეთია, რომ 10 პროცენტია ის თანხა, რომლის გადანახვა ზიანს არ გაყენებს. თუ ათი ლარი გაქვს დღეში, ცხრა ლარი თავისუფლად გეყოფა, თუ ლარს გადაინახავ.
 მეორე პრობლემა ის არის, რომ ადამიანები არ თვლიან ცხოვრებას გრძელვადიან პერსპექტივაზე, ამიტომაც არის შეერთებულ შტატებში პროგრამა, როდესაც სტუდენტს ეუბნებიან, შენი შემოსავლიდან 10 პროცენტი გადაინახე, ჩადე შენს საპენსიო ფონდში და 60 წელს რომ მიაღწევ, ერთი მილიონი გექნებაო. ეს რომ უთხრა ქართველ ბავშვს, გეტყვის, რაში მაინტერესებს პენსიაო. სინამდვილეში რა მომენტია, პენსიაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ სტუდენტს აჩვევენ, რომ შენ გარდაუვლად გახდები ხანდაზმული. როდესაც მოხუცდები და, ერთი მილიონი დოლარი გექნება, შენ წინაშე დადგება ამოცანა, როგორ განკარგო ამხელა ფული. უნდა იმოგზაურო და ისიამოვნო დარჩენილ ცხოვრებაში იმაზე მეტად, ვიდრე, ახლა, როცა ახალგაზრდა ხარ და ტვინს იჭყლეტ სწავლითო. ცივილიზებულ სამყაროში გრძელვადიანი ცხოვრების ეს კონცეფცია აქვთ და ამიტომაც სიცოცხლის ხანგრძლივობის ინდექსი იქ მაღალია, ჩვენთან კი –  დაბალი.
– მათ სიცოცხლის მოტივაცია აქვთ, ჩვენთან საპენსიო ასაკი თითქმის სიკვდილის ტოლფასია.
– და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა: ჩვენთან ცხოვრების დაბალი სტანდარტებია. მაგალითად, ეკითხები ბულაჩაურში მცხოვრებს, რა გინდა ცხოვრებაშიო და გეუბნება, ერთი კოლოფი სიგარეტის ფული მქონდეს და მეტი რა მინდაო, ანუ მისი სტანდარტი ძალიან დაბალია. ამავე დროს, ჩვენთან არ არსებობს ცხოვრების სტანდარტის ზრდის კულტურა. ადამიანები არ გეგმავენ ცხოვრებას და ამიტომ იმას იღებენ, რასაც სამყაროსგან მოითხოვენ: ერთ კოლოფ სიგარეტს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი ადვილად მანიპულირებადია როგორც ვალის აღების, ისე ვალის ვერ გასტუმრების თვალსაზრისით. მაგალითს გეტყვით: ადამიანთა ჯგუფს მოაგებინეს ძალიან დიდი თანხა. მანამდე კი გამოჰკითხეს, რას ისურვებდნენ ცხოვრებაში. მოგებიდან 5 წლის შემდეგ ის ადამიანები ხელმეორედ გამოჰკითხეს და აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი მკვდარი იყო. ანუ იმ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირებულიყო, იმიტომ რომ ადამიანს ანადგურებს უცებ მოგებული დიდი თანხა: მისი ტვინი, გონება ვერ ინელებს ამხელა ფულს. მეორე მხრივ, აღმოჩნდა ის, რომ ცოცხლად დარჩენილების ცხოვრება იმავე დონეზე დარჩა, რა სტანდარტებიც ჰქონდათ იმ დიდი თანხის მოგებამდე. თუ თქვეს, ვთქვათ თვეში 1 500 ფუნტი მეყოფაო, სწორედ ამდენი ან უფრო ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ. ანუ ისეთივე ღატაკები დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. ჩვენთან კი რა ხდება? ნადირობაა ლატარიაზე, კრედიტსა და ტოტალიზატორზე. ანუ მოსახლეობას ატყავებენ მენტალურად და არავინ მუშაობს იმაზე, რომ მოსახლეობას ეს ცნობიერება გამოუსწორდეს. მე მაქვს ამის პროგრამა და ვმუშაობ, მაგრამ მე ერთი ადამიანი ვარ. ბავშვებისთვის ვატარებ ტრენინგ-პროგრამას. 6-დან 18-წლამდე მოზარდებს ვასწავლით ბიზნესს, იმიტომ რომ ბიზნესი შემდგომ ასაკში არ ისწავლება, ისევე, როგორც ცურვა თუ თხილამურებზე სრიალი ბავშვობაში უნდა ისწავლო. ის უნარები თავიდანვე უნდა გქონდეს.
– მეტყველება თუ არ ისწავლა ბავშვობაში, მგელთან მოხვედრილი ადამიანი ყმუის, კატასთან გაზრდილი –  კნავის. ცნობილია, რომ ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც ადამიანად ყალიბდება მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში. როდესაც ძაღლი ლომებშიც ძაღლია.
– ამდენად, ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ ბიზნესი, რომ ბავშვმა ფასი დაადოს დაზოგვის კულტურას. დაზოგვა „კრიჟანობა“ კი არ არის, არამედ მომჭირნეობაა. მეტიც, თურმე, როგორც მითხრეს, ილია ჭავჭავაძემ შექმნა პირველი კოოპერატივი საქართველოში და მას დაარქვა „მომჭირნეობა“.
– ცნობილი ამბავია ჭის შესახებ, როდესაც გლეხებს ერთ დღესაც წყალზე უარი უთხრა და მოსთხოვა, თქვენს ეზოებში თავად ამოთხარეთ ჭებიო.
 – ის გენიოსი იყო და მან იცოდა, რომ თევზი კი არ უნდა მისცე, არც ანკესი, არამედ ანკესის გაკეთება უნდა ასწავლო.
– სწავლა აუცილებელია, მაგრამ სტაბილური გარემოც ხომ აუცილებელია? მაგალითად, აგროვეს ადამიანებმა ქონება, ჯერ –  აფხაზეთში, შემდეგ –  შიდა ქართლში და რა? დარჩნენ ცარიელ-ტარიელი. არ ჯობდა, დაეხარჯათ ის ფული?
– გეთანხმებით, რომ არასტაბილური გარემოა, ანუ ქაოტურ სამყაროში ვცხოვრობთ.
–  მაგალითად, ამერიკელს ხომ უფრო მეტი ალბათობა აქვს საიმისოდ, რომ თავის დანაზოგს მოიხმარს და არ დაეკარგება?
– სტაბილურობა იქაც არ არის, რადგან დიდი კონკურენციაა და ადამიანი მყარად ვერ დგას.
– მაგრამ ეს არასტაბილურობა თუ სტაბილურობა მაინც შენზეა დამოკიდებული, თუ ივარგებ, კონკურენციას გაუძლებ. სტაბილურობაში ია-ვარდით ფენილ გარემოს არ ვგულისხმობ.
–  არსებობს ოთხი სტრატეგია, თუ როგორ უნდა იმოქმედო ქაოსსა და სტაბილურობასთან. ერთი ვარიანტია, როდესაც გარემოც სტაბილურია და ინდივიდიც სტაბილურად პასუხობს სტაბილურ გარემოს; მეორეა, როდესაც გარემოა სტაბილური, მაგრამ ინდივიდია არასტაბილური, ფსიქოპათია და ცდილობს, ნორმები დაარღვიოს, სწორედ ამაზე იყო ორიენტირებული ჰიპების მოძრაობა; მესამე ვარიანტია, როდესაც გარემო არასტაბილურია, მაგრამ ინდივიდები სტაბილურად იქცევიან, მართავენ თავიანთ ცხოვრებას და არასტაბილურობას უპირისპირებენ საკუთარ სტაბილურობას. მაგალითად, რამდენიმე ფერმერს ვიცნობ, რომლებიც დილის 6 საათზე დგებიან, გეგმაზომიერად მუშაობენ და სოფლებში გამორჩეული ადამიანებიც არიან. ანუ სტაბილურად და გათვლილად მოქმედებენ. და ბოლო ვარიანტია, როდესაც გარემოც არასტაბილურია და ადამიანიც. თუ ამ ოთხ ვარიანტს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ პრობლემა მხოლოდ არასტაბილური გარემო არ არის. ჩვენთან თვითონ ადამიანებიც არასტაბილურად უყურებენს სამყაროს. მათ მიაჩნიათ, რომ ასე ქაოტურად მოქმედება უფრო სარგებლიანია. ადამიანები ერთმანეთისგან ვერ არჩევენ მოქნილობასა და არასტაბილურობას.
– რაც ვართ, ეს ვართ. ესე იგი, თუ უკეთესები ვერ გავხდით, სულ ასეთი უქონელები ვიქნებით?
– ცხოვრება გვაქცევს უკეთესებად, იმიტომ რომ ახალი თაობა მოდის, ღირებულებებიც ნელ-ნელა იცვლება, ადამიანები უფრო რაციონალურები ხდებიან და ეს რაღაცას შეცვლის, რადგან ჯერჯერობით ადამიანები ჩვენთან მაინც ირაციონალურად ცხოვრობენ. ძალიან დიდი კულტურაა ეკონომია, უყაირათოდ ცხოვრება, უბრალოდ, გოიმობაა.

скачать dle 11.3