კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ დაუმეგობრდა ქეთი ბოჭორიშვილი ჰონკონგელ ღვინის მაგისტრებს და რატომ შევა ქართული ღვინო „ეფლის” ტელეფონებში

ქერა, ცისფერთვალება... მოდელი არა, საქართველოს ინვესტიციების ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ამ თანამდებობაზე ქეთი ბოჭორიშვილი ყველაზე გრძელვადიანი უფროსია. მისი წინამორბედები ორ-სამთვიან, ზოგჯერ კი ორკვირიან ვადაში ცდილობდნენ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. ერთი წლის განმავლობაში ქეთიმ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ინტერვიუ ჩაწერილია რუსთაველის ¹34-ში წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“.

– რამდენად იოლი ან რთულია ქერა, ცისფერთვალება ქალბატონისთვის მოლაპარაკებების წარმოება?
– საკმაოდ რთულია. ჯერ ის, რომ ქალი ხარ და შემდეგ უკვე – ქერათმიანი, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. მოსაუბრე დაარწმუნო შენს კომპეტენტურობაში ორმაგი ძალისხმევით გიწევს. რაღაც კუთხით, შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო  ქალი რომ არ ვიყო და თანაც – ქერა (იცინის). მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების პირველი ეტაპის შემდეგ, უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა სქესს, გარეგნობას და სხვა. ინვესტორები ძალიან სერიოზული ხალხია, რომლებიც სერიოზული თანხების ჩადებას აპირებენ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების დროს, მნიშვნელობა აღარ აქვს არც სქესს და არც გარეგნობას. ახალგაცნობილ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილების მოხდენა მნიშვნელოვანია. თუმცა, მერე, ეს შთაბეჭდილება საქმით თუ არ მყარდება, არაფერს აქვს მნიშვნელობა.
– რა წილი შეაქვს თქვენთან ურთიერთობებს ინვესტორის დათანხმებაში? შენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ვგულისხმობ.
– ურთიერთობაში ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. ვინ ჩავა პირველი, სად იქნება შეხვედრა პირველად. მერე, რამდენ ხანში ჩამოვა თვითონ, რას ვაჩვენებთ. თუმცა, მოლაპარაკებები როგორ წარმატებულადაც არ უნდა წარიმართოს, ამაზე დაყრდნობით არავინ იღებს გადაწყვეტილებას. ინვესტორს ჰყავს ანალიტიკოსები. ისინი აკეთებს სერიოზულ კვლევებს და თუ რაიმე ინფორმაცია დავუმალე ან სხვანაირად მივაწოდე, ეს ნიშნავს, რომ ჩემ მიმართ ნდობას დაკარგავს. ამიტომ, ყოველთვის ვუხატავ სიტუაციას რეალურად. ყოველთვის სწორ, სანდო ინფორმაციას ვაწვდი, რეკომენდაციებს ვუწევ და აქედან გამომდინარე, ისინი ჩვენზე არიან მოჯაჭვულნი. სლოგანივით გვაქვს, რომ ინვესტორებისთვის ყველაზე დიდი პარტნიორები ვართ საქართველოში და ამ სლოგანს ვამართლებ. მოლაპარაკებებზე ხშირად კომპანიის წარმომადგენლები მხვდებიან, რომლებიც კომპანიის ფულს დებენ და არა თავისას, მაგრამ, საუბრის დასრულების შემდეგ, ბევრი მათგანი მეუბნება, რომ გაუჩნდათ საკუთარი ფულის ჩადების სურვილიც. ეს ყველაზე მეტად მახარებს.
– ეს ყველაფერი რაღაც ბრძოლას ჰგავს, ღიმილიან ბრძოლას.
– კი, შეჯიბრების პროცესია, ეჯიბრები სხვა ქვეყნებსაც. ინვესტორი ხომ მარტო საქართველოს არ განიხილავს, მას ფულის ჩადება უნდა და  პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ქვეყანაზე ფიქრობს. მნიშვნელოვანია ის შთაბეჭდილება, რომელიც აეროპორტიდანვე ეუფლება აქ ჩამოსულ ინვესტორს. ის ხვდება, რომ ეს არის თანამედროვე ელემენტების მქონე ქვეყანა დიდი კულტურული ისტორიით. ფულის ჩადებასთან ერთად, ის ხომ აქ იწყებს საქმიანობას. მოჰყვება ოჯახი, უამრავი ადამიანი, რომელთაც აქ საცხოვრებლად კარგი გარემო უნდათ. ამიტომ, მათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია სამზარეულოდან დაწყებული გასართობი ადგილებით დამთავრებული. მაგალითად, თურქული კომპანიები ეგვიპტის შემდეგ, რომელსაც ამერიკასთან საფეიქრო მრეწველობაში თავისუფალი ვაჭრობა აქვს, უკვე ძალიან აქტიურად განიხილავდნენ ეთიოპიას თავისი სამკერვალო ბიზნესისთვის. მოვიწვიე ისინი თბილისში. ჯერ მარტო ის, რომ ორ საათში სტამბულიდან თბილისში აღმოჩნდნენ – ნახეს, რომ შეუძლიათ დილით ჩამოვიდნენ და საღამოს წავიდნენ,  ძალიან მოეწონათ გარემო. შევახვედრე ჩვენს დიზაინერებს, რომ დარწმუნებულიყვნენ ტანსაცმლის წარმოება ჩვენთვის უცხო არ არის. მოკლედ, ბევრი დეტალი იყო, რამაც მათზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და სერიოზულად განიხილავენ საქართველოს ძალიან დიდი ინვესტიციის განსახორციელებლად.
– რამდენადაც ვიცი, „ზარაც” აპირებს საქართველოში შემოსვლას. მეშველა მე და უამრავ ქართველ გოგოს.
– (იცინის) კი. უკვე მარტში „ზარა” „თურქ მოლში” გაიხსნება. სხვათა შორის, „ზარას” კონცეფციას ჩვენ ვაკმაყოფილებთ. იცით, როგორი სისტემა აქვთ?! დიზაინის შექმნიდან ტანსაცმლის მაღაზიაში დაკიდებამდე, სამი კვირა უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მას ქვეყანა, უბრალოდ არ აინტერესებს. სექტემბერში თბილისში „კოტონის” პრეზიდენტი იყო ჩამოსული და ახლა უკვე „კოტონის” კაბებს „ელსენემა” – ქართული კომპანია კერავს, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ამზადებს. წელს „ზარა” შემოვა საქართველოში და სულ რაღაც ერთ წელიწადში, აქ, „რადისონის” პირდაპირ გაიხსნება „ზარას“ უზარმაზარი მაღაზია – „ზარა ჰოუმით”. შარშან „ზარას” ხელმძღვანელობას შევხვდით. მათ ლოგისტიკური ცენტრი დაგვათვალიერებინეს, სადაც თავს იყრის სხვადასხვა ფაბრიკაში შეკერილი „ზარას” სამოსი. ზუსტად სამი საათი ვიარეთ ველოსიპედებით მის დასათვალიერებლად. მთელი ქალაქია, ლოგისტიკური ცენტრი კი არა. (იცინის).
– ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ქართული ღვინის ჩინეთში შესვლის პერსპექტივას. ისინი ხომ ღვინოს საერთოდ არ სვამენ.
– ჩინეთში ღვინის მოხმარება საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით მინდა, ჰონკონგი გამოვყო, რომელიც ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელების რეგიონალურ ცენტრად იქცა. ჰონკონგი გადასახადებისგან გათავისუფლებულია და უკვე იქიდან ხდება ამ სასმელების მთელ აზიაში გადანაწილება. ჩინელებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ღვინის დალევა დააწყებინეს იტალიელებმა. იტალიურმა კომპანიებმა ძალიან დიდი ფული ჩადეს ჩინელთა განათლებაში. იყო დეგუსტაციები, საღამოები, კურსები და სხვა. მოკლედ, ჩინელებს ღვინო შეაყვარეს. კვლევების მიხედვით, არის რეგიონები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება ნული მთელი სამი ლიტრია. მაგრამ, არის რეგიონები, სადაც მოხმარება შვიდ-ათ ლიტრამდე ადის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურმა, რომელიც ჩვენს დეპარტამენტში შემოდის, შარშან პრიორიტეტად სასმელები აირჩია. სულ ორი კაცისგან იყო დაკომპლექტებული ეს დეპარტამენტი, დიდი რესურსები არ გვქონდა...
– ჩინეთის ბაზრის დაპყრობას ორი კაცი აპირებდა?!
– კი, (იცინის). გადავწყვიტეთ, ალკოჰოლურ სასმელებზე სამუშაოდ ჩინეთის ბაზარი აგვერჩია, ხოლო არაალკოჰოლურ სასმელებზე – სპარსეთის ყურის ქვეყნები. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო ურთიერთობა დავამყარე ამერიკელ ქალბატონ, ლიზა პეროტი ბრაუნთან, რომელიც სინგაპურში ცხოვრობს და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ღვინის სფეროში. მისი სიტყვა ბევრს ნიშნავს. თუ ღვინის მაგისტრი იტყვის, რომ ეს კარგი ღვინოა, მას ძალიან ბევრი რესტორანი და მაღაზია აიღებს. ლიზას და სხვა ავტორიტეტული პირის დახმარებით, ხუთას ტრეიდერზე გავედით და დავიწყეთ სასმელების გაცნობა-დეგუსტაცია.
– ვიცი, რომ აპირებთ ქართული ღვინის შეტანას „აიფოუნის” აპლიკაციებში.
– ესეც იქ მუშაობამ დაგვანახა. ჰონკონგში, სინგაპურში ადამიანების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი „აიფოუნს” მოიხმარს და მას მრავალმხრივად იყენებს. „აიფოუნს” აქვს აპლიკაცია, რომელსაც ატყობინებ რის მირთმევას აპირებ და ის გირჩევს ამ კერძს რომელი ღვინო მოუხდება. ამას ძალიან ხშირად იყენებენ ჩინელები რესტორნებში, რადგან ცოტა რამ იციან ღვინოზე და უჭირთ დამოუკიდებლად არჩევნის გაკეთება. მაგალითად, პეკინურ იხვთან ერთად რომელი ღვინო დალიონ. დავიწყეთ მუშაობა, რომ ქართული ღვინოც ამ ბაზაში ჩაჯდეს. მოკლედ, ჩინეთში ჩასულ ევროპელ ღვინის მაგისტრებთან ახლო კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც ერთი დიდი ჯაჭვია. ისინი აქებენ იმ ღვინოს, რომელსაც შემდეგ ყიდიან.
– იქნებ მითხრათ, რა იყო გასულ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტიცია?
– ყველაზე მსხვილი პორტის ინვესტიცია იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო სოფლის მეურნეობაში ჩადებული ფული იყო, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტებს შემოგვთავაზებს სოფლის მეურნეობაში. ბრიტანელი ინვესტორი აპირებს კახეთში ფსტის, იგივე „ფისტაშკებისა” და ქიშმიშის მოყვანას. აკეთებს წვეთოვან სარწყავ სისტემას, რომელიც გაცილებით მეტ მოსავალს მოიტანს. ევოლუცია იქნება სოფლის მეურნეობაში.
– რამდენადაც ვიცი, ასმილიონიანი ინვესტიციაა.
– ზუსტი თანხების თქმა არ მინდა, მაგრამ... (იცინის) პირველი ორი წელი, ამ მიწაზე ხორბალი და სიმინდი მოვა, მიწის გასაფხვიერებლად. ეს პერიოდი „ფისტაშკა” სათბურებში უნდა იყოს. ორი წლის მერე გადმოირგვება მიწაში. შვიდი წელი სჭირდება პირველი მოსავლის მიღებას, მაგრამ მერე უკვე ორასწლიანი ბიზნესია. აქვე, მოხდება დაფასოება, შეფუთვა და სხვა ქვეყნებში გატანა.
– გადავიდეთ „ფისტაშკების” მოყვანაზე?
– საინტერესო ბიზნესია.
– როგორც გავიგე, ევროპის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი აპირებს საქართველოში შემოსვლას.
– „კარფური” – პირველი „თურქ მოლთან” ერთად გაიხსნება. „კარფური” სერიოზულ გადატრიალებას მოახდენს ამ ბიზნესში და სრულიად ახალ სტანდარტებს შემოგვთავაზებს. მათი სტრატეგიაა, რაც შეიძლება, მეტი ახალი, და ადგილობრივი პროდუქტი ჰქონდეთ. თუ ქართული პროდუქცია მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მათ უზარმაზარი რეგიონული და საერთაშორისო ქსელი აქვთ და ის აუცილებლად შევა „კარფურის” მთელ ქსელში. მაგალითად, თუ მოეწონათ ქართული სულგუნი, მათ თავადვე აქვთ მიკროსესხები და დაეხმარებიან სულგუნის მომწოდებელს განვითარებაში. ის შეიძლება, მთელ ევროპაში მოხვდეს. ეს ძალიან დიდი სტიმულია.

скачать dle 11.3