კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს სტუდენტობის მეგობარს კახეთში მცხოვრები 44 წლის ქალი და რა მიზეზით დაკარგეს მათ ერთმანეთი

44 წლის ლია ნოდარის ასული კუსრაშვილი ეძებს 44 წლის ნათელა თორღვას ასულ წიკლაურს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 44 წლის ნათელა თორღვას ასულ წიკლაურს. მე და ნათელა ერთად ვსწავლობდით მე-3 სამედიცინო სასწავლებელში. 1986 წელს ორივემ დავამთავრეთ ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი. ნათელა ფასანაურის რაიონის სოფელ ოშპიტელიდან იყო, მე კი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში ვცხოვრობდი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩვენ ერთმანეთს წერილებით ვეკონტაქტებოდით, მაგრამ 1990 წლის შემდეგ წერილები შეწყდა და მას შემდეგ მე ჩემი მეგობრის შესახებ არაფერი ვიცი. ძალიან მინდა ნათელას პოვნა და მასთან კავშირის აღდგენა. ჩემთვის ნათელა მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა, ის მე საკუთარი დასავით მიყვარს. დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობრის პოვნაში დამეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ქალბატონი ლია ტელეფონით დამიკავშირდა, რადგან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ის ამჟამად სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მას არც ინტერნეტი აქვს და არც კომპიუტერი. ამ მიზეზის გამო, მან თავისი ფოტოც ვერ მოგვაწოდა.
– ლია, გვიამბეთ, როგორ დაუმეგობრდით ნათელას.
– მე და ნათელა ერთად ვსწავლობდით ორთაჭალაში მდებარე მე-3 სამედიცინო სასწავლებელში. ნათელა ფასანაურის რაიონიდან იყო ჩამოსული, მე კი სიღნაღის რაიონიდან ვიყავი. სწავლის დაწყებისთანავე ერთმანეთს ისე გავუგეთ, რომ მალე უბრალო თანაკურსელებიდან განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. ერთად ვიქირავეთ ბინა, რომელიც ჩვენს სასწავლებელთან ახლოს მდებარეობდა და იქვე, ორთაჭალაში ვცხოვრობდით. სულ ერთად ვიყავით და მართლაც რომ შეუდარებელი მეგობრობა გვქონდა. ნათელა ძალიან კარგი ხასიათის გოგონა იყო, კეთილი და მზრუნველი, ერთგული მეგობარი. 1986 წელს, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრეთ, ის თავის რაიონში დაბრუნდა, მე კი – ჩემს სახლში. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი დავამთავრეთ, ერთმანეთთან კავშირი არ შეგვიწყვეტია – დაახლოებით 1990 წლამდე წერილებს ვწერდით და ასე ვიგებდით ერთმანეთის ამბებს. 1990 წლიდან კი წერილობითი კავშირი გაწყდა, მოგეხსენებათ, იმ პერიოდში რა დრო იყო, მას შემდეგ მე ნათელას შესახებ არაფერი ვიცი.
– როგორ ფიქრობთ, სად ცხოვრობს ამჟამად ნათელა და კიდევ რა იცით მის შესახებ?
– სანამ ჩვენ შორის წერილობითი კავშირი იყო, ვიცოდი, რომ ის ფასანაურის რაიონის სოფელ ოშპიტელში ცხოვრობდა. მაშინ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით, ნათელა ჯერ კიდევ გაუთხოვარი იყო. ვიცი, რომ ჰყავს ძმა, რომელიც ჩვენზე ორი წლით უფროსია, და, თუ არ ვცდები, გიორგი ერქვა. ნათელას მშრომელი მშობლები ჰყავდა. დედამისი დიასახლისი იყო. მისი ოჯახის შესახებ მეტი არაფერი ვიცი. ამჟამად ნათელა, ალბათ, გათხოვილია და შვილებიც ეყოლება. მან იცის, რომ მე სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში ვცხოვრობდი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გავთხოვდი, იმავე რაიონის სოფელ საქობოში გადავედი საცხოვრებლად. ნამდვილად არ ვიცი, სად ცხოვრობს ამჟამად ნათელა, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ის ამ დრომდე ფასანაურის რაიონის სოფელ ოშპიტელში იყოს.
– გამოდის, რომ თქვენ შორის კავშირი 22 წელია, არ ყოფილა. აქამდე თუ გიცდიათ მეგობრის მოძებნა?
– ნათელას პოვნა და მასთან დაკავშირება სულ მინდოდა, მაგრამ, ნამდვილად არ ვიცოდი, ეს როგორ მომეხერხებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალ „თბილისელებში“ თქვენი რუბრიკა აღმოვაჩინე, სულ ვკითხულობ სტატიებს. მერე გადავწყვიტე, მეც მომემართა თქვენთვის და მომეთხრო ჩემი ისტორია. ძალიან მინდა, ჩემი მეგობრის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს არ დავკონტაქტებივართ, გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩვენი სტუდენტობის დღეები. მაშინ ნათელა მაღალი, ლამაზი პირისახის, ხვეულთმიანი გოგონა იყო, მთიულებისთვის დამახასიათებელი მოწითალო ლოყებით. ძალიან მაინტერესებს, როგორია ის ამჟამად, რა ხდება მის ცხოვრებაში, აქვს თუ არა ოჯახი.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში სად აპირებთ ერთმანეთის ნახვას?
– თუკი ნათელას ვიპოვი, აუცილებლად უნდა შევხვდე კიდეც, მაგრამ, წინასწარ  ნამდვილად არ ვიცი, სად მოხდება ჩვენი შეხვედრა. თუკი მას სურვილი ექნება, ჩემთან დავპატიჟებ ან თბილისში შევხვდებით ერთმანეთს, მთავარია, ვიპოვო ჩემი მეგობარი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დღე, როცა მას ვიპოვი, ჩემთვის უბედნიერესი იქნება. დარწმუნებული ვარ, ნათელასაც ისევე გაუხარდება ჩემი პოვნა, როგორც მე – მისი.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3