კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რამდენ ხანს ძლებს ოქროს ტიგერჰენის თესლი და როდის „იძინებს“ პილეა


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ისაუბრებს ოქროს ტიგერჰენსა და პილეას მოვლის პირობების შესახებ. განსაკუთრებით კი გვირჩევს, როგორ გამოვაზამთროთ ეს ორი მცენარე. თუ ბინაში რომელიმე მათგანი გაქვთ, ან მისი შეძენა გსურთ, ყურადღებით წაიკითხეთ მისი ანოტაცია, რომ კარგად გაამრავლოთ და მოუაროთ.


– როგორ გავამრავლოთ ოქროს ტიგერჰენი და როგორი მცენარეა ის?

– ოქროს ტიგერჰენი კოლკვიციას ერთ-ერთი სახეობაა. ის გამოირჩევა ლამაზი ოქროსფერ-ყვითელი ყვავილებით. მისი გამრავლება ძირითადად ხდება თესლით, თუმცა, შეიძლება, ისე ამოიყაროს ბუჩქის ფორმამ, რომ კალმითაც გამრავლდეს. დათესვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გინდათ მისი ყვავილის მიღება. ჩვეულებრივ, დათესვიდან ყვავილობამდე, მცენარე ვითარდება შვიდი-რვა თვის განმავლობაში. ძირითადად ეს მცენარე ივლისსა და აგვისტოში ითესება. მისი თესლი ძალიან პატარაა. უნდა დათესოთ ყუთში. ზემოდან მოაყაროთ ნოყიერი და დანამული ნიადაგი, თავზე მიწა აღარ დასჭირდება.

– როგორ მივიღოთ ამ მცენარის თესლი?

– თესლის მისაღებად უნდა აირჩიოთ ერთი ჯანსაღი კომპაქტური მცენარე, რომელსაც ბევრი ბუტონი და ყვავილი აქვს. აუცილებელია მუდმივი სელექციური შერჩევა. ერთი მცენარიდან მიიღებთ 0,1-0,5 გრამ თესლს, რომელიც თავის ვარგისიანობას ინარჩუნებს ორი წლის განმავლობაში. ასე რომ, თუ თქვენს ახლობელს ან მეზობელს შემორჩენილი აქვს ოქროს ტიგერჰენის დიდი ხნის თესლი, შეგიძლიათ, პირდაპირ მის ჩარგვასა და მცენარის აღმოცენებაზე იზრუნოთ.

– როგორი უნდა იყოს ამ დროს მცენარის მიწა?

– სასურველია, თუ ფხვიერი და მსუბუქი იქნება. გამოიყენეთ: ორი წილი ფოთლოვანი მიწა და თითო წილი ტორფი, სილა და ნაკელი.

– რაც შეეხება ტემპერატურას...

– თუ ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება, თესლი გაღვივდება ათი-თორმეტი დღის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ყუთი უნდა დადგათ ნათელ ადგილას და მორწყათ თბილი წყლით. ორი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ უნდა მოხდეს მისი მეორედ გადარგვა. ეს დაახლოებით იქნება ხუთი-ექვსი კვირის შემდეგ.

– როგორ მოვუაროთ უკვე გადარგულ ოქროს ტიგერჰენს?

– მისი მოვლა ძირითადად მდგომარეობს რეგულარულ მორწყვასა და ადგილის განიავებაში. ტემპერატურას თანდათანობით უნდა დაუკლოთ და ჩამოიყვანოთ 10-12 გრადუსამდე. ზაფხულის პერიოდში ღია გრუნტშიც შეიძლება ჩარგათ.

– ზამთარში რა ინტესივობით მოვრწყათ ოქროს ტიგერჰენი?

– ამ სეზონზე მოსარწყავი წყლის ტემპერატურა 3-5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს, ანუ ჰაერის ტემპერატურის შესაბამისი. ზამთარში ძალიან ხშირად არ მორწყათ. წელიწადის ნათელ დღეებში შეუნარჩუნეთ ჰაერის მაღალი ტენიანობა, რადგან ფოთლები ამ დროს ბევრ წყალს აორთქლებს. ნიადაგშიც უნდა შეინარჩუნოთ ზომიერი სისველე მცენარის ვეგეტაციის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ, გახსოვდეთ, ზამთარი. ეს წელიწადის ის პერიოდია ბევრი მცენარისთვის და, მათ შორის, ოქროს ტიგერჰენისთვისაც, როდესაც დასვენება სჭირდება. ამიტომ, ეცადეთ, ზამთარში ნაკლები წყალი დაასხათ, მცენარე ნაკლებად შეაწუხოთ და სტაბილური ტემპერატურა შეუნარჩუნოთ.

– კიდევ რას გვირჩევთ, რომ გავითვალისწინოთ ამ მცენარის კარგად გასახარებლად?

– იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი ოქროს ტიგერჰენი, უნდა დაიცვათ მისთვის ყველა საჭირო პირობა: მორწყვა, სინათლე, სინოტივე და ტემპერატურა.

– როდის ყვავის მცენარე?

– ოქროს ტიგერჰენი ყვავის მარტის დასაწყისიდან მაისამდე და აგვისტოდან ნოემბრამდე. ეს დამოკიდებულია დათესვის დროზე. მისი ყვავილობის პერიოდი ოთხი კვირა გრძელდება. უხვი ყვავილობის მისაღებად ზრდის პერიოდში ძირითადი ამონაყარი მცირედზე უნდა გადაჭრათ, იმ პერიოდიდან როცა ოთხი ფოთოლი ამოუვა – ბუტონის განვითარებამდე. ყვავილობა ასეთ დროს ორი კვირით დააგვიანებს.

– რით ავადდება მცენარე და როგორ დავეხმაროთ მას ასეთ შემთხვევაში?

– ოქროს ტიგერჰენი ყვავილის მავნებლებით ავადდება. მათ საწინააღმდეგოდ გირჩევთ, გამოიყენოთ 0,1-პროცენტიანი აკტელიკომი, რომელიც აუცილებლად იქნება ქიმიური ხსნარების მაღაზიებში და მცენარეს მიასხურეთ. გახსოვდეთ, როგორც კი შეამჩნევთ მცენარეზე რომელიმე მავნებელს, მაშინვე გამოიყენეთ ეს ხსნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ყვავილი სწრაფად დაზიანდეს.

– პილეას როგორი სახეობები არსებობს და რით განსხვავდება მათი მოვლის პირობები ერთმანეთისგან?

– პილეა პატარა და ძალიან ლამაზი ფოთლოვანი მცენარეა. არსებობს მისი წვრილფოთლოვანი და ჭრელფოთლოვანი ფორმები. ყველა პილეას თითქმის ერთნაირი პირობები სჭირდება. თუ თქვენ პილეას რამდენიმე სახეობა გაქვთ, ერთად მოათავსეთ ბინაში და ულამაზეს ეფექტს მიიღებთ.

– ეს მცენარე თუ ყვავილობს?

– დიახ, ყვავილების უცნაურობის გამო მას ხშირად „არტილერისტსაც“ უწოდებენ. მისი ყვავილები ელვისებურად იშლება და მტვერს აფრქვევს.

– როგორ მოვუაროთ მცენარეს ამ ზამთარს, აიტანს თუ არა ის ბინაში დაბალ ტემპერატურას და როგორ გადავატანინოთ მას ცივი და სუსხიანი დღეები?

– საერთოდ, ეს მცენარე ზამთარში „იძინებს“. რაც შეეხება ტემპერატურას ბინაში, 11-14 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეცადეთ, ასეთი ტემპერატურა მაინც შეინარჩუნოთ, რომ პილეამ კარგად გამოიზამთროს. ამ სეზონზე მთავარია, ასევე, თუ როგორ მორწყავთ მას. მცენარეს ზედმეტი წყალი ვნებს, განსაკუთრებით კი ზამთარში. სიგრილეში პილეას მიწას შეშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ.

რას გვირჩევთ, სად დავდგათ პილეა?

– მისთვის შესაფერისი ადგილი ფანჯრის რაფაა. მცენარე თავს საუკეთესოდ გრძნობს ნახევრად ჩრდილში. გახსოვდეთ, რომ აქტიური ზრდის პერიოდში მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს, ზაფხულში კი ნიადაგს თხევადი სასუქით განოყიერება სჭირდება. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ: თუ ზაფხულში მცენარის მაღალ ტენიანობას ვერ უზრუნველყოფთ, მაშინ სიცხეს უნდა მოარიდოთ, რომ კარგად გაიხაროს. ზამთარში კი, როგორც უკვე გითხარით, მას ზედმეტი ტენიანობა არ სჭირდება.


скачать dle 11.3