კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, პატიმარ ბრალდებულებს რა სახის საინფორმაციო საშუალებებით შეუძლიათ ისარგებლონ ციხეში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, ბრალდებულს, ასევე მსჯავრდებულს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს და უნდა ჰქონდეს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება და უნდა ხდებოდეს რადიო და ტელეტრანსლაცია, ასევე, შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კონკრეტული გარემოებების არსებობისას ხდება ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება და როგორ განისაზღვრება პატიმრობის ვადა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. რაც შეეხება ვადას, ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს ანუ დაპატიმრებიდან 9 თვის განმავლობაში გამოტანილი უნდა იქნეს განაჩენი ან ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ხოლო ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს.
კითხვა: მაინტერესებს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, განაჩენის გამოტანის დროს, სასამართლო რა ვადაში აბარებს განაჩენის ასლს მხარეს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მის საფუძველზე განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში, მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის დამოწმებული ასლები.
კითხვა: ჩემი ახლობელი ბრალდებულად არის ცნობილი და შეფარდებული აქვს პატიმრობა. საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, პროკურორი გვთავაზობს, რომ მხოლოდ მაშინ გაუფორმებს საპროცესოს, თუ დაზარალებული იქნება თანახმა. მაინტერესებს, რამდენად გადამწყვეტია დაზარალებულის პოზიცია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პროკურორი საპროცესო შეთანხმების დადებისას, არ არის შეზღუდული დაზარალებულის პოზიციით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორი ვალდებულია, გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან, ასევე, შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება. დაზარალებულს უფლება არ აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა უფლებები გააჩნია ბრალდებულს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაიკმაყოფილონ ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვან პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. როგორც წესი ბრალდებული, ასევე, მსჯავრდებული, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვირაში ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობით, ასევე, საპარიკმახერო მომსახურებით (არანაკლებ, თვეში ერთხელ). ადმინისტრაციას ეკრძალება, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს წინასასამართლო სხდომა და განიხილება თუ არა საკითხები წინასასამართლო სხდომაზე?
პასუხი: წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში,  თუ ცნობს, რა მოცულობით ცნობს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; განიხილავს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ; განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით; განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს; წყვეტს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის საკითხს. წინასასამართლო სხდომაზე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად: ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს; ბ) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს; გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე, მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან; დ) ბრალდებულს, რომელიც პატიმარი არ არის, წერილობით განუმარტავს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს, ასევე, იღებს სხვა ზომებს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისთვის მოსამზადებლად.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში ხდება სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომიდან არსებითად განსახილველად გადაცემა?
პასუხი: წინასასამართლო სხდომიდან არსებითად განხილვისთვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა პროცედურებია გათვალისწინებული ნაფიც მსაჯულთა შერჩევისას და რა უფლებები აქვთ მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას უგზავნის შესაბამის სასამართლოს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას, არაუმეტეს 100 პირის შემადგენლობით. სასამართლო ვალდებულია, შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.

скачать dle 11.3