კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-8(582)

შჩუკინს კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რომ გულწრფელად მელაპარაკებოდა. გარდა ამისა, მის ყოველ სიტყვასა და მიმიკას გულდასმით ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი. ამიტომ, მცირე პაუზის შემდეგ ვკითხე:
– მე რა უნდა გავაკეთო?
– ტერორისტების შეჩერებაში უნდა დაგვეხმარო, – მტკიცედ მომიგო შჩუკინმა, – ისევე, როგორც ძველ კეთილ დროში.
– რამე კონკრეტული გეგმა გაქვთ, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს, მან კი ღიმილით მომიგო:
– ეგ, უკვე მომწონს, თორემ, ბატონი გენერალი რომ მიწოდე, ვიფიქრე, მისამართი ხომ არ შემეშალა-მეთქი, –  ვიქტორ იაკოვლევიჩმა პატარა პაუზა გააკეთა და უკვე სერიოზული სახით დაამატა, – არა, ჩემო კოკი, კონკრეტული გეგმა არ შეგვიმუშავებია, გარემოების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. გარემოებები კი, შეიძლება, დიდი მოულოდნელობებით იყოს სავსე და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, არსებობს კი საერთოდ ის სეიფი? მას შემდეგ, რაც ქვეყანა აირია, იქნებ იქ უკვე იყვნენ ვიღაცეები და სეიფი დააცარიელეს?
– არა, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა – ამ ცოტა ხნის წინ იქ სავინი ყოფილა და შეუმოწმებია. სხვები კი იქ ვერ შევიდოდნენ, რადგან შესასვლელი ძალიან ეშმაკურადაა შენიღბული და, თუ არ იცი, ვერ მიაგნებ.
– ბუნკერში მარტო შენობიდანაა შესასვლელი?
– არა, მეორე შესასვლელიც აქვს სასაფლაოების მხრიდან.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, უმარტივეს გამოსავალს გთავაზობთ: მოდი, ბუნკერში შევიდეთ და სეიფი ავტოგენით გავხსნათ. მე ერთი მძლავრი მოწყობილობა მაქვს, რომელიც ნებისმიერ ფოლადს სჭრის.
– არა, ჩემო კოკი, ავტოგენს ძლიერი სიმხურვალე მოჰყვება და, ძალიან მაღალმა ტემპერატურამ რომ ჩემოდანი აამოქმედოს, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება? ამიტომ, ასე ვერ გავრისკავთ, სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.
მე და შჩუკინი მტკვრის მარცხენა სანაპიროს მივუყვებოდით და  მეტეხის პლატოსკენ ავიღეთ გეზი.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ალბათ ვინაობაშეცვლილი ჩამოხვედით აქ.
– ჰო, საბუთებით მე ანატოლი პეტროვიჩ გორინი ვარ, კიევის მკვიდრი, ეთნოგრაფი, ამჟამად პენსიონერი და საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში ტურისტული მიზნით ჩამოვედი.
– თვალთვალი ხომ არ შეგინიშნავთ?
– არა.
– ცდებით. გვითვალთვალებენ და, მე მგონი, ჩვენი მისია უფრო გართულდება, – ვუთხარი შჩუკინს და ცრემლიანი დაღმართის მოაჯირთან მდგარ მამაკაცს გავხედე, რომელიც დურბინდით გვიმზერდა.
– მოთვალთვალეს დურბინდი ხომ არ აქვს? – მკითხა შჩუკინმა.
– დიახ.
– წითელი მაისური აცვია?
– დიახ.
– ეგ პაროლია. როგორც ჩანს, მუხინი ჩამოვიდა, – მითხრა შჩუკინმა, დურბინდიანს ხელი დაუქნია და ჩვენკენ მოიხმო.
დურბინდიანმაც დაგვიქნია ხელი, ათი წუთის შემდეგ კი, მუხინი უკვე ჩვენთან იყო და გვიღიმოდა.
– ანდრიუშა, „კუდი“ ხომ არ შეგინიშნავს? – ჰკითხა შჩუკინმა მუხინს.
– არა, ყველაფერი რიგზეა, – მიუგო მუხინმა შჩუკინს. შემდეგ გადამეხვია და მკითხა:
– როგორ ხარ, კოკი?
– არა მიშავს, – მივუგე ანდრეი ლუკიჩს. მან კი თავში ხელი შემოირტყა და მწუხარე სახით მითხრა:
– მაპატიე, კოკი, სულ გამოვშტერდი! ვიზიარებ შენს მწუხარებას მერის გარდაცვალების გამო და თანაგიგრძნობ. ძალიან ვწუხვარ...
– გმადლობთ, ანდრეი ლუკიჩ, – ვთქვი მე.
მცირე პაუზის შემდეგ შჩუკინმა მუხინს ჰკითხა:
– ჩამოაცილე ბომბისტები?
– დიახ, და იცით, სად დაბინავდნენ?
– სად?
– სასტუმრო „ძველ თბილისში“, სწორედ თქვენი ნომრის ქვეშ.
– საოცარი დამთხვევაა, – თქვა შჩუკინმა, – კარგია, რომ ჩვენ სიახლოვეს არიან, მაგრამ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავიშიფროთ. მართალია, მე და ანდრიუშას საკმაოდ კარგად გვაქვს გარეგნობა შეცვლილი, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თვალებში არ უნდა შევეჩეხოთ.
– ამხანაგო გენერლებო! ლოსევი და კოტოვი მარტო დატოვეთ, უყურადღებოდ? – ვთქვი მე.
– რას ამბობ, კოკი, – გაეცინა მუხინს, – მათთან ლენოჩკაა და იმ ნაძირლებს წამითაც არ აცილებს თვალს.
– ეგ ვინაა?
– ანდრიუშას შვილიშვილი, – მითხრა შჩუკინმა, – გენერალმა მუხინმა მთელი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება თავისი 20 წლის შვილიშვილისთვის გადაწყვიტა და თბილისში „პრაქტიკუმზე“ წამოიყვანა.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს, – ოცი წლის გოგონას ასეთ სარისკო საქმეებში ჩართვა საშიში არ არის?
– რას იზამ, რესურსები შეზღუდული გვაქვს – მითხრა შჩუკინმა, მუხინმა კი დაამატა:
– ჩემი ლენოჩკა ძალიან მოხერხებული და საზრიანი გოგონაა, არ დაგვაღალატებს და ამაში თავად დარწმუნდებით.
ამ დროს მუხინის მობილურმა დარეკა და ანდრეი ლუკიჩმა რომ ლაპარაკი დაასრულა, გვითხრა:
– ჩემი ლენოჩკაა. პაროლით მელაპარაკა და მითხრა, რომ ბომბისტებს აზის „კუდზე“ და ყურადღებით უსმენს მათ.
– კი მაგრამ, როგორ უსმენს? – ვკითხე მუხინს.
– უახლესი მოწყობილობებით: სენსორებიან, უთხელეს „ლიპუჩკებს“ ტანსაცმელზე აკრავ ობიექტს, შემდეგ კი მობილურში შეერთებულ საყურეებს იკეთებ და ვითომ მუსიკას უსმენ, სინამდვილეში კი ჯაშუშური მოსმენით ხარ დაკავებული. მაგარია, ხომ?! – მითხრა მუხინმა და დაამატა: – ყველაზე მაგარი ისაა, რომ, როცა გინდა, სპეციალურ სიგნალს გავუშვებ, „ლიპუჩკა“ მომენტალურად დადნება და მოსასმენი მოწყობილობის კვალი შარშანდელი თოვლივით ქრება.
– ამერიკული ტექნოლოგიებია? – ვკითხე მუხინს.
– რატომ ამერიკული? მშობლიური, რუსული. ჩემი ლენოჩკა ბაუმანის სახელობის ინსტიტუტში სწავლობს, რადიოფიზიკოსია და ასეთ „ფინტიკლუშკებზე“ მუშაობს, რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერითა და დახმარებით და, დიდი წარმატებითაც ართმევს თავს ამ ყველაფერს.
მუხინს ესემესი მოუვიდა. მან ტელეფონს დახედა, ერთხანს ყურადღებით აკვირდებოდა, შემდეგ შჩუკინს უჩვენა და ჰკითხა:
– ვიტია,  ამ მობერებულ და შეცვლილ როჟებს თუ იცნობ?
შჩუკინი ყურადღებით დააკვირდა „აიფონის“ ეკრანს და თქვა:
– თუ არ ვცდები და, მგონია რომ, არ ვცდები, ეს სუბიექტები ჰასან ალ-ზორია და მუჰამედ კორდუში არიან.
– კი, ეგენი არიან, – დაადასტურა მუხინმა, – ჩემმა ლენოჩკამ პაროლით მომწერა, რომ ჩვენი ბომბისტები მათ შარდენის ქუჩაზე, ღია კაფეში ხვდებიან და, სავარაუდოდ, ატომური ჩემოდნის შესახებ ელაპარაკებიან.
– ჰო, აი, ეს კი უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა და, თუკი მათ „მოსადი“, „ცეერუ“ ან სხვა მსგავსი უწყება არ აზით კუდზე, ჩვენი მისია უკიდურესად რთულდება, – თქვა შჩუკინმა.
– მთელი ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების სრული მობილიზაცია გვმართებს. ეს უსერიოზულესი ტერორისტები მარტო არ ჩამოვიდოდნენ თბილისში. ესეც შენი ნაქები ამერიკული ან ისრაელური დაზვერვა! რომ ჰკითხო, გამალებული ეძებენ ტერორისტებს მთელ მსოფლიოში, ისინი კი შარდენის ქუჩაზე, ღია კაფეში სხედან და ატომურ იარაღს ყიდულობენ, –  თქვა მუხინმა.
– რა იცი, იქნებ, კიდეც ვინმე აზის კუდზე? – თქვა შჩუკინმა, რაზეც მუხინმა მიუგო:
– მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. ამაში დარწმუნებული ვარ.
ჰასან ალ-ზორია და მუჰამედ კორდუში მსოფლიოს მასშტაბით, ეგრეთ წოდებული ცირკულარით იძებნებოდნენ. ისინი საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ გაწვრთნილები და ამ ცოდნა-გამოცდილებას ისრაელის წინააღმდეგ იყენებდნენ; მოგვიანებით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ ავღანეთში და მათ ამერიკა აიარაღებდა და აფინანსებდა, ბოლოს კი ბინ ლადენს მიემხრნენ, მის ორგანიზაციაში უაქტიურეს როლს ასრულებდნენ და რამდენიმე სისხლიან ტერორისტულ აქტში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. ყოველივე ამის გამო, ორივე ტერორისტი უკიდურესად  საშიში იყო და მათთან და მათ კოლეგებთან გამკლავება უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა.
– კოკი, ხომ ხარ ფორმაში? – მკითხა შჩუკინმა და ჩემს პასუხს არ დაელოდა, – შენ ახლა ისეთი მობილიზებული, შემართული და მიზანსწრაფული უნდა იყო, როგორც არასდროს. ჩვენ, მოხუცებიც ყველაფერს ვიღონებთ, მაგრამ, ძირითადი სამუშაოს შესრულება, ჩემი ვარაუდით, შენ მოგიწევს.
– რას იზამ, ჩემი პროფესია ეს არის, გავიხსენოთ წარსული და დროებით საბჭოთა კავშირში დავბრუნდეთ, – ვთქვი მე.
– ზუსტად ათიანში გაარტყი, – მითხრა შჩუკინმა, – შემსრულებლები, სამიზნე, მოქმედების არეალი – ყველაფერი, გარდა ლენოჩკასი, საბჭოურია და, მართლაც რომ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით.
„ჰმ, მოქმედების არეალი როგორაა საბჭოური, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში ვართ? არა, რა! რუსი – რუსია, განსაკუთრებული ტიპაჟი. სადაც ერთხელ მაინც დადგამს ფეხს, ის ადგილი თავისად მიაჩნია. რა თქმა უნდა, შჩუკინი და მუხინი კარგი ხალხია და მათ ბოლომდე ვენდობი, მაგრამ, დიდმპყრობელური სული მათშიც გვარიანად ცოცხლობს“, – გავიფიქრე გუნებაში, შჩუკინს კი ვუთხარი:
– სულ რაღაც ორიოდე საათით დაგტოვებთ, იმედია, ჩემ მოსვლამდე, განსაკუთრებული არაფერი მოხდება.
–  ალბათ, უნდა მოემზადო, ხომ? – მკითხა მუხინმა.
– დიახ. საჭირო რეკვიზიტებსა და აღჭურვილობას ავიღებ და შემოგიერთდებით. წავედი. დროებით! – მივუგე გენერლებს, შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი, შინისკენ გავემართე და ჩემს შვილებსა და ჩემს დობილ ნატას ვუთხარი, რომ სამიოდე დღე სახლში არ მივიდოდი.
– ალბათ, განმარტოება გინდა, ჩემო კოკი, – მითხრა ნატამ, – მესმის შენი. წადი და იგლოვე შენი მერიკო, ჩვენ კი შენს დაბრუნებას დაველოდებით.
ჩემებს ეგონათ, რომ ჩვენს ახლად აშენებულ ბინაში მივდიოდი, სადაც მერისთან ერთად ცხოვრება არ მეღირსა. მე კი კონსპირაციულ ბინაში წავედი და სპეციალური სამოსი ჩავიცვი, რომელიც გარეგნულად ჩვეულებრივ ტანსაცმელს ჰგავდა, სინამდვილეში კი განსაკუთრებული ტევადობითა და გამძლეობით გამოირჩეოდა. შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა საჭირო აღჭურვილობა ავიღე და გენერლებს პირდაპირ სასტუმროს ნომერში ვეახლე.
ლენოჩკას მახვილგონივრული მოწყობილობის მეშვეობით, სასტუმროს ნომერი გულდასმით იქნა გამოკვლეული, იქ მოსასმენი აღჭურვილობა არ აღმოჩნდა, ამიტომ თავისუფალი საუბრის საშუალება გვქონდა და, რომ მივედი, მუხინმა თავისი უმშვენიერესი შვილიშვილი გამაცნო და მითხრა:
– გაიცანი, ეს ჩემი ლენოჩკაა.
– კოკი, – ვთქვი და ლენოჩკას ხელზე ვეამბორე, მან კი გამიღიმა, რევერანსი გააკეთა და მომიგო:
– ელენა.
– თქვენ მართლაც რომ ელენასავით მშვენიერი ხართ, – ვუთხარი გოგონას.
ლენოჩკას აშკარად ესიამოვნა ჩემი სიტყვები და მადლობა გადამიხადა, შემდეგ კი თქვა:
– ახლა კი, ბიძია და ბაბუებო, ჩემი ანგარიში მოისმინეთ: ბომბისტებმა, როგორც ლოსევსა და კოტოვს უწოდა გენერალმა მუხინმა, იმ ორ მამაკაცს ხვალ, დღის ორ საათზე, მეტეხის პლატოზე დაუნიშნეს შეხვედრა. მართალია, ისინი აშკარად პაროლებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იმ შეხვედრაზე ფულისა და ბომბის გაცვლის დროსა და ადგილზე უნდა შეთანხმდნენ.
– სულ ეს იყო თქვენი დღევანდელი მონაგარი, პატივცემულო ელენა? – ჰკითხა მუხინმა შვილიშვილს. მან კი მიუგო:
– არა, ბატონო თადარიგის გენერალო. მე, იმ ორ სუბიექტს გავყევი და მათი საცხოვრებელი მისამართი დავადგინე. შემდეგ ყურადღებით შევისწავლე ის კვადრატი და აღმოვაჩინე, რომ მათ მიერ დაქირავებული სახლის სიახლოვეს აი, ამ ქვეყნის საელჩო მდებარეობს, რაც საგულისხმო დასკვნების გაკეთებისკენ მიბიძგებს.
– მაინც, რა საგულისხმო დასკვნები გააკეთე, ლენოჩკა?
– თუ ლოგიკა არ მღალატობს, ტერორისტებს სწორედ ამ საელჩოს მფლობელი ქვეყანა მფარველობს. ფულის დიდ რაოდენობასაც, სავარაუდოდ, ისინი შემოიტანდნენ დიპლომატიური ბარგით, რომელიც არ იჩხრიკება და ალბათ, ბომბის გატანასაც იმავე გზით შეეცდებიან. თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ნაქირავებ სახლსა და საელჩოს შორის საიდუმლო გვირაბია გათხრილი და მასში გაცხოველებული მოძრაობებია, – თქვა ლენოჩკამ და მშვიდად გადმოგვხედა.
– ფულის შემოტანა შეიძლება დიპლომატიური ბარგით, მაგრამ, ატომურ ბომბს როგორ გაიტანენ? როგორც ვიცი, ნებისმიერი ბარგი, მათ შორის დიპლომატიურიც, სპეციალურ, რადიაციულ „საცერში“ ტარდება და ელექტრომოწყობილობა ბომბს აღმოაჩენს, – ვთქვი მე.
– სამწუხაროდ, ჩვენს ჩემოდანს ვერ აღმოაჩენს. ეს ფაქტორი თავიდანვე გაითვალისწინეს და ის ისეთი ნივთიერებებისგან დაამზადეს, რომ ნებისმიერ მოწყობილობას ატყუებს, – განმიმარტა შჩუკინმა და დაამატა: – მაგრამ, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, ასე რომ მოხდეს, ყველაფერი მანამდე უნდა დასრულდეს.
– ეგ კი, ბიძია და ბაბუებო, თქვენს ვაჟკაცობასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ბაბუაჩემმა არც იარაღს გამაკარა და არც ხელჩართული ბრძოლის, ცხვირ-პირის მტვრევის ხელოვნებას მაზიარა, მხოლოდ ტექნიკური მხარით შემოიფარგლება ჩემი ფუნქციები, – თქვა ლენამ და მუხინს საყვედურით შეხედა.
– აბა, რა შენისთანა გოგონას საქმეა კაცის კვლა და ჩხუბი, ლენოჩკა? – უთხრა მუხინმა შვილიშვილს, – და საერთოდ, გთხოვ, რომ ამაზე ლაპარაკს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.
– რატომ, ვისზე ნაკლები ვარ?
– იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
– ასეთი პასუხი არ მაკმაყოფილებს. ასე ისინი პასუხობენ, ვისაც არგუმენტები არ აქვს, – თქვა განაწყენებულმა ლენოჩკამ და ბაბუა, გამოაჯავრა: – „იმიტომ, რომ ასეა საჭირო“...
– სწორედაც რომ ასეა საჭირო, – გაიმეორა მუხინმა, – გაიგე, სულელო, რომ, შეიძლება, მოგკლან, ან – შენ მოკლა. ახლა გესმის?
– არა, არ მესმის, – თქვა ლენაჩკამ და რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ, მათ ჩხუბში შჩუკინი ჩაერია და თქვა:
– ახლა ნამდვილად არ არის ხჩუბის დრო. მოდი, დავსხდეთ, ყველაფერი გულდასმით გავაანალიზოთ და მოქმედების ისეთი გეგმა შევიმუშაოთ, რომ, თუ ბოროტმოქმედებს ვერ მოვიხელთებთ, ბირთვული ჩემოდანი მაინც არ წაგვივიდეს ხელიდან.
შჩუკინის სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა მუხინებზე და კამათი შეწყვიტეს. შემდეგ კი ოთხივე დავსხედით და მოვლენების განვითარების ყველა მოსალოდნელი ვარიანტი განვიხილეთ. ბოლოს მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ, როლები გავინაწილეთ და ადგილები დავიკავეთ: ლენოჩკას კვლავ მოსმენა, თვალთვალი და ინფორმაციის დროული მოწოდება ევალებოდა; ბაბუამისს, გენერალ ანდრეი მუხინს, შვილიშვილი უნდა დაეზღვია და, საჭიროების შემთხვევაში, მის დასაცავად აქტიური ჩარევის ხერხები უნდა გამოეყენებინა; მე ცენტრალური, დამრტყმელი ძალის ფუნქცია დამეკისრა და ყველა და ყველაფერი უნდა გამენადგურებინა, ვინც ბირთვული ჩემოდნის ხელში ჩაგდებას მოინდომებდა; შჩუკინს ჩემი მეწყვილის ფუნქციები უნდა ეკისრა და ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო შემთხვევაში აქტიურად დამხმარებოდა. შემუშავებული გვქონდა ერთი სათადარიგო ვარიანტიც, რომელიც უკიდურეს მომენტში უნდა აგვემოქმედებინა, თუკი საკუთარი ძალებით ვერ მოვახერხებდით ბომბის ხელში ჩაგდებას – ასეთ შემთხვევაში, საქართველოს უშიშროების სამსახურში ვგზავნიდით სასწრაფო შეტყობინებას, რომელშიც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია იქნებოდა და ამგვარად შევეცდებოდით ატომური ბომბის ტერორისტებისთვის მიყიდვის ხელის შეშლას. მაგრამ, ეს იყო უკიდურესი შემთხვევა და, იმედი გვქონდა, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა.
ანტიტერორისტული ოპერაციის პირველ ღამეს სასტუმროს ნომერში ვიმყოფებოდით. ლენოჩკა საწოლზე იყო წამოწოლილი, ყურსასმენი ეკეთა და ბომბისტებს უსმენდა, რომლებსაც, გოგონას თქმით, ეძინათ. უცებ, ლენოჩკა ზეზე წამოიჭრა, შუბლზე ხელი შემოირტყა და წამოიძახა:
– მოგვატყუეს! ბომბისტები სასტუმროს ნომერში არ იმყოფებიან! სავარაუდოდ, ათი-თხუთმეტი წუთის წინ დატოვეს იქაურობა.
– ხომ არაფერი გეშლება, შვილო, ასე რატომ ფიქრობ? – ჰკითხა გენერალმა მუხინმა შვილიშვილს.
– არ მეშლება, ჩემმა ხელსაწყომ ბომბისტების ნომერში ადამიანის არარსებობა დაადასტურა. ჩემი სენსორული სისტემა ისეა აწყობილი, რომ ადამიანის ბიორიტმების ყველაზე მცირე იმპულსსაც იჭერს და მოსასმენი „ლიპუჩკა“ ადამიანის გარდა სხვა, ნებისმიერ არსებას რომ მიაწებო, ყველაფერს უტყუარად აჩვენებს. დაღლილობისგან ჩამთვლიმა და ამის გამო გამომეპარა მათი სასტუმროდან გასვლის მომენტი. როგორც ჩანს, ისინი სხვა სამოსით გავიდნენ გარეთ... რა სულელი ვარ, ეს როგორ დამემართა?! – გოგონამ სიმწრისგან ტუჩების კვნეტა დაიწყო.
– არა უშავს, ვერსად წაგვივლენ, – თქვა შჩუკინმა, – არა მგონია, რომ მათ თვალთვალი შეამჩნიეს და გაგვეპარნენ.
 – აბა, ასე გვიან სად უნდა წასულიყვნენ? – იკითხა მუხინმა.
– ატომურ ბუნკერში, – მივუგე მუხინს, – როგორც ეტყობა, მათ დაგეგმილი აქვთ ჩემოდანი ამაღამ აიღონ და სასტუმროს ნომერში შეინახონ, ხვალ კი გაცვლის ოპერაციას განახორციელებენ, ფულს აიღებენ და გაუჩინარდებიან.
– მეც მასე ვფიქრობ, – თქვა შჩუკინმა და დაამატა: – მოკლედ, ასე უნდა მოვიქცეთ, მე და კოკი ბუნკერში წავალთ, ბაბუა და შვილიშვილი კი აქ დარჩებით და, თუ ბომბისტები გამოჩნდებიან, გვაცნობებთ.
მე და შჩუკინი ლენოჩკას მიკრორაციებით აღვიჭურვეთ, რომ უწყვეტი კავშირი გვქონოდა მუხინებთან. შემდეგ იარაღი სრულ მზადყოფნაში მოვიყვანეთ და სასტუმროს ნომერი დავტოვეთ.
შავი ფერის „ოპელს“ მე ვმართავდი, შჩუკინი კი გვერდით მეჯდა. ჩვენ საბურთალოს სასაფლაოზე ავედით, მანქანა შესასვლელის შორიახლოს გავაჩერეთ და ფეხით ავუყევით სასაფლაოებს, თან ვფრთხილობდით, რომ ბომბისტებს არ შევფეთებოდით.
– ნეტავ, რომელი შესასვლელით ისარგებლებენ? – იმეორებდა შჩუკინი, თან ნელა მიიკვლევდა გზას საფლავებს შორის.
– ვითომ, აქ წამოვიდნენ? – დავეჭვდი მე.
– ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.
– თქვენ ხომ თქვით, რომ ერთი შესასვლელი შენობიდანაა. იქიდან როგორ შევიდოდნენ, იქ ხომ ახლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაა, დაცვა დგას?!
– რა იცი? პროფესიონალები არიან და რამეს მოიფიქრებდნენ, – მითხრა შჩუკინმა, შემდეგ ერთ-ერთ საფლავთან შეჩერდა, რომელიც ფოლადის  უზარმაზარ გალიაში იყო ჩასმული და თქვა: – აი, ეს არის გარე შესასვლელი.
ფოლადის გალიის კარი საიმედოდ იყო ბოქლომით ჩაკეტილი და, რომ შევამოწმეთ, დავრწმუნდით, ხელი, არ ჰქონდა ნახლები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ შესასვლელით არავის ესარგებლა.
– აქაურობა სუფთაა და, თუკი ბომბისტები ბუნკერში შევიდნენ, სავარაუდოდ, იქ შენობიდან შეაღწიეს, – თქვა შჩუკინმა, შემდეგ ბოქლომი „ატმიჩკით“ გახსნა, გალიაში შევედით და მითხრა, – ახლა კი საფლავში ჩავძვრეთ.
ცრუ საფლავი ვინმე უშანგი კარლოს ძე ხვინგიაძეს ეკუთვნოდა, შჩუკინმა საფლავის ქვის ქვეშ ხელი შეყო და რაღაც გადასწია, ქვა მაშინვე გვერდზე გაიწია და კიბეები გამოჩნდა.
– აბა, ჩემო კოკი, წავედით! გული მიგრძნობს, რომ ბომბისტები უკვე იქ არიან და უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ვიცით და ჩვენმა ვაჟკაცობამ!
მე და შჩუკინი ფრთხილად ჩავედით საფლავში, ხუფი უხმაუროდ ჩავკეტეთ და ნესტიან გვირაბს გავუყევით. ორასიოდე მეტრი რომ გავიარეთ, რკინის ორმაგი, დაჯავშნილი კარი გამოჩნდა და ვიქტორ იაკოვლევიჩმა ჩურჩულით მითხრა:
– ჩვენი საიდუმლო, ატომური თავგადასავალი ზესახიფათო ფაზაში შედის. ამ კარს მიღმა, შესაძლოა, დიდი ამბები დატრიალდეს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
– მე ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვარ. აქამდე ჯერ ბედს არ უმუხთლია და, იმედია, არც ამჯერად მიმუხთლებს, – მივუგე შჩუკინს და პისტოლეტი მოვიმარჯვე.
– იმედია, – თქვა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, მანაც მოიმარჯვა პისტოლეტი. შემდეგ მძიმე კარს მიაწვა, რომელიც უხმაუროდ გაიღო და ჩვენ სეიფიან ბუნკერში შევედით, რომელშიც ატომური ჩემოდანი ინახებოდა.
ატომური ბუნკერი ასი კვადრატული მეტრის ორი ოთახისგან შედგებოდა. სეიფი დიდი ოთახის ბეტონის კედელში იყო ჩამონტაჟებული, პატარაში კი რკინისგან დამზადებული კედლის თაროები, მაგიდა და სკამები იყო განლაგებული. თაროებზე ანტირადიაციული სამოსი და აირწინაღები ინახებოდა, ხოლო მაგიდის უჯრებში – რადიაციის გამზომი, დოზიმეტრული ხელსაწყოები ელაგა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ მიწისქვეშა ბუნკერში ნესტის ნატამალიც არ იგრძნობოდა, არც  ციოდა, არც ცხელოდა და სტაბილური ტემპერატურა იდგა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იქ ტემპერატურის რეგულატორი მოქმედებდა. ამან საკმაოდ გამაკვირვა და შჩუკინს ვუთხარი:
– ეს ბუნკერი ოფიციალურად არ ფუნქციონირებს და რამდენიმე ათეული წელია, არავინ უვლის, აქ კი ყველაფერი მუშა მდგომარეობაშია.
– ეს, არცაა გასაკვირი, კოკი. ამ ბუნკერს ავტონომიური მომსახურება აქვს, რომელიც ნახევარ საუკუნეზეა გათვლილი და ასეთი ატმოსფერო აქ კიდევ კარგა ხანს იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე უხეშად არ ჩაერია, – მომიგო შჩუკინმა, – აშკარაა, რომ ბომბისტები აქ ჯერ არ ყოფილან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მალე მოვლენ და უნდა დაველოდოთ.
მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი პატარა ოთახში ჩავსაფრდით და ბიძა-ძმისშვილის დასახვედრად მოვემზადეთ. მართლაც ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ლოსევი და კოტოვი გამოჩნდნენ. ისინი დიდი ოთახის კედლიდან შემოვიდნენ, რომელიც უხმაუროდ გაიღო და ასევე დაიკეტა.
– ოთხივე ტრუპი თითქმის საიმედოდ გადავმალეთ, მაგრამ თუ ისინი შემთხვევით მაინც აღმოაჩინეს, ჩვენი ამოცანა გართულდება, – უთხრა კოტოვმა ბიძამისს, მან კი ძმისშვილს დამცინავად მიუგო:
– შენ გადამეტებული წარმოდგენა გქონია ქართველ სამხედროებზე. კიდეც რომ აღმოაჩინონ ჩვენ მიერ დახოცილები, რას მიხვდებიან, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს?
– კინოლოგები რომ გამოიძახონ, ძაღლი კვალს აიღებს და მოგვედავებიან:
– ჩვენ კი არა, კედელს მიადგებიან და ისევე წავლენ, როგორც მოვლენ. კედელს ვერ გააღებენ და, დარწმუნებული ვარ, ვერც კი გაიაზრებენ, რომ აქ ბუნკერია. და, საერთოდაც, ლაყბობას მოეშვი, ჩემოდანი გამოვიღოთ და მოვუსვათ.
– მოვუსვათ, მაგრამ მეორე გზა თუ არ იცი, აქედან როგორ გავალთ.
– ღმერთო ჩემო, რა ბრიყვი ხარ, რა გეშველება! ეს იქიდან შემოსასვლელი არ ვიცი. უფრო სწორად, ის არ ვიცი, ვისი საფლავიდან უნდა ჩამოვიდე გვირაბში. აქედან კი, – ლოსევმა ჩვენი ოთახისკენ გამოიშვირა ხელი, – აი, იმ  კარიდან გავალთ და გვირაბი გასასვლელთან მიგვიყვანს. მოკლედ, მოვრჩეთ ბაზარს, სეიფს გავხსნი და აქედან დროზე დავაწვეთ.
ლოსევმა სეიფის გახსნა რომ დაიწყო, შჩუკინმა მიჩურჩულა:
– ყველაფერი კარგად მიდის. როგორც კი ჩემოდანს გამოიღებენ და ჩვენკენ წამოვლენ, ორივეს ჯერ ფეხებში ვესროლოთ, შემდეგ ხელებში და ჩემოდანი უპრობლემოდ ავიღოთ.
– კარგი, – მივუგე შჩუკინს და მეორე ოთახს მივაპყარი მზერა.
ლოსევმა ჩემოდანი გამოიღო, იატაკზე დადო, რომ ძმისშვილისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ პისტოლეტმომარჯვებულ კოტოვს წააწყდა, რომელსაც იარაღი მისთვის ჰქონდა მიშვერილი.
– ხუმრობ, ძმისშვილო?
– სულაც არა, ბიძაჩემო.
– აბა, ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
– იმას, რომ ამ ჩემოდანს მხოლოდ მე გავყიდი და ორმოცდაათი მილიონ დოლარსაც ჯიბეში ჩავიდებ.
–  რა სისულელეს როშავ? ფულს შენ უჩემოდ არავინ მოგცემს. ხუმრობას მოეშვი და ჩქარა, აქედან გავიდეთ.
– მე არ ვხუმრობ. არ გაინძრე, თორემ, მოგკლავ!
– გაგიჟდი? ოცდახუთი მილიონი დოლარი არ გეყოფა?
– ორმოცდაათი უკეთესია, – თქვა კოტოვმა. შემდეგ ბიძამისს შუბლი გაუხვრიტა, ჩემოდანს ხელი დაავლო და მეორე ოთახისკენ წამოვიდა, პისტოლეტი კი შეინახა.
– ამ ნაბიჭვარს მე ავიყვან! – ვუჩურჩულე შჩუკინს და კოტოვი ფოლადის კარადას რომ  გამოსცდა, კეფაში პისტოლეტის ტარი ჩავარტყი და იატაკზე დავაგდე. შჩუკინმა ატომური ჩემოდანი აიღო და განზე გადგა. მე კი გათიშული კოტოვი სრულიად განვაიარაღე, შემდეგ ხელბორკილით ფოლადის ძელზე მივაბი, გამოვაფხიზლე და ვუთხარი:
– რა ღორი ყოფილხარ, ამდენი ფული რა თავში სახლელად გინდა?
კოტოვმა აქეთ შემომიტია:
– სიცოცხლე მოგბეზრდა? იცი, ვინ ვარ?
– რიგითი ნაძირალა ნაბიჭვარი, რომელმაც თავისნაირივე ნაძირალა ნაბიჭვარი მოკლა, – მიუგო კოტოვს შჩუკინმა.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენ აქ როგორ მოხვდით? – გაოცდა კოტოვი.
– რა, არ გეპიტნავა?
– ამხანაგო გენერალო, ჩემოდანი დამიბრუნეთ, ამხსენით და, პირობას გაძლევთ, სულ რაღაც სამიოდე საათში ოცდახუთი მილიონი დოლარი გედებათ ჯიბეში.
– პისტოლეტიც ხომ არ დაგიბრუნოთ, ჩვენი იარაღებიც ხომ არ ჩაგაბაროთ და თავებიც ხომ არ დაგახოცვინოთ? – ვუთხარი კოტოვს, შჩუკინმა კი დაამატა:
– კოტოვ, სად და როდის უნდა შეხვდეთ ტერორისტებს?
– ტელეფონზე უნდა დამერეკა და დრო და ადგილი მე უნდა დამენიშნა.
– იმ ორის გარდა, სხვებიც აქ არიან?
– ჩვენ, მხოლოდ ორთან გვაქვს კონტაქტი, თუმცა, ბიძაჩემი დარწმუნებულია, რომ ისინი აქ გაცილებით მეტნი არიან და მათ ამ ქვეყნის (კოტოვმა ერთ-ერთი ქვეყანა ახსენა) საელჩო მფარველობს და მალავს.
– დარწმუნებული იყო. ბიძაშენი ხომ მკვდარია, – გავუსწორე კოტოვს და ვკითხე: – ჩემოდანს ფულზე ეგრევე ცვლიან?
– დიახ, დიახ. ეგრევე, – იმედი მიეცა კოტოვს, – მე არც ისეთი ნაძირალა ვარ, როგორც თქვენ გგონიათ. ბიძაჩემი იმიტომ მოვკალი, რომ ნაძირალა იყო და, რომ არ დამესწრო, თვითონ მომკლავდა.
– ორივე ერთ თარგზე ხართ მოჭრილი, – ვუთხარი კოტოვს და შჩუკინს ვკითხე:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. ჩემოდანი ჩვენს ხელთაა და, მგონი, დროა, ბიძამისს მივუწვინოთ გვერდით, თორემ, ნანახი ვყავართ და ჩაგვაგირავებს.
– მიდი, – მოკლედ მომიგო შჩუკინმა და მიუხედავად იმისა, რომ კოტოვი ისტერიკულად აკივლდა და გვარწმუნებდა, არ გაგყიდითო, ჩემ მიერ ნასროლმა ტყვიამ მას შუბლი გაუხვრიტა...
– ახლა რა ვქნათ? – ვკითხე შჩუკინს და წელში გამაცია, რადგან მას პისტოლეტი ჰქონდა ჩემთვის მოშვერილი, ხოლო მე კი იარაღი შენახული მქონდა და თადარიგის გენერალს სროლას ვერ დავასწრებდი.
– გაგიკვირდა? – მკითხა შჩუკინმა.
– არ მჯერა, რომ თქვენ ჩემს მოკვლას აპირებთ... ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი მგონია, – გულწრფელად მივუგე შჩუკინს. მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის მე ფულის გამო სიცოცხლეს გამომასალმებდა.
– და, მაინც, ეს რეალობაა. ხომ გაგიგონია, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო. ორმოცდაათი მილიონი დოლარი იმდენი ფულია, რომელიც ყველა სურვილს შემისრულებს, მე კი ძალიან ბევრი სურვილი მაქვს.
– მუხინებიც წილში არიან?
– არა.
– ესე იგი, თქვენ მათი მოკვლაც მოგიწევთ?
– შეიძლება, მომიწიოს.
– ასეთ რამეს თქვენგან არანაირად არ მოველოდი, საკუთარი თავივით გენდობოდით. თქვენ კი სულ სხვანაირი ყოფილხართ.
– გეხუმრე, კოკი. ჩვენს სახიფათო თამაშში მოულოდნელობის ელემენტი შემოვიტანე, თან, კიდევ ერთხელ შეგამოწმე და დავრწმუნდი, რომ კარგი კაცი ხარ, – მითხრა შჩუკინმა და პისტოლეტი შეინახა. შემდეგ შეტრიალდა და ბირთვული ჩემოდნით ხელში გვირაბს გაუყვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3