კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კიკილაშვილი
მეტსახელი კიკილა გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ის გვხვდება. ქართლში, კახეთში, რაჭასა და იმერეთშიც. სწორედ ამ მეტსახელიდან წარმოიშვა გვარი კიკილაშვილი, რომელიც მოიხსენიება იასონ ლორთქიფანიძის წიგნში „ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“, რომლის მიხედვითაც კიკილაშვილები 1701-1711 წლების აღწერით წარმოადგენენ ყაფლანიშვილების უყმო აზნაურებს ბალახაურში.
დღესდღეობით, გვარი კიკილაშვილი გვხვდება სიღნაღში, თბილისსა და რუსთავში.
საქართველოში 1 104 კიკილაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 571, თბილისში – 189, რუსთავში – 104. არიან სხვაგანაც.
ქორჩაშვილი
ისტორიულად, ქორჩილა მეტსახელია. ალექსანდრე ღლონტის „ქართველური საკუთარი სახელების“ მიხედვით, მეტსახელი ქორჩა გვხვდება გვარში ქორჩაშვილი.
„ქორჩი“ მეგრულად ნიშნავს „გაჭიმე“. იმერეთში არის კუთხე – ქორჩიოტა (ასევე, ლეჩხუმის, რაჭის რაიონებში), იგივეა, რაც ყოჩივარდა.
აბაშისპირის საზღვართან არის უბანი საქორჩილაო, ხოლო ქორჩაძირი გამოიყოფა ქორჩოლუაშიც, რაც მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს მუსურში (სამურზაყანოში) მცხოვრები საეკლესიო გლეხების გვარია.
„პირთა ანოტირებული ლექსიკონის“ მიხედვით, ქორჩაშვილი ნიკოლა იყო მოწმე „შიო კოლიაშვილის მიერ დავით ჯავახიშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1690 წელს“.
„აბრამ ბირბიაშვილის მიერ თვისი ბატონის, დავით ჯავახიშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმე ნიკოლა ქორჩაშვილი“ (1694 წელი).
გვარი ქორჩაშვილი მოიხსენიება ძევერაში, გორის რაიონში.
ქორჩაშვილი მცირერიცხოვან გვარს მიეკუთვნება.
საქართველოში 20-მდე ქორჩაშვილი ცხოვრობს.
ხითარიშვილი
ხითარიშვილი ქართული წარმოშობის გვარია და არაფერი აქვს საერთო სომხურ ხითარიანის გვართან.
გვარში ფუძედ გამოყენებულია ხითარი, რომელიც ქართულში გვხვდება მამაკაცის სახელად, ზოგჯერ კი მეტსახელადაც.
გადმოცემის მიხედვით, ხითარიშვილების ადრინდელი გვარი თამარაშვილი ყოფილა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ხითარიშვილები და ხითარაშვილები ნანობაშვილების გვარიდან იღებენ სათავეს.
საქართველოში 1 377 ხითარიშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 485, თბილისში – 277, საჩხერეში – 150; ქუთაისში – 89. არიან სხვაგანაც.
მოსიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მოსია.
1803 წელს ეგნატე თუმანიშვილის მიერ თბილისის სამოქალაქო პოლიციაში მიცემულ არზაში მჩითავი მოსიაშვილი მოიხსენიება.
1826 წელს, ზარიძე ნათლავს მოსიაშვილის შვილს – სოლომონს. მიმრქმელი იყო ნინია ბაჩაშვილის მეუღლე – ელისაბედი.
მოსიაშვილები ცხოვრობენ აჭარის რაიონის სოფელ ქედაში
საქართველოში 2 228 მოსიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 440, ხაშურში – 270, თელავში – 242. საჩხერეში – 140. არიან სხვაგანაც.
მალაშხია-მოლაშხია
მალაშხიათა პირველ საცხოვრებლად სოფელი ნაკიდუა მიჩნეული, რომელიც წალენჯიხის რაიონში მდებარეობს. გვარი ორი ფორმით გვხვდება: მალაშხია და მოლაშხია. მა (მო) პრეფიქსია ქართულში და იგივეა, რაც მე. პრეფიქსები მა და მო მეგრულში გვარის სადაურობაზე მიგვანიშნებს: მა-ლაშხია, ანუ, „მე ლაშხელი (ლაშხი) ვარო“, – გვეუბნება გვარის ფორმა. ა-ს ხშირად ენაცვლება ო.
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სამი ძმა მოლაშხია წალენჯიხის რაიონში, ნაკიდუს უბანში დასახლებულა. წალენჯიხელ დადიანებს ეს ამბავი არ მოსწონებიათ და მათ შორის ბევრჯერ მომხდარა უსიამოვნება. უტუ მიქავას ჯარის დამარცხების შემდეგ, 1872 წელს, ლეწურწუმეს საზღვარზე, კაზაკთა ტყვიებით სამი ძმა მოლაშხია დაცემულა.
ილია მაისურაძე წერს: „მოლაშხია – აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი. სვანურად „მსგლაშხ“ ლაშხელს ნიშნავს. ლაშხრერი სოფელია მესტიის რაიონში, ეცერის საგამგებლოში, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს“.
საქართველოში 145 მალაშხია ცხოვრობს: თბილისში – 67, ზუგდიდში – 31, აბაშაში – 9. არიან სხვაგანაც.
858 მოლაშხია: წალენჯიხაში – 242, ზუგდიდში – 248, თბილისში – 59.  არიან სხვაგანაც.
ბედოიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედო.
ბედოიძეები ცხოვრობენ მთიულეთში. ისინი 1774 წელს ისტორიულ აღწერაში მოიხსენიებიან.
ბედოიძეების თიკუნებია: ბია, კაცია, ელისბარა, პატარკაცი, ბედოანი, დოლა, იამან და ასე შემდეგ.
1873 წელს დიდ თონეთში მოიხსენიებიან სიმონ და სოსია ბედოიძეები.
საქართველოში 556 ბედოიძე ცხოვრობს: თბილისში – 187, თეთრი წყაროში – 90, კასპში – 69. არიან სხვაგანაც.
ხარშილავა-ხარშილაძე
ხარშილავა და ხარშილაძე ერთი და იგივე გვარ-სახელია. გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ხარშილა.
გვარი ხარშილაძე გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
 ისტორიული წყაროების მიხედვით, ხარშილაძე იმერეთიდან იღებს სათავეს. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ხარშილაძეები მარნეულის რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ხარშილაძეები ქვემო ქართლში აზნაურები იყვნენ მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. 1721 წლის აღწერით, ბეჟან ხარშილაძე თავად ქაიხოსრო სოლოღაშვილის მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა საკვირეთში.
საქართველოში 20 ხარშილავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 8, სენაკში – 6, ახალციხეში – 6.
1 716 ხარშილაძე: საჩხერეში – 299, მარნეულში – 259. არიან სხვაგანაც.
ქილიფთარი
ქილიფთარი იშვიათი და მცირერიცხოვანი გვარია, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად გურიაში ცხოვრობენ. ეს გვარი სამეგრელოშიც გვხვდება, ოღონდ, სახეშეცვლილი – ქვილიფთარი.
 ბევრი სხვა გვარის მსგავსად, ქილიფთარი ბერძნულიდან იღებს სათავეს – მათი წინაპარი ყოფილა ქალიფთარიადისი.
საქართველოში 404 ქილიფთარი ცხოვრობს: ოზურგეთში – 256, თბილისში – 38, ლანჩხუთში – 37. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3