კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამართა დავით მელიქიშვილმა პარიზის მერიის შენობაში საკუთარი ნახატების გამოფენა და სად შეხვდა ის ხავიერ ბარდემსა და ჯერალდინა ჩაპლინს

მხატვარ დავით მელიქიშვილის ნახატები ადამიანს ემოციების გარეშე ნამდვილად ვერ ტოვებს... ლამაზი, ცოცხალი ფერები, პერსონაჟების საოცრად მეტყველი, ემოციური და იმავდროულად, სევდიანი თვალები – მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მასთან უხილავ კავშირს ამყარებს. ბევრი ნახატი შეხედვისთანავე მხატვარს, მის თვალებს გაგონებს. როგორც თავად დავითი ამბობს: ხშირად ის საკუთარი ნახატებივით ნაღვლიანია... მისი ნახატები ინახება როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დათო მელიქიშვილი: დაახლოებით 18 წლის წინ, ჩემს მეგობრებთან ვიყავი საფრანგეთში ჩასული. ქართველი დიზაინერი დათო ბალანჩივაძე ჩვენებას აწყობდა და სჭირდებოდა როგორც მოდელები, ასევე ვიზაჟისტი. ერთ-ერთი ვიზაჟისტი არ მოვიდა. ამ კუთხით მოვსინჯე ჩემი შესაძლებლობები და ძალიან მარტივად გამომივიდა. თუ ადამიანისთვის თეთრ ტილოზე საღებავით პორტრეტის გაკეთება არ არის რთული, მით უმეტეს, სიმბოლურად რომ ვთქვათ – პორტრეტზე მეორე პორტრეტის გაკეთება უფრო იოლი აღმოჩნდა. აქ უნდა გავითვალისწინო, რა სჭირდება ადამიანს: სახის დათხელება, ახლო დასმული თვალების დაშორება ან პირიქით, – ეს ყველაფერი კი ხაზისა და ფერის საშუალებით ხდება, რაც ისევ საღებავებთან, ანუ ჩემს ნამდვილ პროფესიასთან არის დაკავშირებული. მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საქმე სახალისო იყო. „რუსთავი 2“ თბილისში გადმოვიდა, ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა, გიორგი ნადირაძემ რაღაც გადაცემაში იმუშავა ცოტა ხანს, მერე აღარ მოუნდა და მითხრა, თუ გინდა, შენ იმუშავეო. მაშინ ეს მინიმალურ დროს მოითხოვდა, მაგრამ მერე დიდხანს მომიწია მუშაობა. „კურიერი“, „ღამის კურიერი“ – მოკლედ, ყველა გადაცემა, რაც იმ ეტაპზე გადიოდა, ყველაზე ვიყავი მიმაგრებული. იყო დრო, როცა ჩემს ახლობელთან, ვანდა ანთაძესთან ვტოვებდი ნახატებს და ის თავის ახლობლებში ყიდდა. შემდეგ მირეკავდა და მეუბნებოდა: მოდი, შენი ხელფასის დროაო. ეს პერიოდიც გავიდა. იმ ეტაპზე პირველი გამოსავალი, რაც გაჩნდა – ტელევიზია იყო. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურად რთულია, თუმცა ამას ხატვაში ხელი არ შეუშლია. შარშან „თბილისი მარიოტში“ მქონდა პერსონალური გამოფენა. უამრავი, დრო მაქვს ხატვასაც ვასწრებ, უბრალოდ, ფსიქოლოგიური პრობლემებია. ყველას ვერ აუხსნი, რომ მხატვარი ხარ და ეს არც არის აუცილებელი. მაგრამ, ვიღაც რომ მოდის, მაკიაჟს უკეთებ, ის ფიქრობს, შენ ამაზე მეტი ვერ შეძელი – ეს ჩემთვის სულ იყო დისკომფორტი. ამ ეტაპზე ვმუშაობ „ბიზნეს კურიერში“, „ჯეოსტარზე“,  „რა, სად, როდის“. ადრე, როგორც გითხარით, ფაქტობრივად, ყველაფერი მე მებარა. მერე რაღაცეები შეიცვალა ტელევიზიაში, მაგრამ ამაზე არ მინდა საუბარი.
– ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც განსაკუთრებულად გიყვარდათ, ან გიყვართ მუშაობა.
– წლების წინ, ალბათ, ესენი იყვნენ „კურიერის“ წამყვანები, რომლებთანაც დიდხანს მომიწია მუშაობა და შეჩვეული ვიყავი: ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა. ახლა აკაკისთან ვმუშაობ კარგად. რა თქმა უნდა, სამსახურის გაცდენის დრო და საშუალება არ არის, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ცუდად ვარ და არ შემიძლია მოსვლა, ბოლო მომენტში თავს მაინც  ძალას ვატან და მოვდივარ, რადგან ვიცი, აკაკისთვის სხვასთან დაჯდომა რა დისკომფორტია.
– არაჩვეულებრივი ნახატები გაქვთ. მაინტერესებს, როგორ ვითარდებოდა თქვენი სამხატვრო კარიერა?
– ბავშვობიდან ვხატავდი და მერე ვხევდი, ალბათ იმიტომ, რომ იქ ჩემი სათქმელი ამოვწურე. როცა დედა ბებიასთან მტოვებდა, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა, ჩემი ერთადერთი გასართობი ის იყო, რომ წინ დამიყრიდნენ ქაღალდებს, ფანქრებს, აკვარელის საღებავებს... ვხატავდი და ამით ვერთობოდი. სკოლის პერიოდში მივხვდი, რომ ეს საქმე მაინტერესებდა და ჩავაბარე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელთან არსებულ სამხატვრო სკოლაში. მისი დამთავრების შემდეგ კი სწავლა სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე, რომელიც მხატვარ-პედაგოგის დიპლომს გაძლევდა, ფერწერის განხრით. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. პირველ კურსზე ვიყავი, პერსონალური გამოფენა რომ მოვაწყვე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ იყო კლუბი და იქ ამის შემდეგ პერიოდულად მქონდა გამოფენები: პერსონალური, შერეული, გამოფენა-გაყიდვებიც ეწყობოდა. მახსოვს, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში გვქონდა ჯგუფური გამოფენა. გაეროდან იყო სტუმარი, რომელმაც ერთდროულად ჩემი 7 ნამუშევარი შეიძინა. ეს იმ წელს იყო, საფრანგეთში რომ ვაპირებდი გამგზავრებას. ჩემს თანხას გაყიდული ნამუშევრის თანხაც დაემატა და 6 თვე ვიცხოვრე საფრანგეთში. იქვე ვიყიდე ტილო, საღებავები და ორი კვირის განმავლობაში დღე და ღამე ვხატავდი. დამიგროდა ნახატები და ისე დაემთხვა, რომ პარიზის მერიის შენობაში გამოფენა ეწყობოდა. მონაწილეობა მივიღეთ: ერთმა – თეატრის მხატვარმა, ერთმა – გრაფიკოსმა და მესამე ვიყავი მე. ანუ, სამ სხვადასხვა დარბაზში გაიმართა ფრანგი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრისა და ჩემი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, დაახლოებით შვიდი-რვა გრაფიკული ნამუშევარი გაიყიდა. მერე დაიწყო ჩემი გალერეებში სიარული. ერთ-ერთი იყო გალერეა „ლიზეტი“, სადაც ჩემი სამი ნამუშევარი დავტოვე, მაგრამ ისე მოულოდნელად წამოვედი, არ ვიცი, იმ ნახატებს რა ბედი ეწია.
– არასდროს გიფიქრიათ პარიზში დარჩენასა და, იქ თავის დამკვიდრებაზე?
– ალბათ, თავისებური უნარი სჭირდება, რომელიც მე არ აღმომაჩნდა. საუბარი იყო იმაზეც, რომ გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა ჩემს იქ დამკვიდრებას, ან პირიქით, შეიძლება, არც არაფერი გამოსულიყო. ამ რისკზეც აღარ წავედი, თან რაღაც დროის მერე მივხვდი, რომ აღარც ტურისტი ვიყავი, აღარც სტუმარი და არც ფრანგი, ამის გამო დისკომფორტი დამეწყო. იქ რომ რაღაც სამსახური მქონოდა და პარალელურად მემუშავა, ალბათ, დავრჩებოდი. პლუს ამას, დედა ცუდად იყო, ამიტომ წამოვედი... დღემდე მჯერა, რომ ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდეს.
 – თქვენს პერსონაჟებს საოცრად მეტყველი და ემოციური თვალები აქვთ.
– ძირითადად პორტრეტებს ვხატავ და პერსონაჟებს თვითონ ვიგონებ. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, რეალური ადამიანი იყოს, ასევე გამოგონილიც, მზერა და განწყობა ეს უკვე მხატვრის შინაგანი განწყობაა, რომელიც პორტრეტზე გადადის, მით უმეტეს, თუ ნატურიდან არ ხატავ.
– რა ღირს თქვენი ნახატები?
– გააჩნია მასალას და პერიოდს. შეიძლება, ის, რასაც ახლა ვხატავ, ბევრად იაფი იყოს, ვიდრე ის, რომელიც წლების წინ დავხატე, რადგან ის გარკვეულ პერიოდს ეკუთვნის. ისეთი ადამიანი არ ვარ, ერთხელ მიგნებულის ირგვლივ ვიტრიალო. ვცდილობ, რაღაც ცვლილებები შევიტანო, რადგან შემოქმედებითი პროცესი მანამდე გრძელდება, სანამ ადამიანი ძიებაშია. ნახატი შეიძლება ღირდეს: 800, 900, 1000,1 500, 2 000 დოლარი; გრაფიკა კი – 300-500 დოლარის ფარგლებში. ვერ შევძელი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ხატვისთვის მიმეძღვნა. ჯერ აქ ხარ, მერე – იქ, სახლის პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები, ამ ქაოსში მოქცეული შენს საქმეს რაღაცეები აკლდება. ეს რთულია, მაგრამ დგება პერიოდი, როცა ძალიან გშია და ეს გრძნობა უნდა დაიკმაყოფილო. უნდა დახატო, თუმცა, ყოველგვარი ყოფითი პრობლემისგან რომ ვიყო თავისუფალი, ბევრად ბედნიერი ვიქნებოდი და უკეთეს ნამუშევრებსაც შევქმნიდი, მაგრამ ეს ცხოვრება ჩემთვის არავის მოუწყვია.
– ალბათ, ამიტომაც აქვთ თქვენს პერსონაჟებს სევდიანი თვალები.
–  როცა ნახატს ნატურის გარეშე აკეთებ, ბუნებრივია, შენი განწყობა, მდგომარეობა მასზე გადადის. ის, რასაც ისინი გეუბნებიან, ჩემი სულიერი მდგომარეობაა, ცოტაზე მეტად სევდიანი...  როდესაც ექიმმა ნაღვლის ბუშტზე ექოსკოპია გამიკეთა, მითხრა: ადამიანებს საკვების მიღების დროს ნაღვლის წვენის გარკვეული რაოდენობა გადმოედინებათ. მე გადმომეღვრება ორჯერ მეტი და ასეთებს ნაღვლიანი ადამიანები ჰქვიათო.
– „ფეისბუქზე“ ვნახე ფოტო, სადაც ხავიერ ბარდემთან და ჯერალდინა ჩაპლინთან ერთად ხართ გადაღებული.
– ეს ფოტოები „ბერლინალეზეა“ გადაღებული. შვებულებას ისე ვანაწილებდი, რომ წელიწადში ერთხელ, თებერვალში ბერლინის ფესტივალზე მივდიოდი. ამაზე უკეთესად ვერ დავისვენებდი. ერთ-ერთ ფესტივალზე ესპანური ფილმიც იყო ჩამოტანილი, რომელშიც ხავიერ ბარდემი მონაწილეობდა. მარისა პარადესიც იყო ჩამოსული, ჯერალდინა ჩაპლინი. ეს ძალიან მარტივად ხდება – ფოიეში მიდიხარ, ხვდები მათ და იღებ ფოტოებს. ხავიერ ბარდემთან იმიტომ გადავიღე, რომ ჩემი საყვარელი მსახიობია. ისე დადიოდა, შეიძლება, ყურადღებაც არ მიგექცია. ისევე, როგორც კლაუდია კარდინალე, ბევრს ის არც კი შეუმჩნევია. თუმცა, ყველანი იმ საღამოსვე ისევ ქრებიან.

скачать dle 11.3