კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

როდის იგრძნო თამთა გოგუაძემ თავი ქალად


მომღერალი თამთა გოგუაძე საკუთარ გარეგნობაზე ყოველთვის ზრუნავს, თუმცა ყოველდღიურად მაკიაჟის გაკეთება და ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული მაინცდამაინც არ ხიბლავს.

თამთა: თავის მოვლას დიდ დროს ვუთმობ. თუმცა, საღამოს რომ ვარ სადმე წასასვლელი, დილიდან არ ვიწყებ მზადებას. თუ სადმე წვეულებაზე, ან კონცერტზე მივდივარ, მოსამზადებლად დაახლოებით, საათი – საათ-ნახევარი მჭირდება.

– სამოსს წინასწარ არჩევ?

– საღამოს, რომ დავწვები, მაშინ ვფიქრობ, რა ჩავიცვა. მაგრამ, თუ მეორე დღეს შეუფერებელი ამინდია, მიწევს სხვა ტანსაცმლის შერჩევა. თუმცა, წინასწარ თითქმის ყოველთვის ვიცი, რა უნდა ჩავიცვა.

– როგორ უვლი სახის კანს, თუ დადიხარ კოსმეტოლოგთან?

– არ დავდივარ, თუმცა 26 წლის ვარ და უკვე აუცილებელია მივიდე კოსმეტოლოგთან. თანაც, როცა გასტროლებზე ვარ, ყოველდღიურად ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს და სულ მაკიაჟის გაკეთება მიწევს. საგრიმიოროში ხშირად ვხუმრობთ, ალბათ კოსმეტოლოგთან რომ მივიდეთ, სახის კანიდან ტონალურები ამოგვივაო. რაღაც მაფერხებს, თითქოს მეშინია, ამას გადავლახავ და მერე მივალ.

– ნიღბებსაც არ ხმარობ?

– კი, როგორ არა. კიტრის ნაფცქვენი დამიდია, მჭადის ფქვილით გამიწმენდია, რაც შეეხება კრემებს, ძირითადად დამატენიანებელს ვყიდულობ და იმას ვხმარობ. მაქსიმალურად ვცდილობ, სახის კანს გავუფრთხილდე, ამიტომ არ ვხმარობ მაკიაჟსაც, როცა აუცილებელია, მაშინაც წინა დღეებში „ტრაური“ მაქვს.

– როგორი უვლი თმას?

– ყოველდღე არ დავდივარ სალონში, თავადაც მშვენივრად ვახერხებ ვარცხნილობის გაკეთებას. თუ თმა მაქვს შესაჭრელი და შესაღები, იმ შემთხვევაში მივდივარ სალონში. არ მიყვარს სალონის ვარცხნილობები. ბუნებრიობა ყველაფერს მირჩევნია. ხვეული თმა მაქვს, მაგრამ სახლში თმის უთოთი ვახერხებ მის გასწორებას.

– თმას ხშირად იღებავ?

– ორ წელზე მეტხანს მქონდა ყავისფერი თმა, მომბეზრდა და ორი თვის წინ შევიღებე შავად. ასევე შევიჭერი „ჩოლკა“ და თმა სულ გასწორებული მაქვს. ბავშვობის შემდეგ არ მქონია „ჩოლკა“, თმაც ადრე ორჯერ მქონდა შავად და მერე გადავიღებე, ახლა მომინდა და ისევ გავიშავე. მაღაზიაში შევედი, შავი პარიკი მომეწონა ძალიან. წავიღე სალონში და ზუსტად ისე შევიჭერი და შევიღებე თმა.

– ხშირად გიწევს უცხოეთში გამგზავრება, ალბათ ძალიან გიყვარს შოპინგები?!

– ანსამბლში განთქმული ვარ ჩემი პარკებით. ყველა ამბობს ხოლმე, გოგუაძეს არ გაჰყვეთ შოპინგზე, ბევრ პარკს გათრევინებთო. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ ესე იგი, დრო არ მქონდა, რომ „მეშოპინგა“. ამიტომ ხუმრობენ ხოლმე, თუ გინდათ, რომ გოგუაძე კარგ ხასიათზე იყოს, „საშოპინგოდ“ უნდა გაუშვათო. შეიძლება რამე არ ვიყიდო იმ დღეს, მაგრამ ძალიან მიყვარს, რომ ვიზომავ სამოსს, სარკის წინ ვიპრანჭები. როდესაც გასტროლებზე მივდივართ, პირველად ვკითხულობ იქ კარგი მაღაზიები იქნება თუ არა-მეთქი. „ადიდასის“ ფანი ვარ. ყველაფერი ამ ფირმის მაქვს. გავიგე, მოსკოვში ძალიან მაგარი მაღაზია ყოფილა და ერთი სული მაქვს, როდის მოვა 2 დეკემბერი, რომ წავიდე „გასტროლებზე“ მაღაზიაში.

– გიყვარს მასაჟები?

– არ მიყვარს, სხვა რომ მეხება.

– გახსოვს, როდის გაგიჩნდა პირველად ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე მაშინ?

– ბავშვობაში ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა მაკიაჟის გაკეთება. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ გავიკეთე პირველად მაკიაჟი, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიპრანჭებოდი, თან ძალიან ბევრი რაღაც მესვა სახეზე, დიდი შეხედულება მქონდა. ყველა მეჩხუბებოდა, ეს რა გისვიაო. ვგიჟდებოდი, უმაკიაჟოდ ვერ გავიდოდი გარეთ, სულ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. ანუ, როდესაც სკოლა დავამთავრე, მაშინ ვიგრძენი, რომ ქალი ვიყავი და უნდა გავპრანჭულიყავი. მაგრამ, „მაკიაჟომანია“ დიდი ხანია ბავშვობაში დავტოვე.

– როგორ უვლი სხეულს?

– სახლში ძალიან ბევრი ტანის კრემი მაქვს და ძირითადად რა სუნამოსაც ვისხამ, იმ სურნელის კრემს ვხმარობ. ახლა მაქვს სუნამო „ნარცისო როდრიგესი“, თბილისში ვერ ვნახე მისი ტანის კრემი და ახლა, ფრანკფურტის აეროპორტში, რომ ვიყავი, იქ ვიყიდე. საერთოდ, ძალიან მიყვარს გრილი და ცივი სურნელის სუნამოები. ნათქვამია, როდესაც ადამიანი ღია ფერებშია, მას გრილი და ცივი სურნელი მოსწონსო და მართლაც ასეა.

– მამაკაცის სუნამოს სურნელსაც აქცევ ყურადღებას?

– კი, ძალიან მომწონს, როდესაც ადამიანს სასიამოვნო სურნელი ასდის, კარგი ფეხსაცმელი აცვია და მოკლედ, გემოვნებიანია. მამაკაცი მოვლილი უნდა იყოს, რომ მიგიზიდოს და შეხედო. თუმცა, თმაზე ლაკდასხმული და ძალიან გამოწკეპილი მამაკაცები, არ მომწონს.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად უვლი თავს?

– როცა სხვისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, გიხარია ცხოვრება, კარგად გრძნობ თავს. მაგრამ, ქალმა ყველა შემთხვევაში უნდა მოუაროს თავს. შეიძლება, იმ მომენტში არავინ გყავდეს, მაგრამ კარგად რომ გამოიყურები, თავს უვლი, ამით უფრო მოაწონო ვინმეს თავი. თუმცა, შესაძლოა არც ერთ კაცს არ მოსწონს ზედმეტად გადაპრანჭული და „ჩამაკიაჟებული“ ქალი, მარტო საკუთარი თავის მოვლაზე რომ ფიქრობს.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, ხშირად გაიღიმოს, იყვნენ ბუნებრივები და უფრო მოიგებენ საპირისპირო სქესის გულს.


скачать dle 11.3