კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „შეტენეს“ საბჭოთა სამართალდამცველებმა სერგო ფარაჯანოვს და როგორ გამოჰყავდა ის დოდო აბაშიძეს ორთაჭალის ციხიდან გოგირდის აბანოში წასაყვანად

„ზეკები აღმერთებენ კატებს! ისინი მათ ეფერებიან, თამაშობენ მათთან, ხელით აჭმევენ საჭმელს და, რაც უფრო მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, მით უფრო ნაზები და სენტიმენტალურები არიან“... – ეს გენიალური რეჟისორის, მწერლისა და მხატვრის, სერგო ფარაჯანოვის სიტყვებია, რომელიც კიევში, ზონაში  ყოფნის დროს დაწერა. იმ პერიოდს თავად ფარაჯანოვი თავისი ცხოვრების საუკეთესო და ნაყოფიერ წლებად მიიჩნევს, რადგან, 120 არაჩვეულებრივი ნახატი, 100 ნოველა და 3 სცენარი შექმნა.
სერგო ფარაჯანოვი (სარქის ფარაჯანიანი) 1924 წლის 9 იანვარს თბილისელი სომეხი ვაჭრის, იოსებ ფარაჯანიანისა და სირანუშ ბეჟანოვას ოჯახში დაიბადა. ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა, რომელსაც რეჟისორი „ჩემს თეატრს“ უწოდებდა, იქ ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. ამ თეატრში მსახიობად მხოლოდ საკუთარ თავს სცნობდა. ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, ის მოსკოვის „ვგიკში“ ჩაირიცხა. მისი ოცნება იყო, ავტობიოგრაფიული ფილმი – „აღსარება“ გადაეღო, რომელიც თავისი ბავშვობის მოგონებებით იქნებოდა გაჯერებული. „ხელისუფლებამ ძველი სასაფლაოს ადგილას კიროვის სახელობის კულტურის ბაღი გააშენა და საფლავები შეურაცხყო – დედის, დეიდის, ახლო ნათესავების სულები ჩემთან მოდიან და ფორტეპიანოსთან სხდებიან, რადგანაც წასასვლელი აღარსად აქვთ...“ – იხსენებდა რეჟისორი. მან ამ ფილმის გადაღებები სწორედ მოგონებების იმ მონაკვეთებიდან დაიწყო, რამაც თავის დროზე მის ფსიქიკაზე დიდი გავლენა მოახდინა და ერთ-ერთი ასეთი იყო, როცა მეზობლის გოგონა გარდაიცვალა. ფილმის დასრულება ვერ შეძლო, ვინაიდან, შეუძლოდ შეიქნა. ფილტვის სიმსივნე დაუდგინდა და ოპერაცია მოსკოვში გაუკეთეს.
ფარაჯანოვი ამბობდა, სამი სამშობლო მაქვს: – საქართველო, სადაც დავიბადე; უკრაინა, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მინდა, რომ მოვკვდე და ჩემი სახლ-მუზეუმი იყოსო.
ის ორჯერ დააპატიმრეს, პირველად ჰომოსექსუალობისა და პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ბრალდებით. აი, ამონარიდი მისი ჩვენებიდან: განსასჯელი ფარაჯანოვის შეწყალების თხოვნა: „... ჩემ მიმართ წაყენებული  ბრალდება და სასჯელი ღრმად გააზრებული მაქვს. პირადად გთხოვთ, მაპატიოთ ჩემი ნამოქმედარი. პირადად თქვენ წინაშე ვიღებ ვალდებულებას, რომ გათავისუფლების შემდეგ არ დავბრუნდები კიევში და არ დავუბრუნდები ხელოვნებას. ჩემი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა ისეთივე ტრაგიკულია, როგორც ჩემი მომავალი...“
საკმაოდ საინტერესოა შვილისადმი, მეგობრებისადმი და ცოლისადმი გაგზავნილი წერილებიც:
„სვეტლანა, გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია. რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი, მიყვარდა, ვლაყბობდი, ვიხიბლებოდი, რაღაც შევიმეცნე, ცოტა რამ გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან. ნაცრისფერს ვერ ვეგუებოდი მხოლოდ. არადა, ყველაზე მოდური ფერია. დროის მოთხოვნა!“.
„... ამას წინათ მივიღე წერილი ნ. ი. კოზლოვსკაიასგან. იგი ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო სკოლაში. ის პირველია, რომელმაც დამშოკა. დამშოკა მაშინ, როცა ხელების გრეხვითა და თვალების კარკვლით ნერონზე, კართაგენსა და რამზესებზე მღეროდა და ვერ ხვდებოდა, რომ მოსწავლეები ტოვებდნენ კლასს... სკვორცოვმა, ჩემმა პედაგოგმა, იმ წერილებზე, რომლებიც მას გავუგზავნე, ძალა ვერ გამონახა, ეპასუხა, რადგან ჩემს წერილ-ისტერიკას გენიალურად თვლის...“
„განა თავისუფლება ჩემთვის დღეს უფრო საშინელი არ არის, ვიდრე იზოლაცია?! აქ მე დღეში 36 კაპიკი ვღირვარ. ორი ზეწარი და ორი ბალიშისპირი მაქვს. კვირაში ერთხელ – კინო, აბანო, გაზეთი „ტრუდოვაია ჟიზნ“ და სამუშაო! არცთუ ისე მძიმეა. ცოცხი, ელექტროდები – რა, ძალიან ცუდია ეს?! რა მოხდება, თუკი საერთოდ აღარ მივუბრუნდები კინოს.“
მაშინ მის დაჭერას ბევრი ცნობილი ადამიანი აპროტესტებდა. საფრანგეთის კომპარტიის წევრის, პოეტ ლუის არაგონის ჩარევით, რომელმაც ლეონიდ ბრეჟნევს წერილობითი თხოვნით მიმართა, გენიალურ ხელოვანს ხუთწლიანი პატიმრობა ოთხი წლით შეეცვალა. მეორე დაჭერა თბილისში მალევე მოხდა. ორთაჭალის ციხეში მან სულ რვა თვე გაატარა ოფიციალური პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით.
იური მეჩითოვმა, რომელსაც ფარაჯანოვი თავის უმცროს მეგობრად მიიჩნევდა, ფარაჯანოვის ცხოვრების ამსახველი ფოტომასალების გამოყენებით 464-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი გამოსცა.
იური მეჩითოვი: სერგო თბილისში ბოლოს 1977 წლის 30 დეკემბერს ჩამოვიდა. უკრაინაში შრომით-გამასწორებელ კოლონიაში ოთხი წელი დაყო, სადაც ის ჰომოსექსუალიზმისა და პორნოგრაფიული პროდუქციის გავრცელების ბრალდებით იჯდა. ალბათ, გახსოვთ, თბილისში ახალი შემოსული იყო ავტოკალამი შიშველი ქალის გამოსახულებით. მაშინ ეს კალამი თბილისში ყველას ჰქონდა. წარმოიდგინეთ, აი, ეს ითვლებოდა პორნოგრაფიულ პროდუქციად. რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, ჩემი ყურადღება მიიქცია და აბსოლუტური შოკი იყო ერთ-ერთი მოწმის ჩვენება (ოქმი ფარაჯანოვის არქივში ინახება). სასამართლო პროცესზე გამოიყვანეს მოწმე, რომელსაც არ შერცხვა, ეთქვა, მე გავიღვიძე უკანალში ტკივილისგანო... ამ კაცმა მერე ცუდად დაამთავრა ცხოვრება, მგონი, თავი მოიკლა. ძალიან სერიოზული ამბები ტრიალებდა. სერგოს ჩასმა იმიტომ უნდოდათ, რომ იმ პერიოდში ძალიან აქტიური, გენიალური ადამიანი იყო და, სხვა რომ ვერაფერი მოუგონეს, რაღაც სისულელეები დააბრალეს. თავის დროზე ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის დაჯერება, რომ, შესაძლოა, საერთოდ არსებობდეს ასეთი რაღაცეები. აბა, შეიძლება, ამ უწყინარი კალმის გამო, რომელიც მეც მქონდა და, ალბათ, თქვენც, ადამიანი დაიჭირო? საერთოდ, წარმოდგენა წამიხდა ხელისუფლებაზე. მერე ეს კალამი კომისიამ გაანადგურა ხუთი კაცის შემადგენლობით. რა თქმა უნდა, რეალობაში ასე არ ხდებოდა, ვიღაც ჩაიდებდა ჯიბეში და წაიღებდა, მაგრამ, ამას რომ ოფიციალური მხარე მიეცა, ეს იყო სასაცილო და გასაკვირი. რასაც მიყვებოდა სერგო, ჩემთვის რთული აღსაქმელი იყო. ვისთან რა ჰქონდა, არავის უნახავს. თვითონ ძალიან კაიფობდა ამაზე. როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, ეს იყო ეპატაჟის თემა. იცოდა, რომ ეს თემა ყველას შოკში გვაგდებდა და რაღაც მაგარს აუცილებლად იტყოდა. მაგალითად: რა გინდათ თქვენს ცოლებთან, არ მოგბეზრდათ? ბარემ მიდით კაცებთანო. აი, ეს არის იუმორი და ურთიერთობა.
ამ გენიალურ ადამიანზე საუბარი, ალბათ, შორს წაგვიყვანს, ყველაფერზე მისი ნამუშევრები მეტყველებს, მაგრამ, მინდა, მისი პირველი ფილმი გავიხსენო – „დაკარგულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც რეჟისორს დიდი აღიარება მოუტანა თავისი ფერადოვანი, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერილობით.
„დაკარგულ წინაპართა აჩრდილები“ უკრაინის კინოისტორიაში დღესაც ერთ-ერთ ძლიერ ფილმად ითვლება. რაღაცნაირად გაძვრა ეს ფილმი, თორემ ნებისმიერი ცენზურა გააჩერებდა, რადგან, საბჭოთა კავშირში სულ იყო ბრძოლა უკრაინულ ნაციონალიზმთან. გარკვეულწილად, ეს ბრძოლა პარტიულ დონეზე ყოველთვის არსებობდა, უკრაინული არაფერი არ უნდა გამოჩენილიყო. მოკლედ, იმ პერიოდში სერგოს ბინა უკრაინაში იქცა უკრაინულ-ნაციონალისტურ კერად.
– მისი პირველი ქორწინება – აქამდე გაუგონარი ისტორიაა. მოგვიყევით, თუ შეიძლება.
– მოსკოვში, ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მან გაიცნო თათარი გოგონა, ნიგიარ ქერიმოვა. როგორც ამბობენ, გოგონა თათარ ოფიცერზე ყოფილა დანიშნული. მისი ადათ-წესები და ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ფარაჯანოვთან ქორწინებას. გოგონას ძმებმა მოსკოვში ჩააკითხეს და სტუდენტ სიძეს გამოსასყიდი მოსთხოვეს. მაშინ სერგომ მამამისს მისწერა, გთხოვ, დამეხმარე და ყველაფერს კაპიკ-კაპიკ დაგიბრუნებო. მამა არ დაეხმარა. ძმები დას აიძულებდნენ, ღარიბი ქმარი მიეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. გოგონამ ამაზე უარი თქვა. ეს 1951 წლის ივლისში მოხდა. ძმებმა მას უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს –  მატარებლის ქვეშ ჩააგდეს.
– როგორ გახდა ეროვნებით სომეხი სერგო ფარაჯანოვი თბილისში პოპულარული? ალბათ, მაშინაც არსებობდა წარმატების გზა.
– სერგო ფარაჯანოვი 15 წელი იყო უმუშევარი. განუხორციელებელი დარჩა 18 სცენარი. მაპატიეთ, მაგრამ, მას სახელი გაუვარდა არა იმით, რომ ვიღაც „იხმარა“, რაც არავის უნახავს, არამედ, იმით, რომ მან შექმნა შედევრი ერთი, მეორე... აი, მესამე, მეოთხე ფილმები, შეიძლება, ჩემთვის სუსტია, მაგრამ, ეს ტრადიცია უკვე არსებობდა, რომ, როცა ადამიანი რაღაც გენიალურს ქმნის, მერე იმ გენიალურ რაღაცეებს იმეორებს და, საბოლოოდ, ისტორიას რჩება.
– თქვენ მას კარგად იცნობდით. თერთმეტწლიანი ურთიერთობიდან რას გაიხსენებთ? გვიამბეთ თუნდაც მის ხასიათზე, ჩვევაზე.
– ძალიან ცუდი, თავისებური ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, შეეძლო, უცებ ამდგარიყო და თავისი სახლიდან გაეგდო ადამიანი. ძალიან უყვარდა სილამაზე და არ უყვარდა ის, ვინც სილამაზეს ვერ ამჩნევდა, უნიჭო ადამიანებს ვერ იტანდა. ერთხელ, დისშვილი გამოეკიდა ცულით, უნდა მოეკლა, იმიტომ, რომ ცუდ რაღაცეებს ამბობდა თავის დაზე, დისშვილზე, ამცირებდა. სერგო ადგა და უჩივლა. დისშვილი შიშით დაიმალა. აი, აქ არის ეს სურათი, სასამართლოზე შერიგების კადრი. თავისი და მის გვერდით ცხოვრობდა და სერგო ამბობდა: ჩემი და ტოლმას აკეთებს და მე არ მაჭმევს, რომ გაუფუჭდება, ტუალეტში ღვრისო. ამას ძალიან გაბრაზებული ამბობდა. მართლა უნდოდა ტოლმა, შიოდა კაცს, და კი საჭმელს არ აჭმევდა. მეზობლებს მოჰქონდათ მისთვის საჭმელი. 1977 წელს, როცა თბილისში ჩამოვიდა, 1992 წლის ოქტომბრამდე სამუშაო არ ჰქონდა. რაღაცნაირად ხომ უნდა ეცხოვრა ადამიანს. მისი სპეციალობა კინორეჟისურა იყო. რა უნდა ექნა, ბოთლები გაეყიდა თუ ბატიბუტი?! რაღაც პერიოდი მას ეკრძალებოდა აქ გადაღება და ამაზე გიჟდებოდა. ძალიან უნდოდა „შუშანიკის წამება“ გადაეღო, სადაც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურელს უნდა ეთამაშა. რეზო ჩხეიძემ გამოიძახა და უთხრა: სერგო, სამწუხაროდ, ამ ფილმის გადაღება არ გამოვაო. მერე სერგომ გადაიღო „ლეგენდა სურამის ციხეზე“. ცალკე ამაზე ატყდა ამბავი – როგორ თუ ჩვენი თავადები სპარსულ ქუდებსა და კოსტიუმებში არიან გამოწყობილნიო. ისე ამბობდნენ, თითქოს დღეს „დოლჩე და გაბანა“ არ აცვიათ და არ მისდევენ დასავლურ მოდას. მაშ, ვინ იყვნენ ჩვენი თავადები, სპარსული ქუდი არ ეხურა ერეკლე მეორეს?! „დავით აღმაშენებლის“ გადაღება რომ დაიწყეს აქ სამი წლის წინ, რომელშიც დავითის როლზე გუჯა ბურდული დაამტკიცეს, მაშინაც ამბავი ატყდა – აღმაშენებელს არ ჰგავსო. რას ნიშნავს – არ ჰგავს?! ვის უნახავს დავით აღმაშენებელი?! თუგინდ, ქრისტეზე გადაღებული ფილმი ავიღოთ. ქრისტეს სამოსზე (რომელსაც ვითომ ვინახავთ) თხუთმეტი ქალაქი აცხადებს ევროპაში პრეტენზიას – ჩვენთან არისო. ჩვენ, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ აბსოლუტურ ტყუილში ვცხოვრობთ.
– სვეტლანა შჩერბატიუკი როგორ გაიცნო?
– ომის შემდეგ ის მოსკოვში წავიდა და „ვგიკში“ ჩააბარა. პირველი ქორწინების შემდეგ მან ცოლად სვეტლანა შჩერბატიუკი შეირთო, რომელთანაც ერთი ვაჟი – სურენი ჰყავს. შემდეგ სერგო ცოლს დაშორდა, თუმცა, სვეტლანა ყოველთვის ნახულობდა ყოფილ ქმარს (ამჟამად დედა-შვილი კიევში ცხოვრობს. „დოვჟენკოს კინოსტუდია“ სვეტლანას დღემდე 100 დოლარს უხდის, როგორც ფარაჯანოვის მეუღლეს).
– თბილისში რისთვის დაიჭირეს?
– თბილისში ერთხელ კიდევ დაიჭირეს სერგო – ოფიციალური პირისთვის ქრთამის მიცემა დააბრალეს. ჯერ აიძულეს, ქრთამი გადაეხადა – თუ ამა და ამ პიროვნებას არ მისცემ ხუთას მანეთს, შენს დისშვილს პრობლემები შეექმნებაო. და მერე დააბრალეს. რვა თვე იჯდა ორთაჭალის ციხეში. ცხადია, ის არ ჰგავდა უკრაინის ციხეს – დოდო აბაშიძე მიდიოდა, ფეხით აღებდა ციხის კარს, გამოჰყავდა სერგო, მიჰყავდა გოგირდის აბანოში, აბანავებდა და უკან აბრუნებდა.

скачать dle 11.3