კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გათხარეს საიდუმლო გვირაბი ცირკის შენობის ქვეშ და როგორ ხდებოდნენ ცირკის მსახიობები მაფიოზები

ოთარ ნინიძე წლების განმავლობაში  იყო ქართული საცირკო დასის დირექტორი და ცირკის მსახიობებისთვის  ჩვეული  საინტერესო თავგადასავლებით ცხოვრობდა.  მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში,  რთული აკრობატული ნომრები და ქართველი ჯიგიტები, რომელთა მიერ შესრულებული საცირკო ნომრები მსოფლიოს ბევრ ცირკში იყო პოპულარული. ამ ყველაფერს დღეს ჩვენთან საუბარში ოთარ ნინიძე დიდი  ემოციებით იხსენებს და იმ საიდუმლოებებსაც გვიმხელს, რაც ცირკის მანეჟს მიღმა, მაყურებლისთვის, ამოუცნობი რჩება.      

ოთარ ნინიძე: ცირკის ქართულ დასში  შემთხვევით მოვხვდი – სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულს, პარტიის რიგებში შესასვლელად სამუშაო სტაჟი  მჭირდებოდა. ჩემი მშობლები ხელოვანები იყვნენ, მამაჩემი  კარგად იცნობდა ცირკის დირექტორს, ივანე  ტუსკაძეს, რომელმაც მამას ცირკში მუშაობა შესთავაზა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მამაჩემის  მაგივრად ცირკში მე მივედი და 36 წელიწადი შემოვრჩი ამ საქმეს.  ცირკის ადმინისტრატორი ვიყავი, როდესაც  მოსკოვიდან კომისია ჩამოვიდა, კომისიის წევრებს ჩემი მუშაობით ისე მოვეწონე, მოსკოვში წავიყვანთო – უთხრეს ჩემზე ივანე ტუსკაძეს.   მოსკოვში  ქართული დასის სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელად  ვიმუშავე, მერე, საკმაოდ დიდხანს, ქართული  დასის დირექტორი ვიყავი.  მოგეხსენებათ, საცირკო დასს მუდმივი სამუშაო ადგილი არ აქვს,  ხან სად  გვიწევდა ყოფნა,  ხან – სად,  ძალიან უყვარდათ ჩვენი ჩასვლა იაპონიასა და ფინეთში; ეს ქვეყნები შემოსავლის თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანი იყო. რუკაზე ქალაქი არაა, მე რომ არ ვიყო ნამყოფი  ქართულ  დასთან ერთად.  მე დასის ერთადერთი დირექტორი ვიყავი, ვისაც მანქანა ემსახურებოდა. თან, „მოსკვიჩი” მომცეს, რომელიც საბჭოთა ეპოქის ყველაზე „მუშა”  მანქანა იყო, ყველა სოფელსა და ქალაქში რემონტს ექვემდებარებოდა. ჩემი „მოსკვიჩით” ვლადივოსტოკშიც კი ვარ ჩასული  (იცინის).           
 – რით იყო გამორჩეული მაშინ ქართული საცირკო დასი,  გყავდათ საცირკო ხელოვნების ვარსკვლავები?
– ჩვენს დასს საკმაოდ დიდი ტრადიციები ჰქონდა და ძალიან მწყდება გული, რომ ქართული ცირკი, რომელსაც არსებობის 100 წლის ისტორია აქვს, დღეს უყურადღებოდაა მიტოვებული, კარგი იქნებოდა ქართული ცირკის დროშა კვლავ აფრიალდეს მსოფლიოს ცნობილ ცირკებში, როგორც ეს იყო ადრე. ცხოველებიდან დასში გვყავდა ცხენები და ხარები. ხარების ნომერზე თენგიზ სამხარაძე მუშაობდა, ცხენი კიდევ იოლი სამართავია, ხართან მუშაობა ძალიან ძნელი იყო. ერთხელ, პოლონეთში გვქონდა წარმოდგენები,  მანეჟიდან გამოსულ ხარს დერეფანს ვუკეთებდით, რომ  პირდაპირ სპეციალურ მანქანაში აგვეყვანა, გაანგრია ხარმა ეს დერეფანი და გაიქცა ლოძის ქუჩებში. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე ხარი რომ გაიქცევა, ზოგი მანქანით მივდევდით, ზოგი – ფეხით, ძლივს გავაჩერეთ ხარი (იცინის).    
ქართული დასი გამორჩეული იყო კლოუნებითაც, ჩვენს დასში იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით  უძლიერესი კლოუნი, სანდრო თედიაშვილი, თუმცა, ჩემი ხელმძღვანელობის დროს   ის უკვე აღარ მუშაობდა. ძალიან ძლიერი კლოუნი  იყო  თელაველი  ბესიკ კალამაშვილი, შეიძლება, შორიდან ისე ჩანს, რომ კლოუნობას რა უნდა, დაიკარი ცხვირი ცხვირზე და მორჩა, მაგრამ, ასე არაა საქმე. კარგი კლოუნი კარგი გიმნასტიც უნდა იყოს, აკრობატული ილეთების შესრულებაც უნდა შეეძლოს. ჩვენი დასის წევრები იყვნენ ალექსანდრე მჭედლიშვილი და იური ჩომახიძე,  ალექსანდრე მჭედლიშვილი  საბჭოთა კავშირის უძლიერეს ოთხეულში შედიოდა „მწყემსების”   აკრობატული ნომრით, როცა ოთხი ადამიანი ერთმანეთზე ადის და რთულ ილეთებს აკეთებენ. ჩომახიძესა და მის კომპანიონებს „ქართველ ჯიგიტებს“ ეძახდნენ. ოჯახური დინასტიები ცირკში იშვიათობა არ იყო, ადამიანები თაობიდან თაობას გადასცემდნენ ამ საქმის სიყვარულს,  ოჯახებს იქ ქმნიდნენ,  შვილებსა და შვილიშვილებს იქ ზრდიდნენ. ცირკი ისეთი საქმეა,  თუ არ შეგიყვარდა, დიდხანს ამ საქმეში   ვერ გაჩერდები, მაგრამ, თუ შეგიყვარდა, მის ტყვეობას თავს ვერ დააღწევ. ცირკში  ოჯახური დინასტიის გაგრძელება  იყო ილუზიონისტ კიოს ცხოვრება. მას ორი  ბიჭი ჰყავდა და სიკვდილის წინ უთხრა შვილებს: მე ისეთ საიდუმლოს გაგანდობთ, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილნი იქნებითო და  სიკვდილის წინ ასწავლა „ხეზე ასვლის“ წესები. განსაკუთრებული საიდუმლო არც არაფერი ჰქონია, თუმცა, რაც მან გააკეთა, ისე მისი ასე წარმოდგენა ათეული წლების განმავლობაში ვერავინ შეძლო. ჩვენ გვყავდა ცნობილი ილუზიონისტი, ქუთაისელი ოთარ რატიანი, ის აკეთებდა ნომერს „ადამიანი-უჩინმაჩინი”, რომელიც ძალიან პოპულარული იყო უცხოეთში, იაპონელები გაოცებულები იყვნენ ამ ნომრით, გიჟდებოდნენ ჩვენს ილუზიონისტზე. ის ამოძრავებდა უსულო საგნებს, „აქრობდა” ადამიანებს. სინამდვილეში  ამ ილუზიის მთავარი საიდუმლო იყო ლაზერული აპარატი, რომელიც 80-იან წლებში ისეთი მაღალი დონის არ იყო, როგორც დღესაა, თუმცა, მაშინ იწყებოდა მათი გამოყენება  საცირკო ნომრების შესრულების დროს.   ოთარის სიკვდილის  შემდეგ ამ ნომრის შესრულება მისმა ქალიშვილმა განაგრძო. დასში გვყავდა ერთი ქართველი გოგონა, ლამარა ვაშაკიძე რომელიც ადრე ცხენოსანი იყო,  მერე კი  გველების ნომერი გააკეთა.
 – ბევრი ადამიანი შეეწირა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავის საყვარელ საქმეს?
– ჩვენს დასში ასეთი ტრაგიკული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა, ტრავმები, რა თქმა უნდა,  იყო  ხოლმე.  უსაფრთხოების ზომებს ვიცავდით,  მაგრამ, ნომრების სიმაღლეზე და ჰაერში შესრულება იოლი არ იყო.   იყო  ცნობილი აკრობატი  ავთანდილ ფერაძე, რომლის მსგავსი არც საბჭოთა ცირკში იყო და არც სხვა ქვეყნებში. მან გააკეთა საოცარი  ნომერი „ინტერკოსმოსი” – ეს იყო  პირველი მცდელობა იმ ტრიუკებისა, რასაც დღეს მსოფლიოს საუკეთესო საცირკო დასები ასრულებენ. მაყურებელს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აკრობატი ჰაერში დაფრინავდა. იმ პერიოდში ბევრი  ცდილობდა ამ ნომრის გამეორებას, მაგრამ, უშედეგოდ. ამ ნომრის  შესრულების შემდეგ ის  დატოვეს მოსკოვის ცირკში და ქართულ დასში აღარ გამოუშვეს, ათი წლის განმავლობაში შეუდარებლად ასრულებდა ამ ნომერს. მაშინ მოსკოვის ცირკის დირექტორი ბრეჟნევის სიძე ევგენი მილაევი იყო. მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ბრეჟნევის ოჯახის ურთიერთობა ცირკთან  საერთოდ ცალკე თემაა, ბრეჟნევის ქალიშვილი გალია ბრეჟნევა  ძალიან დაახლოებული იყო ამ წრესთან, საცირკო დასებში ბევრი ახლობელი ჰყავდა. საქვეყნოდ იყო გახმაურებული მისი რომანი იგორ კიოსთან. გალიამ მოინდომა კიდეც მასზე გათხოვება და იგორთან ერთად  მოსკოვიდან  იტალიაში გაიქცა. ხელიც ჰქონდათ მოწერილი, მაგრამ, იგორმა გალია ცოლად მაინც ვერ მოიყვანა. ბრეჟნევმა ისინი  დააბრუნა მოსკოვში, გალიას უთხრა, მეყოფა მე ოჯახში  ერთი „ცირკაჩიო“ და თითქმის ძალით გაათხოვა ჩურბანოვზე, რომელიც წლების მერე „ემვედეს“ მაღალჩინოსანი  გახდა.  იგორ კიოს  მეორე ცოლად  ჰყავდა ბათუმელი  ებრაელი გოგონა, რომელიც თავადაც იღებდა მონაწილეობას საცირკო ნომრებში. მანამდე კი იგორ კიოს  ცოლი იყო ულამაზესი გოგონა, იოლანდა ალხავიკოვა. ის იყო „ქალი-კაუჩუკი”. „ქალი-კაუჩუკი” მაშინ იშვიათობა იყო და საცირკო წარმოდგენაში მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  როლი ჰქონდა. ასეთი ქალი განსაკუთრებული ელასტიკურობით გამოირჩეოდა, ყველაზე ცნობილი ნომრების შერსრულების დროს, უზომოდ მცირე ზომის ყუთშიც კი შეეძლო მოთავსება ფეხების შეკეცვით. სწორედ მაშინ, როცა ილუზიონისტი ქალს შუაზე „ჭრიდა”, ვითომ თავის მოჭრის დროს  იოლანდა ყუთის ქვედა ნაწილში იკეცებოდა.
–  თბილისის ცირკის შესახებ მინდა გკითხოთ: მართალია, რომ ამ შენობის ქვეშ საიდულო გვირაბები და საცავებია?
–  ჩვენი ცირკი საბჭოთა კავშირში ყველაზე ძველი და მასშტაბური შენობა იყო, ასეთივე ძველი იყო რიგის ცირკის შენობაც. უნიკალური ადგილმდებარეობით მსოფლიოს ცნობილ ცირკებს შორის ერთ-ერთი პირველია. და ძალიან მწყდება გული, რომ ისე არაა დატვირთული, რის საშუალებასაც ეს შენობა იძლევა. ცირკის სარდაფში, მიწის ქვეშ, თითქმის ცირკის შენობის ტოლი ფართია, არის გვირაბი, რომელიც მტკვრის ქვეშ გადის, მუშტაიდის ბაღთან. მოგეხსენებათ, ჩვენი ცირკი 1983 წელს არის აშენებული ლავრენტი ბერიას მიერ. მაშინ ცირკი სტრატეგიულ შენობად ითვლებოდა და  შესაბამისად,  ისე დააპროექტეს, რომ მიწის ქვეშ ძალიან ბევრი დამხმარე ნაგებობაა. მე ერთხელ ვარ ჩასული ამ გვირაბში, თუმცა, ბოლომდე ვერ გავედი,  რადგან გვირაბი ჩაკეტილია რკინის  დარაბებით. 70-იან წლებში იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ცირკს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური, ეგრეთ წოდებული „ობეხეესი“ დაეცა.   დალუქეს ის საწყობები,  რომლებიც ცირკის შენობის ქვეშ იყო და დაიწყო გამოძიება. თურმე,  საცირკო წარმოდგენების დასრულების შემდეგ, როდესაც მსახიობები და  მომსახურე პერსონალი ცირკიდან მიდიოდნენ, ამ სარდაფებში იწყებოდა კონტრაბანდულად შემოტანილი  ტყავით ვაჭრობა და განაწილება.  ამ დანაშაულს დიდი ამბები მოჰყვა, ცირკის დირექტორიც კი  შეეწირა.  ეს ჩვენს მსახიობებს არ ეხებოდა, მაგრამ, ზოგადად ცირკის მსახიობებს შორის ბევრი ძალიან მდიდარი და ცნობილი მაფიოზიც იყო, რომელთა უმეტესობა ფულს უცხოეთში გასტროლებით შოულობდა. ზოგი ისეთი გავლენიანი იყო, ლას-ვეგასსა და მონტე-კარლოში დიპლომატიური პასპორტებიც კი ჰქონდათ. როგორც ჩანს, ბევრმა, პროფესიული ფოკუსების გარდა, სხვა „ფოკუსებიც“  იცოდა,  რაც  სხვებისთვის საიდუმლო იყო (იცინის).

скачать dle 11.3