კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეხმარა ჰააგაში ჩასულ იუველირ ზაურ კვარაცხელიას ჰოლანდიის დედოფლის დიადემაზე ამოტვიფრული მისი გვარი

მისი ხელები სასწაულებს ქმნის, ისეთ სასწაულებს, რომლებსაც „ცისფერსისხლიანებიც“ კი სიამოვნებით ატარებენ. იუველირი, ბატონი ზაურ კვარაცხელია ყველაზე პრეტენზიულებისა და მომთხოვნების სილამაზის სამსახურშია, მისთვის კი ყველაზე დიდი ჯილდო აღფრთოვანებული ქალის თვალებია. იუველირის ოქროს ხელებით შექმნილი სამკაული ქალის ნაკვთებს გაცილებით დახვეწილსა და მიმზიდველს ხდის. 

 

 ზაურ კვარაცხელია: დაბადებიდან მხატვარი ვარ. ზუგდიდში ჩეხებმა ფაიფურის ძალიან კარგი ქარხანა გახსნეს. იმ პერიოდში ლენინგრადის აკადემია დამთავრებული მქონდა და ვასწავლიდი გერცენის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სამხატვრო-გრაფიკულ ფაკულტეტზე. ამავდროულად, ლენინგრადის მხატვართა კავშირის წევრიც გახლდით. იმ დროს უკვე მყავდა მეუღლე, თბილისელი გოგო, შვილიც შემეძინა. მოკლედ, დაბრუნების დრო დადგა. ჩამოსვლამდე ლენინგრადში ფაიფურის ქარხანაში დავდიოდი, ავითვისე ტექნოლოგიები და შევისწავლე ყველაფერი, რაც საჭირო იყო. უნდა შეგვექმნა ახალი ფაიფური ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით. ზუგდიდში ვიმუშავეთ, ვიმუშავეთ და დავიშალეთ. დაიწყეს ამ საცოდავი თეფშების მოპარვა. ვთხოვდი, ჯერ დავიწყოთ, რაღაც გავაკეთოთ, რაებს აკეთებთ-მეთქი. ხელმძღვანელობისგანაც კი ასეთი პასუხი მივიღე: დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო. ყოველთვის პრინციპულად ვიდექი მსგავს საკითხებში და წამოვედი ქარხნიდან. ზუგდიდიდან თბილისში ჩამოვედი.

– ამ პერიოდში იმუშავეთ ფარაჯანოვთან?

– კინო ყოველთვის მაინტერესებდა. კინოში პიტერშიც ვმუშაობდი, მაგალითად, „მეფე ლირისთვის” გავაკეთე ბალთები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები, რაც კი სჭირდებოდათ. კინოს მაგიური მიზიდულობა აქვს და ყოველთვის მინდოდა ამ გარემოში მუშაობა. ჩემი რეზიუმე მივიტანე ჩხეიძესთან და მითხრა, დეკორატორად წაგიყვანო. ნიკა ყაზბეგთან ერთად დამდგმელ მხატვრად ვიმუშავე „ჩიორაზე”. ახლა მეტყვით, სკანდალური ხარო, მაგრამ, იქიდანაც გულდაწყვეტილი წამოვედი. მთელი კინო გავაკეთე. სერგო ფარაჯანოვი დამცინოდა კიდეც – რვაასი ნახატი გამაკეთებინეს, მულტიპლიკაცია ხომ არ იყო, რად უნდოდა ამდენი ნახატი. მოკლედ, რაღაც არ მომეწონა და წამოვედი. დამემუქრნენ ტიტრებიდან ამოგშლითო. ამომშალეთ-მეთქი – რა უნდა მექნა. მაშინ სერგომ მითხრა, ჩემთან წამოდი, სხვა შენი პატრონი არ არისო. სერგო მაშინ ჩემთვის და ჩემი თაობისთვის კუმირი იყო როგორც რეჟისორი და როგორც ადამიანი. მასში ორი პიროვნება ცხოვრობდა: ერთი – გენიოსი, მეორე აუტანელი. ის თვითონ აკეთებდა ყველაფერს. ვაღიარებ, რომ არაფერი გამიკეთებია, იმდენად ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და ხედავდა კადრებს. არ შეიძლებოდა, მისთვის ხელი შეგეშალა...

– თუმცა, მისი ფანტაზიის რეალიზებაც საკმაოდ რთული იყო. 

– ერთ ეპიზოდს მოგიყვებით: „სურამის ციხეზე” ვმუშაობდით, კომბინირებული გადაღებების მხატვარი ვიყავი. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან, იმას, რასაც ახლა კომპიუტერში აკეთებენ, იმას ვაკეთებდით ცოცხლად. ჩაილურის ციხესიმაგრე, ცოტა მაღალ ფერდობზე დგას და ის გადავიღეთ, როგორც სურამის ციხე. ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ გაგვეკეთებინა მისი აშენებისა და დანგრევის იმიტაცია. წარმოდგენა არ გვქონდა, ეს როგორ კეთდებოდა. დავიწყე კვლევა, რაღაცეების კითხვა და გავიგე, როგორ აკეთებდნენ ამას ამერიკელები: უნდა აიღო პატარა ქვები, იმის მსგავსი, როგორიც ის არის რეალურად და შექმნა პატარა მაკეტი, რომელსაც შემდეგ მასშტაბში გაზრდი. ამ მაკეტის შიგნით უნდა იყოს რეზინის გაბერილი კამერა, რომელიც გადაბერვის შედეგად ნგრევის ეფექტს გვაძლევს. ეს არის „კინოშნიკური” ფანდები, რაც დიდი ამბით ავითვისე, გახარებული მივედი სერგოსთან და გავუზიარე ეს ყველაფერი. მიყურებს და, ვხვდები, საერთოდ არ მისმენს, სადღაც სხვაგან არის ფიქრებში. უცებ მეუბნება, წადი აეროპორტისკენ, სარკეების საამქროა, ყველაზე დიდი ხუთი-ექვსი სარკე ამირჩიე და მომიტანეო. უზარმაზარი სარკეები გაგვიკეთეს და ეს სარკეები ფარაჯანოვმა ერთმანეთის წინ დადგა ისე, რომ კამერა ანარეკლს იღებდა და არა კოშკს. ამ სარკეს ზუსტად ცენტრში ურტყამდნენ და ის ნაწილებად იფშვნებოდა. როდესაც „რაპიდით”, ანუ, შენელებულად იღებ და ის იმტვრევა ამ დროს კამერა გადადის ნამდვილ ციხეზე ისევ მთელია და ასე მეორდება სამჯერ. ის სულ სხვანაირად მსჯელობდა კინოზე, ფერწერულ ტილოებს ამსგავსებდა ყველა კადრს. ფარაჯანოვი ჩემი შესაფასებელი არ არის, მაგრამ, ის „მინიატურშჩიკი” იყო – აღმოსავლური, სპარსული მინიატურების სილამაზე აქვს კადრებში. 

– დოდო აბაშიძე ეხმარებოდა ამ ფილმის გადაღებაში?

– დოდო სერგოს ფარივით ჰყავდა, მისი ახლო მეგობარი იყო. ის მთავარ როლში თამაშობდა და თავიდან ვითომ ის იყო რეჟისორი. სერგოს აკრძალვები ჰქონდა და დოდო ეხმარებოდა. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდი და ერთ დღეს დოდომ მანქანით მომაკითხა. იმ პერიოდში ყველა საბჭოთა მანქანით დადიოდა, დოდოს კი, მართალია, ძველი, მაგრამ, მაინც „მერსედესი” ჰყავდა. მფრინავი თეფშივით უკვირდა ხალხს „მერსედესი”. უცებ დოდომ ქვემოდან დაიწყო ყვირილი: „ფაბერჟე! ფაბერჟე”!.. გადავხედე – რა გჭირს, რას ყვირი-მეთქი. გაჩუმდი, რეკლამას გიკეთებო, – მიპასუხა (იცინის). 

– სამკაულებთან ურთიერთობა როდის დაიწყეთ?

– ძალიან ადრე. ყველაზე მეტად მიხაროდა, როდესაც ქალბატონებს ვჩუქნიდი ნაკეთობებს და მათ სახეზე აღფრთოვანებას ვხედავდი. პირველი ქალი, ვისაც სამკაული ვაჩუქე, დედა იყო. სამოციან წლებში პიტერში ვიყავი, როდესაც თბილისში ჭედურობის ბუმი დაიწყო. მთელი რუსეთი აღფრთოვანებული იყო ამ ქართული ჭედურობით, რომელიც ბექა და ბეშქენ ოპიზრებამდე ბიზანტიიდან შემოვიდა და თავისი განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. დავიწყე ამის გაკეთება. დიდი „ჩეკანკებიდან” პატარა ნივთებზე გადავედით – სპილენძის სამაჯურები, თმის სამაგრები... ულამაზეს ნივთებს ვაკეთებდით, რომლებიც გოგონებს ძალიან მოსწონდათ. 

– ჰოლანდიის ამბები მაინტერესებს.

– პირველად ჰოლანდიაში 1989 წელს ვიყავი. ძალიან კარგად მიმიღეს და გადავწყვიტე, მთელი ოჯახით წავსულიყავი. ჩავედი და თან წავიღეთ მხოლოდ ის, რაც ჩემი ცოლისთვის მქონდა საჩუქრად გაკეთებული. ჰააგაში ჰოლანდიელ იუველირთა ასოციაციაა, სადაც უამრავი სახელოსნოა და სწორედ იქ მივედი. თან, მაშინ გათამამებული ვიყავი – რუსეთში ოცდაორი გამოფენა მქონდა, გამოფენა კი მხატვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ იცით. მაგრამ, ჰააგაში ერთ წუთში „გამაგრილეს“ (იცინის). ჯიბიდან ჩემი ნაკეთობები რომ ამოვიღე, თავაზიანად, მაგრამ, ცივად მიგვიღეს და დაიწყეს ნაკეთობების თვალიერება. მითხრეს, პრესა, კრიტიკა, რეცენზიები, ხელოვნებათმცოდნეების შეფასებები გვჭირდებაო. უცებ გამახსენდა, რომ ლენინგრადის სამხატვრო ფონდში მუშაობისას, „ცეკადან” დაკვეთები მოდიოდა, რომლებსაც ვასრულებდით. იყო შეკვეთა რუსული სტილის დიადემისა და კოლიეს შექმნაზე, რომელიც სამმა ადამიანმა გავაკეთეთ. მერე გავიგეთ, რომ ის ჰოლანდიის დედოფლისთვის შეგვიქმნია. ეს საჩუქრები კი არ ქრება, ავტორიანად იდება მუზეუმში. ეს ამბავი გამახსენდა და იმ ქალს ვუთხარი. ის წავიდა და, როგორც ჩანს, ძებნა დაიწყო. ერთი ორმოცი წუთის შემდეგ კი სულ სხვა ქალი დაბრუნდა უკან – გაფართოებული თვალებითა და გაღიმებული სახით. როგორც ჩანს, ეს დიადემა მოქექეს, ჩემი გვარიც წაიკითხეს და ამან გამიხსნა გზა. ჰოლანდიაში ცოტა ხანს ვიმუშავე...

– სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიდან კიდევ ვინმეს აქვს თქვენი ქმნილება?

– აქვს ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს. აქაც მონაწილეობა მაქვს მიღებული. არასდროს ვამბობ, რომ მე, მარტომ გავაკეთე. ეს იყო 1994 წელს, როდესაც დედოფალი პუშკინოში იყო სტუმრად. ლენინგრადის მთავრობამ, მაშინ მერი სობჩაკი იყო, აჩუქა ჩვენ მიერ გაკეთებული ხატი, ორი კარითა და თაღით, რუსულ ტრადიციულ სტილში გაკეთებული. შიგნით იყო პუშკინის სასახლის მინიატურა, მარცხნივ ნიკოლოზ მეორის პორტრეტი გავაკეთეთ და მეორე მხარეს – დედოფლის ბიძაშვილის, სახელი არ მახსოვს. უინძორები და რომანოვები ერთმანეთს ენათესავებოდნენ და ნათესაობის აღსანიშნავად ეს პორტრეტები დავსვით. მოკლედ, დედოფლის არქივშიც ინახება საჩუქარი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მაქვს მიღებული.

– რა ღირს თქვენი ნაკეთობები?

– გააჩნია შეკვეთას, ნაკეთობის სირთულეს, მასალას, დახარჯულ დროს, სამუშაო დღეებს, მოკლედ, ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ჩემი ჯილდო მაინც აღფრთოვანებული ქალია, რომელსაც მოსწონს ნაკეთობა და თან ამის გამოხატვა შეუძლია. ჩემთვის მთავარია, ნაკეთობა არ უსწრებდეს ქალის სილამაზეს. სამკაული ცოტა ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე მისი მომავალი პატრონი, მან ხაზი უნდა გაუსვას მის დადებითსა და დამალოს უარყოფითი. ამიტომაც, ჯერ ქალის პორტრეტს ვხატავდი, ვუხატავდი, რა მოუხდებოდა და უამრავ პროცედურას ვატარებდი იმისთვის, რომ მენახა, რამდენად უხდებოდა კონკრეტული სამკაული კონკრეტულ ქალს. 

– საქართველოში დიდი ხნით ჩამოხვედით?

– სულ დავბრუნდით. 2008 წლის ომის შემდეგ, უბრალოდ, შეუძლებელი იყო ჩემთვის იქ დარჩენა. ოჯახთან ერთად ჩამოვედი და მიხარია, რომ შვილები ამ წამოწყებაში უცებ ამყვნენ. უამრავ ადგილას მიცხოვრია, მათ შორის ამერიკაშიც, მაგრამ, არ არის იქ ჩემი ადგილი. მათ აქვთ კარგი ქვეყანა და შენ ცდილობ, მას აეწყო, ეს კი შეურაცხმყოფელია. მოდი, წადი და შენს ქვეყანაში ააშენე კარგი ქვეყანა. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ყველგან პატარა საქართველო მქონდა შექმნილი ჩემი სახლისა და ოჯახის სახით და, მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი.

 

 

скачать dle 11.3