კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სადისტურად აწამებდა და ხოცავდა ცნობილი ქართველი მილიციელი ადამიანებს

 

რამაზი

19 წლის რამაზ ფიფია ფეხში იყო დაჭრილი და მართალია, ჭრილობა სასიკვდილო არ იყო, მაგრამ, ბევრ სისხლს კარგავდა და სამედიცინო დახმარება იყო საჭირო. 

– თუ გინდა, ექიმს გამოვუძახო, თქვი, ვინ იყო შენთან ერთად. არადა, სისხლისგან დაიცლები და ჩაძაღლდები! – უთხრა რამაზს მილიციის ოპერმა, კაპიტანმა ჯემალ კევლიშვილმა და სიგარეტი გააბოლა.

– მარტო ვიყავი, – მოკლედ მოუჭრა რამაზმა კევლიშვილს. კაპიტანმა მას სახეში მიაბოლა.

– შენი დედაც, შე ნაბიჭვარო! ვის ატყუებ? გამოტყდი, თორემ, ძაღლივით მოკვდები აქ და დახმარების ხელსაც არავინ გამოგიწვდის.

– შენი დედაც! მე თუ მოვკვდი, კაცურად მოვკვდები, შენ კი ძაღლური სიკვდილი არ აგცდება, – უთხრა რამაზმა მილიციის კაპიტანს და მარჯვენა ბარძაყზე დაიდო ხელი, საიდანაც განუწყვეტლივ სდიოდა სისხლი. ეს ჭრილობა კი, მას ჯემალ კევლიშვილმა მიაყენა.

– ვის აგინებ, შენი დედაც!.. – იღრიალა კევლიშვილმა, სკამიდან წამოხტა, რამაზს პისტოლეტის ტარი ჩაარტყა თავში, იატაკზე დააგდო და წიხლებით დაუწყო ცემა. გული რომ იჯერა, ოთახიდან გავიდა და ერთ-ერთ ხელქვეითს, რიგით მარშანიას უბრძანა.

– ის ნაბიჭვარი კამერაში შეაგდე, იატაკი კი მორეცხე, რომ სისხლის კვალი არ ემჩნეოდეს.

მარშანია ბრძანების შესასრულებლად გაემართა, კევლიშვილი კი მილიციის უფროსის კაბინეტში ავიდა, რადგან გამოძახებული იყო.

– რა ჰქენი, ჯემალ, გამოტყდა? – ჰკითხა კევლიშვილს პოლკოვნიკმა სარიამ.

– ატკაზზე გადის, მაქსიმოვიჩ. ორი საათია, ვაკაჩავებ და მაინც არაფერს ამბობს. მაგრამ, ნიჩევო, ახლავე ჩავალ და პრესვას გავაგრძელებ.

– არ გინდა, ცოტა დაისვენოს. ჭრილობა არ გაეხსნას და გაუდიდდეს, თორემ, პრობლემები შეგვექმნება. ხომ დაუმუშავეს ჭრილობა?

– არა, მაქსიმოვიჩ, ექიმი ჯერ არ მოგვიყვანია.

– რაო?! – წამოენთო სარია, – ორი საათია აკაჩავებ ბიჭს? ჩქარა, ექიმი, თორემ, მოკვდება!

სარია და კევლიშვილი ოთახიდან გაცვივდნენ, რომ ფიფია ენახათ. მაგრამ, მარშანიას განწირული ხმა მოესმათ, რომელიც მილიციის უფროსის კაბინეტში შეიჭრა და ყვიროდა:

– ფიფია მოკვდა! ბიჭი არ სუნთქავს, ოთახში სისხლის გუბე დგას...

ტიტე სარია რომ დარწმუნდა, რამაზი გარდაცვლილი იყო, ჯემალ კევლიშვილს უთხრა:

– შენი მანქანით საავადმყოფოში მიიყვანე და მისაღებში თქვი, რომ გზაში გარდაიცვალა; თან, ისე ქენი, მისი სისხლით შენი მანქანის სიდენია დაისვაროს. წადი, იმოქმედე, შე კრეტინო, და არაფერი წამოროშო! რა გეშველებოდა, მე რომ არ გყავდე!

„მე რომ არ გყავდე, ფულებს ვინღა მოგიტანდა“, – ჩაიბურტყუნა კევლიშვილმა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მას მილიციის უფროსმა უთხრა.

რამაზ ფიფიას მთელი თბილისი ასაფლავებდა, თუმცა, მისი ოჯახის ტრაგედია ამით არ დასრულებულა: მამამისს დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა; მის მეუღლეს, 17 წლის ეკას, მუცელი მოეშალა და მკვდარი შვილი შობა. დედამისს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. მხოლოდ მის 10 წლის ძმას, ოთარს არ დამართნია არაფერი, რადგან ის თავის მეცნიერ ბიძას ამაზონის ჯუნგლებში ახლდა და, მათ, უბრალოდ, ხმა ვერ მიაწვდინეს. ისინი მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში და პარალიზებული ნოდარ ფიფია და ჭკუიდან შერყეული ეკა დახვდათ...

მკვლელი მილიციელი

კაპიტანი ჯემალ კევლიშვილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიციელი იყო. მართალია, არც ცოდნა გააჩნდა და არც საზრიანობა, მაგრამ, დაუნდობელი, სადისტი ადამიანი იყო და ამით გადიოდა ფონს.

იმ საბედისწერო დღეს, რამაზ ფიფია და მისი ძმაკაცი, კოტე გელაშვილი, ერთ-ერთ თბილისურ ეზოში სახლის სახურავზე იმყოფებოდნენ და ცარიელ ბინაში შესასვლელად ემზადებოდნენ, რომელიც იატაკქვეშა მილიონერს, ბუხუტი მგელაძეს ეკუთვნოდა. ამ დროს, ეზოს წინ მილიციის მანქანა გაჩერდა, რომელიც საღამოს პატრულირებას ახორციელებდა და სწორედ იქ იჯდა კაპიტანი კევლიშვილიც. ქურდებს ეგონათ, რომ მილიციელები მათ დასაჭერად იყვნენ მისულები და გაქცევა დააპირეს. ხმაურზე ჯემალ კევლიშვილმა პისტოლეტი იშიშვლა და კოტე გელაშვილის მისამართით არაზუსტად გაისროლა. პისტოლეტი იშიშვლა რამაზმაც, მაგრამ, გასროლა არც  უცდია, გაქცევა დააპირა. კევლიშვილმა მეორედ გაისროლა, რამაზი ფეხში დაჭრა და მილიციაში წაიყვანა, სადაც ფიფია ორ საათში სისხლისგან დაიცალა. კოტე გელაშვილმა კი გაქცევა მოახერხა და სწორედ მისი პიროვნების გაუმჟღავნებლობის გამო გაწირა კევლიშვილმა ფიფია...

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ფიფია „შავი გაგების“ ახალგაზრდა იყო და „კანონიერი ქურდობა“ უნდოდა, ის კარგი ოჯახის შვილი გახლდათ: დედამისი ექიმი იყო, მამა – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიძა, თემურ ფიფია კი – გეოგრაფიის პროფესორი. რამაზის მეუღლე ეკაც ცნობილი მუსიკოსების ოჯახიდან იყო. ნიჭი და განათლება არც რამაზს აკლდა, თუმცა, მას გული აცრუებული ჰქონდა საბჭოთა წეს-წყობილებაზე, სამართალს შავ სამყაროში ხედავდა და ამიტომ დაადგა ასეთ გზას. რომ არა ერთბაშად თავს დამტყდარი ამდენი უბედურება, რამაც რამაზისა და ეკას ნათესაობა დააბნია და შოკში ჩააყარა, ჯემალ კევლიშვილს უმკაცრეს პასუხს მოსთხოვდნენ. მაგრამ, მილიციამ მოხერხებულად ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით, თავის სასარგებლოდ წარმართა გამოძიება და საქმე ჩაფარცხა...

სამი თვის შემდეგ ბრაზილიიდან დაბრუნებულმა თემურ ფიფიამ ძმისშვილის მკვლელობის საქმის წამოწევა სცადა, თუმცა მას ტაქტიკურად ბლოკავდნენ. ამასობაში გარდაიცვალა რამაზის მამა და თემურმა გაჩერება გადაწყვიტა. ერთ-ერთ ნათესაურ შეკრებაზე მან თქვა:

– მოვა დრო და ყველა გარეწარი თავისას მიიღებს. ახლა კი ჯობია შევჩერდე, რადგან ოთო მყავს გასაზრდელი. ეყოფა ბავშვს, რაც გადაიტანა და, მეშინია, არ გამიგიჟდეს.

საქართველოდან გაცლა გადაწყვიტეს ეკას მშობლებმაც. ისინი რუსეთში გადასახლდნენ, ეკაც თან წაიყვანეს და შოკირებული გოგონას კრიზისიდან გამოყვანა ამგვარად სცადეს. საქართველო დატოვა თემურ ფიფიამაც, რომელმაც ოთარიც თან წაიყვანა, ბინა კი ჩაკეტა.

დაუსჯელობით შეგულიანებული ჯემალ კევლიშვილი კიდევ უფრო მეტად გათავხედდა და კიდევ ერთი ადამიანი შემოაკვდა წამების დროს, სამი კი ისე დააინვალიდა, რომ სამუდამოდ მიაჯაჭვა ლოგინს. გადიოდა დრო. ჯემალი უფრო და უფრო სასტიკი და სისხლისმსმელი ხდებოდა და კორუფციული გზით მეტ ფულს შოულობდა. მან ჯერ მანქანა გამოიცვალა და ახალთახალი „ჟიგული“ იყიდა, შემდეგ კი ხუთოთახიანი ბინა შეიძინა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში. ყველა სიკეთესთან ერთად, ჯემალ კევლიშვილს კარიერული წინსვლაც ჰქონდა და, პოდპოლკოვნიკის ჩინის მიღების პარალელურად, თბილისის ერთ-ერთი რაიონის მილიციის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი გახდა. სწორედ იმ პერიოდში გაიქცა ციხიდან კოტე გელაშვილი, რომელიც მილიციამ რამაზ ფიფიას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დააპატიმრა. ძმაკაცის მკვლელობით შეძრწუნებულ გელაშვილს ჯემალ კევლიშვილის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. მას სახლთან დაუდარაჯდა, იარაღი კეფაზე მიადო, უთხრა, ვინც იყო და რისთვის კლავდა, მაგრამ, ნაგანის სასხლეტს რომ გამოჰკრა თითი, ცილინდრი გაიჭედა... ამით ისარგებლა კევლიშვილმა და კოტე განაიარაღა. შემდეგ კოლეგებს უხმო, გელაშვილი მილიციაში წაიყვანა და ისე სასტიკად აწამა, რომ პატიმარი ექვსი თვე საავადმყოფოში იწვა. ის მხოლოდ ამის მერე გაასამართლეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და, ჯერ 5 წელი თბილისის „კრიტში“ გამოამწყვდიეს, შემდეგ კი რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. იქ მან კიდევ 3 წელი დაყო, ერთ მშვენიერ დღეს კი დაჰკრა ფეხი და გაიქცა. ამგვარად, რამაზ ფიფიას გარდაცვალებიდან თითქმის 9 წელი იყო გასული. კევლიშვილი უკვე „გაჩითული“ ბობოლა „ძაღლი“ იყო და, ახალი წოდებისა და თანამდებობის მიღებას ქეიფით ზეიმობდა თავის ფეშენებელურ ბინაში მეგობარ მილიციელებთან ერთად, როდესაც მას დაურეკეს.

– ჯემალს სთხოვეთ! – გაისმა ტელეფონში მამაკაცის ხმა.

– მე ვარ.

– მაგ ვარსკვლავს, თანამდებობასა და ცოდვებს სულ ცხვირში ამოგადენ. მალე მოვა დრო და თავს საშინელი შურისძიება დაგატყდება.

– ვინ ხარ? – გაყინული ხმით იკითხა ჯემალ კევლიშვილმა.

– შურისმაძიებელი... – მიუგო მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.

ჯემალ  კევლიშვილი სუფრასთან დაბრუნდა. მაგრამ, ნირი ჰქონდა წამხდარი და შეშინებულმა თქვა:

– კოტე გელაშვილმა დამირეკა და სიკვდილით დამემუქრა.

სადისტური მკვლელობა

ჯემალ კევლიშვილი დარწმუნებული იყო, რომ მას ციხიდან გაქცეული კოტე გელაშვილი დაემუქრა, ამიტომ მოსვენება დაეკარგა, შიშმა შეიპყრო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გელაშვილი მოეძებნა და მოეკლა.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, პოდპოლკოვნიკ ჯემალ კევლიშვილს უფრო მეტად იპყრობდა შიში. ყოველ სატელეფონო ზარზე ან მის სიახლოვეს გამოჩენილი უცნობი ადამიანის დანახვაზე გული გახეთქვაზე ჰქონდა. ამის გამო კევლიშვილმა მაქსიმალურად შეზღუდა გადაადგილების არეალი, სახლში კი რკინის კარი და გისოსებიანი ფანჯრები ჩასვა და ცდილობდა, ზედმეტად არსად გასულიყო. ამ ყველაფრის პარალელურად კი მან ყველა თავისი აგენტი ფეხზე დააყენა და შეჰპირდა, ვინც მას კოტე გელაშვილის ადგილსამყოფელს აპოვნინებდა, ოცი ათას მანეთს გადაუხდიდა. ამასობაში კიდევ ორი წელი გავიდა, მაგრამ ძებნილ გელაშვილს ვერც მილიცია პოულობდა და ვერც კევლიშვილის „ნასედკები“... ერთი ზაფხულის საღამოს კი კევლიშვილის ბინაში ტელეფონმა დარეკა და პოდპოლკოვნიკს ერთ-ერთმა „ნასედკამ“ აცნობა:

– პაპუნოვიჩ, გელაშვილი ნახალოვკაშია, ოქტომბრის ქუჩაზე, – მერე კევლიშვილს ძებნილი გელაშვილის კონსპირაციული ბინის ზუსტი მისამართი აცნობა და ჰკითხა: – დაპირებული ოცი ათასის საქმე როგორ იქნება?

– როცა ავიყვან, ფულს მაშინ მიიღებ, – მიუგო კევლიშვილმა აგენტს და ყურმილი დაუკიდა. შემდეგ თავისი ხელქვეითებისგან შემდგარი ოპერჯგუფი ნახალოვკაში გაგზავნა, თვითონ კი საკუთარი მანქანით გაემგზავრა იქ და ოპერაციის შედეგებს დაელოდა.

– ავიყვანეთ, პაპუნოვიჩ! კრიშიდან ბალკონზე ჩავედით და, ისე ავაგდეთ, გაკუებაც ვერ მოასწრო, – უთხრა კევლიშვილს ერთ-ერთმა ხელქვეითმა, რომელმაც ხელბორკილდადებული კოტე გელაშვილი მიუყვანა უფროსს.

– ამას მე მოვიყვან. თქვენ კი კრინტი არსად დაძრათ და პატივისცემა ჩემზე იყოს, – გააფრთხილა კევლიშვილმა ხელქვეითები, შემდეგ დაკავებული „ჟიგულის“ უკანა სავარძელზე დააკრეს და პოდპოლკოვნიკმა მანქანა ადგილიდან დაძრა...

ჯემალ კევლიშვილმა გელაშვილი ძველი ქარხნის ნანგრევებში მიიყვანა, მანქანიდან გადმოათრია, მსხვილ მილზე მიაბა და უთხრა:

– ეს შენ მემუქრებოდი სიკვდილით?

გელაშვილმა მრისხანე მზერა ესროლა კევლიშვილს და ზიზღით უთხრა:

– სასიკვდილო კი ხარ, მაგრამ, მე არ დამირეკავს ტელეფონზე და არ დაგმუქრებივარ. თუმცა, შენი მოკვლის სურვილი არასოდეს გამნელებია.

– ჰოდა, სიკვდილს განახვებ ახლა, – მიუგო კევლიშვილმა გელაშვილს და პირში ჩვარი ჩასჩარა, რომ არ ეყვირა, შემდეგ რკინის ჯოხით დაუწყო სადისტურად ცემა. როდესაც გელაშვილი გარდაიცვალა, კევლიშვილმა მას ხელბორკილები მოხსნა, პირიდან ჩვარი ამოუღო, შემთხვევის ადგილზე დააგდო და წავიდა.

იმავე საღამოს კევლიშვილმა თავის ხუთ ოპერს ათას-ათასი მანეთი გადაუხადა დუმილისთვის. შემდეგ აგენტს შეხვედრაზე შეუთანხმდა ფულის გადაცემის საბაბით. ხოლო, როდესაც ის შეხვედრაზე გამოცხადდა, პოდპოლკოვნიკმა „ნასედკა“ გაუფორმებელი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან რომ წამოვიდა, იდიოტური თვითკმაყოფილებით ჩაილაპარაკა: „ესეც ასე, ყველა კვალი წაშლილია, მტერი კი მკვდარია და ფეხებსაც ვერავინ მომჭამს“...

შურისმაძიებელი

კოტე გელაშვილის მკვლელობიდან ათი წელი იყო გასული. ჯემალ კევლიშვილი, რომელიც ეროვნული მთავრობის დროს პოლიციიდან გაათავისუფლეს და დასაჭერად ჰქონდა საქმე, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამსახურში აღადგინეს, თანამდებობაც დაუბრუნეს და პოლკოვნიკის ჩინიც მიანიჭეს.

– დიდება ედუარდ ამბროსოვიჩს! – ხშირად იმეორებდა ხოლმე კევლიშვილი და შევარდნაძის მზეს ფიცულობდა, რომელმაც საქართველოს მმართველობაში დაბრუნების შემდეგ მრავალ ჯალათ მილიციელს დაუბრუნა ძალაუფლება და მათ ბინძური საქმეებისთვის იყენებდა.

პოსტზე აღდგენილი, უკვე პოლკოვნიკი ჯემალი ახალი ენერგიით შეუდგა ძველ საქმიანობას და იმდენად კრიმინალებს არ ებრძოდა, რადგან კრიმინალები მთავრობასა და ოფიციალურ სტრუქტურებში იყვნენ მოკალათებულები, რამდენადაც ზვიადისტების დევნით იყო დაკავებული. მან მრავალი ქართველი პატრიოტი გაისტუმრა იმქვეყნად, დაინვალიდებულთა რაოდენობა კი, სამნიშნა რიცხვს აჭარბებდა...

კორუფციასა და ჯალათობაში გამოწვრთნილი პოლკოვნიკი ჯემალ კევლიშვილი უკვე თანამედროვე „მერსედესით“ დასრიალებდა, წყნეთსა და კოჯორში აგარაკები აიშენა, ხოლო თბილისში კიდევ ორი ბინა იყიდა და ოთხი ეგრეთ წოდებული „ბუტკა“ გახსნა, საიდანაც გვარიანი შემოსავალი ჰქონდა. სიმდიდრის მიუხედავად, ჯემალი იმდენად წუწკი იყო, რომ დაქირავებულ გამყიდველებს ერთ თეთრსაც არ არჩენდა, მათ მიზერულ გასამრჯელოს უხდიდა და მცირეოდენი დარღვევის გამოც კი სასტიკად სჯიდა. ერთხელ, 23 წლის გამყიდველ გოგონას, რომელიც ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მუშაობდა, მისი სურსათის კიოსკში, ლარნახევრიანი დანაკლისი არ აპატია, სამსახურიდან გააგდო და კუთვნილი ხელფასიც არ მისცა.

– ძირში არ მომჭამო, შე ბოზო! წადი და მიჩივლე! – ასეთი სიტყვებით გაისტუმრა კევლიშვილმა საბრალო გოგონა და ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალი აიყვანა გამყიდვლად, რომელიც მასთან ქუჩაში გამოკრული განცხადების შედეგად მოვიდა.

ყველა ბოროტებასთან ერთად, კევლიშვილი მრუშიც იყო და შილიფად ჩაცმული ქალი რომ შეათვალიერა, ცხოველურმა ჟინმა მოუარა.

– თუ ფულს არ მომპარავ და ჩემს სურვილებს აასრულებ, არ წააგებ, – უთხრა მან ახალ თანამშრომელს.

– ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ იტყვით, –  მიუგო ქალმა და დაამატა: – სხვათა შორის, სანაპიროზე ერთი კარგი რესტორანი გაიხსნა და, შეგიძლიათ, დამპატიჟოთ, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.

კევლიშვილის ახალ გამყიდველს მეგი ერქვა. მან იმავე საღამოს გაუარა მეგის „მერსედესით“ და რესტორანში წაიყვანა.

– ჯემალიკო, აქ გამიჩერე, ძალიან გამიჭირდა და ვერ ვითმენ,  – უთხრა ქალმა კევლიშვილს ვულგარული ტონით და მანქანა ბუჩქებთან გააჩერებინა. მერე ჩუმად გახსნა ჩანთა, პულვერიზატორი ამოაცურა, კევლიშვილს სახეში მიასხურა და გათიშა. უცებ  „მერსედესში“ ოცდაათიოდე წლის ბიჭი ჩაჯდა, რომელმაც ჯერ ჯემალი მიაგდო უკანა სავარძელზე, შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა და გააქროლა...

ჯემალ კევლიშვილი უცნაურმა გრძნობამ გამოაღვიძა. თვალი რომ გაახილა, იგრძნო, რომ შიშველი რკინებზე იყო მიბმული. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სხეულზე უამრავი წურბელა დასეოდა და სისხლს სწოვდნენ. მის წინ კი ქალ-ვაჟი იდგა, რომლებიც კევლიშვილს მისჩერებოდნენ.

– რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მეგი? – ჰკითხა ჯემალმა ქალს.

– მე ეკა ვარ, რამაზ ფიფიას მეუღლე, ეს კი ოთო ფიფიაა, რამაზის ძმა, – მიუგო ქალმა ჯემალს. ოთომ კი დაამატა:

– გახსოვს, ტელეფონზე რომ დაგირეკე და დაგპირდი, შურისძიების დრო დადგა-მეთქი? ახლა ეს ათასობით წურბელა ისე დაგცლის სისხლისგან, როგორც ეს შენ ჩემს ძმას გაუკეთე...

პოლკოვნიკ ჯემალ კევლიშვილის წამება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, დილით კი ჯალათს სული ამოხდა...

P. S. ოთარ ფიფია და მისი რძალი დღესაც ცოცხლები არიან, უცხოეთში ცხოვრობენ და დროგამოშვებით სამშობლოშიც ჩამოდიან ხოლმე...

 

 

скачать dle 11.3