კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ძალიან მიჭირს პატიება

ეს ამბავი დეიდაჩემმა რომ მიამბო, უკვე დიდი გოგო ვიყავი – სკოლას ვამთავრებდი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ განვიცადე. იმ დღის მერე მამაჩემის დანახვაც არ მინდოდა (აღარაფერს ვამბობ ბებიაჩემზე), ცოლ-შვილი რომ ვერ დაიცვა თავისი მშობლებისგან. უკვე ინსტიტუტს ვამთავრებ და მხოლოდ ახლა გაახსენდა ბებიაჩემს (ბაბუა სამი წლის წინ გარდაიცვალა), რომ, თურმე, ერთადერთი შვილიშვილი ვყავარ და ვალდებული ვარ, მოვუარო. დედაჩემს აბრალებს – იმან შეაძულა ჩემი თავი თავის შვილს, თორემ, ჩემი გაზრდილი ბავშვი ასე როგორ მიატოვებდა ასეთ ნაამაგარ ბებიასო. ეტყობა, ამაგში იმას გულისხმობს, მე და დედა სახლიდან რომ გამოგვყარა (მაშინ 3 წლის ვიყავი) – ვიღაც ოხრებს რა უნდათ ჩემს სახლშიო. ბაბუამაც არ დაგვიცვა, ალბათ, ცოლს ეთანხმებოდა და იმიტომ. მაშინ მამაჩემი მივლინებაში იყო და დედას ეგონა, რომ ჩამოვა, ბინას ვიქირავებთ და ცალკე ვიცხოვრებთო, მაგრამ, რომ ჩამოვიდა, ეტყობა, ბებიამ ისეთი რამეები უთხრა, რომ მამამ მეორე დღესვე შეიტანა განცხადება გაყრაზე და, სკოლა ისე დავამთავრე, ერთხელაც არ უკითხავს, როგორ ვარ.

დედა და მამა რომ დაქორწინდნენ, დედაჩემი ჩემზე იყო ფეხმძიმედ და ბებია და ბაბუა ამ ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ – ჩვენმა შვილმა ორსული ქალი რატომ უნდა შეირთოსო, ანუ, ეჭვი ეპარებოდათ, დედა სხვის ბავშვს ხომ არ ატარებდა მუცლით. მაგრამ, მამამ გადალახა მათი წინააღმდეგობა, დედაჩემი ცოლად მოიყვანა და მშობლებს გამოუცხადა, ცალკე უნდა ვიცხოვროთო. ამაზე ბებიამ ახალი სკანდალი ააგორა – თავი უნდა მოგვჭრა სამეზობლოში და სანათესაოშიო, მაგრამ, მამა არ თმობდა პოზიციებს. ბოლოს ბებიამ და ბაბუამ მამაჩემს პირობა მისცეს, თან გადავყვებით შენს ცოლს, ოღონდ აქ იცხოვრეთო და ბოლოს მამამაც დაუთმო. მაგრამ, „იდილია“ დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ბებიამ გადაწყვიტა, თავისი „სიმართლე“ დაემტკიცებინა, დედა ღალატში გამოეჭირა და ამ მიზნით თვალთვალი დაუწყო: ყურს უგდებდა ტელეფონზე საუბრისას, არკვევდა მისი დაქალების ვინაობას და ისიც კი არ ეზარებოდა, თუ დედა სადმე წავიდოდა (თუნდაც მაღაზიაში, ბაზარში, სამსახურში ან მეგობართან), ტაქსით უკან გაჰყოლოდა. მისდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ვერაფერში გამოიჭირა და, გულგატეხილმა, გადაწყვიტა, სხვა ხერხისთვის მიემართა: ხან უკადრის სიტყვას აკადრებდა რძალს, ხან საქმეს უწუნებდა, ხან მის მშობლებს მოიხსენიებდა აუგად, ერთი სიტყვით, მუდმივად შარზე იყო. ერთ დღეს კი, როცა ისევ რაღაცაზე აუხირდა და დედამაც პასუხი გასცა, ბებიამ ისარგებლა იმით, რომ მამა სახლში არ იყო და მე და დედა სახლიდან გამოგვყარა. თუმცა, როგორც გითხარით, მამას ჩვენთვის აღარ მოუკითხავს.

მე და დედა მას მერე ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. რა გაჭირვებით გამოვიარეთ ეს წლები, მარტო ღმერთმა იცის. მხოლოდ დეიდაჩემი გვეხმარებოდა ხანდახან. ასე წვალებით გამზარდა დედამ და ერთხელაც არ უთხოვია დახმარება არც მამაჩემისთვის (რომელიც ალიმენტსაც კი არ გვიხდიდა) და არც მისი მშობლებისთვის. ახლა კი, როცა ბებიაჩემი ლოგინად ჩავარდა, მამაჩემმა სამსახური დაკარგა და თვითონ გაუჭირდათ, უცებ გაახსენდათ, რომ მე ვარსებობ. სხვათა შორის, მამას კიდევ ჰყავს ერთი შვილი მეორე ცოლთან (ბებიაჩემმა ისიც გააგდო სახლიდან ბავშვიანად), მაგრამ ის დედამისთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ამიტომ, მთელი იმედები მათი მოვლა-პატრონობისა (და რჩენისაც) ჩემზე დაამყარეს, რადგან, მხოლოდ პენსია არაფერში ჰყოფნით, სხვა შემოსავალი კი არ აქვთ. ოღონდ, ერთი რამაა მნიშვნელოვანი: ბებიაჩემმა თავიანთი ბინა გადაუფორმა დის შვილიშვილს, რომელიც საშინელი ლოთია (მიუხედავად თავისი 28 წლის ასაკისა) და მათთან ცხოვრობს, თან, თუ ოდნავ გამოფხიზლდა, მაშინვე კაზინოში გარბის, მსხვილ თანხებს აგებს და თავის მშობლებსაც და მამაჩემსაც ყველაფერი გაუყიდა, რაც რამ ებადათ. ანუ, ისე გამოდის, რომ ჩემი ახალგაზრდობის წლები, ჩემი შემოსავალი (ორი თვეა, რაც ძალიან კარგი სამსახური ვიშოვე, კარგი ანაზღაურებით), ორ უსაქმურსა და ერთ ავ დედაბერს უნდა შევალიო და დავახარჯო, თითქოს დაიმსახურეს ჩემგან რამე.

რა ვქნა, შეიძლება, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ, არ მყოფნის დიდსულოვნება, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიო და თან მოსამსახურედაც დავუდგე.

ლანა, 21 წლის.

 

ჩემი საოცნებო მამაკაცი ორიგინალური ალფონსი გამოდგა

ისტორია, რაც მე გადამხდა, ისეთი შოკის მომგვრელი იყო, არავის ვურჩევ, გამოსცადოს. ყველაფერი კი, ჩემი აზრით, იმის ბრალია, რომ ჩემმა მშობლებმა არასწორად გამზარდეს, თუმცა, მათ დღესაც მიაჩნიათ, რომ არაფერი შეშლიათ. საქმე ისაა, რომ თვითონ ერთმანეთი სკოლის ასაკიდან უყვართ და დღემდე ისე შესტრფიან ერთმანეთს, როგორც ახალი შეყვარებულები. ორივე ძალიან მეოცნებე და რომანტიკული ადამიანია და სულ იმაზე ფიქრობენ, ერთმანეთი რით გაახარონ, რა ასიამოვნონ. ახლობლები თანამედროვე რომეო და ჯულიეტას ეძახიან. მამაჩემი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თანამედროვე კაცია, თანაც – ბიზნესმენი, დღემდე ლექსებს უძღვნის თავის ცოლს და დარწმუნებულია, რომ დედაჩემისნაირი ქალი ბუნებაში არ არსებობს, რომ მხოლოდ ის გამოარჩია ღმერთმა, ასეთი ცოლი რომ არგუნა. მართალია, მამას თავისი ბიზნესი აქვს და, შესაბამისად, ძალიან დაკავებულია, მაინც ყოველთვის იცლის იმისთვის, რომ ცოლ-შვილს ყურადღება და სითბო არ მოაკლოს. თან ჰყვება დედაჩემის დაქალებსაც (მის მშობლებსა და დებზე აღარაფერს ვამბობ). ერთი სიტყვით, ნამდვილი რაინდული თვისებებით არის „გაჟღენთილი“ და ამას არ თამაშობს, მართლა ასეთია. ამიტომაც არის, რომ დედაჩემი დღემდე აღმერთებს ქმარს. მათ შემხედვარეს, მეგონა, რომ ყველა მამაკაცი ასეთია და ვოცნებობდი, როდის შევხვდებოდი ბიჭს, რომლისთვისაც ერთადერთი და განუმეორებელი ვიქნებოდი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებოდა.

გარეგნობით არა მიშავს, ბევრ ბიჭს მოვწონდი ყოველთვის, მაგრამ, შინაგანად ყოველთვის ვიღაც სხვას ველოდი, მათგან განსხვავებულს, ანუ, მამაჩემისნაირ რაინდს და ამიტომ ფლირტები და პატარ-პატარა რომანები არ მაინტერესებდა. ეს „ვიღაც“ ნამდვილად არ იყო თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი, თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ძალიან უნდა ვყვარებოდი.

ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ის დღე, როცა, ჩემი აზრით, შევხვდი იმ ბიჭს (თუმცა, ბიჭი აღარც ეთქმოდა, რადგან, რომ გავიცანი, 30 წლის იყო), რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ზუსტად იმ დღეს შემისრულდა 23 წელი. ანუ, პატარა გოგოც აღარ ვიყავი, რომ ჯკუა ასე დამეკარგა, რადგან დაბადების დღის გადახდას არ ვაპირებდი, ჩემი ორი დაქალი კაფეში დავპატიჟე. ვისხედით ჩვენთვის, ვჭორაობდით, ვხალისობდით, რომ უცებ შემოვიდა ახალგაზრდა კაცი და პირდაპირ ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა. რომ დავინახე, დავმუნჯდი, ენა ჩამივარდა და ხმა ვეღარ ამოვიღე. თვალებში მიყურებდა და საოცრად თბილად მიღიმოდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. უცებ ეს ბიჭი ჩემს დაქალს მიუახლოვდა, გადაეხვია, გადაკოცნა, მოიკითხა და მერე უცერემონიოდ მოუჯდა ჩვენს მაგიდას. თიკამ გაგვაცნო – ჩემი ძმის მეგობარიაო და მეტი აღარაფერი უთქვამს. ალემ კი ისე გაგვიბა საუბარი, თითქოს მთელი ცხოვრება გვიცნობდა. რომ გაიგო, ჩემი დაბადების დღე იყო, ოფიციანტს შამპანური მოატანინა, საოცრად დახვეწილად მადღეგრძელა და საჩუქრად ულამაზესი ლექსი მომიძღვნა, თან, საოცარი გრძნობით ამბობდა თითოეულ სიტყვას. ბოლოს აღნიშნა, ამ პოეტს ეს ლექსი უკვე დაწერილი რომ არ ჰქონოდა, თქვენ რომ დაგინახეთ, მაშინ დავწერდიო. მეც ხომ მეტი არ მინდოდა. მოკლედ, გაცნობიდან ათი წუთის შემდეგ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. ალე რომ წავიდა, სანამ თიკას რამეს ვეტყოდი, თვითონ მითხრა: ალე ცუდი ბიჭი არ არის, აქვს თავისი ღირსებები, მაგრამ, თუ მასთან შეხვედრებს დააპირებ, ფრთხილად იყავი, გული არ გატკინოს და, საერთოდაც, ძალიან ნუ გაანებივრებ, თორემ, ხანდახან მის საქციელს „ტორმუზი“ არ აქვს და, შეიძლება, იმედი გაგიცრუოსო. ვერაფრით მეტი ვეღარაფერი ვათქმევინე თიკას. ბევრი ხვეწნის შემდეგ მაინც დაამატა თავის ნათქვამს: შენ ჩემი უახლოესი დაქალი ხარ და უფლება არ მქონდა, არ გამეფრთხილებინე; ალეც ჩემი ახლობელია და მასზე ჭორაობას ვერ დავიწყებ. უამრავი ნაკლის მიუხედავად, ის ძმასავით მიყვარს. შეიძლება, ბევრი რამით სხვა ბიჭებსაც სჯობია, მაგრამ, მე რომ შვილი ან და მყავდეს, მაგას ცოლად არ გავაყოლებდი, რადგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში გააწამებს თავისი ტყუილებითა და ხუშტურებით. ამიტომ, თუ ახლა გული შეგიფრთხიალდა მისი საქციელის გამო, მოერიე თავს და დაივიწყე, რომ ალე არსებობს. რომ მიყვარხარ, ამას იმიტომ გეუბნებიო.

მე თიკას ჩემდამი ერთგულებაში წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი და, ამიტომ, დავიჯერე, რაც მითხრა. რამდენიმე წუთში გავაანალიზე მისი სიტყვები და სულ ცოტა ხანში ალე თითქმის აღარ მახსოვდა, მაგრამ, უცებ კაფეში ვიღაც პატარა ბიჭი შემოვიდა, ხელში იებით სავსე კალათა ეჭირა და იკითხა, თათია რომელიაო. მე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. ის მომიახლოვდა, კალათა ფეხებთან დამიდგა და მითხრა, თქვენთან გამომატანეს, დაბადების დღეს გილოცავთ ვიღაც კაციო. მომენტალურად დამავიწყდა, რაც თიკამ მითხრა და იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულებოდა დედამიწაზე. თიკა მიხვდა და, კაფედან რომ გამოვდიოდით, კიდევ ერთხელ მითხრა – იცოდე, მე გაგაფრთხილეო. მაგრამ მის სიტყვებს არც ჩემს ტვინამდე, არც ჩემს გულამდე არ მოუღწევია, სადღაც ჰაერში გაიფანტა.

იმ ღამეს საერთოდ ვერ დავიძინე. კალათა საწოლთან დავიდგი და ოცნებებს გავყევი სადღაც შორს, უსასრულობაში.

მეორე დღეს ალემ მობილურზე დამირეკა (არ ვიცი, ვისგან გაიგო ნომერი) და შეხვედრა მთხოვა. ეგრევე გავიქეცი. ერთ პატარა რესტორანში შევედით და საოცარი საღამო მომიწყო. სახლში რომ მაცილებდა, თავის შესახებ მიამბო ყველაფერი. მერე მე გამომკითხა, რა მიყვარდა, რა მაინტერესებდა, ჩემი მშობლები ვინ იყვნენ, რას საქმიანობდნენ, იმ დღიდან თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს და არაფერი შეშლია. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი, ალბათ, თიკას თვითონ შეუყვარდა ალე, მაგრამ, მისგან უარი მიიღო და ასე იმიტომ დაახასიათა-მეთქი.

ერთ დღეს კი (გაცნობიდან ოთხი თვის შემდეგ) ალემ მითხრა, შენს მშობლებთან ხელის სათხოვნელად მოსვლას ვაპირებ და წინააღმდეგი ხომ არ ხარო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. ხელის თხოვნამ კარგად ჩაიარა, ჩემი მშობლები გახარებულები იყვნენ, ასეთ კაცზე რომ ათხოვებდნენ ერთადერთ ქალიშვილს. ერთ კვირაში ნიშნობაზე შევთანხმდით. ალე ძმაკაცთან ერთად მოვიდა (მშობლები ქალაქიდან არიან გასულებიო) და საქორწინო ბეჭედი და ბრილიანტის საყურე მომართვა. ქორწილი აღდგომის შემდეგ შაბათს დავნიშნეთ, მანამდე კიდევ სამი თვე იყო დარჩენილი. აპრილის დასაწყისში ალე ჩემს მშობლებთან მოვიდა და სთხოვა, ერთი კვირით თურქეთში მივდივარ სამსახურის საქმეზე და თქვენი ქალიშვილი გამატანეთო. ჩემები, რა თქმა უნდა, დათანხმდნენ.

მამაჩემს ალე მოსწონდა, მაგრამ, ერთი რამით იყო გაოცებული: კაცი ცოლად გირთავს, ნიშნობა ჰქონდა, ყოველდღე გაკითხავს, ყველგან დაჰყავხარ და თავის მშობლებს რატომ არ გვაცნობსო. მაგრამ, მე ისე ვიყავი ბედნიერებისგან ტვინდაბნეული, ამაზე არც მიფიქრია, იმდენად არ მაღელვებდა და არ მაინტერესებდა ასეთი წვრილმანები.

თურქეთში რომ მივდიოდით, ალემ გზაში მკითხა, ფული რამდენი მოგაქვსო. მე ჩემი დანაზოგიც მქონდა, მამამაც დამიმატა და საკმაო თანხა მომიგროვდა – ოთხი ათასი დოლარი. ეს რომ ვუთხარი, ალემ კმაყოფილებით ჩაიღიმა და მითხრა, რომ ჩავალთ, იქ უნდა დამახვედრონ ფული, ახლა თან ძალიან ცოტა თანხა მაქვს და, კარგია, უფულოდ რომ არ ვიქნებითო. მერე მომიბოდიშა: წესით, შენ არ უნდა დაგახარჯვინო, მაგრამ, უკვე თითქმის ცოლ-ქმარი ვართ და ჩემი და შენი რამ გაყოო. მე გამიხარდა, ასე რომ მითხრა და ის ჩემი ფული თვითმფრინავშივე მთლიანად მივეცი, ჩემთვის მხოლოდ ორასი დოლარი დავიტოვე. ალე ცოტა კი შეიშმუშნა, მაგრამ, გამომართვა და მთელი გზა ვიღაცეებს ლანძღავდა – თანხა წასვლამდე უნდა მოეცათ და დამაღალატესო.

რომ ჩავედით, საშუალო დონის სასტუმროში დავბინავდით (ვითომ, ფულს აიღებდა, მერე გადავიდოდით ხუთვარსკვლავიანში). პირველ-ორ დღეს არა უშავდა, სულ ერთად დავდიოდით, მესამე დღიდან კი ალეს თითქმის ვეღარ ვხედავდი – დილით რომ გადიოდა სასტუმროდან, გვიან საღამოს ბრუნდებოდა, თან, დღის განმავლობაში არც მირეკავდა. რომ მოვიდოდა, თავისი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, რესტორანში მივყავდი და იქ მყვებოდა თან. ჩასვლიდან მეექვსე დღეს მითხრა, ფული არ დამახვედრეს, ახალი საქმეებიც გამოჩნდა და კიდევ ერთი კვირა უნდა დავრჩეთო. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც. ორი დღის შემდეგ კი ძალიან მორიდებით მთხოვა, თუ შეგიძლია, მამაშენს დაურეკე და უთხარი, რამე თანხა გამოგვიგზავნოს, ოღონდ, ავიღებ თუ არა ფულს, მაშინვე დავუბრუნებ; ჩუქება კი არ მინდა, მასესხოსო. მე დაპროგრამებული თოჯინასავით ვიყავი და მაშინვე დავურეკე მამას. მანაც მეორე დღესვე გამოგვიგზავნა ხუთი ათასი დოლარი, რაც მთლიანად ალემ ჩაიდო ჯიბეში. ფულის მიღებიდან მეორე დღეს ალემ მითხრა, ორი დღით სხვა ქალაქში უნდა წავიდე, შენ თან ვერ წაგიყვან და აქ უნდა დამელოდოო. ძალიანაც მეწყინა, მაგრამ, ვერაფერი ვუთხარი. მეორე დილით ალე წავიდა და იმ დღის შემდეგ აღარც მინახავს. ორ დღეში რომ არ ჩამოვიდა, რეკვა დავიწყე მასთან (მანამდე თვითონ მირეკავდა), მაგრამ, ნომერი არ პასუხობდა. ყველაზე „საინტერესო“ კი ის იყო, რომ სასტუმროს ადმინისტრატორმა მომაკითხა და მითხრა, რესტორნის ვალი და ნომრის საფასური უნდა გადაიხადოთ, თქვენმა თანმხლებმა მამაკაცმა დაგვირეკა, რომ ფული თქვენ დაგიტოვათო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი. არც რაიმე ახსნა-განმარტებას ჰქონდა აზრი. მართალია, ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, ძალიან მრცხვენოდა (დარდზე რომ აღარაფერი ვთქვა), მაგრამ, იძულებული გავხდი, ისევ მამაჩემისთვის დამერეკა და ყველაფერი მეთქვა. მამამ მეორე დღესვე ჩამომაკითხა, სასტუმროში ყველა ანგარიში გაასწორა და სახლში წამიყვანა. ისეა გამწარებული, დღემდე ალეს ეძებს, მაგრამ, ბოლოს უთხრეს, საქართველოში არ იმყოფება, თურქეთიდან რომელიღაც ქვეყანაში წავიდა, ეტყობა, თქვენ გარდა, კიდევ ვიღაცას ემალებაო.

აი, ასეთი ორიგინალური ალფონსი აღმოჩნდა კაცი, რომელიც ლამის ავთანდილი და ტარიელი მეგონა. მე კი ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ახლა ყველა კაცს ეჭვის თვალით ვუყურებ და, აღარც კი მგონია, წესიერი მამაკაცი საერთოდ თუ დადის დედამიწაზე.

თათია, 25 წლის.

 

скачать dle 11.3