კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა ნებადართული ნადირობა ჯიხვზე, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია და რატომ გააიოლა ხელისუფლებამ ცხოველების იშვიათი სახეობების დახოცვის პროცედურა

ერთი მხრივ, თავი მოგვწონს ბიომრავალფეროვნებით და ამ საქმეში აქტიურად ვხარჯავთ უცხო-უცხო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხას, ხოლო მეორე მხრივ, იშვიათი ჯიშის ცხოველებისა და მცენარეების განადგურებასაც ვუწყობთ ხელს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებენ ქართველი გარემოს დამცველები ბოლო ხანს ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო აქტივობებს. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მაჭარაშვილი აგვიხსნის, რატომ ემუქრება საფრთხე საქართველოს ტყეების იშვიათი სახეობების ბინადრებს და რატომ გაიოლდა მათი დახოცვის პროცედურა.

 

 

– ისეთ რა შემოსავალს მოიტანს 250 ირმის დახოცვა? ის ფული დაიხარჯება და უბრალოდ, ირმებიც კი აღარ გვეყოლება?

– ჩემი აზრით, აბსურდია, რომ ამით ქვეყანას ექნება შემოსავალი. ეს არის ხეირი ერთი-ორი ფირმისთვის, ისიც მოკლეხნიანი.

– უცხოელები ჩამოვლენ აქ, ირემზე სანადროდ?

– ირემზე სანადიროდ აქ არც ერთი ტურისტი არ ჩამოვა, იმიტომ რომ ირემი ძალიან ჩვეულებრივი სახეობაა ევროპასა და ამერიკაში. მეტიც, იქ პრობლემებს ქმნის, ზოგჯერ ავტომაგისტრალებზე გადადიან და ტყეებსაც უქმნიან გადაძოვის საფრთხეს.

– მაშინ რაზე სანადიროდ შეიძლება, ჩამოვიდნენ?

– შეიძლება, მოუნდეთ ნადირობა ჯიხვის ორივე სახეობაზე, რომლებიც ჩვენთანაა და, რომლებიც მხოლოდ კავკასიაშია. თუმცა მეეჭვება, წესიერი მონადირე ჩამოვიდეს, როდესაც აუხსნიან, რომ ეს მთავრობის სპონტანური და არასწორი გადაწყვეტილებაა. საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდათ საქართველოში მოქმედ საელჩოებსა თუ სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე.

– ნადირობის სეზონის გახანგრძლივება რას უკავშირდება?

– ეს აბსოლუტურად არაფერთან არ არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ ვიღაცეებს უქმნიან კარტ-ბლანშს იმისთვის, მეტი შემოსავალი მიიღონ. ნონსენსია, როდესაც ჯიხვზე შეიძლება, ექვს თვეს იყოს ნადირობა და ჩვეულებრივ სახეობაზე, მაგალითად, ენოტზე, რომელიც მავნე სახეობაა, სამ თვეს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის.

– ენოტები უყვართ თუ რატომ არის ეს სხვაობა?

– არავინ იცის. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ გახანგრძლივდა ნადირობის სეზონი ექვს თვემდე, ენერგეტიკის სამინისტრომ უპასუხა, დანარჩენ ექვს თვეს ხომ აკრძალულიაო. ვითომ ეს ხელს შეუწყობს სამონადირეო ტურიზმის განვითარებას.

– რა სამონადირეო ტურიზმი განვითარდება, თუ ჯიხვი აღარ იქნება?

– ნებისმიერი სამონადირეო ფირმის მფლობელს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს მათ ბიზნესს, რადგან სამონადირეო მეურნეობებში არავინ წავა: ამ კანონმდებლობით, ნადირობა უკვე ყველგან შეიძლება. ადრე მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში შეიძლებოდა. მეტიც, ნებისმიერ რესტორანში ნახავთ დათვის ტყავებს, ლამის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზეა დათვის ბელები. ეს დათვის ბელი თავისით არ მიდის იქ: დედამისს კლავენ და ის ცოცხლად მიჰყავთ. არადა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც თვალს ხუჭავენ. წარმოგიდგენიათ, პოლიციელმა რომ იპოვოს ვინმეს მოჭრილი ფეხი და სისხლის სამართლის საქმე არ აღძრას?! „იუთუბი“ რომ დაათვალიეროთ,  ნახავთ უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარებით ჩვენებას. ადამიანი თავს იწონებს, რომ მოკლა ლელიანის კატა, ფოცხვერი, სხვა ცხოველები და ეს რჩება დაუსჯელი. ვიღაცამ რომ დადოს „იუთუბიზე“ მოპარული ტელეფონი, არ დაიჭერენ მაშინვე?! ანუ გარემოს დაცვით დანაშაულს დანაშაულად არ მიიჩნევენ. უფრო მეტიც, რადგან ბრაკონიერობაზე არავინ არასდროს დაუჭერიათ, გამოვა, რომ, თუკი აქამდე ბრაკონიერები 50 ჯიხვს ხოცავდნენ, კიდევ 50-ის დახოცვაზე გასცემენ ლიცენზიას. ერთი მეორეს მიემატება და ორჯერ მეტი ჯიხვი დაიხოცება. ვთქვათ, ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა ნებართვა არჩვის ნადირობაზე. მიჰყვება ვინმე იმ მონადირეს, რამდენი დახოცა ერთი დოკუმენტით?! არსებობს წესები, რომლებიც დასაცავია, მაგალითად, არ შეიძლება ისეთი ირმის მოკვლა, რომლის რქა გარკვეულ ზომაზე პატარაა.

– ვინ გაუზომავს?

– ვერავინ. სამონადირეო მეურნეობას ასეთი ადგილები იდენტიფიცირებული აქვს და რეინჯერი ისეთ ადგილას მიგიყვანს, სადაც იმ ზომის ირმებია. მაგალითად, აკრძალულია ნადირობა მდედრ ჯიხვზე. გაუშვეს კაცი ხევსურეთში სანადიროდ ჯიხვზე ნადირობის უფლებით. საიდან გაიგებენ, მან ხევსურეთში დედალი ჯიხვი მოკლა თუ მამალი?! აკრძალულია ერთ წლამდე დათვზე ნადირობა, თუ არ გაჰყვები, საიდან გაიგებ, რა ასაკის დათვი მოკლა?!

– სამონადირეო მეურნეობები აგვარებდნენ ამ პრობლემას?

– კარგად არ მუშაობდნენ, მაგრამ შეიძლებოდა ამის აწყობა. მათი გაუმართავად მუშაობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ბრაკონიერობის მაღალი დონე. ახლა კი, ვინც აქამდე ბრაკონიერობდა, ისევ იბრაკონიერებს, პლუს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან მონადირეებს და სამმაგი პრესი იქნება ცხოველებზე. სამჯერ მეტი ცხოველი დაიხოცება.

– ბოლოს როდის დაითვალეს, რამდენი და რა სახეობის ცხოველები გვყავს?

– არასდროს დაუთვლიათ.

– აბა, რა იციან?

– არაფერი არ იციან. ჩვენ ეს ოფიციალურად ვკითხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, გვიპასუხეს, აწი ვაპირებთ დათვლასო. თუ ახლა დაიწყებენ, მინიმუმ ერთი წელი სჭირდება ერთი სახეობის დათვლას. ივლისში აპირებენ რაღაც კვოტების დაწესებას, ეს ყალბი მონაცემი იქნება, ისევე, როგორც ყალბია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. სასაცილო ციფრებია: შეიძლება 417 შვლის მოკვლა. საიდან დაადგინეს, რომ  417-ის და არა 220-ის?! როდესაც არანაირი აღწერა არ გაუკეთებიათ. მეტიც, 417 მთელ საქართველოში თუ სად? მხოლოდ აჯამეთის ტყეში? მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში? მხოლოდ დასავლეთ საქართველოში?! კვოტების დაწესება შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიბმით და არა ქვეყნის მასშტაბით. ეს არის სიყალბის უმაღლესი დონე.

– რას მიიღებს სახელმწიფო ნადირობის ასეთი გასაყოველთაობით?

– დაცული ტერიტორიების გარეთ ბევრი ცხოველი არ არის. 500 ირმის დახოცვამ შეიძლება, მოგიტანოს 100 000 ლარი. 1 700 ლარი უნდა შეიტანო ადგილობრივ ბიუჯეტში, 300 ლარი კი მოკვლის უფლებას მოგანიჭებს. ერთი ფირმისთვის 100 000 თანხაა, მაგრამ ქვეყანას რას მისცემს ეს?!

– ჩვენი ჯიხვები ჩვენი ძალებით უნდა დავიცვათ, თუ რა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეთ, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებს?

– არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ მათ?! ისინი გვაძლევენ მრავალმილიონიან გრანტებს, მაგრამ ამის  შემდეგ, ალბათ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაფიქრდებიან და შეიძლება, საერთოდაც შეწყვიტონ გრანტების გაცემა, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის.

– დაცული ტერიტორიებიდან სად შეიძლება ნადირობა?

– ჩვენ გვაქვს ექვსი ტიპის დაცული ტერიტორია: ნაკრძალსა და ეროვნული პარკში ნადირობა არ შეიძლება.

– ბევრია, სადაც შეიძლება?

– საკმაოდ. ნაკრძალები და დაცული ტერიტორია ქვეყნის ტერიტორიის 3 პროცენტია, ანუ დანარჩენ 97 პროცენტზე ნადირობა შეიძლება.

– შეიძლება, რომ იმ 3 პროცენტის გარეთ უფრო მეტი იშვიათი სახეობა იყოს?

– ამის დადგენა შესაძლებელია, მაგრამ ბევრ რესურსს მოითხოვს, თუმცა, თეორიულად, შესაძლებელია, რომელიმე სახეობა უფრო მეტი იყოს დაცული ტერიტორიის გარეთ, ვიდრე შიგნით.

– უცხოელები ჩამოვლენ, ანუ ტურისტებს მოიზიდავს ეს მთელი ქვეყნის სამონადირეო ასპარეზად ქცევა?

– ვიღაც შეიძლება, ჩამოვიდეს. გვეუბნებიან, რომ ეს ტურიზმის განსავითარებლად კეთდება, არადა ეკოტურიზმს, პირიქით, ზიანს მიაყენებს. მაგალითად, თუ თუშეთში ერთი მონადირე ტურისტი ჩამოვა, ეს ნიშნავს, რომ 50 ეკოტურისტი აღარ ჩამოვა. ერთი მონადირე ტურისტი ფულს უხდის ერთ ფირმას, 50 ეკოტურისტი კი შეიძლება, ფულს უხდიდეს 20 ადგილობრივ ოჯახს, იმიტომ რომ თუშეთში ძალიან განვითარდა საოჯახო სასტუმროების ბიზნესი. ესე იგი, გამოდის, რომ რაღაც ერთი ორგანიზაციის გამო, რომელიც სამონადირეო ტურიზმით იქნება დაკავებული, ბიზნესს უკლავ ბევრ ოჯახურ სასტუმროს.

 

 

скачать dle 11.3