კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ღირს კი, ქმარს ვენდო?!

ჩემი პირადი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, რატომღაც, ყოველთვის ახალ წელს უკავშირდება. არ ვიცი, ამით რამეზე მიმანიშნებს ღმერთი თუ ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ჩემი მომავალი ქმარი რამდენიმე წლის წინ სწორედ ახალი წლის წინა დღეს გავიცანი; ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და მომდევნო ახალი წლის წინა დღეს დავქორწინდით; ზუსტად ერთი წლის თავზე შვილი შეგვეძინა, შემდეგ ახალ წელს კი, ჩემმა ქმარმა მე და ბავშვი მიგვატოვა და ჩემს დაქალთან ერთად გაიპარა. ერთი წელი მის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ცოცხალი იყო. ერთი წლის შემდეგ კი, ამჯერად უკვე ძველით ახალ წელს, თავისი ჩემოდნით გამომეცხადა, პატიება მთხოვა და ბოდიშები მიხადა. არ ვურიგდებოდი, მაგრამ, მთელი საათი მეხვეწა, ერთი შანსი კიდევ მომეცი და, ნახავ, როგორი ქმარი ვიქნებიო. ვაპატიე და მივეცი შანსი, ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ დავუჯერე ან შემეცოდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან მიყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. შერიგებისა და ოჯახის აღდგენის ნიშნად მეორე შვილის გაჩენა გადავწყვიტეთ. ბავშვი 2 იანვარს გავაჩინე, 5-ში სახლში უნდა წავეყვანე ქმარს სამშობიაროდან, მაგრამ, არ მომაკითხა. საღამოს დედაჩემი მოვიდა და თავისთან წამიყვანა – შენი ნაძირალა ქმარი თქვენი  ღირსი არ არის და იქ აღარ გაგიშვებო. აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს ვიღაც საყვარელი ჰყოლია, ცხრაჯერ განათხოვარი და მასზე ათი წლით უფროსი, საკმაოდ საეჭვო წარსულისა და აწმყოს მქონე ქალი, რომელმაც, ეტყობა, რაღაც ჯადო გაუკეთა, თორემ, შერიგების შემდეგ ჩემი ქმარი ისე იქცეოდა, ისე თან გვყვებოდა მეც და ბავშვსაც, შეუძლებელი იყო, ჩვენზე ასე უცებ ასცრუებოდა გული და ბებიამისის ხნის ვიღაც მეძავს გაჰკიდებოდა.

ძლივს მოვინელე ეს ტკივილი და გადავწყვიტე, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ საერთოდ აღარ ვიფიქრებ კაცებზე, თუნდაც პრინცი მოვიდეს ჩემი ხელის სათხოვნელად-მეთქი, მაგრამ, საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ მაინც ვფიქრობდი ჩემს მოღალატე ქმარზე და გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ დაბრუნებულიყო ჩემთან, ისევ ვაპატიებდი, თუმცა, მისი დაბრუნების იმედი აღარც მქონდა, რადგან ორი წელი ისე გავიდა, არათუ ჩემი, შვილების ამბავიც კი არ უკითხავს, ერთხელაც არ დაურეკავს და არ გაუგია, ცოცხლები ვიყავით თუ მკვდრები.

სულ მთლად რომ გადავიწურე იმედი, სწორედ მაშინ გამოჩნდა, უფრო სწორად, თავისი ძმაკაცი მომიგზავნა – საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ცოლზე მეტად არავინ მიყვარს და შემირიგდესო. ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედაჩემმა ჯერ არაფერი იცის. ვერ ვეუბნები, რადგან, ზუსტად ვიცი, რასაც მიპასუხებს. ამიტომ, მირჩევნია თვითონ გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მინდა ვაპატიო, რადგან უსაშველოდ მენატრება, მაგრამ ქალური ალღოთი ვგრძნობ, რომ ჩვენი შერიგება ისევ ხანმოკლე იქნება და ისევ გამოჩნდება ვინმე მეძავი, რომლის გამოც უპრობლემოდ მიგვატოვებს და მერე ისევ ბოდიშების მოხდასა და პატიების თხოვნას დაიწყებს, რადგან, სამწუხაროდ, საკმაოდ არამყარი პიროვნებაა. ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. მის ძმაკაცსაც ვუთხარი, მისი იმედი არ მაქვს და ამიტომ აზრი არ აქვს პატიებას-მეთქი. მან კი მიპასუხა, ახალი წლის ღამეს აპირებს თქვენთან მოსვლას, ნამდვილად ინანიებს თავის საქციელს და იქნებ, კიდევ ერთხელ გეცადათ ბედიო.

შევპირდი, ვიფიქრებ-მეთქი, მაგრამ, არ ვიცი, ღირს კი, ასეთ კაცს ქალი ენდოს?!

მაცაცო, 29 წლის.

 

რატომ გავხდი ფემინისტი

ბოლო რამდენიმე წელია, ნამდვილ ფემინისტად ჩამოვყალიბდი და საქართველოში ფემინისტების კლუბის შექმნასაც კი ვაპირებ. ვიცი, რომ, უამრავი ქალი, განურჩევლად ასაკისა, მხარს ამიბამს და ჩემი კლუბის წევრი გახდება. ოღონდ, ჩვენ, ევროპული და ამერიკელი ფემინისტებისგან განსხვავებით, ცოტა უფრო მეტად ავუწვავთ წვივებს ეგრეთ წოდებულ მამაკაცებს. „ეგრეთ წოდებულს“ იმიტომ ვუწოდებ, რომ სინამდვილეში სწორედ ისინი არიან ჩემნაირი ქალების გაფემინისტების მიზეზი, რადგან ღვთის მიერ დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სათავისოდ შეცვალეს, გადააკეთეს, ანუ მთელი თავიანთი ფუნქციები ქალებს (ძირითადად – ცოლს), დააკისრეს, თავად კი მხოლოდ მბრძანებლის, მონათმფლობელის როლი მოირგეს და, სუფრასთან მყოფები ლამაზ სადღეგრძელოს თუ იტყვიან და ქალს ლექსს წაუკითხავენ, ჰგონიათ, რომ მთელი თავიანთი მამაკაცური ფუნქცია ამოწურეს, ყველაფერი დანარჩენი კი: ოჯახის რჩენა, ბავშვების გაზრდა, ცხრა ადგილას მუშაობა, სახლის საქმეები და ასე შემდეგ – ყველაფერი ქალმა უნდა აკეთოს, თან, მოვლილიც უნდა იყოს, კარგ ხასიათზეც დახვდეს დროსტარებიდან დაბრუნებულ ქმარს, მის ლოთბაზარა, ან, უბრალოდ, უსაქმურ (თუნდაც – საქმიან) ძმაკაცებს სუფრები უშალოს; გაუძლოს დედამთილის „შპილკებს“, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, თან, არასდროს არაფერი მოითხოვოს და არაფერზე არანაირი პრეტენზია არ ჰქონდეს.

ჩვენი ქალების უმრავლესობას აღარ ახსოვს, ბოლოს როდის მიართვა ქმარმა თუნდაც მინდვრის ყვავილები, როდის მოეხმარა სახლის საქმეში, როდის უთხრა გულწრფელი კომპლიმენტი, ანუ, როდის ჩათვალა ის ქალად და არა მონა-რობოტად. სამაგიეროდ, ყველა იტყვის, რომ დღეში არაერთხელ უთქვამს ქმარს მისთვის, დამამცირებელი, დამცინავი სიტყვები, არცთუ იშვიათად – ლანძღვა-გინებაც უშურველად გადაუფრქვევია თავზე ცოლისთვის, ხელითაც არაერთხელ შეხებია და, ჩემი აზრით, ცოლების მიმართ სწორედ ასეთი დამოკიდებულება უბიძგებს ქალს სხვადასხფა ფორმისა და სახის პროტესტისკენ, მათ შორის – ფემინისტობისკენ. ასეთი კაცების შემხედვარე ქალებს უკვე თავად უჩნდებათ ეჭვი, რომ ქალები არიან, თავისდაუნებურად უფრო მეტად „ითავსებენ“ მამაკაცების თვისებებსა თუ ფუნქციებს, თანდათან უხეშდებიან ცნობიერებითაც, საქციელითაც, გარეგნობითაც  და, პრაქტიკულად, ხმამაღლა უცხადებენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა: თუკი ჩვენი ქალობა უარყავით, ესე იგი, მამაკაცებად ჩაგვთვალეთ, და თუ მამაკაცებად გვაქციეთ, იმასაც უნდა შეეგუოთ, რომ უფლებრივად თქვენი თანასწორები ვართო. ეს კი ჩვენს პატივცემულ შარვლიანებს აღარ მოსწონთ, რადგან მათ სულ სხვა ფორმულა აქვთ ქალებისთვის გამოყვანილი: მოვალეობებით – მეტი, უფლებებით – ნული. მაგრამ, ასე არ გამოდის,  ჩვენო ძვირფასებო, ამაზე არ ვართ თანახმა.

აი, მაგალითად, მე, ნამდვილი ქალი ვიყავი: მეოცნებე, რომანტიკული, თბილი, მგრძნობიარე; გარეგნობითაც ნაზი და ჰაეროვანი, მაგრამ, ისეთ ყოფაში გავატარე შვიდი წელი ქმრის ხელში, კაციც შემძულდა და ქალიც, უფრო სწორად, ის ქალები, რომლებიც ეგუებიან მონობას. ერთ დღეს კი, მეც არ ვიცი, რა მეტაკა, საოცარი პროტესტის გრძნობამ მომიცვა, ყველაფერი პირში მივახალე ქმარსაც, დედამთილ-მამამთილსაც, ჩავალაგე ჩემი ნივთები, მოვკიდე ხელი შვილს და სახლიდან წამოვედი. ქმარს გაუკვირდა ჩემი ასეთი სითამამე და დასარტყმელად გამოიწია (რაც სხვა დროსაც არაერთხელ უქნია), მაგრამ, იქვე, ეზოში დაგდებულ მსხვილ ჯოხს წამოვავლე ხელი და ისეთი ვდურთე ბეჭებში, ყვირილით გაგორდა მიწაზე. მოკლედ, როგორც იქნა, დავაღწიე იმ ჯოჯოხეთს თავი და ცოტა გონზე მოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, ფემინისტების საკუთარი პროგრამა და სამოქმედო გეგმა ჩამომეყალიბებინა. გავეცანი ამ საკითხში მსოფლიო გამოცდილებას და ახლა პროგრამას ვწერ. რაც შეეხება ყბადაღებულ გენდერულ თანასწორობას, ამაზეც საკუთარი აზრი და შეხედულება მაქვს და ამის შესახებ, ალბათ, ცოტა მოგვიანებით და სხვა პოზიციიდან მოვახსენებ საზოგადოებას.

ჩემს ქართველ ქალებს კი მოვუწოდებ, თამამად დაიცვან თავიანთი ქალობა იმ მამაკაცებისგან, რომლებიც მათ გამამაკაცებას უპირებენ, თავად კი რაღაც საშუალო სქესის არსებები ხდებიან და თავიც კი მოაქვთ ამით.

ირინა, 32 წლის.

 

ჩემი დაქალის „სვეტსკი“ დედამთილს ჩემი სოფლელი დედამთილი მირჩევნია

ჩემს დაქალს საკმაოდ ახალგაზრდა დედამთილი ჰყავს. სიმპათიური და ხალისიანი ქალია, მაგრამ, ძალიანაც რომ მოინდომო, ნახევარ საათზე მეტხანს ვერ გაუძლებ – იმდენი ლაპარაკი იცის, გულის წასვლამდე მიგიყვანს. თანაც, ძირითადად თავს იქებს, ანუ ტრაბახობს, თუ როგორი ლამაზი და ჭკვიანი იყო ბავშვობიდან, როგორ გიჟდებოდნენ მასზე ბიჭები, როგორ იმარჯვებდა ყველა ტურსა და ოლიმპიადაზე, როგორ საუცხოოდ ცეკვავდა და მღეროდა, როგორ უერთგულა ქმარს და  როგორ შესწირა თავი შვილებს. ერთი სიტყვით, კეთილი და მხიარული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და, თავისი მხიარულობის გამო ოდნავ მოსულელოც კი მეგონა, მაგრამ, სოფომ მითხრა, სულელი კი არა, ისეთი ეშმაკია, ყოველი სიტყვა ასი სვლით წინდაწინ აქვს გათვლილი, თანაც, კარზე ჩუმად ყურის მიგდება უყვარს, რომ მერე კარგად აკონტროლოს სიტუაცია, რომ ყველა თავის ადგილზე მოსვასო. მე არ დავიჯერე და სოფოს ვუთხარი, სულ ტყუილად ვერ იტან შენს დედამთილს, გადასარევი ქალია და ხანდახან სასიამოვნოც კი არის მისი სისულელეების მოსმენა-მეთქი. სოფოს გაეცინა – ხანდახან, ხუთწუთიანი ურთიერთობა, შეიძლება, გესიამოვნოს კიდეც, მაგრამ, ამ ქალის საზოგადოებაში დიდი დოზით ყოფნა, თან, როცა იცი, რომ მუდმივად შენს კარზე აქვს ყური მოდებული, მერწმუნე, იმდენად რთულია, ზოგჯერ სახლიდან გაქცევა მინდა, მაგრამ, ხმას ვერ ვიღებ, რადგან, რომც ვთქვა, მაინც არავინ დამიჯერებს, რომ ჩემი „სვეტსკი“ დედამთილი ყველას კარზეა აკრული და ჩუმად ისმენს ოჯახის წევრების საუბარსო. სხვებმა კი არა, მეც არ დავუჯერე, მაგრამ, ერთხელ, როცა ქალბატონი ირა ტრაბახის მორიგ სეანსს გვიტარებდა, შიგადაშიგ წინა დღეებში ჩვენი ფრაზები ჩართო, რომლებიც გოგოებმა ერთმანეთთან ჭორაობისას ვთქვით, თან, როცა ჩვენს „ციტირებას“ ვითომ შემთხვევით აკეთებდა, მოგვაშტერდა, თვალები გველივით აუპრიალდა და სახეზე ცბიერი ღიმილი გაუკრთა. სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ არ უყვარდა სოფოს თავისი ხალისიანი და ენატკბილი „სვეტსკი“ დედამთილი. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, კი არ სძულდა, ეშინოდა მისი და, მაშინაც კი, როცა ქალბატონი ირა სახლში არ იყო, სოფო ხელით გვანიშნებდა ხოლმე: ჩუმად ილაპარაკეთ და „ისეთი“ არაფერი თქვათ; მართალია, თვითონ ირა წასულია, მაგრამ, ყური აუცილებლად აქ ექნება დატოვებულიო. ასეთ გადაპრანჭულ და დონეზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში კი მდაბიო დედამთილს ისევ ჩემი სოფლელი დედამთილი მირჩევნია. მართალია, კანტზე და მოცარტზე ვერ დაგელაპარაკება, შენიშვნასაც პირდაპირ და საკმაოდ უხეშად მოგახლის, მაგრამ, სამაგიეროდ, არასდროს იკადრებს, ან ყური მიუგდოს ვინმეს ლაპარაკს, ან ენები ატაროს აქეთ-იქით. სოფოს დედამთილი კი ნამდვილი ქაჯია, დაბალი დონის, გოიმი, რომელსაც, უბრალოდ, კარგად აცვია, დაყენებული ხმით ლაპარაკი, თვალების ნაბვა უსწავლია და თავი პირველი ქალი ჰგონია.

მარინა, 26 წლის.

 

ეს მარტო ჩემი ტკივილი არ უნდა იყოს

არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ჩემი წერილი თქვენს რუბრიკას, რადგან სასიყვარულო ისტორიების მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა ჩემი გულისტკივილი, ვიცი, რომ „ინტიმურ საუბრებს“ ლამის მთელი საქართველო კითხულობს და, მინდა, ჩემი წერილიც ყველამ წაიკითხოს, რადგან, დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, სხვასთანაც მომხდარა ან ძალიან მალე მოხდება, თუ დროზე არ მივხედავთ ამ პრობლემას.

საქმე ეხება ბავშვების, ძირითადად – სკოლის მოსწავლეების ახალ ეგრეთ წოდებულ „მენტალიტეტს“, რომელიც ჩვენ, უფროსმა თაობამ და განათლების სფეროში დამახინჯებით შეტანილმა ბავშვთა უფლებების დაცვამ განაპირობა. გამოგიტყდებით და, თავიდან მეც მომხრე ვიყავი იმისა, რომ ბავშვი და მისი უფლება ხელშეუხებელია და არც ერთ მასწავლებელს, თუნდაც სამართლიანად, არ ჰქონდა უფლება, მოსწავლე დაეტუქსა, კუთხეში დაეყენებინა, ხმისთვის აეწია და, მით უმეტეს, თმა მოეწიწკნა ან თუნდაც „მსუბუქი“ სალანძღავი სიტყვა ეკადრებინა. მეც და ჩემი ოჯახის წევრები (უფროსი თაობა) ჩემს შვილიშვილებს მტკიცედ ვუნერგავდით (რასაც ახლა ძალიან ვნანობ), რომ არც ერთი მასწავლებლისთვის არ ეპატიებინათ უხეშობა ან უტაქტობა და თავიანთი უფლებები ნებისმიერი ფორმით დაეცვათ, თუნდაც იმით, რომ ეს მომენტი მობილური ტელეფონით დაეფიქსირებინათ და დირექტორისთვის ან მანდატურისთვის ეთქვათ (ანუ, დაებეზღებინათ) მოგეხსენებათ, ბავშვის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ, თავის გასამართლებლად ათიდან ცხრა ბავშვი (თუ ათივე არა) ძალიან ადვილად გადააბრალებს თავის შეცდომას თუ დანაშაულს სხვას, მით უფრო, თუ ეს „სხვა“ მასწავლებელია, რომლისგანაც, ჩვენდა სავალალოდ, დაუცველი, უუფლებო და, პრაქტიკულად, ენთუზიაზმზე მომუშავე მტრის ხატი შევქმენით. მე, რა თქმა უნდა, იმას არ ვამტკიცებ, რომ აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი მაღალი დონის პროფესიონალი, კარგი ფსიქოლოგი და შეუმცდარი პიროვნებაა, მაგრამ, ახლა ამ თემაზე არ მაქვს საუბარი, მე სულ სხვა გულისტკივილი მალაპარაკებს.

სანამ ჩემს ძირითად სათქმელს გეტყვით, ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან:

სოფელში ვიზრდებოდი. ძალიან ცელქი ვიყავი და ერთხელ ისე ავიწყვიტე, ვერანაირად რომ ვეღარ გამაჩერა მასწავლებელმა, მოვიდა და სახეში ისეთი სილა გამაწნა, კარგა ხნით დამიკარგა მხიარულების ხალისი. მივედი სახლში ლოყაგასიებული. შეიცხადეს ჩემმა მშობლებმა – რა მოგივიდაო. მეც, როგორც ყველა ბავშვი მოიქცეოდა, ისე მოვიქეცი: მშობლებს ვუთხარი, ჩემთვის ვიჯექი მერხზე, მხოლოდ უკან მივიხედე, რის გამოც მასწავლებელი მომვარდა და სახეში გამარტყა-მეთქი. უბრალო გლეხი იყო მამაჩემი, მაგრამ, გადაირია – შენ რა კაცი უნდა გაიზარდო, ამ ხნის მასწავლებელს მშობლებთან აბეზღებო, მერე მოვიდა და მეორე ლოყაში გამაწნა – ამის შემდეგ ისე მოიქეცი, რომ არც გარეთ და არც შინ არ დაიმსახურო სხვისგან ხელის შეხებაო. დედაჩემმა სულ სახე იხოკა: შენი გადამკიდე, სოფელში თავი აღარ გამომეყოფაო. მერე აიღო ერთი მომცრო კალათა, აავსო ხილით, დამაჭერინა ხელში და წამათრია მასწავლებლის სახლში. ჭიშკართან რომ გამოვიდა მასწავლებელი, დედამ პატიება სთხოვა – ისე როგორ გამოგიყვანათ წყობიდან ამ სასიკვდილემ, რომ იძულებული გახდით, ხელით შეხებოდითო და მთელი საათი ბოდიშებს უხდიდა. იმ დღის მერე იმაზე საყვარელი მასწავლებელი ცხოვრებაში არ მყოლია.

ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი დავიწყებული მქონდა და მეც ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ჩვენი შვილები ყველანაირად უნდა დავიცვათ მასწავლებლების აგრესიისგან, რაც, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ბუმერანგივით დამიბრუნდა უკან.

საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვმუშაობ და საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსი ვარ ჩემი ხელქვეითებისთვის. ტელევიზორშიც ხშირად გამოვდივარ და, ერთი სიტყვით, ის კაცი ვარ, რომელსაც ანგარიშს უწევენ და ჭკუას მეკითხებიან, მაგრამ, შვილიშვილებთან, როგორც გაირკვა, ვერ დავიმკვიდრე ავტორიტეტი. ამას წინათ, ჩემი მეხუთეკლასელი შვილიშვილი ცუდად მომექცა. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მაგრამ, რომ იტყვიან, დამცინა და კომპიუტერს მიუჯდა. ხმა რომ გავიმკაცრე, მიპასუხა – ვინც შეგიშინებია, წადი და ისევ ის შეაშინე და აქ „პრავებს ნუ მიკაჩავებო“. ისე გავმწარდი, ის თავისი ლეპტოპი იატაკზე დავახეთქე და ნაფშვენებად ვაქციე, ბიჭს კი თავში წამოვარტყი და სულ „უზრდელი ლაწირაკი“ ვუძახე. იცით, მერე რა მოხდა? ზუსტად ოც წუთში სახლში პატრული დამადგა – ბავშვმა დაგვირეკა, თურმე მუდმივად სცემთ, ლანძღავთ და ფსიქიკას უმახინჯებთო. რომ მიცნეს, ვინც ვიყავი, ცოტა კი იუხერხულეს, მაგრამ, რაღაც ქაღალდი მაინც შემავსებინეს. ჩემმა გატუტუცებულმა შვილიშვილმა კი უთხრა, თუ პასუხს არ აგებინებთ და ბოდიშს არ მოახდევინებთ, მაგის სამსახურშიც დავრეკავ და ყველაფერს ვიტყვი და თქვენც გიჩივლებთო.

მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ ის, რომ სირცხვილისა და სიმწრისგან გული გამიხდა ცუდად და, თვალი რომ გავახილე, თავზე სასწრაფოს ექიმი მედგა. ჩემი შვილიშვილი კი ვიღაცას (ალბათ, თავის ძმაკაცს) ელაპარაკებოდა, ბაბუაჩემი ისეთ დღეში ჩავაგდე, შიშისგან ლამის „დაიბრიდა“ და თავის სიცოცხლეში ხმის აწევას ვეღარ გამიბედავსო.

ახია ჩემზეც და ყველა იმ მშობელზე, ვისაც შვილი ასე მოექცევა, რადგან ჩვენ თვითონ ვზრდით ასეთებს: დაუნდობლებს, უზრდელებს, თავხედებს, მაბეზღარებს, გაუტანლებს და, გვგონია, რომ ქვეყნის სასახელო თაობებს ვზრდით, სინამდვილეში კი, თუ დროზე არ შევცვალეთ აღზრდის მეთოდები, მერწმუნეთ, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.

ალექსანდრე, 65 წლის.

 

скачать dle 11.3