კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ „დირიჟორს“ ესროლა ქვა თელაველმა კოლორიტმა გეგე სულხანიშვილმა და რატომ დადუმდა მის საქციელზე „ორკესტრი“

 კახელებს უამრავი კოლორიტი ჰყავთ, მაგრამ რომ იკითხოთ, კახელ კოლორიტთა თავკაცად ვის დაასახელებთო, დაუფიქრებლად თელაველ გურამ ურჩუხიშვილზე მიგითითებენ. ამისთვის კი მეტად საჭირო დასაბუთება აქვთ. გურამი სწორუპოვარი თამადაა და დაუთვლელი ლექსი და სიმღერა იცის „თავის ცეკვა-თამაშითო“. გურამი ერთადერთია მთელ საქართველოში თავის დროის ბიჭებთან (ლევან ლაშხთან, მერაბ რაზმაძესთან) ერთად, ვისთვისაც თეფშები, ჩანგლები და ბოთლები შეუდარებელი ინსტრუმენტებია. ვისაც წინანდლელი ბიჭების „ალუბლები“ არ მოუსმენია, ძნელი წარმოსადგენია, თეფშისა და ბოთლების აკუსტიკა და მუსიკის მუღამი. მაგრამ, ვისაც მოუსმენია, აღტაცება ვერ დაუფარავს... სხვათა შორის, როცა უნდათ, რომ უცხოელ სტუმრებს ქართული სუფრის შნო და ლაზათი დაანახვონ, კახეთის მადლი შეაგრძნობინონ, გურამ ურჩუხიშვილის თამადობას აჩვენებენ. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს მივაკითხე თელავის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, რომლის დირექტორიც ჩვენი ენამოსწრებული რესპონდენტია.

 

– ბატონო გურამ, ახალგაცნობილთა უმრავლესობა გეუბნებათ: იმ წლების დედა ვატირე, შენ რომ არ გიცნობდიო. რით მოახერხეთ ხალხის ასე მოხიბვლა?

– მომხიბვლელობისგან ჯვარი მწერია (იცინის) და არც ის დამისახავს მიზნად, რომ კოლორიტად შემიცნონ. მე თავს არ მივიჩნევ კოლორიტად. ჩემი აზრით, კოლორიტისთვის სულაც არ არის საჭირო გამორჩეული ინტელექტი, „გალექსილობა“, თუნდაც სიმღერისა და თამადობის ნიჭი. კოლორიტი სხვა დანარჩენებისგან გამოირჩევა ხასიათის განსაკუთრებული ნიშნებით, იუმორით, ჩაცმის მანერით, ყველა იმ შტრიხით, რაც მას სხვა დანარჩენებისგან განასხვავებს. თუმცა, იუმორის გრძნობა არც ერთ კახელს არ ღალატობს. თელავს ჰყავს თავის გამორჩეული კოლორიტები და ყველა ხუმრობასა თუ ანეკდოტს, გინდაც სხვისი იყოს, ხალხი ან ჯონდოს მიაწერს, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ან გეგე სულხანიშვილს, რომელიც სერიოზულად არასოდეს ლაპარაკობს და მხოლოდ ხუმრობს. ამ ხუმრობის დროს თვითონ არც იღიმება, გარშემო მყოფები კი ცრემლებს ღვრიან სიცილისგან. ერთხელ შუამთაში ქეიფობს გეგე „ამქართან“ ერთად. რესტორანში აღარ არის ადგილი და იძულებულია, ეზოში გააშლევინოს სუფრა. იქვე აუზია და ბაყაყებს გააქვთ ერთი გნიასი ყიყინით. ადგება სუფრიდან ვიღაც, უნდა თქვას სადღეგრძელო, გააწვდინოს სუფრას ბოლომდე და ბაყაყები არ აცდიან. არ ცხრება მათგან აკომპანემენტი. ცდილობენ, კენჭების სროლით ჩააცხრონ მათი ხმა, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ. ბაყაყს შეაგნებინებ, რომ ახლა უდროოდ წასულები უნდა გავიხსენოთ და ფეხზე ადგომით წუთიერი დუმილი მივაგოთო. ადგა ფეხზე გეგე, გაალიცლიცა წელში გამოყვანილი ჭიქა, გაჰკრა კენჭი აუზში და გაიხსენა ბიჭები, ვისაც ჩვენი ხელიდან შენდობა ეკუთვნისო. ბაყაყები გაილურსნენ, გაყუჩდნენ, თითქოს იგრძნეს, რომ ამ სადღეგრძელოს დუმილი შეშვენოდა. რა ხდება, გეგე, როგორ გააჩუმე ბაყაყებიო, – იკითხა ერთმა. დირიჟორს მივარტყიო, თქვა გეგემ ისე, რომ არც გაუღიმია. ასე, სიცილ-ხარხარით და ცრემლების ღვრით მიაგეს პატივი უდროოდ წასულ ბიჭებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დროულად გამგზავრებულებზე.

საფრანგეთში ვართ გასტროლებზე. პარიზში ჩავატარეთ კონცერტები და დავიძარით სოფლებისკენ, სადაც ყოველი წლის თებერვლის დასაწყისში „წმინდა ვენახის დღესასწაული“ ეწყობა. ძირითადი აქცენტი გადატანილია ვენახზე, ღვინოზე. ზეიმობს მთელი ბურგუნდია. მაგრამ ხალხმრავალი საზეიმო ღონისძიებები შაბლასა და ფიეში ეწყობა. ამ ზეიმისთვის აქ ორი-სამი თვით ადრე ემზადებიან. სახლები ათასფერი ყვავილებითაა მორთული. ეზოს მესერებზე ფერადი ბუშტებისგან დამზადებული ვეებერთელა მტევნები კიდია. სოფელ საბლაში გაიხსნა დღესასწაული, სახელდახელო სცენა იყო მოწყობილი. ამ სცენაზე უნდა გამოვსულიყავით, რადგან სხვა საშუალება არ იყო, ავტობუსში მოგვიწია ჩოხების ჩაცმა. ვჩქარობდით. ღონისძიება ის-ისაა უნდა დაწყებულიყო. ამას აქ რაღა უნდა, – თქვა ვიღაცამ და ყველამ ავტობუსის ღიად დარჩენილი კარისკენ გავიხედეთ. იქვე, ახლოს სახედარი ჩამომდგარიყო და მშვიდად შემოგვყურებდა... დავიჯერო, აქაც არიან ვირები? – გაუკვირდა ერთ-ერთ ჩვენგანს. – აბა, მაშ, რა გეგონა, მთელი საფრანგეთი მარტო ჩვენ ვიქნებოდით? – შეეხმიანა მეორე. – არა, მაინც რა უნდა სახედარს აქ? გურამ იქნებ, შენ გვიპასუხო, – არ მეშვებოდნენ ბიჭები. სიმართლე გითხრათ, არც მე მოველოდი. ალბათ, ემიგრანტი იქნება, – ვუპასუხე მე. – ეტყობა მასპინძლებმა სპეციალურად მოიწვიეს, რომ მშობლიური მიწის ნოსტალგია შეგვიმსუბუქონ-მეთქი. ავტობუსში მჯდომი თელავის უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, ბატონი როინ ჭიკაძე ჩვენკენ შემობრუნდა და მთელი სერიოზულობით გვითხრა, – ბიჭებო, თუ რამე გინდათ, აქვე უთხარით, ამას სასტუმროში არავინ შეგვაყვანინებსო. სიცილმა გააყრუა ავტობუსის სალონი. 

ჰავანაში ვართ გასტროლებზე. იქიდან პატარა საკურორტო ქალაქ ვარადეროში გადავინაცვლეთ. ისეთი ოვაციებით ხვდებოდნენ ქართულ ხალხურ სიმღერას, გეგონებოდათ, ცა ჩამოიქცა ქუხილითო. ამიტომაც განსაკუთრებული პატივით გვეპყრობოდნენ და ზოგჯერ სამსახურებრივ გრძნობაზე მაღლა აყენებდნენ ჩვენს პატივისცემას. მე და ჩემი მეგობარი, ლევან ლაშხში, სასტუმროში ყოველთვის ერთ ნომერში ვხვდებოდით და ერთად მივდიოდით საუზმესა თუ სადილზე. ერთ ზანგს „ჩავუსასტავდით“, რომელიც რესტორნის კარში იდგა და მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ჰქონდა, მაინც სადილამდე 5-10 წუთით ადრე შედიოდა რესტორანში. დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა ერთ მაღალ, გამხდარ ესპანური წარმოშობის მზარეულთან, რომელიც საჭმელებს ანაწილებდა. აიღებდი თეფშს, ჩამოუვლიდი მზარეულს, რომელიც დიდ, ჭის მაგვარ ქვაბთან იდგა და რასაც ეტყოდი, იმას დაგიდებდა თეფშზე. ისე იყო საჭმელები პომიდვრის ტომატში „გათხუპნული“, რომ დამსვენებლები ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან. ამიტომაც, თევზის ქვაბთან თევზის სურათი იყო მიყუდებული, ღორის ხორცთან – ღორის, საქონლის ხორცთან – საქონლის, ქათმის ხორცთან – ქათმის და ასე შემდეგ. როგორც ყოველთვის, ერთ დღესაც ადრე შეგვიშვეს მე და ლევანი. მზარეულმა ჩამჩა ასწია და ალალი კაცის ღიმილით მოგვესალმა. გაგიმარჯოს, ამიგო, – ვუთხარით ჩვენ და თეფში გავუწოდეთ. ამოგვიღო თეფშზე ჩვენთვის საჭირო ულუფა და შეტრიალდა თავის საქმეზე. რას არ მოიფიქრებ სახლიდან გასული კაცი, რომ გაერთო. ლევანი სწრაფად მიბრუნდა და სურათები გადააადგილა: თევზის სურათი საქონლის ქვაბთან დადო, ქათმის – ღორთან, ღორის – თევზთან და ასე შემდეგ. არ გავიდა დიდი ხანი და შემოვიდა ჯგუფი რუსეთიდან, დადგნენ რიგში და ჩვენს ნაცნობ მზარეულს სურათის მიხედვით ზოგმა თევზზე მიუთითა, ზოგმა – საქონელზე, ზოგმა – ქათამზე. მიიტანეს თეფშები თავიანთ მაგიდებზე და რას ხედავენ, ზოგისთვის ხორცის ნაცვლად თევზი მიუციათ, ზოგისთვის – ქათამი ღორის ხორცის ნაცვლად. რუსები მზარეულისკენ გაექანენ. მზარეული ესპანურად, რუსები კი საკუთარ ენაზე ყვიროდნენ და ხელებს უქნევდნენ ერთმანეთს. აბა, ახლა გავასწროთო, მითხრა ლევანმა და ორივე გარეთ გამოვცვივდით. რესტორნიდან კი დიდხანს ისმოდა უკმაყოფილო რუსების ყაყანი.

რაკი კურიოზებს ვიხსენებ, ერთ ამბავსაც მოგიყვებით, ანსამბლში გვყავდა ერთი საუკეთესო ბანი, ბუნებით გულღია, ალალი და ყველასთვის პატივსაცემი კაცი – ჯემალ მამუკელაშვილი. „ბანი გოდრებით“, ასე ეძახდნენ მას. მოკლედ ყველა მესამე ხმა ერთად რომ გაჩერებულიყო, მისი ბანი საკმარისი იყო. საუბრის დროს ძველ არქაულ გამოთქმებს იყენებდა და ღრმა კახური დიალექტით ლაპარაკობდა. მისი საუბრის დროს მსმენელს ჯაფა არ დასჭირდებოდა, გამოეცნო საქართველოს რომელი კუთხიდან იყო ეს კაცი. ვარადეროში, პლაჟთან ჩასასვლელი კიბეების ახლოს პალმის ჩრდილის ქვეშ ვიწექი, გარუჯვა არც კახეთში მაკლდა და შეგნებულად ვერიდებოდი მზეს. გარდა ამისა, აქედან უკეთ ჩანდა ზღვისპირი და სილაზე მოგოგმანე ლამაზმანები. ჩვენებურად რომ ვთქვათ, „თვალს წყალს ვალევინებდი“. ერთხელაც, ასე განცხრომაში მყოფს თავზე ვიღაც დამადგა. ავხედე, ჯემალი იყო. რა სუ ერთი ადგილი ამოგიჩემებია და მზეზე არ გადიხარო, – მითხრა. მე სერიოზული გამომეტყველება მივიღე და ვუთხარი, – ჯემალ, ეს ის ადგილია, თავის დროზე, პაპაჩემი გიორგი რომ ისვენებდა-მეთქი.

ჯერ გამიღიმა და შენ ხო სწორად არ ამოგივა სულიო, მითხრა. ახლა ერთი რამე უნდა გკითხო, იქნება მიპასუხოო... თქვი, რა გინდა-მეთქი. აქ „კრუგლი გოდ“ ეგრე ცხელა?

– ალბათ. – ვუპასუხე მე. ნოემბრის დასაწყისია და 35 გრადუსია და იანვარში, ალბათ 20-25 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოვა-მეთქი. ნწუ, ნწუ, ნწუ... – სინანულით გადააქნია თავი ჯემალმა. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გადარდებს-მეთქი, ვკითხე.

– თუ სუ ეგრე ცხელა, ღორებ როდიღა კლამენო.

– თქვენი მეგობრები ამბობენ, რომ ინგლისში ცოლი და დედა გაგინეს, თქვენ კი მადლობა გადაუხადეთ ზრდილობიანად. რა მოხდა?

– იყო ასეთი შემთხვევა. ლონდონიდან მოვდივართ სამშობლოში. იმდენ ხანს დავრჩით ერთ ოჯახში, რომ „საყველპურო“ ქართული ვასწავლეთ. მიხვდნენ, რომ ჩვენ არ ვიყავით ინგლისურის მსწავლელები. გამომშვიდობების დღეს მასპინძელმა ორი ყუთი შემოიტანა და ომახიანად მეუბნება, – შენი ცოლი და შენი დედა... ლევან ლაშხს ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან. როგორ შეარჩინე კაცს ცოლისა და დედის გინებაო.

– რატომ შეგაგინათ, დაუშავეთ რამე?

– კი არ შემაგინა, საჩუქრებს მატანდა ცოლთან და დედასთან, „უნებურად“, გინება გამოუვიდა. მას შემდეგ „კაიფობენ“ ჩემზე, ურჩუხიშვილი ცოლისა და დედის გინებაზე მადლობას იხდისო.

 

 

скачать dle 11.3