კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


მასხულია

ამ აზნაურულ საგვარეულოს ღრმა ფესვები აქვს. გვართა მკვლევრები და მათ შორის გიორგი ახვლედიანი ამ გვარს მესხეთს უკავშირებს. ილია მაისურაძე, წიგნში „ქართული გვარ-სახელები“, წერს: „მასხულია გეგეჭკორის რაიონი და სხვა; სავარაუდოა საკუთარი სახელი მასხულ. გ. ახვლედიანი უკავშირებს მასხ, მესხ, მოსხ ეთნონიმურ ძირებს“.

იოანე ბაგრატიონი (ბატონიშვილი) წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა, რომლებიც შეტანილნი არიან ტრაქტატსა შინა“, წერს, რომ მასხულიები არიან „ოდიშის აზნაურნი“. სამეგრელოს სამფლობელოს სახლისადმი კუთვნილ აზნაურად არიან მოხსენიებულნი, როგორც 1890 წლის 5 ივნისს, ისე 1904 წლის თავად-აზნაურთა სიაში.

„მასხულია ბაკოლია, მოწმე ბეჟან ბატონიშვილის მიერ გიორგი ასათიანისთვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1700 წელი).

„მასხულია კუირია, ლევან დადიანმა ხელმეორედ შესწირა ის შვილებით ხობის ტაძარს“ (1628-1647 წლები).

მარტვილში ცხოვრობს მასხულიათა ათი კომლი. ადგილობრივი ვარიანტია მასხუია, მასხვია. ტოპონიმი: ემასხვიე-ემასხუიე. უბანია ნოღის მარჯვენა მხარეს, მარტვილსა და ლეცაცხვაუს საზღვარზე. ნამასხვიუ-ნამასხუიე ტყე-ფერდობებია ეშაშიეში (ლეციცხვაიე). ამავე ფუძის გვარია მასხულავა, დამოწმებულია 1733 წელს შედგენილ ერთ საეკლესიო საბუთში.

1904 წელს ნახუნაოში, სერგიეთში, საჩოჩიოში, საბოკუჩაკოში, კოდორში, მარტვილში, საელიავოში, ინჩხურში, საკაჭარაოში მცხოვრები მასხულიები აზნაურები იყვნენ. ამასთანავე, კელთანაში ცხოვრობენ როგორც მასხულიები (აზნაურები), ისე მასხულაიები (ასევე აზნაურები).

საქართველოში 267 მასხულია ცხოვრობს: თბილისში – 194, ზუგდიდში – 96, მარტვილში – 25.

თურქია

ქართული გვარ-სახელების ქმნადობა-ჩამოყალიბებაში ბევრი სუფიქსი მონაწილეობდა: ეთ-ი, ელ-ი, ძე, შვილი, ია, უა, ანი, იანი და ასე შემდეგ. ბევრი გვარი წარმოქმნილია ტოპონიმებიდან, ეთნონიმებიდან და ასე შემდეგ. თურქიათა გვარიც წარმოქმნილია ეთნონიმიდან. ეთნონიმიდან თურქი, ნაწარმოები გვარებია: თურქაძე, თურქია, თურქიაშვილი, თურქიშვილი, თურქოშვილი.

ტოპონიმი: სათურქიო – უბნები ანაკლიაში (ენგურის მარცხენა მხარეს), ზემო ქვალონში (დვაბის მარცხენა მხარეს), გეჯეთში (ტეხურის მარცხენა მხარეს). „საცაიშლო გამოსავლის დავთარში“ (1616–1621 წლებში), დასახლებულია წყარულზურს მოსახლე თურქია, რომელსაც ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა.

ამავე ძირისაა თურქიაშვილები. ქაჩიბაძეების (ბარათაშვილების წინაპრები) აზნაურიშვილები, თურქისტანიშვილები (მათი შტო-გვარია სეხნიაშვილი) ქვემო ქართლის მებატონე-მემამულეები იყვნენ.

ლატარია

ლატარიათა გვარს არაფერი აქვს საერთო იტალიაში მოგონილ სიტყვასა და ნივთების ან ფულის გათამაშებასთან. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გვარის ფუძედაა გამოყენებული ლათა. ლათა სოფელია კოდორის მარჯვენა ნაპირზე, სოხუმის სამხედრო გზაზე. ლათას მცხოვრები იქნება ლათარი. როგორც ჩანს, მომხდარა ყრუ ფშვინვიერი თ ბგერის გამკვეთრება და თ ასო ტ-ს შეუცვლია (ლათარი – ლატარი – ლატარია).

სალატარაიო – უბნებია ურთში, ნაკადუში (ბეჰეუმქურის ნაპირზე), ნარაზენში, ლარჩვაში, თორსში (თოლისქურის ნაპირებზე), გაღმა შუა ხორგაში.

„ლატარია კოჩოლას ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა“ (1621 წელი).

„ლატარია ხუხულას ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა“ (1616-1621 წლები).

ყველაზე გავრცელებულ ქართულ 1 000 გვართა სიაში ლატარია 353-ე ადგილზეა; ხობის რაიონში უჭირავს მეორე ადგილი, ზუგდიდის რაიონში – 39-ე. ხეთაში ლატარიების 119 კომლი ცხოვრობს, თორსა-დღვაბაში – 59, ორულუში – 31, აბასთუმანში – 28, ხობში – 19, შუა ხორგაში – 18, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი) – 11, ურთაში – 11, აბაშაში – 10, ჭიათურაში – 9, ნარაზენში – 8 და ასე შემდეგ.

საქართველოში 2 283 ლატარია ცხოვრობს: ხობში – 876, ზუგდიდში – 858, თბილისში – 2 209.

ჯღამაია

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გვარში ფუძედაა გამოყენებული სახელი ჯაღა და არა ჯაღამა, ჯაღადანაა ნაწარმოები გვარები: ჯღამაძე და ჯღამაია. ჯღამაძე და ჯღამაია ერთი და იგივე გვარად ჩანან.

ჯღამაძეებს ადრე რაჭაში უცხოვრიათ. ის გვარი ჩანს 1545 წელს, შემდეგ გადმოვიდნენ სამეგრელოში. გეჯეთში ჩანს 32 კომლი, მაისში – 7, ალერტკარში – 5 და ასე შემდეგ. ადგილობრივ მეტყველებაში ჯღამაძე ხშირად იცვლება ვარიანტით ჯღამაია.

ჯღამაია კი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ხუნწში – 18, ნოსირში – 11, ახალკახათში – 5, ახალაბასთუმანში – 3, სამიქაოში – 3.

საჯღამაიო უბანია ახალკახათს (დარჩულის საზღვართან) და გეჯეთში (ტეხურის მარცხენა მხარეს). 1733 წელს შედგენილ საბუთში დასახლებულნი არიან „მეჯეთს“ (გეჯეთს) მცხოვრებნი ბაბუშია და ნანაია ჯღამია.

ჯღამა კოლხეთში გავრცელებული სახელია.

საქართველოში 822 ჯღამაძე ცხოვრობს: თბილისში – 212, სენაკში – 147, ზუგდიდში – 110. 326 ჯღამაია: ზუგდიდში – 83, მარტვილში – 63, სენაკში – 38.

კვაჭანტირაძე

ლერი კვაჭანტირაძემ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: მათ წინაპრებს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზომლეთში უცხოვრიათ. უფრო სწორედ, მეზობელი სოფლების – ჭანჭათისა და ზომლეთის ხევის თავში. ხევის ორივე მხარე ჭანური ქვის ქანები ყოფილა, თვითონ სამოსახლო ადგილიც ქვაზე იყო დაფუძნებული, რაზეც მიმოფანტული იყო მიწა ერთი მეტრიდან სამ მეტრამდე.

კვაჭანტირაძეები ქვის კეცების ოსტატები ყოფილან და ახლომახლო დამზადებულ ქვის კეცებსაც იქ ასაღებდნენ. ამიტომ მათი გვარი წარმოდგება არა კვაჭანტირაძე, არამედ „ქვა ჭანური“, „ტი“ – ტინიანი ადგილი, „რა“ – მზე, ანუ მზიანი ადგილი და „ძე“ – გვარის, სიცოცხლის გაგრძელება საბოლოოდ ასე გამოკვეთა გვარი „კვაჭანტირაძე“.

თავის გამოკვლევებში ალექსანდრე ღლონტს ნასესხები აქვს გურიის სოფელი „კვაჭანური“ და ამბობს, რომ ადრე მას „ქვაჭანური“ ერქვაო, რაც ნამდვილად მისაღებია, იმიტომ, რომ ასო ქ ხშირად კარგავს თავის გამოთქმას და გადაიქცევა ხოლმე ასო კ-დ.

მათი წინაპრები მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, ჰქონდათ კარგად მოვლილი დაბალი ვაზი (ვენახი), თხილის ხეივანი და თითქმის ყველა ჯიშის ხე, ხევში კი – წყლის წისქვილი. კვაჭანტირაძეები კარგი მომღერლები ყოფილან. თავადაც ასწავლიდნენ სიმღერებს და გუნდიც ჰყოლიათ. მათი სიმღერები ჩაწერილია და ინახება „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფონდში.

ეს გვარი გამოირჩევა თეთრი და მრგვალი პირისახით, მაღალი კისრით, ცისფერი ან მწვანე თვალებით, დამთმობები და არა სიმდიდრის მოყვარულები არიან.

სავარაუდოდ, გვარი კვაჭანტირაძეების წილნაყარი უნდა იყოს. ჭანკვეტაძე (ჭან-ქვა-ტი-ძე), ჭანუყვაძე (ჭანური ქვა ანუ ჭანუ-ქვა-ძე), კვაჭაძე (ქვა-ჭან-ძე) და სხვები.

კაკაურიძე

კაკაურიძე ორსუფიქსიანი ქართული გვარ-სახელია, შედგება საკუთარი სახელისგან კაკა. ეს კაცის უძველესი სახელია, ასევე, გვხვდება ქალის სახელადაც. ური, ისევე, როგორც ძე, გვარის მაწარმოებელი სუფიქსებია. პირველი გვხვდება მთიულეთში, მეორე – იმერეთში.

ფუძით კაკა გვხვდება გვარი კაკაური, მისი სამშობლოა კახეთი. თელავსა და მის მიმდებარე სოფლებში დაფიქსირებულია 20 სული. 5 სული კი გადასულა თბილისში, ერთი ბათუმშიც დასახლებულა.

ძნელია იმის თქმა, რომელი გვარი გაჩნდა პირველად – კაკაური თუ კაკაურიძე. კაკაურიძე შედარებით მრავალრიცხოვანი გვარია.

„კაკაურიძე მახარობელს, წყალწითელას მცხოვრებს, კოხურას ბეგარის ნუსხის მიხედვით, ემართა სანთელი – ლიტრა ორი, ღომი – გვერდი ორი, პური – გვერდი ერთი, ღვინო – კოკა სამი, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). იქვე მოიხსენიება მიქელ კაკაურიძე.

პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „კაკი ხურიტული სახელია. ამჟამად მიჩნეულია აკაკის შემოკლებულ ფორმად, მაგრამ მის სხვაგვარ წარმოშობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აკაკი კაცის სახელია, ხოლო კაკი გურიასა და სამეგრელოში გვხვდება როგორც კაცის, ასევე ქალის სახელად. მისი ფონეტიკური ვარიანტია კაკა, გაგა“.

ფუძით კაკა რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.

1995 წლის მონაცემებით დაფიქსირებულია 2 071 კაკაურიძე: თბილისში – 489, ზესტაფონში – 480, ქუთაისში – 367.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3