კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისტორიული შეცდომა

 

მატილდა და დორის ჰოლდენების ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მათ მამულში არქეოლოგებმა დაიწყეს მუშაობა. ორი შინაბერა აქამდე წყნარად, უხმაუროდ ატარებდა დღეებსა და საათებს... ხან ქსოვდნენ, ხან მეზობლებზე ჭორაობდნენ... მათი ერთფეროვანი და მოსაწყენი ყოფა მთლიანად შეცვალა პატარა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სიმპათიური მეცნიერის, ჯეფრი მეინელის თაოსნობით. ჯეფრი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ აქ, ამ მიდამოებში უნდა ყოფილიყო დამარხული ძველი ბრიტანელი ბელადი კასიველაუნი. მეინელი ხშირად სტუმრობდა დებთან ჩაიზე და საათობით ელაპარაკებოდა ამ ბელადის საგმირო საქმეებზე. ჰოლდენების სიმპათიები მთლიანად ექსპედიციის ხელმძღვანელისკენ იყო. დორისი უკვე იმასაც კი ეჭვობდა, ნეტავი, ჩემს ორმოცდაათი წლის დას ერთბაშად სიყვარული ხომ არ ეწვიაო. ყოველ შემთხვევაში, თავადაც არ იყო უარზე, მთელი დრო ჰილვიუს გორაკთან, გათხრების სიახლოვეს გაეტარებინა და თვალი ედევნებინა არქეოლოგების მუშაობისთვის.
– მათ, როგორც იქნა, იპოვეს ჩონჩხი... წარმოგიდგენია?! – ამ სიტყვებით შეაღო კარი დორისმა და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა. 
მატილდამ საქსოვი გვერდზე გადადო.
– ისე, რა საშინელებაა, არა?! ახლა იმ საცოდავი კასიველაუნის ჩონჩხს ბრეზენტს გადააფარებენ და დაუმარხავს დატოვებენ. შეიძლება, წარმართი იყო, მაგრამ, ეს მაინც ცოდვად მიმაჩნია.
– ჰმ, ღირს კი ეგ ჩონჩხი იმად, რომ ამ თხუნელებს ჩვენი მიწის ჩიჩქნის უფლება მივცეთ?
– მე ყველაფერი არ მითქვამს, მთავარი საინტერესო წინ გელის.
– რა უნდა იყოს საინტერესო ძვლების გროვაში? – ჩაიბურტყუნა მატილდამ.
დორისს თვალები აუციმციმდა:
– ეს ქალის ჩონჩხია და არა კაცის!
– ძალიანაც კარგი. თავს უკეთ ვიგრძნობ, თუ სახლის გარშემო ქალის მოჩვენება იბორიალებს და არა კაცის.
დორისს მისი სიტყვები უცნაურად მოეჩვენა, მაგრამ, აღარ შეჰკამათებია, ისე განაგრძო: – ჩონჩხის გარდა, დიადემა და ბეჭედიც იპოვეს. ჯეფრი ამბობს, ეს თავად ბელადის ცოლის სამარხიაო. ბეჭედიც კი გაიკეთა თითზე და ჩონჩხს ხელზე აკოცა... ანუ, იმაზე, რაც ხელიდან დარჩა.
მატილდა გაფითრდა:
– რა წარმოუდგენელი ქარაფშუტობაა. გახსოვს? პროსპერ მერიმეს აქვს ასეთი ნოველა – „ილის ვენერა“ თუ რაღაც ამისი მსგავსი. აქ მთავარი გმირი მიწიდან ამოთხრილ სტატუეტს თითზე ბეჭედს უკეთებს და კვდება – თავისი ქორწინების ღამეს უწმინდური მოჩვენებები მიდიან და ალერსით გუდავენ. ჯეფრი ჩონჩხზე დაინიშნა? საშინელებაა!
– ყოველ შემთხვევაში, ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ მის პირსონზე დაქორწინებულიყო, – გაიცინა დორისმა. 
მატილდას არანაირი რეაქცია არ ჰქონია დის სიტყვებზე, თუმცა, დორისმა იცოდა, რომ მატილდა დასანახავადაც ვერ იტანდა ლამაზმან როზა პირსონს – ექსპედიციის წევრს, რომელიც აჩრდილივით დასდევდა მეინელს და დაუპატიჟებლად მიჰყვებოდა ხოლმე დებთან.
მატილდა უცებ წამოხტა. საკიდიდან პალტო ჩამოგლიჯა და სახლიდან გავარდა. დორისი გვიან მოეგო გონს და დას უკან გამოედევნა.
ექსპედიციის წევრები გამარჯვებას, ანუ თავის აღმოჩენას აღნიშნავდნენ. 
– დღეს დიდი დღეა, ქალბატონებო! ამ სიტყვებით მიეგება მეინელი დებს. ხელზე სამარხიდან ამოღებული ბეჭედი უბრწყინავდა, – ამ აღმოჩენით დიდი მომავალი მელოდება!
– არაფერიც არ გელოდებათ, ჯეფრი მეინელ, თუ თითიდან მაგ ბეჭედს არ მოიხსნით, – დაუყვირა მას მატილდამ და ავისმომასწავებელი ხმით დაუმატა: – მე გაგაფრთხილეთ! უბედურება არ აგცდებათ!
– მის პირსონმა გადაიკისკისა, მაგრამ მატილდას ეს აღარ გაუგონია – ის უკვე სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
 იმ ღამით დორისს ცუდად ეძინა. ძილში თითქოს შემოსასვლელი კარის გაღების ხმაც ჩაესმა... დილით მატილდა საუზმეზე არ ჩავიდა. დამ ოთახში ააკითხა, მაგრამ მატილდამ კარი არ გაუღო და სუსტი ხმით გამოსძახა, ავად ვარ, თავი დამანებეო... დორისმა ვერ მოასწრო, მიზეზი  გაერკვია, რომ კარზე ზარი დარეკეს. დებისთვის კარგად ნაცნობი ინსპექტორი მარვუდი აღმოჩნდა თავის დამხმარე სერჟანტ ჰოლთან ერთად. თანაც, უჩვეულოდ ოფიციალურად იქცეოდნენ.
– მის მატილდა ჰოლდენის ნახვა გვინდოდა. ჩვენთან ერთად მოუწევს წამოსვლა განყოფილებაში... წუხელ თქვენი და ნიჩბით ხელში მიმავალი ნახეს, გამთენიისას კი თავგაჩეხილი ჯეფრი მეინელის გვამი იპოვეს. ახლა ხვდებით, რაშიც არის საქმე?
– ჩემს დას არაფერი დაუშავებია. ეს სიგიჟეა!.. – დორისი დას მივარდა, – მატილდა, თქვი რამე! – მერე უცებ გაახსენდა, ღამით კარის ხმა რომ გაიგონა და გაშეშდა. მატილდა პოლიციაში წაიყვანეს. დორისს ინსპექტორმა ორი საათის შემდეგ მოაკითხა.
– დორის, იქნებ, წამოხვიდეთ და თქვენს დას დაელაპარაკოთ? ხმას არ იღებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. 
დორისმა დასთან პირისპირ მარტო დატოვება მოითხოვა.
– მატი, მომისმინე... შენ ნიჩაბი იმიტომ წაიღე, რომ ჩონჩხის დამარხვა  და ამით ჯეფრის გადარჩენა გინდოდა?
– ჰო, მაგრამ, ვეღარ მოვასწარი. ის მოჩვენებებმა მოკლეს. მე თვითონ ვნახე, მაგრამ, ინსპექტორს ეს რომ მოვუყვე, არ დამიჯერებს და დამცინებს.
 – მე მჯერა. მე ვიცი, რომ გიჟი არ ხარ, თუმცა, აბა, მომიყევი, რა ნახე.
– დავინახე, როგორ ეხვეოდა მეინელი მოჩვენებას. მერე მეორე მოჩვენება გამოჩნდა... ეტყობა, თავად კასიველაუნი. მაგ საწყალ ჯეფრის თავში რკინის კვერთხი ჩაარტყა და მოკლა. მერე ორივე მოჩვენებამ ის გათხრილ სამარხში ჩააგდო.
დორისი ჩაფიქრდა. მატილდა იმპულსური იყო, მაგრამ, გიჟს ნამდვილად ვერ უწოდებდი.
– ცოტა მოითმინე, მატი... მალე ყველაფერი გაირკვევა. მე ვიცი, რომ შენ მკვლელი არ ხარ.
დორისი დაელოდა, სანამ კარგად არ დაბნელდა და იქით გაემართა, სადაც ექსპედიციის წევრები მუშაობდნენ და კარვები ჰქონდათ გაშლილი. დორისი ერთ კარავთან მიიპარა და სმენად იქცა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია – მალევე დაინახა ორი სილუეტი, რომლებიც არაფრით ჰგავდნენ მოჩვენებებს. ქალმა ორივე იცნო.
– როზა, უნდა ვიჩქაროთ, – ეუბნებოდა გეინორი, ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე, – დილამდე ნივთები უნდა ამოვიღოთ და გავქრეთ. შეიძლება, ვინმე რამეს მიხვდეს.
– ვინ უნდა მიხვდეს? პოლიციას ის დედაკაცი ჰგონია მკვლელი. ისე, რა კარგად აეწყო ყველაფერი. მისი გიჟური გამოსვლა რომ არა, არაფერი გამოგვივიდოდა... ახლა ნიჩბითაც რომ მოგვადგა?! ნეტავი, ნიჩაბი რაღად უნდოდა?
– იმისთვის, რომ შენს ლამაზ თავში შესანიშნავი იდეა დაბადებულიყო – მკვლელი მოჩვენებები! – გადაიხარხარა გეინორმა.
დორისს ცივმა ოფლმა დაასხა, ლამის წამოიყვირა კიდეც, რომ უცებ პირზე ვიღაცამ ხელი ააფარა და ყურში სწრაფად წასჩურჩულა:
– ხმა არ ამოიღოთ და მუშაობაში ხელი არ შეგვიშალოთ, ქალბატონო მაძებარო. კინაღამ ყველაფერი გააფუჭეთ... – დორისმა ინსპექტორ მარვუდის ხმა იცნო...
გეინორი, როცა ხელბორკილს ადებდნენ, მშვიდად იყო. როზა პირსონმა კი პოლიციას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. დაკაწრა კიდეც რამდენიმე მათგანი.
– არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მატილდა მკვლელი ყოფილიყო. ეჭვი მაშინვე ექსპედიციის წევრებზე მივიტანეთ. ასეთი ნივთები შავ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს, კოლექციონერები მათში გიჟურ თანხებს იხდიან. როგორც ჩანს, როზამ და გეინორმა ჯეფრი მეინელის მოშორება და ნაპოვნი ნივთების მოპარვა თავიდანვე გადაწყვიტეს. როზა მისი საყვარელიც იყო და გეინორისაც, თანამზრახველად კი გეინორი ამოირჩია. როგორ მოეშორებინათ თავიდან მეინელი, ეს თქვენმა ექსცენტრიკულმა დამ უკარნახა, როცა მეცნიერს უბედურება უწინასწარმეტყველა. ჰოდა, გაითამაშეს სპექტაკლი მოჩვენებებით – მატილდასთვის. როზამ ნიჩბით მიმავალი თქვენი და ადრევე დაინახა...
– როგორ გაიგონეთ, რას მიყვებოდა მატილდა?
– ჩემო მაძებარო, პოლიციაში მოსასმენი ოთახების ნაკლებობას არ ვუჩივით. მთავარია, რომ მკვლელები დავაკავეთ... საწყალ ჯეფრი მეინელს სამარხში ნაპოვნი კვერთხით გაუხეთქეს თავი, როზას თავს კი ამ დროს ბელადის ცოლის დიადემა უმშვენებდა...
თარგმნა 
ნინო  წულუკიძემ
скачать dle 11.3