კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ხაშურში დაკარგულ მეუღლეს ყოფილი ცოლი რუსეთიდან და რატომ ვერ უკავშირდება ის ქმარს 19 წლის განმავლობაში


50 წლის ნადეჟდა მიხეილის ასული პატურაშვილი ეძებს 53 წლის ელიბო ირაკლის ძე პატურაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეუღლეს, 53 წლის ელიბო ირაკლის ძე პატურაშვილს. 1990 წელს იგი საქართველოში გამოემგზავრა თავისი მშობლების მოსანახულებლად და მას შემდეგ ვეღარ ვუკავშირდები. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. ამჟამად ვიმყოფები რუსეთში და ფიზიკურად ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, თან, არც ვიცი, სად ან როგორ უნდა ვეძებო.

– როგორ დაკარგეთ მეუღლე და რატომ გადაწყვიტეთ, ის ოფიციალურად მოგეძებნათ?

– 1990 წელს ელიბო გაემგზავრა საქართველოში მშობლების მოსანახულებლად. ბოლოს მას იმავე წლის 26 იანვარს ველაპარაკე. მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ მქონია, ამ დრომდე არ ვიცი მისი ადგილსამყოფელი. ბევრჯერ ვცადე, დავკავშირებოდი საქართველოში მცხოვრებ მის ნათესაობას, მაგრამ უშედეგოდ. არაერთხელ გავგზავნე წერილებიც, მაგრამ პასუხი არც ერთ წერილზე არ მიმიღია. ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ოფიციალურად დამეწყო მისი ძებნა და განაცხადი გავაკეთე „ჟდი მენიას“ საიტზე.

– მეუღლის ბოლო ადგილსამყოფელი თუ იცით. და რას ფიქრობთ, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ დღემდე არ შეგეხმიანათ?

– ბოლოს რომ ვესაუბრე, ხაშურში, სასტუმრო „ივერიაში“ იყო, მას შემდეგ კავშირი აღარ გვქონია. საქართველოში ჩამოსვლასაც ვფიქრობდი, მაგრამ, თუკი მისმა ნათესავებმა შეიცვალეს მისამართი და მე ვერავის ვიპოვი, ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ მან სხვა ოჯახი შექმნა და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. უბრალოდ, მისი პოვნა და იმის გაგება მინდა, რომ ის კარგად არის, ნამდვილად არ ვფიქრობ ოჯახის დანგრევაზე. იმედი მაქვს, მისი მეორე ოჯახი, თუკი მას იგი მართლა აქვს, გამიგებს.

– რომ აღმოჩნდეს, რომ მას მართლაც აქვს მეორე ოჯახი, რომელმაც თქვენ შესახებ არაფერი იცის, ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, საფრთხეს ხომ არ უქმნით მათ სიმშვიდეს?

– ვფიქრობ, მისი ოჯახის წევრებმა უნდა გამიგონ. მე არ ვეძებ ჩემს ყოფილ მეუღლეს იმისთვის, რომ ოჯახი დავუნგრიო. მე მხოლოდ და მხოლოდ მისი პოვნა მინდა; მინდა, დავმშვიდდე და აღარ ვიფიქრო, რომ მას რაიმე შეემთხვა ან განსაცდელშია. იმედი მაქვს, არც თვითონ ის, არც მისი ოჯახის წევრები, არაფერში დამადანაშაულებენ. სიმართლეს თუ გავიგებ, მეუღლის გვარსაც შევიცვლი და ისევ ჩემს გვარს დავიბრუნებ.

– მეუღლის შესახებ უკვე 19 წელია, არაფერი გსმენიათ, თქვენ თვითონ თუ გიცდიათ ახალი ოჯახის შექმნა?

– პირველ ყოვლისა, მინდა, ვიპოვო ის და გავიგო სიმართლე. თუკი ჩვენ დავშორდით, მე, ალბათ, ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე, მაგრამ ამჯერად ეს მხოლოდ სამომავლო გეგმებში თუ წარმომიდგენია. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ მან უკვე დიდი ხანია, ოჯახი შექმნა და დროა, მე ის დავივიწყო. მათაც არ ესმით, რომ მე მას ურთიერთობის გასაგრძელებლად კი არ ვეძებ, უბრალოდ, საინტერესოა, სად ან როდის შეიძლება ის დაკარგულიყო. იმის საფუძველი ჩვენ შორის არ ყოფილა, რომ ასე მივეტოვებინე. ძალიან გთხოვთ, გამიგოთ და დამეხმაროთ მის პოვნაში. არანაირად არ მინდა, მას ან მის ახლობლებს რაიმე პრობლემა შევუქმნა მხოლოდ იმით, რომ მე მას ვეძებ, უბრალოდ, ყველანაირად ვცადე მისი მოძებნა დამოუკიდებლად, მაგრამ ვერ მოვახერხე.

– საქართველოში სად ეძებთ მას, რომელ ქალაქში?

– ხაშურში იყო ბოლოს და, შეიძლება, ამჟამადაც იქ არის, თუკი საცხოვრებლად სხვაგან არ გადავიდნენ. როდესაც მიდიოდა, მისი მშობლები ცუდად იყვნენ. მას შემდეგ 19 წელი გავიდა, ეს კი დიდი დროა. იმედია, მათ, უბრალოდ, საცხოვრებელი გამოცვალეს. საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო მომსახურებაც ძალიან რთულად ფუნქციონირებს. შეიძლება, იმიტომაც არ მისდით ჩემი წერილები მის ნათესავებს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3