კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რომელი მცენარე ძლებს უწყლოდ და სად დავდგათ ზამთარში ხავორტია

 ზამთარში უამრავი მცენარე  გვიჩენს ხოლმე დიდ პრობლემასა და თავსატეხს – შეიძლება გაგვეყინოს ან დაზიანდეს. თუ გსურთ, აირჩიოთ ყველაზე უპრეტენზიო, იოლად გასახარებელი და, ამავე დროს, ძალიან ლამაზი მცენარე, გირჩევთ, „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკის, ბატონ ამირან ბიწაძის ნაამბობი გაითვალისწინოთ. 

 

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა ხავორტია და რას გვეტყვით მის შესახებ?

– ხავორტიას ოჯახი არის როგორც ალოესებრთა, ასევე, აჰავასებრთა გვარი. მისი სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. ხავორტიას მრავალი ოჯახი არსებობს, თუმცა, ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ერთ სახეობაზე, რომელსაც ჰქვია მარგალიტისებრთა ხავორტია. სილამაზის გამო მას „ზღვის ვარსკვლავსაც” უწოდებენ.

– როგორი მცენარეა ის – პრეტენზიულია თუ იოლად ხდება მისი გახარება და გაზრდა?

– ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. თუ თქვენ მისთვის სასურველ მინიმალურ პირობებს შეუქმნით, ის ყოველთვის ჯანსაღი და ლამაზი იქნება. 

– როგორია მისი მინიმალური პირობები?

– ხავორტია არის სუბტროპიკული მცენარე და უყვარს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ, არ უყვარს ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ზამთარში. მას აქვს სქელი, წყლიანი ფოთლები და, ამიტომ არ მოსწონს ხშირი მორწყვა. 

– რა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წყალმა?

– ჭარბი წყალი დაალპობს ხავორტიას. ის შემოდგომიდან თავადვე ინახავს წყლის მარაგს და, ამიტომ გირჩევთ, ზამთრის სეზონზე მცენარე მორწყათ ორ-სამ თვეში ერთხელ. ასევე, შეგიძლიათ, მორწყათ თებერვალში ან მარტში და სექტემბრამდე თავი დაანებოთ. ხავორტიას არც ზაფხულის განმავლობაში დასჭირდება წყალი – ფაქტობრივად, ის უწყლოდ იზრდება. 

– თუ ხავორტია სუბტროპიკულია, როგორ შევუქმნათ მას მაღალი ტემპერატურა ზამთარში?

– მართალია, ის სიცხის მოყვარულია, მაგრამ ზამთარში ის პრობლემას არ შეგიქმნით, 14 გრადუსზეც კი ნორმალურად განაგრძობს ცხოვრებას და არ დაემუქრება სიკვდილის საფრთხე. მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ: ეცადეთ, ბინაში ტემპერატურა 12 გრადუსზე ნაკლები არ იყოს. 

– როგორ ადგილას დავდგათ ხავორტია, მოქმედებს თუ არა მასზე მწველი სხივები?

– მწველი სხივები არანაირ გავლენას არ ახდენს ამ მცენარეზე. თუ ჩრდილში ამყოფებთ, ექნება მწვანე ფერის ფოთლები, ხოლო, თუკი მზის ქვეშ დადგამთ, მოწითალო შეფერილობა მიეცემა – ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ანუ რომელი ფერის ხავორტიაც მოგწონთ, შესაბამის ადგილას დადგით. 

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის აყვავილება?

– ხავორტია ყვავილობს, მაგრამ, მისი აყვავება საქართველოს პირობებში შეუძლებელია. 

– როგორ მოქმედებს ხავორტია გადარგვაზე და რით მრავლდება ის?

– მისი გადარგვა შეგიძლიათ. ის მრავლდება გაყოფით. როდესაც რგავთ ხავორტიას, გაითვალისწინეთ, რომ მისი მიწაში ჩარგვა არ ხდება, ის ზემოდან უნდა დადოთ მიწაზე და ფესვთა სისტემა შემდგომ თავადვე იკვლევს გზას ნიადაგში. 

– დასაშვებია თუ არა ზამთარში მცენარის გამრავლება?

– ხავორტია ამ სეზონზეც ჩვეულებრივ მრავლდება გაყოფით. ზემოთ აღნიშნული გამრავლების პირობები უნდა გაითვალისწინოთ.

– როგორი მიწა შევურჩიოთ მცენარეს?

– ამ მხრივ ხავორტია აბსოლუტურად უპრეტენზიოა, – როგორი სახის და შემადგენლობის მიწაც გაქვთ, ისეთში ჩარგეთ, ნიადაგს მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

– რაც შეეხება დამატებით კვებას?

– მას არ სჭირდება დამატებითი კვება. მხოლოდ 5-6 თვეში ერთხელ შეიძლება მორწყათ სუსტი კონსისტენციის ნაკელიანი წყლით და ამით დაასრულოთ მისთვის საკვების მიწოდება. 

– რა ზომის შეიძლება გაიზარდოს ხავორტია და რომელ მხარეს დავდგათ ახლა?

– ამ მცენარის სილამაზე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მაღალი არ იზრდება. მისი მაქსიმალური სიმაღლე 30-40 სანტიმეტრია. ამ სეზონზე მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარეს იდგება, ის ძალიან იოლი და უპრეტენზიოა და, შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ადგილი შეურჩიოთ. 

– კიდევ რა დანიშნულება აქვს ხავორტიას?

– მცენარე გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. 

–  თუ ემუქრება ამ მცენარეს მავნებლების საშიშროება?

– მისი უპრეტენზიობა იმაშიც გამოიხატება, რომ მას მავნებელი არ ეტანება. მავნებელი ვერ აზიანებს მის ფოთოლს და, ამიტომ არ დაგჭირდებათ შხამ-ქიმიკატების მომარაგება და მავნებლებთან ბრძოლა. 

– მოქმედებს თუ არა მცენარის სიჯანსაღეზე გამათბობელი?

– არ აქვს მნიშვნელობა, ხავორტიას გამათბობელთან ახლოს დადგამთ თუ შორს. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონისთვის? ახლა ტემპერატურა გარეთ საკმაოდ დაბალია და ხომ არ ემუქრება მას გაყინვა?

– მთავარია, ახლა ხავორტია ბინაში იყოს, ჰქონდეს 12 გრადუსი ტემპერატურა მაინც და მასზე გარე ყინვა ნამდვილად არ იმოქმედებს. თუ ყინვაში მოხვდა, ის აუცილებლად გაიყინება, ამიტომ, შეეცადეთ, გარე კლიმატმა არ შემოაღწიოს თქვენს ბინაში და შეინარჩუნეთ ოთახის სტაბილური ტემპერატურა. ზაფხულში კი, ეს მცენარე ლამაზია აივნებისთვის, დეკორაციებისთვის და შეგიძლიათ, გადგათ გარე კლიმატში. თუ დასასვენებლად წასვლა გინდათ, დატოვეთ უშიშრად, რადგან ის ერთ-ერთი გამონაკლისი მცენარეა, რომელსაც წყლის დასხმა და ყურადღება არ სჭირდება. მას რეაქცია არ აქვს ორპირ ქარზე, ნიავზე, მწველ სხივებზე და, ამიტომ, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ის ძალიან იოლად მოსავლელია.

 

скачать dle 11.3