კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ შეიქმნა ერევნის სახანო და, მოგვიანებით, სომხეთის რესპუბლიკა ისტორიულ ქართულ ტერიტორიაზე და რატომ ითხოვდნენ სომხები ლორესთან ერთად დმანისს, ბოლნისსა და თბილისის ორ მესამედს ნავთლუღამდე

ვიდრე დანარჩენი მსოფლიო ირანთან ბირთვული პროგრამის ყოფნა-არყოფნის საკითხს არკვევს, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ერთი-ერთი ოპოზიციური მოძრაობა აზერბაიჯანისთვის ჩრდილოეთ აზერბაიჯანის დარქმევას მოითხოვს და ირანს ტერიტორიულ პრეტენზიას უყენებს, ვინაიდან, მათი აზრით, აზერბაიჯანის სამხრეთი ნაწილი ირანის შემადგენლობაში უკანონოდაა (იგულისხმება ირანის აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორია), რის საფუძვლადაც რუსეთ-სპარსეთის იმპერიებს შორის მეცხრამეტე საუკუნეში დადებულ ხელშეკრულებებს იშველიებს. იმ მარტივი მიზეზით, რომ იმხანად საქართველოს ნაწილიც ირანის შემადგენლობაში მოიაზრებოდა და ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენც ვართ ნახსენები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გურამ მარხულია დაგვეხმარება იმის გარკვევაში, რამდენად სამართლიანია აზერბაიჯანის მოთხოვნა და, საერთოდაც, რის საფუძველზე დადგინდა სამხრეთ კავკასიურ სამ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრები. 

 

– ისე მოხდა, რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილია რუსეთ-თურქეთის ომების ისტორია, თუმცა ამის პარალელურად, რუსეთის იმპერია ირანსაც ებრძოდა ირანის კუთვნილი სამხრეთ კავკასიის ნაწილის ჩამოსართმევად. რა ხდებოდა იმ დროს რუსეთსა და სპარსეთს შორის?

– ცნობილია, რომ ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიები საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს სამხრეთ კავკასიისთვის. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ამ ორი სახელმწიფოს ბრძოლაში სამხრეთ კავკასიისთვის, ჩაერთო რუსეთის იმპერია და მან თანდათანობით დაამარცხა როგორც ოსმალეთი, ისე სპარსეთი. 1813 წლის 24  ოქტომბერს რუსეთისა და სპარსეთის იმპერიებს შორის ხელი მოეწერა გიულისტანის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, სპარსეთი  ცნობდა რუსეთის  უფლებებს   საქართველოზე, დაღესტანზე, ბაქის,  ყარაბაღის,  განჯის,  შირვანის,  შექის,  დერბენტის,  კუბისა და  თალიშის  სახანოებზე.

რუსეთ-ირანის 1926-1928 წლების  ომი დამთავრდა თურქმანჩაის ხელშეკრულებით და თანამედროვე სამხრეთ კავკასია, დღევანდელი გეოგრაფიული ფორმით, რუსეთის იმპერიამ ირანს წაართვა. რა თქმა უნდა, ცალკე ებრძოდა ოსმალეთის იმპერიასაც.

– 1828 წლის ხელშეკრულებით, ირანის კუთვნილი, კონკრეტულად, რა ტერიტორიები გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში?

– თანამედროვე ქალაქი ერევანი, ანუ ერევნის სახანო და ნახჭევანის სახანო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. იცით, რომ 1801 წელს გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თანდათანობით უერთდებოდა რუსეთს საქართველოსა  და აზერბაიჯანის ტერიტორიები. თუმცა ამ პროცესს თან ახლდა აჯანყებებიც, მათ შორის, ყარაბაღშიც, ანუ სამხრეთ კავკასია ერთბაშად არ შესულა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. 1826-1828 წლების ომის შედეგად თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია მთლიანად შეუერთდა რუსეთის იმპერიას.

იმხანად თანამედროვე სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, სევანის ქედამდე, შედიოდა  ქართლ-კახეთის  სამეფოს  შემადგენლობაში, რადგან იყო საქართველოს ისტორიული ტერიტორია: ქართული მოსახლეობით, ქართული კულტურის ძეგლებით, ეკლესია-მონასტრებით, სადაც ნაკლებად ცხოვრობდა სომეხი მოსახლეობა. რუსეთ-სპარსეთის იმპერიებს შორის ხელშეკრულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ალექსანდრე გრიბოედოვი, რუსეთის იმპერიის ელჩი სპარსეთში. ამ ხელშეკრულების ერთი პუნქტი ეხებოდა სპარსეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის გადასახლებას რუსეთის იმპერიაში. 40 000 ოჯახი, 100 000-მდე სომეხი მოსახლეობა გადმოასახლეს სპარსეთიდან და დაასახლეს თანამედროვე ერევნის, ანუ ერევნის სახანოს ტერიტორიაზე  და  სამხრეთ  საქართველოში.

– რატომ გახდა ეს გადასახლება აუცილებელი? სპარსეთს აღარ უნდოდა, რომ მის ტერიტორიაზე ეცხოვრათ სომხებს?

–  არა, პირიქით,  სპარსეთს არ უნდოდა  სომხური  მოსახლეობის  გადასახლება. ეს  რუსეთის ინიციატივა  იყო  და  პოლიტიკურ  მიზნებს  ემსახურებოდა. მაშინ რუსეთსა  და  ოსმალეთის  იმპერიის  საზღვარზე უნდა დასახლებულიყო ისეთი მოსახლეობა, რომელსაც ენდობოდა რუსეთის იმპერია. მოგეხსენებათ, რუსეთსა და თურქეთს შორის საზღვარი საქართველოზე გადიოდა. იმ პერიოდში ჯავახეთში ქართველი მუსლიმანები ცხოვრობდნენ და რუსეთის იმპერია მათ განიხილავდა, როგორც არასაიმედოებს. ამიტომ ამ ტერიტორიაზე ქართველი მუსლიმანების თურქეთში გადასახლებისა და ირანიდან ქრისტიანი სომხების გადმოსახლების საკითხი დასვა, რომ შემდგომში თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, გამოეყენებინა სომეხი მოსახლეობა. იმავდროულად, როდესაც ამ ხელშეკრულებას ამზადებდა, გრიბოედოვმა მიმართა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს საიდუმლო წერილით. საბჭოთა პერიოდში ამ  წერილის  არსებობა  არ იყო ცნობილი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანელმა ისტორიკოსებმა მოახერხეს ამ დოკუმენტის პოვნა. მასში ალექსანდრე გრიბოედოვი სთხოვს ნიკოლოზ პირველს, თქვენო აღმატებულებავ, ნუ დაასახლებთ სომხებს რუსეთის იმპერიის შიდა პროვინციებში, რადგან ეს ისეთი ერია, რომელიც წლების შემდეგ იტყვის, ეს ჩვენი ტერიტორია არისო. ეტყობა, გაითვალისწინეს რუსეთის იმპერიის  მესვეურებმა გრიბოედოვის რეკომენდაცია და სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხები დაასახლეს საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთის იმპერიას ესაზღვრებოდა.

– ანუ ჯავახეთში?

– ჯავახეთში, ლორეს ოლქში. თანამედროვე ლორეს  ოლქი  მოიცავს ისეთ  ქალაქებს, როგორცაა: სტეპანავანი,  გიუმრი,  ვანაძორი  და  სხვა. და ეს არის საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე შექმნილი სომხური ქალაქები. მიითვისეს  აქ  არსებული  ქართული  კულტურის  ძეგლები,  ეკლესია-მონასტრები. არქეოლოგიური  გათხრებისას  ნაპოვნი მატერიალური  კულტურის  ძეგლებსაც  ითვისებენ  და  სომხურად  აცხადებენ.

მეორე საკითხია აზერბაიჯანის დაყოფა: სპარსეთში უძველესი დროიდან არსებობდა პროვინცია ატურპატაკან, ბერძნულ  და  ლათინურ  წყაროებში  მოიხსენიება როგორც –  ატროპატენა, გვიანდელ წყაროებში ეს  პროვინცია მოხსენებულია  როგორც –  ადარბადაგანი, აზარბადაგანი ან აზერბაიჯანი, რაც ნიშნავს  ცეცხლის  მოპოვებას, რომელიც  დაკავშირებულია  ძველ  რელიგიასთან –  ცეცხლთაყვანისმცემლობასთან. ამ ტერიტორიაზე მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ სხვადასხვა ტომები, ძირითადად, თურქული.  მაგრამ, მოგვიანებით, ეს მონოეთნიკური ტერიტორია ჩამოეჭრა სპარსეთის სივრცეს და გახდა თურქულენოვანი –  მოსახლეობით, ენითა და კულტურით. ასეა დღემდე. 1826-1828 წლების ომის შედეგად ეს პროვინცია –  აზერბაიჯანი გაიყო ორ ნაწილად: დიდი ნაწილი დარჩა ირანში, ჩრდილოეთი კი შეიერთა რუსეთის იმპერიამ. 1936 წლამდე თანამედროვე აზერბაიჯანელებს უწოდებდნენ თურქებს, რადგან აზერბაიჯანი არის არა ეთნოსის, არამედ პროვინციის სახელწოდება გადატანილი იქაურ მოსახლეობაზე. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, პრეზიდენტმა ელჩიბეიმ ტერიტორიული პრეტენზია წაუყენა ირანს, რომ ირანის აზერბაიჯანი შეერთებოდა აზერბაიჯანის დამოუკიდებელ რესპუბლიკას. ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა გართულდა და ის დღესაც დაძაბულია, იმიტომ რომ 35 მილიონი აზერბაიჯანელი, ანუ თურქი ცხოვრობს ირანში და მათ უნდათ შეერთება აზერბაიჯანთან. ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევისა და მერე ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ, ეს დაძაბულობა მეტ-ნაკლებად დარეგულირდა, თუმცა აზერბაიჯანის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისევ განიხილავს ამ თემას. ისტორიკოსები წერენ სტატიებს, მონოგრაფიებს, რომ ეს არის ერთი ტერიტორია, რომელიც უნდა იყოს ერთიანი ორგანიზმი და ლაპარაკობენ მათ გაერთიანებაზე.

– დღევანდელი სომხეთის შექმნის ისტორია როგორია რუსეთ-სპარსეთის იმპერიის დაპირისპირებაში? 

– 1828 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასია რუსეთის იმპერიამ ორ ნაწილად გაყო: საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად. რა თქმა უნდა, აქ სომხების ადგილი არ იყო. მაშინ არავინ ფიქრობდა სომხეთის არსებობაზე, რადგან მიიჩნეოდა, ისტორიული სომხეთის ტერიტორია იყო თურქეთში და არავის უფიქრია, რომ სომხეთი გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიაში გადაინაცვლებდა.

– რატომ? ხომ ცხოვრობდნენ სომხები იმ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში?

– ცხოვრობდნენ აქა-იქ, მაგრამ სახელმწიფო არ ჰქონდათ. ტიგრან მეორის დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 95–55  წლებში, სომხეთის სახელმწიფო საზღვრები გაფართოვდა  ყველა  მიმართულებით, ის მოიცავდა  საქართველოს  გარკვეულ  ტერიტორიასაც, მაგრამ  ეს  იმას  არ ნიშნავს, რომ  ეს  სომხეთის  ტერიტორიაა.  უფრო მეტიც, როდესაც დაარსდა სომხეთის სახელმწიფო მცირე აზიაში, 190 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ის დაარსდა ქართულ ეთნიკურ სივრცეში, ქართულ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ისინი არ არიან კავკასიელები და შექმნეს თავიანთი სახელმწიფო საქართველოს ისტორიულ, ეთნიკურ სივრცეში. ასე რომ, მათ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოსადმი.

– რა გახდა მაშინ დღევანდელი სომხეთის შექმნის საფუძველი?

– მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც რუსეთის იმპერია ახორციელებდა ეკონომიკურ რეფორმებს, ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა, შექმნილიყო ახალი ცენტრები. ამიტომაც გააუქმა საქართველო-იმერეთის გუბერნია, კასპიის ოლქი და შექმნა თბილისის, ქუთაისის გუბერნიები, ბაქოს გუბერნია… 1828 წლიდან სომხური მოსახლეობა იმდენად მიეჩვია რუსულ საზოგადოებას, მიიღო რუსული განათლება, რომ დაიწყეს ფიქრი საკუთარი გუბერნიის შექმნაზე. თუ არის ქართული და აზერბაიჯანული გუბერნიები, რატომ არ არის სომხური გუბერნიებიო და იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ბრძანა, რომ თანამედროვე ერევანსა და ნახჭევანის გარკვეულ ტერიტორიას დარქმეოდა სომხეთის ოლქი. ანუ სპარსეთიდან და თურქეთიდან გადმოასახლეს სომეხი მოსახლეობა, შეიქმნა სომხებით კომპაქტურად დასახლებული ადგილები და შემდეგ ამას დაარქვეს სომხური ოლქის სახელი. 1860-იან წლებში გადაარქვეს, უწოდეს ერევნის გუბერნია და ეს იყო კომპაქტური სომხური მოსახლეობის პირველი სივრცე, რამაც აფიქრებინა სომხებს, შეექმნათ ამ  ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო.

– ლორე რის საფუძველზე აღმოჩნდა სომხეთი?

– საქართველოს ტერიტორია უშუალოდ სპარსეთისთვის არ წაურთმევია რუსეთს, რადგან აღმოსავლეთ საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატით, ისედაც შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ლორეს ოლქი კი ყოველთვის ქართლ-კახეთის სამეფოს ფარგლებში იყო. როდესაც 1918 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ რა ტერიტორიაზე აღმდგარიყო დამოუკიდებელი საქართველო. გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაშინ სომხეთი საერთოდ არ იარსებებდა. მაგრამ, როდესაც დაისვა საკითხი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით უნდა აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობაო, ბუნებრივია, სომხეთის ადგილი არ რჩებოდა. მაშინ სომეხმა „დაშნაკებმა“ განაცხადეს, რომ თანამედროვე დემოკრატია არ ითვალისწინებს ისტორიულ პრინციპებს სახელმწიფო საზღვრების დადგენისასო.

– რატომ დაუთმეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა?

– იმიტომ რომ „დემოკრატიას“ დაემორჩილნენ. თუმცა სხვა გზა არც ჰქონდათ ქართველ მენშევიკებს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მაინც დიდი შეცდომა იყო. ამის შემდეგ 1918 წელს ომი გაჩაღდა საქართველო-სომხეთს შორის. 

–  რამდენ ტერიტორიას ითხოვდნენ? მხოლოდ ლორეს?

– არა მხოლოდ ლორეს, ბოლნისს, დმანისს, თბილისის ორ მესამედს, ნავთლუღამდე.

– რა გულიანად გამაცინეთ.

– თქვენ, ქართველები, უნდა გადახვიდეთ დასავლეთ საქართველოში, ქუთაისი უნდა გამოაცხადოთ საქართველოს დედაქალაქად, ხოლო თბილისი ჩვენი იქნება და სომხური ცივილიზაციის დედაქალაქი გახდებაო. როდესაც 1918 წლის 7 დეკემბერს ომი დაიწყო, სომხეთის მთავარი მიზანი იყო, აეღოთ ქალაქი თბილისი. მოგეხსენებათ, მაშინ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი სომეხი იყო და ისინი ფიქრობდნენ, რომ თბილისი გახდებოლა მათი დედაქალაქი, მაგრამ არ გამოუვიდათ. საქართველომ 1918 წლის 31 დეკემბერს დაამარცხა სომხეთი და გზა გახსნა ერევნისკენ, მაგრამ ინგლისელებმა შეგვაჩერეს და, სადაც შეგვაჩერეს, დღეს იქ მთავრდება საქართველოს საზღვარი. თუმცა შემდეგ შეიქმნა ლორეს ნეიტრალური ზონა. ეს მოხდა საქართველოსა და სომხეთის ოკუპაციამდე, 1922 წელს თბილისში გაიმართა კონფერენცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლორე გადასცემოდა სომხეთს. სომხეთის კომუნისტურმა პარტიამ სთხოვა საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რომ მრავალტანჯული სომეხი ერი ვერ გაძლებს ასეთ მცირე სივრცეში და ამიტომ სთხოვს საქართველოს ძმურ კომუნისტურ პარტიას, დაუთმოს ყოფილი ნეიტრალური ზონა მოძმე სომხეთს. აი, ასე მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენმა იმდროინდელმა ბელადებმა, რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორია გადაეცათ სომხეთისთვის. 1936 წელს ისევ დასვეს სომხებმა საკითხი, ამჯერად ახალციხისა და ახალქალაქის შეერთებაზე, მაგრამ მაშინ ლავრენტი ბერიამ, რომელიც კავკასიის მმართველი იყო, ამ თხოვნით ჩამოსული სომხეთის კომპარტიის პირველი მდივანი თავის კაბინეტში მოკლა. ამით დამთავრდა ლაპარაკი სამცხე-ჯავახეთზე.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1985 წელს, ათენში „დაშნაკცუტუნის“  23-ე ყრილობაზე  სომეხმა  მესვეურებმა,  რომლებიც  ხედავდნენ, რომ ხვალ-ზეგ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ფიქრობდნენ, რა მიმართულებით გაეფართოებინათ სომხეთის საზღვრები, კენჭისყრაზე დააყენეს საკითხი: საქართველოსთვის მოეთხოვათ სამცხე-ჯავახეთი თუ აზერბაიჯანისთვის –  ყარაბაღი. ერთი ხმით გავიდა ყარაბაღი.

– მაშინ იმ ერთმა ხმამ გადაგვარჩინა სომხეთთან ომს.

– რადგან ყარაბაღი მაინც  ავტონომიური ოლქი იყო, მსოფლიო საზოგადოების წინაშე უფრო გაიმართლებდნენ  თავს და ამიტომ ამ მიმართულებით დაიწყეს ომი. თუმცა ჯავახეთის საკითხი ავტომატურად არის მოქმედებაში. სომხეთში ბეჭდავენ სტატიებს, აქვეყნებენ მონოგრაფიებს, რომ „ჯავახკი“ სომხური ტერიტორიაა. მეტიც, თვით საქართველოშიც კი არის სომხური ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ირღვევა მათი უფლებები არა მხოლოდ ჯავახეთში, არამედ მთელ საქართველოში. არადა 1045 წლიდან სომხებს სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდათ და საქართველო ყოველთვის იცავდა სომეხ ერს, აძლევდა მიწას, რომ ეცხოვრათ, მაგრამ შემდეგ ისინის ითვისებდნენ და სომხურად აცხადებდნენ. ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს პრეტენზიით, რომ ჯავახეთში ირღვევა მათი უფლებები. ამიტომ უნდა შეიქმნას ჯავახეთის ავტონომიური რესპუბლიკა და უნდა შეუერთდეს სომხეთს. მაგალითად, როდესაც გაერო იღებს რეზოლუციას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნების შესახებ, სომხეთი ამ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოდის.

– ისინი ამას იმით ხსნიან, რომ მაშინ აზერბაიჯანელი დევნილებიც უნდა დავაბრუნოთ ყარაბაღშიო.

– ასეა თუ ისე, მათ არ უნდათ ჩვენი დაბრუნება ჩვენს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ჩვენი ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო, რომ დავუშვით სომხეთის სახელმწიფოს შექმნა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე.

 

 

скачать dle 11.3