კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომას ნანობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გენიალური უილიამ ფოლკნერი და ვის გამო დაიჯერა მან საკუთარი ტყუილი

 

მისი სახელია უილიამ ფოლკნერი და ის ყველაზე ცნობილი მწერალი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღიარება ნობელის პრემიის მიღების შემდეგ ხვდა წილად. მანამდე მას არავინ იცნობდა სამშობლოში. სამაგიეროდ, ევროპა აღფრთოვანებული იყო მწერლით. მის სახლში კი, მისისიპის შტატის ქალაქ ოქსფორდში არავის სჯეროდა, რომ ფოლკნერი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. „ვინ? ბილი? მე ხომ მას სარეკლამო სტატიის დაწერასაც არ ვანდობდი”, – იძახდნენ მავანნი. თუმცა, მოგვიაენებით, მათ ის უზომოდ შეიყვარეს. უილიამს კი ჯოანი უყვარდა. იგი არანაირ გეგმებს არ აწყობდა მომავალთან დაკავშირებით, მოხდეს რაც მოსახდენია, იყოს რაც იქნება, ოღონდ ჯოანთან ერთად – იქნება ეს ერთი, ორი თვე თუ წელი... მისი მეუღლე, ცხრამეტი წლის ქალიშვილთან ერთად, მეხიკოში გაემგზავრა და ის სრულიად მარტო დარჩა უზარმაზარ ძველ სახლში. 

ოქსფორდის გარეუბანში მდებარე სახლი უილიამ ფოლკნერმა მაშინ შეიძინა, როდესაც ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული მასზე. სწავლადაუმთავრებელი სტუდენტი ფოსტაში მუშაობდა და იქიდანაც გამოაგდეს ყალთაბანდობის გამო. თავისუფალ დროს ის მოთხრობებს წერდა, რომლებსაც არავინ კითხულობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უილიამის დიდი ბაბუის, უილიამ კლარკ ფოლკნერის ძეგლი იდგა. იგი ცნობილი სამხედრო მოხელე იყო – პოლკოვნიკი, რომელსაც სამხრეთის ლეგენდას უწოდებდნენ. უილიამ კლარკი 14 წლის ასაკში მოხვდა მისისიპიში, ცარიელი ჯიბეებითა და ამბიციებით. 19 წლის ასაკში მან ლინჩის წესით გასამართლებისგან იხსნა მკვლელი, რომელზეც მოგვიანებით, ბროშურა დაწერა ადგილორბივ გაზეთში. ამაში აიღო პირველი გასამრჯელო – 1 200 დოლარი. მოგვაინებით ის გახდა ვექილი, პლანტატორი, რომელიც ორჯერ გამოიწვიეს დუელში და ორივეჯერ უილიამ კლარკმა იმარჯვა. პირველ მსროლელს ყელი გამოსჭრა, ხოლო მეორეს – გულში ესროლა. ორი მკვლელობისთვის იგი ორჯერ წარდგა სასამართლოს წინაშე და ორივეჯერ გაამართლეს. სამოქალაქო ომის დროს უილიამ კლარკი სამხედრო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, ომის შემდეგ კი რკინიგზის მაგნატი გახდა, გარდა ამისა მას ორი რომანი ჰქონდა დაწერილი და მათგან ერთ-ერთი – „მემფისის თეთრი ვარდი” 160-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. უილიამ კლარკი 64 წლის ასაკში, საქმიანმა პარტნიორმა ოქსფორდში, ქუჩაში, იმის გამო მოკლა, რომ არჩევნები წააგო ადგილობრივ საკრებულოში. უილიამის ბაბუა, შტატის პროკურორის თანაშემწე და ბანკის პრეზიდენტი იყო. უილიამის მამა და შესაბამისად, უილიამ კლარკის შვილიშვილი, რკინიგზის სადგურის უფროსი გახლდათ, ჰქონდა საჯინიბო და სიცოცხლის ბოლო წლებში მისისიპის უნივერსიტეტში მუშაობდა ინსპექტორად. უილიამი ფოლკნერების საგვარეულოს მეოთხე თაობის წარმომადგენელი იყო და ადგილობრივი მცხოვრებნი მიიჩნევდნენ, რომ სამხრეთელი არისტოკრატების კლანი საბოლოოდ განადგურდებოდა მის ხელში. უილიამი ჩაფიქრებული დააბიჯებდა უზარმაზარ სახლში და მომავალზე ფიქრობდა, როდესაც მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. რეკავდა ჯოანი, რომელმაც უთხრა უილიამს, რომ ძალიან ენატრებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა მას და ჩაეხუტებოდა. უილიამმა შეხვედრის ადგილად ნიუ-იორკი დაუთქვა და კაბინეტში გავიდა ჩემოდნის გასამზადებლად. მას უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თავის ცხოვრებას შეცვლიდა. ბედისწერამ მას შანსი მისცა და ამ შანსის გამოუყენებლობა დანაშაული იქნებოდა. მაშინ უილიამი 55 წლის იყო, ხოლო ჯოანი – 24-ის. 

უილიამი ჩემოდანს ალაგებდა და წარსულზე ფიქრობდა. გაიხსენა, როგორ გადმოვიდა ამ სახლში საცხოვრებლად, მეუღლე – ესტელთან და მის ორ შვილთან ერთად პირველი ქორწინებიდან; საკუთარი ხელით როგორ გააკეთა რემონტი და გათბობა; როგორ ატარებდა საღამოებს მეგობრებთან ერთად სიმინდის არაყის თანხლებით. უილიამს გაახსენდა, როგორ ელოდა იგი ესტელას თერთმეტი წელი და როგორ გამოუცხადა სიმამრმა, რომ არ მოსწონდა შვილის არჩევანი. „ბილი, მე ძალიან მომწონხარ, როგორც მეგობარი და არა როგორც სიძე“. ეს იყო მაიორ ოლდჰემის სიტყვები ჯვრისწერამდე ორი დღით ადრე. ახალგაზრდობაში ესტელმა უარი უთხრა უილიამს, იმის გამო, რომ მასთან კავშირი უპერსპექტივოდ ეჩვენებოდა და ცოლად ბიზნესმენ კორნელ ფრანკლინს გაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქორწინება ესტელს მალევე დაენგრა, მამამისი მაინც სკეპტიკურად უყურებდა უილიამ ფოლკნერს, ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი და თავისუფალ დროს უინტერესო რომანებს წერდა. თუმცა, ბოლოს ბებერი ოლდჰემი გატყდა და თანხმობა უთხრა ქორწინებაზე. წყვილმა ჯვარი კოლეჯ-როუდ-ჰილის ეკლესიაში დაიწერა და ახლა, 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, უილიამი მიხვდა, რომ ცხოვრებაში უდიდესი შეცდომა დაუშვა. ესტელი არ იყო ის ქალი, რომელიც მას უყვარდა. ამასთან ერთად, ესტელი ალკოჰოლსაც ეტანებოდა და მასთან თანაცხოვრება უილიამს, უბრალოდ, არ უნდოდა. თუმცა,  მწერალი ძალიან იყო შეჩვეული თავის გერებს – მალკოლმსა და ვიქტორიას. უილიამისა და ესტელს  პირველი საერთო შვილი დაბადებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა და  ნანატრი ქალიშვილი, ჯილი დაიბადა. უილიამი მეშვიდე ცაზე იყო სიხარულისგან. ჯილი გახლდათ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იგი ესტელის აუტანელ ხასიათს იტანდა. უილიამს მხოლოდ ერთი სურვილი ანუგეშებდა, როგორც კი ჯილი სრულწლოვანი გახდებოდა, მეორე დღესვე შეიტანდა საბუთებს განქორწინებაზე. თუმცა, ეს საქმე იქამდე გაიწელა, მანამ მის ცხოვრებაში ჯოანი არ გამოჩნდა.

ჯოანთან შეხვედრამდე, უილიამი ბევრს მუშაობდა და ბევრს სვამდა. ასაკი თავისას შვრებოდა და გული ხშირად ვერ უძლებდა. თუმცა, ჯოანმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. ოცდაოთხი წლის მწვანეთვალება გოგონა მისი მკითხველი იყო, რომელიც თავისი მეგობრის, ჯონ რიდის დახმარებით გაიცნო. 

პირველი შეხვედრის შემდეგ უილიამსა და ჯოანს შორის მიმოწერა დაიწყო, რომელიც შემდგომში რომანში გადაიზარდა. ახლა მათი კავშირი უკვე სამ წელს ითვლიდა და უილიამი ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. ჯოანი მის გვერდით იჯდა მანქანაში, თავი მხარზე ჰქონდა ჩამოდებული და თავის საყვარელ მწერალს წარსულზე ესაუბრებოდა. აინტერესებდა მართლა იღებდა თუ არა მწერალი მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა თუ არა საფრანგეთში, იყო თუ არა დაჭრილი. ამის თაობაზე მას ოქსფორდელებმა უამბეს და გოგონას პირველწყაროდან აინტერესებდა სიმართლის გაგება. უილიამი ყურადღებით უსმენდა მას და ერთხელაც არ წამოსცდენია, რომ არანაირ საჰაერო ბრძოლებში არ მიუღია მონაწილეობა და ოფიცრის ვარსკვლავი ფოსტით მიიღო ოქსფორდში. ის ისტორია, რომ თითქოს უილიამ ფოლკნერი გერმანელ გამანადგურებლებზე ნადირობდა საფრანგეთის ცაში და დაჭრილს ვერცხლის ფირფიტა ჩაუდგეს თავის ქალაში, მისი მოგონილი იყო. თუმცა, ამ ტყუილის თავადვე ისევე სჯეროდა, როგორც ჯოანს, რომელიც ამაყობდა, მისი რჩეული ომის გმირი რომ იყო. 

უილიამი და ჯოანი კაფეში ისხდნენ და ერთ-ერთმა ოფიციანტმა იცნო ფოლკნერი. მიუახლოვდა მას და ავტოგრაფი სთხოვა – „მისტერ, მე თქვენ გიცანით. თქვენ ის ხართ 30-იან წლებში ცირკთან „მფრინავი ფოლკნერებით” ჩვენს ქალაქს რომ ესტუმრეთ და საჰაერო შოუ დადგით ძმასთან ერთად”. ჯოანა გაოგნებული უყურებდა უილიამს და მისგან თვალებით ახსნა-განმარტებას ითხოვდა. 30-იან წლებში ფოლკნერს უკვე დაწერილი ჰქონდა თავისი ყველაზე ცნობილი რომანები – „ხმაური და მძვინვარება”, „სინათლე აგვისტოში”, „სვეტი” და რა შუაში იყო საჰაერო შოუ, ჯოანი ვერაფრით მიხვდა. „შენ ხომ ჰოლივუდში მუშაობდი იმ დროს და კარგი შემოსავალი გქონდა, რა საჭირო იყო საჰაერო ცირკი?” – იკითხა მან და უილიამს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, დაიწყო მოყოლა, რომ კინოსტუდია „მეტრო-გოლდენ-მაიერი” ათას დოლარს უხდიდა ორიგინალური სცენარებისთვის. ამ ფულით კი მან გადაწყვიტა თვითმფრინავის ყიდვა, რაც მისი ოცნება იყო. ფოლკნერი საკუთარ თავს  დიდ მფრინავად არ მიიჩნევდა, თუმცა ხალხში თავგანწირული პილოტის სახელით სარგებლობდა, რომელიც ძმასთან, დინთან ერთად, ცაში უმაღლესი პილოტაჟის ოსტატობას ავლენდა და პარაშუტით ხტებოდა. „ცაში ფრენა და ფიგურების გამოსახვა ჩემი საყვარელი საქმე იყო, რისკიანი და თავგანწირული. თუმცა, ასაკთან ერთად, ჩემი თვითმფრინავიც ძველდებოდა და საბოლოოდ, გავყიდე. თანაც მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა დაიღუპა აღარ ვჯდები პილოტის კაბინაში“, – თქვა უილიამმა და ჯოანმაც უსიტყვოდ დაუქნია თავი, მადლობა გადაუხადა გულახდილობისთვის. იმ დღეს უილიამმა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაუმალა ჯოანს. 1935 წლის 10 ნოემბერს, იმ დღეს, როცა დინი დაიღუპა, თვითმფრინავში უილიამიც უნდა მჯდარიყო. თუმცა, მან უარი განუცხადა ძმას შოუში მონაწილეობაზე და სახლში დარჩა. იმ დღეს დინი დაიღუპა. მას ფეხმძიმე ქვრივი დარჩა. 

ნიუ-იორკამდე მგზავრობის დროს უილიამი თავის წარსულზე უყვებოდა ჯოანს: დედა ამაზე, ზანგ დიასახლის მამი კელიზე, რომელიც მათ ემსახურებოდა, იმის მიუხედავად, რომ მონობა აკრძალული იყო და ხელფასის აღებაზეც უარს აცხადებდა. ფოლკნერების მთელი ოჯახი მამი კელიზე იყო დამოკიდებული და როდესაც უილიამმა როუენ-ოუკის სახლი შეიძინა, კელი და დანარჩენი ზანგი მოსამსახურეები მასთან ერთად გადასახლდნენ იქ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უილიამი ღარიბი არისტოკრატის სახელით სარგებლობდა, მას უფასოდ ჰყავდა მოსამსახურეების მთელი არმია. უილიამი იხსენებდა, თუ როგორ იზრდებოდა ცხენების გარემოცვაში. მამა, ბიზნესში წარუმატებელი გარიგების შემდეგ, ოქსფორდში დაბრუნდა. საჯინიბო იყიდა და ასე გახდა ცხენები მისი ცხოვრების თანამონაწილე. „დაუმორჩილებელის” სცენარის გაყიდვის შემდეგ, უილიამმა ჰონორარის სახით 25 ათასი დოლარი მიიღო. იმ დროისთვის ეს უზარმაზარი თანხა იყო და მან ჯო პარკსის ფერმა, 320 აკრის მიწის ნაკვეთი იყიდა. ეს მიწა ადრე ფოლკნერებს ეკუთვნოდა და მამის დაუდევრობის გამო, დაიკარგა. ამ ისტორიის საპასუხოდ, ჯოანი თავის წარსულზე ყვებოდა. თუმცა, გოგონას მოსაყოლი არცთუ ბევრი ჰქონდა – სკოლა, დაქალები, პირველი შეყვარებული და წიგნები. 

ნიუ-იორკში უილიამმა ჯოანი სახლში მიიყვანა, თვითონ კი რედაქტორთან შეხვედრაზე გაემართა, ახალი რომანის გამოცემის დეტალები რომ დაეზუსტებინა. წასვლამდე ჯოანმა უილიამს პიჯაკის ჯიბეში დამჭკნარი ვარდი ჩაუდო, რომლის თაიგული უილიამმა მას ნიუ-იროკში წასვლამდე აჩუქა. იგი ბევრს მუშაობდა და ჯოანს იშვიათად ნახულობდა. ისინი ძირითადად ტელეფონის საშუალებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. როდესაც წიგნი თითქმის დაასრულა, უილიამმა მოსვენება დაკარგა. ჯოანი არ ურეკავდა და მიხვდა, რომ ის, ვის გამოც სახლიდან წამოსვლა გადაწყვიტა, დაკარგა. წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ უილიამმა, როგორც იქნა, ჯოანი ტელეფონით დაიჭირა და თეატრში დაპატიჟა, სპექტაკლზე „სირანო დე ბერჟერაკი”. ფოლკნერს ნაკლებად აინტერესებდა წარმოდგენა, მას ჯოანის ნახვა უნდოდა, თუმცა, როცა სპექტაკლი დასრულდა, უილიამი მიხვდა, რომ იგი ძალიან ჰგავდა სირანოს – უშნო, ასაკოვან, თუმცა ნიჭიერ ადამიანს, რომელიც ყურებამდე იყო შეყვარებული ახალგაზრდა გოგონაზე. სპექტაკლის შემდეგ უილიამი და ჯოანი კაფეში წავიდნენ, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ და უცებ მათ შორის კედელი აღიმართა. უილიამი მიხვდა, რომ ის უცხო გახდა ჯოანისთვის და მან პირველმა დაიწყო – „მე დიდი ხნის წინ დავასკვენი, რომ შეგხვდება ადამიანი, ვისაც ცოლად გაჰყვები. თუმცა, მისგან მხარდაჭერას ვერ იგრძნობ და ის შენ ვერასდროს გაგიგებს ისე, როგორც მე. შენ ხარ ჩემი გაუსაძლისი ტკივილის მიზეზი და აჯობებს, აღარასოდეს შევხდეთ”, – ამ ფრაზას მოჰყვა პაუზა და ჯოანი გამოტყდა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მას შეუყვარდა და მასზე დაქორწინებასაც აპირებს. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა მასთან მეგობრობის გაგრძელებას. რომანტიკული ურთიერთობის დასრულების ერთ-ერთ მიზეზად კი ასაკობრივი სხვაობა დაასახელა.  ერთი კვირის შემდეგ უილიამმა გაიგო, რომ ჯოანი ცოლად გაჰყვა დამწყებ მწერალს, გვარად ბოუენს. ფოლკნერი უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდა ამის გაგებისთანავე და სმა დაიწყო. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც მეგობრებმა მოახერხეს. რეჟისორმა ჰოვარდ ჰოუკსმა ეგვიპტეშიც კი წაიყვანა, თითქოს ფილმის „ფარაონების მიწა” სცენარისთვის სჭირდებოდა. თუმცა, ფოლკნერი ეგვიპტეშიც ისევე სვამდა, როგორც ამერიკაში. 

უილიამ ფოლკნერი სახლში ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდა. როუენ-ოუკში მას დახვდა მეუღლე ესტელი, უამრავი გადაუხდელი გადასახადის ქვითარი და ქალიშვილი ჯილი. ის გათხოვებას აპირებდა, ოფიცერზე, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო უილიამ ფოლკნერი. იმ დროისთვის ის უკვე აღიარებული მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ ლიტერატურის დარგში. თუმცა, უილიამი კმაყოფილი იყო ჯილის რჩეულით, ის ყოველთვის ოცნებობდა წერა-კითხვის უცოდინარ სიძეზე. 

სახლში დაბრუნების შემდეგ უილიამმა რვა წელი იცხოვრა ესტელთან, ქალთან, რომელიც აგრძელებდა სმას და ისევ ისეთი აუტანელი იყო, როგორც ადრე. უილიამი კი წერასთან ერთად, სიმინდის არყის ჭიქას არ უშვებდა ხელიდან. მეგობრებთან ერთად სანადიროდაც დადიოდა და ცხენებსაც უვლიდა მამის დატოვებულ საჯინიბოში. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, ფოლკნერმა ორი ნაციონალური წიგნისა და ერთი პულიცერის პრემია მიიღო. სიცოცხლის ბოლო წლებში ფოლკნერი შვილიშვილებს მოესწრო და სიკვდილი მოულოდნელად ეწვია. ცხენზე სეირნობისას, ფოლკნერი ჩამოვარდა და ზურგი დაიზიანა. ნაცნობმა ექიმმა წამლები გამოუწერა და ბებერი სულელი უწოდა. რა დროს შენი ცხენზე ჯდომააო. მას შემდეგ ფოლკნერი ხელჯოხით დადიოდა და სიმინდის არყით „მკურნალობას“ განაგრძობდა. თუმცა, ტკივილები ზურგში გაუსაძლისი გახდა და საავადმყოფოში დაწოლა გადაწყვიტა. იქიდან კი ცოცხალი ვერ გამოვიდა. ამერიკის უდიდეს მწერალს გულმა უმტყუნა.

მეუღლის ქაღალდების თვალიერებისას, რომელიც უილიამს საავადმყოფოში ჰქონდა წაღებული, ესტელმა ჯოანის წერილი იპოვა და პატარა ხის ყუთი, რომელშიც გამხმარი ვარდი იდო. ესტელი ვარდს შეეხო და ის ფერფლად იქცა. 

 

 

скачать dle 11.3