კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-2(576)

 

„... ცხოვრება თამაშია, სახიფათო და რისკიანი თამაში ბედთან. თუ ერთხელ აგიყოლია... თუ ერთხელ ჩაგითრია და თავის ნებას დაგიმორჩილა, მერე იმ მოთამაშეს ემსგავსები, კაზინოს წინ რომ დგას და ღმერთს იფიცება, შიგნით ფეხს არ შევდგამო... მერე კი ქურდივით, ფეხაკრეფით მიიპარება კარისკენ“... მარიკამ რვეული სწრაფად დახურა და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა. ოთახში არავინ იყო, მაგრამ მაინც შერცხვა. შერცხვა უნებლიეთ, ის რომ წაიკითხა, რაც მას არ ეკუთვნოდა. მართალია, არ უნდოდა, მაგრამ მაინც ხომ შეიჭვრიტა დაშვებული ფარდის მიღმა, სხვის ცხოვრებაში... რვეული სასწრაფოდ დააბრუნა ძველ ადგილას და ისევ მიმოიხედა. მარტო მყოფს მაინც გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც უყურებდა. აფორიაქებულმა კომოდის უჯრაც დახურა და თითქმის სირბილით დატოვა ოთახი... აივანზე აპირებდა გასვლას, მაგრამ შემოსასვლელი კარის გაღების ხმამ მიახვედრა, რომ ვიღაც მოვიდა... ნიკას სახე უბრწყინავდა.

– ხომ არ მოიწყინე?

მარიკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.

– სახეზე დიდ მხიარულებას ვერ გატყობ... სამსახურიდან ხომ არ დაგირეკეს?

– არა. მართლა არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ის საცოდავი ზეა გამახსენდა...

– დღეს მაინც ნუ იფიქრებ მასზე, ძალიან გთხოვ.

– არ გამომდის. არც ის გამომდის, სამსახურზე არ ვიფიქრო. ასე მგონია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, როცა მე აქ ვარ. მაგალითად, მაინტერესებს, ენცო გონზე მოვიდა თუ არა და რა თქვა.

ნიკამ ამოიოხრა.

– ერთი სიტყვით, სამსახურის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.

– ტყუილად მსაყვედურობ. ცუდია, ჩემი საქმე რომ მიყვარს? თუმცა, აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. მით უმეტეს, დღეს. მამაჩემმა უკვე დარეკა. დედაშენს ხომ არ გადაუფიქრებია?

ნიკას ხელად დაუბრუნდა ხალისი და კარგი განწყობა.

– არა, არ გადაუფიქრებია. რას ამბობ? იცი, სად ვიყავით და რატომ შემაგვიანდა?

– არა, არ ვიცი, – ქმრის მოზეიმე ტონმა რატომღაც გააღიზიანა მარიკა, მაგრამ ნიკა ისე იყო აფორიაქებული, საერთოდ არ შეუნიშნავს.

– დედამ თქვა, რომ შენთვის რაღაც ახლის ყიდვა იყო აუცილებელი და... – ნიკამ ზურგსუკან დამალული, მოზრდილი, ქაღალდის საფირმო ჩანთა დაანახვა.

– ეგ რა არის? – ჰკითხა უინტერესოდ მარიკამ.

– ნახე რა, დარწმუნებული ვარ, მოგერგება კიდეც და ძალიანაც მოგიხდება. ერთად შევარჩიეთ... ჩაიცვი, რა...

მარიკამ უხალისოდ გამოართვა ჩანთა. არც გაუხსნია, ისე დადო სავარძელზე და ნიკას შეხედა.

– ის სად არის?

– ვინ ის... მარიკა, რატომ არ ნახულობ? მართლა მინდა, თქვენებთან რომ წავალთ, ეგ ჩაიცვა...

გოგო მოიღუშა.

– ნიკა, მე შენთვის ერთხელ მაინც თუ მითქვამს, რომ ახალი ტანსაცმელი მჭირდება, ან ასეთ სულელურ წვრილმანებს ყურადღებას ვაქცევ? პირიქით, საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

– მარიკ, კი, მაგრამ...

– რა მაგრამ, ნიკა... დედაშენს მაინც როგორ უთხარი, ჩემთვის ტანსაცმელი ეყიდა. ხელფასი მაქვს და როცა რამე დამჭირდება, თავად ვიყიდი.

– დედას უნდოდა, შენთვის სიურპრიზი გაეკეთებინა, – წყენისგან ხმა ჩაუწყდა ნიკას.

მარიკამ უცებ იგრძნო, აშკარად ტყუოდა ქმართან, მისი გაღიზიანების მიზეზი სხვა იყო და შერცხვა.

– ახლავე ჩავიცვამ, – თქვა, ჩანთა აიღო და საძინებელში გავიდა. ნიკა უკან მიჰყვა.

– შენ გადი და გამოვალ, – გააპროტესტა ქმრის იქ ყოფნა, – რა გამოვიდა, თავზე ნუ დამადგები, რა...

ნიკამ გაიღიმა და გავიდა. მარიკამ ისე ამოიღო ჩანთიდან კაბა და ჩაიცვა, მისი ფერიც კი არ დაუნახავს. ფიქრებით ისევ იმ რვეულთან იყო, შემთხვევით რომ აღმოაჩინა კომოდის უჯრაში. აღმოაჩინა, რა, არც უძებნია. ახლა უკვე აღარც ახსოვდა, რამ გამოაწევინა უჯრა. ოთახებში უსაქმოდ დახეტიალობდა, თან ფიქრობდა... ფიქრობდა... იქნებ, ქვეცნობიერში, ეძებდა კიდეც და იპოვა... მაშინვე მიხვდა, ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო... ცნობისმოყვარეობამ ისე აიტანა, რომ მაშინვე გადაშალა და კითხვა დაიწყო... ინტუიციით გრძნობდა, რომ რვეულში ძალიან ბევრ კითხვაზე იპოვიდა პასუხს. მაგრამ, იმის შიშმა, რომ კითხვაში გართულს თავზე წამოადგებოდნენ, რვეული უკანვე ჩაადებინა. ახლა კი ადგილს ვერ პოულობდა, მოუსვენრად წრიალებდა და მისი ფიქრიც იმ რვეულს დასტრიალებდა...

– მარიკა, მალე გამოხვალ? დედა უკვე მოვიდა. წასასვლელები ვართ... – ნიკას ძახილმა ცოტა გამოარკვია. ელვაშესაკრავი შეიკრა და ფეხსაცმელები მოიძია. ოთახიდან ისე გავიდა, სარკეში არ ჩაუხედავს. ნიკა აღფრთოვანებული მიეგება და თავისი ემოცია ხელების აქნევით გამოხატა.

– დედა, შეხედე, როგორ უხდება! ძალიან კარგად მოვიქეცი, შენ რომ დაგიჯერე, მერე მარიკას მიუბრუნდა.

– მე სხვა რამის ყიდვა მინდოდა, მაგრამ იამ დამარწმუნა, რომ სწორედ ეს კაბა იქნებოდა შენი შესაფერისი.

– დიდი მადლობა, ჩემზე რომ იზრუნეთ, – მარიკამ ნაძალადევი ღიმილით გადაუხადა დედამთილს მადლობა. ქალი უსიტყვოდ ადგა და ოთახიდან გავიდა. მარიკა შეცბა.

– რა მოხდა? ასეთი რა ვუთხარი? – აღმოხდა გულწრფელად გაკვირვებულს.

ნიკამ მხრები აიჩეჩა.

– არა მგონია, რამე სწყენოდა. რა სისულელეა... ეტყობა, ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავიდა. მივდივართ უკვე.

– ალბათ, ძალიანაც არ მოსწონს ეს სავალდებულო ვიზიტი. პრინციპში, სადღაც ვეთანხმები კიდეც. მეც ვფიქრობ, რომ ტრადიციების დაცვა ტვირთად არ უნდა იქცეს. თავი ვალდებულად რატომ უნდა იგრძნო. ეს ძალიან დამთრგუნველი და გამაღიზიანებელია.

– მარიკა, რას ლაპარაკობ? მამაშენი და დედაჩემი თვითონ შეთანხმდნენ ყველაფერზე, უჩვენოდ. ასე რომ, გამაღიზიანებელი ვალდებულება არაფერ შუაშია. კაბა კი მართლა ძალიან გიხდება.

მარიკამ ახლაღა დაიხედა კაბაზე. მისი საყვარელი ფერი იყო, საკმაოდ თანამედროვე და თამამი ფორმების.

– ესეც მინდა რომ ატარო... 

მარიკა შებრუნდა და ია დაინახა. ქალი ხელგაწვდილი იდგა მის წინ და მეგობრულად უღიმოდა. ხელისგულზე ძვირფასი „კამეა“ ედო. სიძველისგან ოდნავ შეყვითლებული. ბერძენი ქალებისთვის დამახასიათებელი, გამოძერწილი, ნატიფი პროფილით და თხელი ნაკვთებით.

– მე ამას ვერ ავიღებ, – ყოყმანით თქვა გოგომ და ნიკას შეხედა, – მართლა არ შემიძლია, თავს უხერხულად ვგრძნობ.

– მე ვიგრძნობ თავს უხერხულად, თუ არ აიღებ, მაგრამ თუ ხანდახან მაინც გაიკეთებ, ძალიან გამიხარდება.

ნიკა „დადნა“. სახეზე ბავშვური აღტაცება და აღფრთოვანება გამოეხატა და დედას მოეხვია.

– შენ ყველაზე მაგარი დედა ხარ მთელ მსოფლიოში, ყველაზე მაგარი... ვიცოდი, ვიცოდი, რომ შენ რაღაც ძალიან მაგარს გააკეთებდი. ახლა, მართლა უნდა წავიდეთ, თორემ ძალიან დაგვაგვიანდება... მოიცა, დათო მირეკავს. ეგეც ხომ არ წამოვიყვანო? მარიკა, რას იტყვი?

მარიკა ჯერ კიდევ „კამეას“ დასცქეროდა და დედამთილის საქციელზე ფიქრობდა. უნდოდა, გამოეცნო, ტაქტიკური ნაბიჯი იყო ეს თუ გულწრფელი სურვილი რძალთან დაახლოებისა... მარიკა ძნელად დაიჯერებდა ამ ქალის „კეთილ განზრახვას“.

– მარიკა, რას იტყვი, დათო უნდა წამოვიყვანო თუ არა?

მარიკამ დაბნეული მზერა შეავლო ქმარს.

– რა მკითხე?

– დათოს რა ვუთხრა-მეთქი, მირეკავს.

– როგორც გინდა. პრინციპში, წამოვიდეს, წამოვიდეს.. ძალიან კარგი იქნება.

ნიკას გაეღიმა.

– ისევ უნდა ჰკითხო რაღაც ისეთი, რაც ისევ შოკში ჩააგდებს? მაინც, რა უთხარი იმ დღეს ისეთი... რა სახე ჰქონდა?!

– არაფერი, უბრალოდ ვეხუმრე.

– ვკითხე და არ მიპასუხა, – ისევ გაეცინა ნიკას, – ზოგჯერ როგორ გამოშტერდება ხოლმე.

– შენც რაღას ჩააცივდი, – მარიკამ ხელში შერჩენილი „კამეა“ კომოდზე დადო და უცებ, ისევ რვეული გაახსენდა. როგორმე შესაფერისი მომენტი უნდა შეერჩია და რვეული თავიდან ბოლომდე წაეკითხა. ხელი კომოდის ზედაპირს გადაუსვა.

– წავიდეთ? – ჰკითხა ნიკამ.

– ჰო, წავიდეთ.

– მაგას არ გაიკეთებ?

– ამ კაბას არ მოუხდება, – წამოსცდა მარიკას და მექანიკურად გაიხედა დედამთილისკენ. ეს მზერა „კამეას“ ნაკლებად უკავშირდებოდა. უფრო იმას, რაც კომოდის უჯრაში იდო... ნიკა ცოლს მიუახლოვდა და ყურში ჩაულაპარაკა.

– მარიშ, მომისმინე, არ გაბრაზდე, მაგრამ იქნებ მაინც გაიკეთო, დედას რომ არ ეწყინოს. ხომ ნახე, ცდილობს, თქვენ შორის ურთიერთობა „დაათბოს“, ძალიან გთხოვ, რა...

– კარგი, კარგი... გავიკეთებ... – მარიკამ დაუფიქრებლად აიღო გულსაბნევი და კაბაზე ისე გაიკეთა, ზედ საერთოდ არ დაუხედავს. მისი ყურადღება დედამთილის გამოხედვამ მიიპყრო. ქალი უცნაური ეჭვით უყურებდა. თითქოს მისი ფიქრების ამოცნობას ცდილობდა. მარიკას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა და რაღაც ენიშნა კიდეც. მაგრამ, ამაზე ფიქრის დრო აღარ იყო. არც დედამთილთან დალაპარაკებას ჰქონდა აზრი... უნდა მოეცადა...

***

... დათომ პერანგის ღილები შეიკრა, საყელო გაისწორა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა.

– რას იღრიჯები და იმანჭები სულელი მაიმუნივით, – მიახალა სააბაზანოდან გამოსულმა, ფერწასულმა მაკამ, როგორც კი სული მოითქვა და ამოისუნთქა.

– ნიკამ თავის ახალ ნათესავებში დამპატიჟა სადილზე. მგონი, რაღაც ნიშნობის „პონტია“ და მე, როგორც მეჯვარე, ამ ფრიად ღირსშესანიშნავ მოვლენას ვერაფრით გამოვტოვებ. შენ როგორ ხარ?

– ნუ ტაკიმასხარაობ, თორემ უარესი მაიმუნი ხდები, – დაიღრიჯა მაკა და ტუჩები ზიზღით მობრიცა.

– რა გინდა, მე რას მერჩი? ნაღდად არაფერი დამიშავებია. პირიქით, ყველანაირად ვეცადე, შენი ქმარი აქამდე მომეყვანა და შემერიგებინეთ.

– ასეც ვიცოდი, რომ შენი ინიციატივა იყო და არა იმისი. დებილი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ასე მარტივად მოაგვარებდი ამ პრობლემას. თემო იდიოტია, სრული იდიოტი და კიდევ ერთხედ დავრწმუნდი, რომ მაგ კაცთან მე და... მოკლედ, მე მასთან მომავალი არ მაქვს.

დათომ საყვედურით გახედა დას.

– მე კი ვფიქრობ, რომ თქვენი სიჯიუტეა ერთადერთი პრობლემა, რაც თქვენ შორის არსებობს.

– მე კი გეუბნები, თემო იდიოტია-მეთქი. ისევე, როგორც ყველა მამაკაცი. იმ გოგოს კი ვერ ვიტან, მძულს.

– შენ ამას მარიკაზე ამბობ? რას ერჩი, რა დაგიშავა? მართალია, ცოტა რქიანი ვიღაცაა, მაგრამ არც შენთან და არც თემოსთან ამას კავშირი არა აქვს.

– ნუღარ მელაპარაკები ამაზე. აზრი აღარ აქვს, – ისევ შეეხუთა სული მაკას.

– აზრი აღარ აქვს? შეხედე ერთი, ამდენი ნერვიულობით რას დაემსგავსე, აჩრდილი დარჩი. ექიმთან შენ არ მოდიხარ და საჭმელს შენ აღარ ჭამ. თავი არ გეცოდება? დაურეკე იმ კაცს და უთხარი, რომ აპატიე, მით უმეტეს, რომ საპატიებელიც არაფერია.

– შენ არაფერი იცი. ამიტომ, გაჩუმდი და თუ მიდიხარ, წადი, თორემ რომ გიყურებ, ნერვები მეშლება.

– წავალ, წავალ... დამშვიდდი, რა... თუ გინდა, ერთხელ კიდევ დაველაპარაკები თემოს.

– არაფერი არ მინდა... ვერ გიტანთ, ვეღარავის ვეღარ გიტანთ... – მაკას ისტერიკული ტირილი აუვარდა და სირბილით შევარდა სააბაზანოში... 

დათომ ამოიოხრა, ხელი ჩაიქნია და სკამზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო, მაგრამ სანამ კართან მივიდოდა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ლოჯიისკენ გაემართა, სადაც მშობლები ეგულებოდა. დედასთან და მამასთან მისი საუბარი მოკლე და არაფრის მომცემი აღმოჩნდა. მაკას სიჯიუტის გატეხა მათ არ შეეძლოთ და ისიც არ იცოდნენ, საერთოდ რა პრობლემა ჰქონდა მათ შვილს. მარტო ოხრავდნენ და ჩუმად განიცდიდნენ. დათოს გვარიანად მოეშხამა გუნება და გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი...

***

სუფრასთან დაძაბულობა არ იგრძნობოდა, იამ და მარიკას მშობლებმა სწრაფად გამონახეს ერთმანეთთან საერთო ენა. საუბარი უშუალო და ძალდაუტანებელი გამოვიდა. მარიკას სურვილი თუ მოთხოვნა, დედამისმა გაითვალისწინა და არავინ დაპატიჟა, ამიტომ სადილმა ოჯახურ გარემოსა და სიმშვიდეში ჩაიარა. მხოლოდ ტყუპები ურბენდნენ მაგიდას გარშემო ყიჟინით. დათოს უგუნებობა მარიკამ საკმაოდ გვიან შენიშნა.

– შენ რაღაც გაწუხებს? ჰკითხა ხმადაბლა, ნიკას რომ არ გაეგონა, – ჩემმა იმდღევანდელმა შეკითხვამ ხომ არ ჩაგაგდო საგონებელში?

– არა, ტო... ეგ არაფერ შუაშია. მაგრად კი გამაკვირვე, მაგრამ გაიარა... ისე, მაინც რატომ მკითხე, ჰა?

– ჯერ შენ მითხარი, რა გაწუხებს? – კითხვაზე კითხვით მიუგო მარიკამ და თვალი ჩაუკრა. აქაოდა, შენ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებ ჩემს ნათქვამსო.

– მაკას გამო ვღელავ. მაგრად აურია და უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. თემოსთანაც ვიყავი, შევხვდი და იმდენი ველაპარაკე, გამომყვა... არაფერიც არ გამოვიდა, ისევ იჩხუბეს.

– ცოლ-ქმრის ჩხუბში ჩარევა რომ არ შეიძლება, მგონი, შენ მარწმუნებდი ამაში.

– ჰო, მაგრამ, როცა ეს ცოლი ჩემი დაა და ვხედავ, როგორ ნელ-ნელა კვდება? მოკლედ, არ ვიცი, რა...

– მოიცა, შენ ჩვენთან, სამმართველოში მაგიტომ იყავი, თემოს რომ დალაპარაკებოდი? 

– ჰო, რა იყო? თვითონ დამიბარა, რაღაც საქმე ჰქონდა და ველოდებოდი.

– გავიგე. მერე?

– რა მერე? დღესაც ნერვები მომიშალა.

– ვინ, თემომ?

– არა, ტო... თემო რა შუაშია... ჩემმა დამ. იცი, რას დაემსგავსა? რომ ვუყურებ, მეშინია. თვალები ჩაუცვივდა, გახდა... სულ გული ერევა ნერვიულობისგან... დედაჩემსაც ვუთხარი, მიხედეთ-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს. იმასაც ტყუილა ავუშალე ნერვები. მაკას ვერც ის აჯობებს.

– ექიმთან რომ წაიყვანო?

– კი, როგორ არა?! იმწუთას გამომყვება... – ხელი ჩაიქნია დათომ, – კაროჩე, რა... თქვენკენ რა ხდება, „სკანცამი“ შერიგდით?

– ნაჩხუბრები როდის ვიყავით? – გაიოცა მარიკამ, – უბრალოდ, წავკინკლავდით. ისიც იმიტომ, რომ ნიკა ჩემს სამსახურზე ეჭვიანობს.

– რაო? – დათოს ნელ-ნელა შუბლი გაეხსნა და ხმამაღლა გაეცინა, – ყველაფერი გამიგია, ამის გარდა. ნიკამ რა, სულ აურია? თუ სიყვარული მართლა აშტერებს?

– შეიძლება. იცი, რა მინდა გთხოვო? – დამეხმარე. ნიკა აღარც ვარჯიშზე დადის და იმ სკოლაშიც, ვითომ მუშაობა რომ დაიწყო, ფეხი არ მიუდგამს.

– ჰო, რა ვიცი, მე მითხრა, დროებით შვებულებაში ვარო.

– ჰოდა, ეყოფა, ეს დროებითი შვებულება. მინდა, ისევ გააქტიურდეს. გესმის, ხომ, რა თხოვნაც მაქვს შენთან. სამსახური ბევრ დროს მართმევს და ნიკაც თუ დაკავებული არ იქნება, ასეთი პრობლემები არ გამოგველევა.

დათომ თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– მე გაგირთობ ქმარს. მაგაზე აღარ იღელვო. გვერდიდან არ მოვცილდები.

– ჰო. მეც სწორედ ეს მინდა.

დათომ ნიკასკენ გაიხედა.

– შეხედე შენს ქმარს, როგორი მორჩილი და მშვიდი სახე აქვს? აბა, მასზე როგორ უნდა გაბრაზდე? დამიჯერე, ერთადერთი ნაკლი აქვს – არანორმალურად უყვარხარ. ჭკუა სულ დააკარგვინე. ისე, დღეს ისეთ მაგარ ფორმაში ხარ, არც მიკვირს. ეგ კაბა ძალიან გიხდება.

– იმედია, შენი ჭკუა მაინც გაუძლებს ჩემს ხიბლს, – გაიცინა მარიკამ და სწრაფად დაუმატა, – არ დაგავიწყდეს, რაც გთხოვე, არ მინდა, ნიკამ ჩემ გამო თავისი მიზანი დაივიწყოს, ან ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალოს. ასეთ მსხვერპლშეწირვას მისგან არასოდეს მოვითხოვ.

– აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილებაა. ჩემმა დამ პრობლემები მაშინ შეიქმნა პირველად, როცა თემო პაპავას, თავის საქმეზე გაგიჟებულ კაცს, ამ სიყვარულის მისთვის მსხვერპლად მიტანა მოსთხოვა. მაგრამ შენ ეს არ დაგემართება, ჭკვიანი გოგო ხარ.

მარიკას მობილურმა შეახსენა თავი. დევის მესიჯი იყო. ტელეფონიანი ხელი მაგიდის ქვეშ დამალა და პასუხი ისე აკრიფა... ნიკას გახედა. ბიჭს ჭიქა ეჭირა ხელში და სამადლობელს სვამდა. მარიკამ მის მიმართ ეჭვსა და უნდობლობაში თანაბრად შერეული სიყვარული იგრძნო   და ამ ერთბაშად მოსული გრძნობის შეეშინდა...

***

დევი დერეფანში ელოდა, მოუთმენლად მიეჭირა, მხარზე ხელი მოხვია და თემოს კაბინეტისკენ გაიტაცა.

– სადა ხარ დაკარგული. გუშინ ისეთი პასუხი მომწერე, დღევანდლამდე ძლივს მოვატანე სული.

– ბატონი თემო თავისთან არის? – ოდნავ დაბნეულმა იკითხა მარიკამ.

– არა. რაღაც საქმეზე გავიდა, მაგრამ მალე მოვა. მანამდე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. თუმცა, ჯერ შენ მომიყევი, როგორ ხარ, როგორ შერიგდით შენ და ნიკა.

მარიკამ ამოიოხრა.

– რა ვიცი, აბა?! ამას შერიგება არ ჰქვია. მე ეჭვები მკლავს, ის კი უზომოდ ბედნიერია, რომ პრობლემა მოაგვარა. დედამისსაც შემარიგა... წარმოიდგინე, ჩემს ოჯახშიც კი იყვნენ. იცი, რა ცუდად ვარ?! საკუთარი თავი ხან მეცოდება, ხან მძულს...

– არა, არა, მარიკა, ცოტა გონს მოდი, არც უნდა გეცოდებოდეს და არც გძულდეს. საამისო ნამდვილად არაფერი გჭირს, დამიჯერე. თუმცა, ის, რაც მე უნდა გითხრა, პირდაპირ კავშირშია შენს ქმართან, მაგრამ მოდი, ჯერ ოთახში შევიდეთ...

კაბინეტში შესულმა დევიმ მარიკა სავარძელში დასვა. თვითონ გავიდა და რამდენიმე წუთში, ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა.

– ზუსტად ვიცი, ვერ მოასწრებდი დალევას. ნიკა ახლა სად არის?

– ვარჯიშზე. დათომ გამოუარა და წავიდნენ.

– ჩვენი ბიჭი უკვე ყველგან დაჰყვება ნიკას.

მარიკამ ამოიოხრა.

– და შენ ამბობ, რომ თავი არ უნდა მეცოდებოდეს? საკუთარ ქმარს მეთვალყურე მივუჩინე... იმიტომ, რომ შესაძლოა, ის კაცის მკვლელი იყოს...

– ნუ აზვიადებ. ჯერ არაფერია გარკვეული, თანაც ქალები ძალიან ხშირად დასდევენ უკან და უთვალთვალებენ საკუთარ ქმრებს. დამიჯერე, არაფრით არ არის უკეთესი იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება, შენს ქმარს საყვარელი ჰყავდეს. ეჭვი ეჭვია...

– ჰო, მაგრამ ღალატი ბევრი ქალისთვის სულაც არ არის დანაშაული.

– არაფერიც, მე უამრავი ქალი ვიცი, რომლებიც ქმრის ღალატზე ადვილად, მის კაცის მკვლელობას შეეგუებიან, – გაეცინა დევის და თითქმის მაშინვე დასერიოზულდა.

– ვიდეოკამერებმა ნიკას მანქანა წყნეთში, ჭიშკართან მდგარი დააფიქსირა.

– რა? – მარიკა გაფითრდა.

– ჰო. ასეა. აქამდე მხოლოდ წყნეთის გზა გვქონდა, ახლა ჭიშკარიც გამოჩნდა. ეს ცოტა უფრო სერიოზულია, თან დროც ემთხვევა.

– დრო ემთხვევა? – მექანიკურად იკითხა მარიკამ.

– ჰო. ერთადერთი ის არის, რომ წყნეთის შემთხვევას თვითმკვლელობის კვალიფიკაცია აქვს და არა მკვლელობის.

– ეს ჩემთვის შეღავათი არ არის. იმაზე გაცილებით მძიმედ ყოფილა საქმე, ვიდრე წარმომედგინა. კიდევ რა გაირკვა?

– მგონი, დედამთილი... ის საერთოდ არსად  გაფრენილა. შეიძლება, მას საყვარელი ჰყავდეს, რაც ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ...

– მაგრამ?

დევიმ ამოიოხრა.

– სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის...

– ჩემი დედამთილია ყველაფერში დამნაშავე, – ჩაილაპარაკა მარიკამ, – თავიდანვე გული არ მიმიწევდა მისკენ, რაღაცას ვგრძნობდი.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ ამ ქალის გარშემო რაღაც გაურკვევლობაა. ყოველმხრივ იდეალურ არსებად მოაქვს თავი. სამაგალითო ქალი, სამაგალითო დედა, სამაგალითო სპეციალისტი... ასეთი ყოველმხრივობა ერთ დიდ ტყუილს ჰგავს. იცი, რომ მისი დღიური ვიპოვე?

– მართლა? ეს უკვე საინტერესოა, ძალიან საინტერესო. მერე, რა ეწერა იმ დღიურში?

– წაკითხვა ვერ შევძელი. მხოლოდ რამდენიმე ფრაზა ამოვიკითხე: ცხოვრება თამაშია, საბედისწერო თამაში ბედთან...

– ეს მარტო იმას ნიშნავს, რომ შენს დედამთილს კომპლექსები აქვს, თანაც საკმარისზე მეტი. მარტოსულია და საკუთარი თავი ხშირად ეცოდება.

– არა, არა, დევი, დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ იქნება რაღაც ისეთი, რაც ჩემს კითხვებს გასცემს პასუხს.

– რომელ კითხვებს?

მარიკამ მხრები აიჩეჩა.

– არ მჯერა ამ ქალის იდეალურობის. არ მჯერა... ნიკაზეც უზარმაზარი გავლენა აქვს. თუმცა, ამას არ ამჟღავნებს. იცი, როგორ მოიქცა? ახალი კაბა მიყიდა და ძველისძველი სამკაულიც მაჩუქა.

– ცდილობს, შენი გული მოიგოს?

– არა. ცდილობს, თავისი შვილის გული მოიგოს. ეს ერთი და იგივე არ არის.

– მარიკა, იქნებ ჩვენ ამ ყველაფერს გამადიდებელი შუშით ვუყურებთ და სინამდვილეში ეს უბრალო ქალური ეჭვიანობაა?

– წყნეთიც უბრალო ეჭვიანობაა? დევი, ბატონი თემო რას ამბობს?

– მე იმას ვამბობ, რომ საქმე სერიოზულადაა. ძალიან სერიოზულად, – თქვა კაბინეტში იმ მომენტში შემოსულმა პაპავამ. შენი ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერაფრით გავიგე, როგორ აღმოჩნდა მოვლენების თითქმის ეპიცენტრში, დანაშაულის ჩადენის ადგილას რამდენჯერმე დაფიქსირდა.

– ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, დანაშაულების ჩადენის ადგილებზეო, – მარიკამ თავზე იტაცა ხელები.

– ღმერთო, ეს რაღაც წარმოუდგენელი კოშმარია...

– იმ გოგონას დედამ ფოტოთი ამოიცნო. თქვა, რომ ექიმის მისაღებში მის შვილს ელაპარაკებოდა.

– ანუ, ნიკამ მომატყუა, როცა თქვა, რომ იმ ღამეს ბართან შემთხვევით შეხვდა, შემთხვევით ჩაისვა მანქანაში და შემთხვევით მიიყვანა სახლამდე.

თემომ თავი დაუქნია.

– სავარაუდოდ, ასეა. რისთვის დასჭირდა ტყუილი? დევიმ, ალბათ, გითხრა, წყნეთის ამბავი.

– ახლა მე რა უნდა ვქნა?

– ჯერ არაფერი. ვერაფერს ვიზამთ. უნდა დაველოდოთ და დავაკვირდეთ. დღეს მისი მეგობარი მყავს დაბარებული.

– დათო? – მექანიკურად წამოსცდა მარიკას.

– არა. ის ჩილაჩავა. მინდა, კარგად გამოვკითხო. ახლა უკვე სხვა დეტალებს მინდა, ყურადღება მივაქციო.

– მარიკამ იას დღიური იპოვა.

– მართლა? – თემომ სკამი აიღო და გოგოს წინ დაუჯდა, – მერე?

– ვერაფერი. წაკითხვა ვერ მოვასწარი.

– მარიკა, ნიკა შესაძლოა, ის არ არის, ვინც შენ გგონია. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იძულებული ვარ, შენც დაგკითხო. შეეცადე, გულახდილი იყო.

მარიკამ თავი დაუქნია.

– როგორ გაიცანი ნიკა და რა იცოდი მის შესახებ?

– არაფერი. პრაქტიკულად, არაფერი, – ამოიოხრა მარიკამ, – აქამდე რატომ არ ვიფიქრე ამაზე? ერთხელაც არ ვიფიქრე. დათომ გამაცნო... და გამაცნო იმიტომ, რომ... მარიკა შეყოყმანდა და პაპავას უმწეოდ შეხედა, – არ ვიცი, უნდა ვთქვა?

დევიმ გამამხნევებლად გაუღიმა.

– მიდი, მიდი, ეს უკვე აუცილებლობაა.

– მოკლედ, თქვენმა ცოლმა სთხოვა...

– რა? – პაპავამ გაოგნებულმა შეხედა, ჯერ დევის, მერე მარიკას, – როგორ თუ, მაკამ სთხოვა?

– ასეა. მე ერთხელ დავაპირე ამის თქმა, მაგრამ სათქმელი ბოლომდე აღარ მივიყვანე, – თქვა დევიმ, – რატომღაც საჭიროდ აღარ ჩავთვალე.

– დიახ. თქვენი მეუღლე ჩემზე ეჭვიანობდა და გადაწყვიტა, ამ საშუალებით ჩამოეშორებინა გზიდან მეტოქე. რომელი მეტოქე მე ვიყავი, მაგრამ... ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ნიკა.

– ეს ხომ სისულელეა! – აღმოხდა თემოს.

– არც ისეთი. ხომ ხედავთ, ყველაფერი რითაც დამთავრდა, – მარიკამ თითზე წამოცმული საქორწინო ბეჭედი დაანახვა, – საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ შემიყვარდა კაცი, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცოდი. ეს ჩემი სისუსტეა თუ დანაშაული?

– მოიცა, მოიცა, კარგად ამიხსენი. დათომ სთხოვა ნიკას, რომ შეეყვარებინე და იმანაც შეგიყვარა? და ეს ყველაფერი ჩემმა ცოლმა დაგეგმა? გავგიჟდები! – პაპავამ სიგარეტის კოლოფს სტაცა ხელი.

– დაგეგმა თუ არ დაგეგმა, საბოლოოდ, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

– მოვკლავ დათოს! – იფეთქა თემომ, ახალმოკიდებული სიგარეტი მოსრისა და იატაკზე დააგდო. ეს როგორ გააკეთა, იდიოტი! სულერთია, ვერ გადამირჩება... დევი, შენც არ ხარ მართალი, რატომ ადრე არ მითხარი ყველაფერი?

– ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა დევიმ, – თუმცა, მცდელობა მქონდა.

– მარიკა, შენ იცოდი ეს?

– ჰო. მერე გავიგე.

– და, მაინც შეიყვარე?

– ჰო, – მარიკამ საწყლად გაიღიმა, – ძალიან სულელი ვარ, არა?! ალბათ, ჩემი პროფესია მაინც უნდა გამეთვალისწინებინა.

– ოჰ, ეს ქალები. ერთი თუ მაინც ფიქრობს საკუთარი საქციელის შედეგზე. მაკაც არანაკლები დამნაშავეა... – თემომ ახალი სიგარეტი აიღო... საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რაც გამოვიდა.

– ჰო. და ახლა ყველანი ჩიხში ვართ, – თქვა დევიმ.

– ჩიხში მე ვარ, თუ სიმართლე გაინტერესებთ, – მარიკა ადგა, – მოქმედების გეგმა მითხარით. რას ვაკეთებთ?

– ჩილაჩავას დავკითხავ და მერე გეტყვი. იქნებ, რამე ხელის მოსაჭიდი ვიპოვოთ. არც დათოს დავინდობ. კითხვების ცეცხლში გავატარებ. შენ ჩილაჩავას დაკითხვას დაესწრები?

– აუცილებლად, – გადაჭრით თქვა მარიკამ, – მორჩა. არავითარი ემოციები. მინდა, ამ გაურკვევლობას დროზე მოეღოს ბოლო. ის დღიური როგორმე ხელში უნდა ჩავიგდო.

– კარგი... ორივე ემოციებს ხართ აყოლილი, – საუბარში ჩაერთო დევი, – ლაპარაკობთ, ლაპარაკობთ და იმაზე არ ფიქრობთ, რაც რეალურად გასაკეთებელია. საავადმყოფოდან დარეკეს. ის ენცო გონზე მოსულა. იმისგან ხომ არ დაგვეწყო?

– შენ და მარიკა წადით და დაკითხეთ. მე ჩილაჩავას უნდა დაველაპარაკო. სადაცაა მოვა.

– მე და მარიკას გვანდობ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს?

– არ უნდა განდოთ? მგონი, მარიკა საკმაოდ სერიოზულად მოკიდებს ხელს საქმეს, თუ ნიკა უყვარს და რომ უყვარს, ამაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.

– ბატონო თემო, საშვი დავუშვი და როცა ამოვა, პირდაპირ თქვენთან შემოვიყვანო? – კარი შემოაღო მდივანმა.

თემომ მარიკას და დევის გადახედა.

– მგონი, ენცო მოიცდის. დარჩით. ჩილაჩავა უკვე მოვიდა. ვნახოთ, რას გვეტყვის.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3