კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო დაუპირისპირდა რაფიელ ერისთავი თავის ნათესავ კიაზოს და როგორ დაიცვა მან გლეხების სამართალი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბევრი ცნობილი და საინტერესო ადამიანის პირადი კოლექციაა დაცული. ჩვენი რესპონდენტი საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი, მაია მიქაბერიძე, ჩვენს ინტერვიუში ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის რაფიელ ერისთავის პირად კოლექციას წარგვიდგენს. 

 

მაია მიქაბერიძე: რაფიელ ერისთავი დაბადებული გახლდათ 1824 წელს ქართლის ერთ-ერთ სოფელში, თუმცა ბავშვობის საუკეთესო წლები კახეთში სოფელ ქისტაურში გაატარა. წერა-კითხვა მისთვის დედას შეუსწავლებია 6 წლის ასაკში, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულ მასწავლებელს. განათლების მიღება, თავდაპირველად, თელავის სამაზრო სასწავლებელში დაუწყია, მაგრამ მამამისს დაუწუნია იქაური სწავლების რეჟიმი ქართული ენის უგულვებელყოფის გამო. ამის შემდეგ მას შვილი შუამთის მონასტრის წინამძღვარ ფილადელფოს კიკნაძისთვის მიუბარებია. 

– როგორ გაგრძელდა 1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ, ფილადელფოს კიკნაძის შეგირდის ცხოვრება? 

– ამის შემდეგ იგი გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. საბოლოოდ, თბილისის გიმნაზია დაასრულა. თუმცა, სწავლა უსახსრობის გამო აღარ გაუგრძელებია. ამასთან ერთად, მას თვალების ავადმყოფობაც დასჩემდა. მისი თაობის თანაგიმნაზიელები იყვნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი და სხვანი.

რაფიელ ერისთავს საზოგადოება იცნობს, ძირითადად, ლექსის, „სამშობლო ხევსურისას” ავტორად და არაფერი იცის მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის შესახებ. არადა, ძალიან საინტერესო მოღვაწე იყო. იგი ყოველთვის გვერდით ედგა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და საერთოდ, სამოციანელთა თაობას.

– ისიც ამ თაობას არ ეკუთვნოდა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. რაფიელ ერისთავთან შედარებით, ილია ჭავჭავაძეზე ბევრად ახალგაზრდა იყო. მიუხედავად ამისა, ცნობილ თაობათა შორის ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თერგდალეულები და ძველი თაობა, რაფიელ ერისთავი, ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მამათა თაობის გვერდით უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, რაფიელის და, ცნობილი მოღვაწე – ბარბარე ჯორჯაძე ნამდვილად მამათა თაობაში იდგა და საკმაოდ მკაცრადაც გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ რაფიელი ილიას მომხრეთა ბანაკში აღმოჩნდა, ის მათ შეხედულებებს იზიარებდა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა წამოწყება, რაც კი თერგდალეულებმა განახორციელეს, რაფიელ ერისთავის მონაწილეობით ხორციელდებოდა. 

– მაგალითისთვის რომელიმე წამოწყებაზე შევჩერდეთ.

– სხვას რომ თავი დავანებოთ, მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბებულ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას. ამ საზოგადოების ფინანსურ საქმეებს განაგებდა რაფიელ ერისთავი. დამეთანხმებით, ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან რაც არ უნდა კეთილშობილური წამოწყება იყოს, თუ კარგად არ იქნა გათვლილი შემოსავალი, გასავალი, ხარჯვითი ნაწილი, საერთოდ, რაში რა დახარჯოს და როგორ მოიპოვო სახსრები, ყველა კარგი წამოწყება, საბოლოოდ, განწირულია. თქვენ წარმოიდგინეთ, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საკმაოდ დიდხანს იარსება. ხშირად ჰქონდა ფინანსური სიძნელეები, უხდებოდა ბრძოლა, ელემენტარულად, ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ათასგვარ კვანტს დაუდებდა ხოლმე ამგვარ საზოგადოებებს, რადგან იცოდა, ეს იყო მისი მთავარი წამოწყების, ანუ გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ აღმართული ფარი. დროთა განმავლობაში, ამ საზოგადოებამ იმდენად გაიუმჯობესა საქმე, რომ გამოსცემდა წიგნებს და მოგებას ამაში ნახულობდა. აწესებდა პრემიებს, მნიშვნელოვანი დანახარჯებიც ჰქონდა. რომ არ ჰქონოდა შემოსავლები და მის ეკონომიკურ საკითხებზე ჭკვიან კაცს რომ არ ეზრუნა, ბუნებრივია, ეს საზოგადოება დიდხანს ვერ იარსებებდა.

– გარდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, კიდევ სად მსახურობდა  რაფიელ ერისთავი?

– ვინაიდან რაფიელ ერისთავი რუსულ ენას კარგად ფლობდა და თარჯიმნის ვალდებულებასაც ითავსებდა, ამავე დროს, წლების განმავლობაში მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში – საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც ეკავა და ჯილდოებიც ჰქონდა მიღებული. მაგრამ, შემდეგ პრინციპული უთანხმოების გამო, წავიდა სამსახურიდან. თუმცა, სანამ მსახურობდა, ხშირად უწევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობა. ამ პერიოდში ის ეცნობოდა იმ კუთხეების მცხოვრებთა წეს-ჩვეულებებს და წერდა ეთნოგრაფიული ხასიათის წერილებს. იგი თანამშრომლობდა რუსულ გაზეთ „კავკაზთან”. რომელიც საქართველოში 1846 წლიდან გამოიცემოდა. იმ პერიოდში კავკასიაში, ფაქტობრივად, არ იყო პერიოდული გამოცემები. ქართული გაზეთი – „კავკასიის მხარეთა უწყებანი”, 1846-1847 წლებში გამოდიოდა, მაგრამ მალე დაიხურა. ეს ძალიან საინტერესო გაზეთი გახლდათ, რადგან კავკასიის მხარეთა მოსახლეობის ცხოვრებას აცნობდა არაკავკასიელებს, ვინაიდან ის ვრცელდებოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. სწორედ იქ აქვეყნებდა რაფიელ ერისთავი თავის ეთნოგრაფიული ხასიათის წერილებს. პოპულარიზაციას უწევდა ქართველ ხალხს ამ თავისი მოღვაწეობით.

– რას უკავშირდება ლექსი „სამშობლო ხევსურისა”?

– ძირითადი საფუძველი ასეთი პატრიოტული ლექსის შექმნისა, რა თქმა უნდა, იყო ზოგადი განწყობა სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარე ადამიანისა. ეს ლექსი ფშავ-ხევსურული პოეზიისთვის დამახასიათებელ კილოზე დაიწერა. მინდა გითხრათ, რომ რაფიელ ერისთავმა ყველაზე ადრე შეიტანა ხალხური მოტივები ქართულ პოეზიაში. „სამშობლო ხევსურისა” ძალიან სწრაფად გავრცელდა, „ივერიაში” დაიბეჭდა 1881 წელს, შემდეგ – „დროებაში”, იმ მოტივით, რომ „ივერიას” ყველა ვერ იღებს, არადა ყველა უნდა გაეცნოსო. მალე ლექსი ისეთი პოპულარული გახდა, რომ რაფიელ ერისთავს ძალიან ხშირად საკუთარ სახელსაც კი აღარ უწოდებდნენ და  „სამშობლო ხევსურისას” ავტორად მოიხსენიებდნენ. თითქოს საკუთარი ლექსის სათაური გახდა მისივე სახელი.

რაფიელ ერისთავი ცნობილი იყო სამეცნიერო მუშაობითაც. მას შედგენილი აქვს ლექსიკონები „შემოკლებული ლათინური, რუსული და ქართული მცენარეთა ლექსიკონი” და მეორე – „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდგან”. ეს წიგნები, ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი პუბლიკაციები, დღეს დაცულია რაფიელ ერისთავის პირად კოლექციაში.  

– ვის დაუტოვა რაფიელ ერისთავმა თავისი პირადი წიგნების კოლექცია?

– მან თავისი პირადი წიგნების კოლექცია, ანდერძით გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. გარდა იმისა, რომ აარსებდნენ სკოლებს, ბიბლიოთეკებს, ამ საზოგადოებაში შექმნილი იყო წიგნსაცავ-მუზეუმიც.

– ეს რას ნიშნავდა?

– იმას, რომ ძველი ქართული ხელნაწერები, საქართველოში და მის გარეთ ქართულად დაბეჭდილი ნებისმიერი წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, საერთოდ, ნებისმიერი ბეჭდური ერთეული, შეგროვებულიყო და ერთად თავმოყრილიყო. რუსეთში და სხვა მძლავრ ქვეყნებში ასეთი მუზეუმები არსებობდა და ამის ტრადიცია და კულტურა იყო. მაგრამ, საქართველოში, სხვა ქვეყნის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში, ასეთი კულტურული ღირებულებების თავმოყრას, დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ წიგნსაცავ-მუზეუმს გადასცა რაფიელ ერისთავმა თავისი პირადი ბიბლიოთეკა. მასში ათასზე მეტი ეგზემპლარი იყო თავმოყრილი, მათ შორის ძველნაბეჭდი წიგნები და ძველი ხელნაწერებიც. რაფიელ ერისთავის მამა განათლებული პიროვნება გახლდათ, რომელმაც საკუთარი წიგნების კოლექცია შვილს უსახსოვრა. თუმცა, რაფიელმაც ბევრი წიგნი შეჰმატა მამის დანატოვარს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი განყოფილების ფონდს დაედო საფუძვლად ეს წიგნსაცავ-მუზეუმი. მუზეუმი იმიტომ ერქვა, რომ მასში დაცული თითოეული ნიმუში ისტორიული იყო და აღიქმებოდა, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც ხელუხლებლად უნდა გადასცემოდა თაობიდან თაობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენდა საამაყოდ, 1880 წელს დაარსებული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი, დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვენს კედლებში. დღეს მას ჰქვია საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდი. მასში შედის თქვენი ჟურნალის ყოველი გამოცემაც. 

– თქვენი აზრით, რომელი წიგნია რაფიელ ერისთავის კოლექციიდან განსაკუთრებული? 

– ასეთი არაერთია – 1712 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი”, 1824 წელს მოსკოვში დაბეჭდილი „დავითნი”. საჩხერეში 1817 წელს დაბეჭდილი „სახარება” მინიატურული, გზაში საკითხავი წიგნია.  

– რაფიელ ერისთავის პირადი ცხოვრების შესახებ რა არის ცნობილი?

– ახალგაზრდულ წლებში სწვევია რაფიელ ერისთავს სიყვარული, მაგრამ უარი მიუღია ამ სიყვარულის გამო და შემდეგ, თურმე, დიდი ხნის განმავლობაში ცოლსაც არ ირთავდა, საერთოდაც აღარ აპირებდა დაქორწინებას. ცნობილია, რომ 38 წლის ასაკში იგი ისევ დაუოჯახებელი იყო და სწორედ ამ ასაკში ისევ ეწვია მას სიყვარული.

– ვინ იყო მისი სიყვარულის ობიექტი ამჯერად?

– ამჯერად რაფიელ ერისთავის სიყვარულის ობიექტი აღმოჩნდა მასზე ბევრად ახალგაზრდა – თეოდოსია ერისთავი, რომელიც პოეტმა სამეგრელოში გაიცნო. რაფიელი მოუხიბლავს ქალის სათნოებასა და სილამაზეს, მაგრამ სიყვარულის გამჟღავნება ვერ გაუბედავს, ვინაიდან ეჭვი ეპარებოდა, რომ ახალგაზრდა და ასეთი ლამაზი ქალი გაიზიარებდა მის გრძნობებს. რადგან პირდაპირ ვერაფერი უთხრა, რაფიელს ლექსი დაუწერია თეოდოსიასთვის – „წრე გადასული, წრეში შემოსულს” და მიურთმევია. 

– რაო თეოდოსიამ?

– თეოდოსიამ არაფრად ჩააგდო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა და გაიზიარა რაფიელ ერისთავის სიყვარული. მან რაფიელ ერისთავს 5 შვილი გაუჩინა. როგორც ჩანს, თავისი არამიწიერი სილამაზე დიდხანს შერჩა თეოდოსია ერისთავს, რადგან 1864 წელს, როდესაც თბილისში იყო ჩამოსული, მიხაი ზიჩიმ, „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებისთვის, ცოცხალი სცენების დადგმისას, ის ქართული სამოსით შემოსა და თეოდოსია გახლავთ პროტოტიპი ნესტან-დარეჯანისა. მისი პორტრეტი, ცნობილმა მხატვარმა, ლერმონტოვის „დემონის” ილუსტრაციისთვისაც გამოიყენა. ამჯერად, თეოდისია თამარის პროტოტიპი გახლდათ.

ცნობილია, რომ რაფიელ ერისთავი სამართლიანი პიროვნება ყოფილა და ძალიან ხშირად გლეხების მხარეს იყო ხოლმე. ამის შესახებ ცნობილია არაერთი ამბავი.

– იქნებ გვიამბოთ რომელიმე მათგანი?

– სიამოვნებით. როდესაც სამეგრელოში აჯანყება მოხდა, მაშინ რაფიელ ერისთავი ხელისუფლების წარმომადგენელი გახლდათ. ამიტომ, ისიც გაგზავნეს იქ, რათა დაერეგულირებინა და დაეშოშმინებინა ურთიერთობა გლეხებთან. მაშინ იგი პირდაპირ ვერ ამჟღავნებდა თავის დამოკიდებულებას გლეხებისადმი. მიუხედავად ამისა, მან გლეხების მხარდასაჭერი ლექსი დაბეჭდა პრესაში ფსევდონიმით. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მას საიდუმლო კავშირი ჰქონდა აჯანყების მოთავეებთან. მან ჩაიწერა აჯანყების მეთაურის, უტუ მიქავას ვრცელი ისტორიული სიტყვა, რომელიც უტუმ აჯანყების ჩასაქრობად ჩასულ, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ, ნიკოლოზ კოლუბიაკინის საპასუხოდ წარმოთქვა.

არის კიდევ სხვა მაგალითები, როდესაც ის აშკარად უჭერდა მხარს გლეხებს. მაგალითად: რაფიელის ბიძაშვილი, კიაზო თავგასული მებატონე ყოფილა, რომელიც ცუდად ეპყრობოდა გლეხებს. ერთხელ მოურავისთვის მოუხმია და დაუვალებია, მთელი სოფლის საქონელი მის ეზოში მოერეკა, რომელსაც უკან აღარ გაატანდა, სანამ ჯარიმას არ გადაიხდიდნენ. შეწუხებულ გლეხებს დახმარება რაფიელ ერისთავისთვის უთხოვიათ. 

– როგორ მოიქცა ასეთ მომენტში რაფიელ ერისთავი?

– მას თელავიდან ფოტოგრაფი მოუყვანია, დამწყვდეული პირუტყვისთვის სურათი გადაუღიათ და კიაზოსთვის შეუთვლია: მარტო ტვინის (ამ შემთხვევაში ქსოვილის, თხელი მაუდის, სახელწოდებაა) შარვლად ტარება არ გეყოფა, თავშიც ტვინი უნდა გქონდეს. შენს ეზოში დამწყვდეული მშიერი პირუტყვის სურათს, სათანადო განმარტებით, ხელმწიფეს გავუგზავნი და მაშინ ნახე შენი სეირიო. ამის შემდეგ, ცხადია, ეს ისტორია გლეხების სასარგებლოდ დასრულდა.

რაფიელ ერისთავი ენამოსწრებული და კარგი მომლხენი კაციც ყოფილა. ერთ-ერთი მისი ახლობელი იხსენებდა, თუ როგორ ადღეგრძელა მან იმხანად ქართული ბანკის დირექტორი ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, რომელიც ქალაქის „დუმის” (საბჭოს) დეპუტატად აირჩიეს: „ალექსანდრე, გიყვარდა კარგი ცხოვრება და სულ იმას ნატრობდი, რომ კაი ლუკმა გეშოვნა. აკი აგიხდა ნატვრა – ეხლა ქალაქის „დუმა” გიჭირავს ხელში და ნუ დაზოგავ, მსუქანი დუმააო.”

საინტერესოა, რომ რაფიელ ერისთავი პირველი ლიტერატორია, რომლის ლიტერატურული მოღვაწეობაც ზეიმით აღნიშნა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. 

ცნობილი პოეტი, კოლექციონერი და გლეხთა ქომაგი  77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

скачать dle 11.3