კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია ღალატი ფიზიკური სიახლოვის გარეშე

ბედნიერების უფლება აქვს ყველას. უმრავლესობას მთავარ ბედნიერებად, სხვა ადამიანთან ურთიერთობა და სიყვარული მიაჩნია. ამიტომაც, ხვდებიან ისინი ერთმანეთს და მერე ქორწინდებიან. თუმცა, ოჯახი ყოველთვის არ ამართლებს იმას, რისი იმედიც წყვილს დაქორწინებამდე ჰქონდა. ზოგჯერ ასეც კი ხდება, ერთმანეთს თავიდან აღმოაჩენენ ხოლმე და უკვირთ: – ნუთუ, ეს ის ადამიანია, რომელიც ასე მიყვარდაო?! იმედგაცრუება მტკივნეულია. მერე მოდის სინანული. გამოსავლისა და დამნაშავის ძიება. სურვილი მაინც ერთია. მთავარი და ყველასთვის ერთნაირი – არ იყო მარტო. იპოვო ის, ვინც უსიტყვოდ გაგიგებს, ვისაც ნებისმიერ მომენტში, მხარზე მიეხუტები, მოუყვები შენი დარდისა და წუხილის შესახებ. არაბუნებრივი, ამ სურვილში არაფერია, მაგრამ ხშირად მას წინ აღუდგება ხოლმე პასუხისმგებლობა.

 

მარინა (36 წლის): არ ვარ პრეტენზიული და ამბიციური. არასოდეს მომითხოვია ცხოვრებისგან რაიმე განსაკუთრებული. ჩემი წილი ბედნიერება მინდოდა. არ მქონდა იმის ილუზია, რომ შევხვდებოდი მამაკაცს, რომელიც პრინცესასავით მაცხოვრებდა. მაგრამ, ეტყობა, უნდა მოითხოვო მაქსიმუმი, რომ მინიმუმი მაინც მიიღო. ახლა სინდისის ქენჯნა მკლავს. არადა, არაფერი დამიშავებია ისეთი, რის გამოც უნდა ვწუხდე. სხვები უარესს აკეთებენ, მაგრამ მშვიდად ცხოვრობენ – კმაყოფილები და გაბრწყინებულები. ისეთ ამბებს ვხედავ და მესმის, თვალს და ყურს ვერ ვუჯერებ. როგორ ცოლებს სცემენ პატივს და ანებივრებენ, გაოგნდები.

– სინდისი რატომ გაწუხებთ?

– ამის მოსაყოლად ვარ აქ მოსული. მინდა, საკუთარ თავში გავერკვე და გავცე პასუხი კითხვას – არის კი ის ღალატი, რაც მე ჩავიდინე? იქნებ, არ ვარ დამნაშავე? – უფრო სწორად, არც ისეთი დამნაშავე ვარ. თუმცა, დანაშაულის განცდა ძალიან ცუდია. ჩემი ქმარი ანგელოზი არ არის. მე მისი ღალატის შესახებ ძალიან გვიან გავიგე, როგორც ყველა მოტყუებულმა ცოლმა.

– ცოლები ძალიან გვიან იგებენ ხოლმე ქმრის ღალატს?

– უმრავლესობა კი. თუ თავიდანვე არ უშვებ იმას, რომ გიღალატებს, თუ თავიდანვე არ ხარ მობილიზებული და შემართული, რომ არაფერი გამოგეპაროს, აუცილებლად მოტყუვდები. მით უმეტეს, თუ ქმარზე შეყვარებული ხარ და მასზე უკეთესი არავინ გგონია. ქალმა თავი არ უნდა დააჯერო ამაში, არ უნდა გასულელდე, იმდენი ჭკუა უნდა გეყოს. რომელი კაცია სანდო, კარგი, რა... მაგრამ ჩემი ქმარი განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა. ქორწინებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ უკვე მღალატობდა. არადა, ოთხი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და „აფეთქებული” სიყვარული გვქონდა – ვნებიანი და გიჟური. „იმას”, მეორეს კი, გათხოვებამდე ვიცნობდი. შემთხვევით გავიცანი. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მობილურის ნომერი შეეშალა. ცოტა ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ავყევი ლაპარაკში.

– ფლირტი გაუბით უცხოს?

– ჰო. რა მოხდა, მერე?! ნომერიც კი მივეცი, ბინის. ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რაღაც სიახლოვის განცდა გამიჩნდა. მერე მოხდა ის,  რომ არაჩვეულებრივად დავახლოვდით. დღე არ გავიდოდა ისე, რომ ან იმას არ დაერეკა, ან მე და საათობით ვლაპარაკობდით. აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებოდი. რა მწყინდა, რა მიხაროდა, როგორ ჩაიარა დღემ. მალე, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცოდით. მასზე ახლობელი ადამიანი, პრაქტიკულად, არ მყავდა, მაგრამ შეხვედრას ვაყოვნებდით. მე კი მეგონა, რომ ჩვენს ამ ურთიერთობას ლოგიკური დასასრული ექნებოდა – სიყვარული! მაგრამ უცებ გაქრა.

– რას ნიშნავს გაქრა? სად გაქრა? ან რატომ არ შეხვდით ერთმანეთს? 

– არ ვიცი, რატომ არ შევხვდით, მაშინ. ალბათ, ისე კარგად ვგრძნობდით თავს, რომ არ ავჩქარდით. შეიძლება, მეშინოდა იმედგაცრუების – რომ ვნახავდი და ის არ აღმოჩნდებოდა, ვისი პორტრეტიც ჩემს წარმოსახვაში შევქმენი. ახლა ვაანალიზებ ამ ყველაფერს. იმ პერიოდში ნაკლებად ვფიქრობდი, უბრალოდ, დინებას მივყვებოდი. ტელეფონი იყო ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი, მაგრამ ერთ დღესაც აღარ დარეკა. გამიკვირდა. მე დავურეკე, არ მიპასუხა. რაღაცნაირად მეწყინა. აღარც მომდევნო დღეს დაურეკავს. ვითომ თავმოყვარეობა გამოვიჩინე და აღარც მე დავურეკე. სწორედ ამ დროს გავიცანი, ჩემი მომავალი ქმარი. ისეთი იყო ჩვენი ურთიერთობა პირველივე წუთიდან, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარ დაუტოვებია.

– თუ ის ადამიანი თქვენთვის ყველაზე ახლობელი იყო, როგორც თქვენ ამბობთ, ურთიერთობაში ხომ მთავარი კომფორტია, რომელიც მასთან გქონდათ?

– კი, მაგრამ ვნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. გეუბნებით, თავი დავკარგე. გადავირიე სიყვარულისგან. ალბათ, ამ „გადარევას” ის ჯობია, ბევრი საერთო გქონდეს ადამიანთან, ვისთან ერთადაც იწყებ ცხოვრებას. მარტო გიჟური სიყვარული არაფერს ნიშნავს. პირიქით, ზოგჯერ ხელსაც კი გიშლის, საღ აზროვნებაში. გაბრმავებს და აღარ გაფიქრებს.

– სიყვარული არ ყოფილა საჭირო კაცისა და ქალის ურთიერთობაში?

– მე არ ვამბობ, რომ საჭირო არ არის. ვამბობ, გადამწყვეტი არ არის-მეთქი. თანაც, შეიძლება, არც იყო ის რეალურად სიყვარული, რასაც მე სიყვარული დავარქვი. გავთხოვდი და ცოტა ხანი თავი უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა. ილუზიებით ვცხოვრობდი. რეალობა, ძალიან დიდხანს ვერ დავინახე.

– ანუ, ქმარი გიყვარდათ?

– კი და ახლაც მიყვარს, მაგრამ ამ სიყვარულის მეტი მასთან საერთო არაფერი მაქვს. განგიმარტავთ. მის მიმართ მაქვს ვნება და სულ ეს არის. მას არ ესმის ჩემი და საერთოდ, არ მიცნობს. არც აინტერესებს, რომ გამიცნოს. მე მისი იმედი არ მაქვს. ვერ დავეყრდნობი და ჩემი ტკვივილებისა თუ სიხარულის შესახებ ვერ მოვუყვები. იცით, ეს რა საშინელებაა?

– იმიტომ, რომ გიღალატათ?

– იცით, რაშია საქმე?! ღალატი არც ისეთი ტრაგედიაა, როგორც „შეფუთვასაც“ მას ვუკეთებთ. ოღონდ, თუ სწორად გამიგებთ, ხდება რაღაც, რისგანაც არავინ არის დაზღვეული. მაგრამ, თუ წყვილი ერთი მთლიანობაა, თუ ისინი ერთმანეთის „ნაწილები“ არიან, მაშინ ღალატსაც აპატიებენ ერთმანეთს. დამიჯერეთ და ამის მაგალითები არის. ჩემს შემთხვევაში, ქმრისგან მოყენებული ტკივილი მარტო მის ღალატში არ გამოიხატება. კი, ღალატმა საბოლოოდ ამიხილა თვალი და დამანახა საკუთარი სიმარტოვე. მაშინვე მივხვდი, როგორი სულელი ვიყავი.

– როგორ გაიგეთ ღალატის შესახებ?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს? თვითონ მითხრა, თანამშრომელთან რომანი მქონდაო. აი, ასე, პირდაპირ მომახალა. თუ შეგიძლია, მაპატიე. შენი დაკარგვა არ მინდა. ის ქალი ხარ, რომელსაც მინდა, ჩემი შვილების დედობის საპატიო როლი ვანდოო. ზუსტად ასე მითხრა: „საპატიო როლი“, თითქოს დაქირავებული მსახიობი ვიყავი. ანუ, საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი შინაგანი მდგომარეობა.

– სინდისს ისიც შეუწუხებია, პატიება უთხოვია.

– არა. ეს არ იყო პატიების თხოვნა. პატიებას ასე არ ითხოვენ. მას არ უცდია, თვალებში ჩაეხედა ჩემთვის. ხელზე ხელი მოეკიდა და ეთქვა, კი გიღალატე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, შენ ჩემ გვერდით თავი ბედნიერად იგრძნოო. იცით,  რა თქვა რეალურად? – პატიოსანი ქალი ხარ, წესიერი, მშვენიერი დიასახლისი, მომვლელი, მოსამსახურე... კარგ შვილებს გამიზრდიო...

– ეს ცუდი შეფასებაა?

– ცუდი არ არის, მაგრამ ქალისთვის მაინც სხვა რამეა მნიშვნელოვანი. თქვენც ხომ ხვდებით, რას ნიშნავს მამაკაცთან სიახლოვე და თანამოაზრეობა. რად გინდა ან ქმარი, ან შეყვარებული, თუ მას შენი არ ესმის და მძიმე წუთებში დარდს ვერ გაუზიარებ?!

– მაგრამ, თქვენ თქვით, მიყვარდა და ისევ მიყვარსო.

– პირდაპირ გეტყვით. მიზიდავს და ვნება მაქვს მის მიმართ, მაგრამ მე მასთან სიახლოვე არ მაქვს. სითბოს და გაგების დეფიციტი მაქვს. უფრო სწორად, მქონდა. ახლა ეს დეფიციტი სხვამ შეავსო.

– საყვარელმა?

– სწორედ ამაზე მინდა, დაგელაპარაკოთ. მართალია, მე უკვე მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. მას ჩემი თითქმის უსიტყვოდ ესმის და ისე მავსებს, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. მაგრამ, ის ჩემი საყვარელი არ არის. ფიზიკური სიახლოვე არ გვაქვს. მოხდა ისე, რომ ამ მძიმე წუთებში „იმან“ დამირეკა. ესეც დამთხვევაა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა. ფაქტობრივად, სულზე მომისწრო. სერიოზული კრიზისი მქონდა. ნერვიულ „აფეთქებამდე“ და ისტერიკამდე ცოტაღა მაკლდა. არ ვიცოდი, დამეტოვებინა ოჯახი და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი თუ მეპატიებინა ქმრისთვის. მეორე სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკვე შევხვდით ერთმანეთს. ესეც ხომ არის ბედის ირონია. თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ვკონტაქტობდით და არ შევხვედრივართ, პაემანი არ გვქონია. ახლა, მეორე ზარზე ვთხოვე, უნდა გნახო-მეთქი.

– ეს ემოციური გადაწყვეტილება იყო?

– არაემოციური ვერაფრით ვერ იქნებოდა. როგორ მდგომარეობაში ვიყავი, უკვე აგიხსენით. აღარ მიფიქრია, გამიცრუვდებოდა თუ არა იმედი. უკვე ისედაც საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი. შევხვდი... იცით, ეს რა იყო? – ორი დიდი ხნის ნაცნობის, მეგობრის, თანამოაზრის შეხვედრა. ასეთი განცდა მქონდა, არავითარი დისტანცია და ბარიერი. ჩავეხუტე და დიდხანს ვტიროდი მის მხარზე. ყველა ჩემი ტკივილი გამოვიტირე. მერე დაუსრულებლად ვლაპარაკობდით და მივხვდი, როგორ მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში. იცით, როგორ მისმენდა? ასე ჩემს ქმარს არასდროს მოუსმენია ჩემთვის. რატომ უნდა დასჭირდეს გათხოვილ ქალს ადამიანი, რომელიც მისი ფიქრების თანამოზიარე იქნება? ხომ შეიძლებოდა, ჩემს ქმარს მეტი თანადგომა გამოეჩინა ჩემ მიმართ. მე არ ვიცი, მარტო ჩემი ქმარია ასეთი თუ ყველა მამაკაცს იგივე სჭირს ცოლის მიმართ. მე და ჩემს მეგობარს გვაქვს ინტიმური სიახლოვე. ეს არ არის სექსი, მაგრამ ამაზე მეტია, რაც გვაკავშირებს. ამიტომ, თავს კარგად არ ვგრძნობ, არ ვიცი, ღალატი ჰქვია თუ არა ამას. ვარ თუ არა მე მოღალატე ცოლი. სინდისი თავისას შვრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი არ იმსახურებს ერთგულებას, მაინც ვფიქრობ, რომ მეც მასავით არ უნდა მოვიქცე.

– თქვენ ხომ სამაგიეროს გადახდის სურვილი არ გამოძრავებდათ?

– არანაირად. ეს რომ მინდოდეს, აქამდე დავწვებოდი იმ ადამიანთან, მაგრამ არ მაქვს სურვილი. ჩვენი ურთიერთობა სხვა მიმართულებით და სხვა ჭრილში განვითარდა, არც ამ ურთიერთობის გაფუჭება მინდა სექსით.

– საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

– ვერ ვფიქრობ ამაზე. ის ვიცი, რომ ამ ურთიერთობაზე უარს ვერ ვიტყვი. ცხოვრებისკენ ამან შემომაბრუნა. აღარ ვგრძნობ თავს ნივთად. შემიძლია, ნებისმიერ მომენტში დავურეკო მას და მოვუყვე ყველაფერი. მომისმენს, გამიგებს და რჩევას მომცემს.

– მეგობარი ქალი ვერ შეასრულებდა იმავე ფუნქციას?

– ვერა. ქალი მეგობრებიც მყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა დაცულობის განცდას ვერ მანიჭებს. ქალს ისე არ შეუძლია ჩაგიხუტოს და ის ენერგია მოგცეს, რომელიც თავს ამაყად აგაწევინებს. როცა ცუდად ვარ, როცა სისუსტის მომენტები მაქვს, მისი ხელის შემოხვევა და მაგრად ჩახუტება, საოცრად მშველის. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, ეს რა განცდაა.

– თქვენი ქმარი ამას ვერასოდეს გაიგებს...

– და იტყვის, რომ მე მოღალატე ცოლი ვარ. ამაში ეჭვი არ მეპარება. არც შემიქმნია იმის ილუზია, რომ ქმარი გამიგებდა. ჩემს ქმარს ჩემი გაგების უნარი რომ ჰქონოდა, ამ უკიდურესობამდე არც მივიდოდი.

– ანუ, თქვენი ეს მდგომარეობა მაინც უკიდურესობაა?

– აბა, რა არის? უკიდურესობაა და კიდევ ის, რასაც არასდროს ვისურვებდი. ეს ყველაფერი ერთ მამაკაცში უნდა ყოფილიყო გაერთიანებული, ჩემს ქმარში. იმიტომ თხოვდები, რომ გვერდით ერთგული ადამიანი გყავდეს, ვისი იმედიც ყოველთვის, ყველაფერში გექნება. შენი სიხარულისა და დარდის თანამოზიარე იქნება. მე ამ ყველაფერს დიდხანს ვეძებდი საკუთარ მეუღლეში, მაგრამ ძალიან გამიცრუვდა იმედი. მე მის მიმართ აღარც ნდობა მაქვს. საშინელი სიცარიელის განცდა გამიჩინა და „ეს“ რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად არ ვიცი, რა მეშველებოდა.

– ქმარს რომ გასცილდეთ და სულაც იმ მამაკაცს დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება?

– გაგიკვირდებათ, ისეთ რამეს გეტყვით. მიყვარს ჩემი ქმარი. არ მინდა მისი მიტოვება. ასეთი არანორმალურები ვართ ქალები.

– იმან რომ შემოგთავაზოთ, ქმარს გაშორდი და ერთად ვიყოთო? იქნებ იმას უყვარხართ?

– იმან იცის, რომ ქმარი მიყვარს, და მის მიტოვებას არ ვაპირებ. მე იმას არაფერს ვუმალავ. ხელისგულივით გადაშლილი ვარ მასთან და არაფრის თქმის, მოყოლის კომპლექსი არ მაქვს. ამაშია ჩვენი ურთიერთობის მთავარი ღირსება და ამას არაფერზე არ გავცვლი.

 

 

скачать dle 11.3