კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უწოდებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი „ქაქუცას კარის პოეტს“

 

„ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო, იქნება, ვკვდებოდე

და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,

გიმღერდენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,

ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე”...

ვის არ გაუგონია ეს ლექსი, მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანარაზმელი მიხა ხელაშვილია. როგორ იხილა მისმა ხელნაწერებმა დღის სინათლე, გრძელი და სევდიანი ისტორიაა, რომელსაც ჩვენს ინტერვიუში ამ ხელნაწერების გადამრჩენის ვაჟი, გიგი ხორნაული გვიამბობს:

 

– მიხა ხელაშვილი და მამაჩემი, ვანო ხორნაული, მეგობრები იყვნენ. ვანო ჩარგალთან ახლოს, კაწალხევში ცხოვრობდა, მიხა კი დიაკონად იყო ჩარგალში. მამა ექვსი წლით იყო უმცროსი მიხაზე. მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ, ორივეს განსაკუთრებულად უყვარდა ხალხური პოეზია, სიტყვიერება. თურმე, ვანო ხორნაული 15 წლის ასაკიდან ყველანაირ სიტყვიერებას იწერდა. იმდროინდელ ფშავში მოღვაწეობდნენ შემდგომში ცნობილი ეთნოგრაფი და ეროვნული მოღვაწე ნიკო მაკალათია და მისი ძმა – სერგი. 

– როგორ მოხვდა მაკალათია ჩარგალში?

– ნიკო თავისი სურვილით იყო წასული მთაში, კერძოდ, ჩარგალში, მასწავლებლად. ჩარგლიდან დადიოდა მთელ ფშავში, ხევსურეთში. ჩანს, ერთგვარ აგიტაციასაც ეწეოდა საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აქ ის დაუსიძევდა არხოტიონ ხევსურებს – ბალიაურებს. ეროვნული-პატრიოტული იდეებით ანთებული ახალგაზრდები მის ირგვლივ იყრიდნენ თავს. მათ შორის ერთ-ერთი იყო მიხა ხელაშვილი, რომელიც ყველას ხიბლავდა თავისი ხალასი ნიჭით.

– რა ხდება მთაში კომუნისტების გამოჩენის შემდეგ?

– კომუნისტებმა მთაში შესვლისთანავე დაიწყეს ეკლესიებისა და ხატ-სალოცავების ძარცვა-ნგრევა და ხევისბერების ხოცვა. ვინც კი განძის დამალვას გაბედავდა, დუშეთში იბარებდნენ, კრეჭდნენ, ჯერ ღვთის სალანძღავ წერილებს აწერინებდნენ, შემდეგ სამარეს საკუთარი ხელით ათხრევინებდნენ და ხოცავდნენ.

– დავუბრუნდეთ ხელაშვილს...

– მიხა ხელაშვილს, მენშევიკური მთავრობის დროიდან მოყოლებული, დავალებული ჰქონდა მთის ხატ-სალოცავების განძის მეთვალყურეობა. მთაში მღვდლები იგზავნებოდნენ ბარიდან. მათ შორის ხშირად ისეთებიც გამოერეოდნენ, რომლებიც თავად ძარცვავდნენ ტაძრებს და, ამგვარი ფაქტების აღსაკვეთად, თურმე, ხელაშვილს მაუზერის ტარების უფლებაც კი ჰქონდა მინიჭებული, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო პირი იყო.

როგორც კი კომუნისტები მოვიდნენ, ასეთმა და უფრო საშინელმა უმსგავსობებმაც იმატა მთაში: იძარცვებოდა ოჯახებიც, გაჰქონდათ ვერცხლეული, სიწმინდეები. ხატებს შორის საუკუნეების წინანდელი შეწირულობები ინახებოდა, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში კერძო პირები ითვისებდნენ. მიხა ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ამგვარ ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, საბჭოთა დემაგოგები პირდაპირ უთვლიდნენ ამგვარ საქციელს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად. აი, ასეთ ვითარებაში ასულა ჩარგალში მაღაროსკარის იმდროინდელი მილიციის უფროსი ჯაგნელიძე თანამშრომლებითურთ. მის თანამშრომლებს იქვე, ბაჩიაშვილების კორუხში (საძოვრად დაცული მოღობილი ადგილი) შეუშვიათ ცხენები.

– ვინ იყო ბაჩიაშვილი?

– ეს იყო ადგილობრივი ჩარგლელის ოჯახი, რომლის ქალიშვილი, სილამაზით განთქმული დედუნა, მიხას უყვარდა. იმ მომენტში დედუნას მამა, რომელიც მეცხვარე იყო შინ არ გახლდათ, არც ძმა ჰყავდა მიხას რჩეულს და, ფაქტობრივად, ქალების დასაცავი გახდა ოჯახი. მიხა ამას არ დაუშვებდა და, მართლაც, იქ გაჩნდა. 

– რით დასრულდა ეს ამბავი?

– მილიციის უფროსმა ბრძანა, რომ მიხასთვის მაუზერი წაერთმიათ და დაეპატიმრებინათ. მართლაც, წაართვეს, მაგრამ მიხა ხელიდან დაუსხლტა და ტყეში შევარდა. ამის შემდეგ დაიწყო მისი დევნა და მიხამაც ტყეს შეაფარა თავი. ეს ამბავი მოხდა 1922 წელს, იმ დროს, როდესაც კახეთში დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსვლები. ქაქუცასა და შეფიცულთა მცირე რაზმის პირველმა წარმატებებმა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ხალხში. მათ იმედი ჩაესახათ. როდესაც ჩოლოყაშვილის რაზმი მთისკენ დაიძრა, მაღაროსკარში მათ ბრძოლა მოუხდათ წამოწეულ წითელ არმიელებთან. ამ შეტაკებების დროს შეუერთდა მათ მიხა ხელაშვილი ბევრ ფშაველ-ხევსურთან ერთად. 

– ამის შემდეგ როგორ გრძელდება მიხა ხელაშვილის ცხოვრება?

– მიხა ქაქუცას მთელი რაზმის სული და გული გახდა. ის მამაცი, კარგი მსროლელი, ქაქუცას უაღრესად დიდი თაყვანისმცემელი და, რაც მთავარია, „ქაქუცას კარის პოეტი“ იყო. თვითონ ჩოლოყაშვილი ეძახდა თურმე მას ასე. დღე არ გავიდოდა, რომ მიხას რამდენიმე ლექსი არ დაეწერა. მაშინ უთქვამს სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ალექსანდრე სულხანიშვილისთვის: თუ მშვიდობა იქნა, მიხა აუცილებლად უნდა გავგზავნოთ სასწავლებლად პარიზში, ცოდოა, ასეთი ნიჭი, რომ არ გაიფურჩქნოსო.

– ცნობილია, რომ ქაქუცას რაზმი მართლაც ჩავიდა პარიზში, ოღონდ, არა სასწავლებლად. მიხაც მათთან ერთად იყო ამ დროს?

– არა. ქაქუცა სთხოვდა, გაჰყოლოდა; არწმუნებდა – თუ დარჩები, მოგკლავენო, მაგრამ, მე აქ სიკვდილი მირჩევნიაო, – უპასუხია მიხას. ყველაფერთან ერთად, კიდევ იმიტომ არ წავიდოდა იგი, რომ უზომოდ უყვარდა თავისი დედუნა, რომელთანაც ქალიშვილი – თამარი შეეძინა. ხელაშვილი შვილს ტყიდან დურბინდით ადევნებდა თვალს და ამგვარად იკლავდა მისი მოალერსების სურვილს. მოგვიანებით დაიწყო „ქაქუცელების” ხოცვა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ლევან რაზიკაშვილი, ქაქუცას გიმნაზიელი მეგობარი, რომელსაც თანაუგრძნობდა და პანკისის მხარესაც გადააცილა. ეს ამბავი უწყოდნენ მხოლოდ და მხოლოდ მისმა ოჯახის წევრებმა: დედინაცვალმა თამარმა (ვაჟას მეორე ცოლმა) და მისმა შვილმა – ვახტანგმა. თამარის მითითებით, ვახტანგმა აცნობა მილიციას. 

– რასაც ბრძანებთ, ეს ამბავი დასტურდება?

– ეს ცნობილი ფაქტია, თვითონ ლევანის თანატოლი ჩარგლელებისა და მისი დის – გულქანისაგანაა ცნობილი.

– კი მაგრამ, რა ინტერესი ჰქონდა თამარს?

– ეტყობა, ეს ამგვარი შურისძიება იყო მისგან. საქმე ისაა, რომ თამარის ვაჟს, ვახტანგს, გვარს არ აძლევდა ვაჟა, რადგან არ მიაჩნდა თავის შვილად. 1916 წლამდე, ანუ ვაჟას გარდაცვალებამდე, ის დიდებაშვილის, ანუ დედის გვარით ეწერებოდა. თამარი შინ იყო მიბრუნებული გათხოვებიდან სამი თვის შემდეგ, როცა ბესო შანიძემ, აკაკი შანიძის ბიძამ, რომელსაც ფშავში ცნობილი დუქანი ჰქონდა, გაურიგა იგი ოთხი ობლის ამარა დარჩენილ ვაჟას. ვახტანგი ამ ამბიდან ხუთი თვის შემდეგ დაიბადა და ვაჟამ ის შვილად არ მიიღო. ეს ამბავი დეტალურად მაქვს აღწერილი ჩემს წიგნში „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი”. რასაც მასში მოგითხრობთ, ჩაწერილი მაქვს ლევანის ქალიშვილის, პეპელასაგან.

– დავუბრუნდეთ მიხას და „ქაქუცელებს“...

– ტყეში გასულებს ვერ იჭერდნენ და მათ თავისსავე ახლობლებს ახოცვინებდნენ ღალატით. მიდიოდა მოსყიდვა იარაღით, ფულით, თანამდებობებით... მიუხედავად ამისა, მიხა ხელაშვილს ვერა და ვერ იხელთებდნენ, მას ხალხის დიდი სიყვარული ჰქონდა. ცნობილი ფაქტია: პოლიციამ  გასაქანი რომ არ მისცა რამდენიმე მთიელს, რომ მიხასთვის ეღალატათ, მათ თავები დაიხოცეს. ჯაგნელიძე განაგრძობდა მიხას დევნას და ფშაველებს აბუჩად იგდებდა: მალე ნახავთ, მაგ თქვენს გმირ ხელაშვილს როგორ ჩამოვათრევ ხელებშეკრულსო. მიხა კი, თავის მხრივ, უთვლიდა: დამიბრუნე ჩემი მაუზერი, შენ კი წადი ფშავიდან, თუ საკუთარი თავი გიყვარსო. ჩანს, იგი ვერ ინელებდა იარაღის აყრას, რაც მთიელისთვის სიკვდილზე მეტი სასჯელია. ჯაგნელიძემ მთელი ფშავი ააწიოკა. ერთ დილასაც, როდესაც ის მაღაროსკარში პირის დასაბანად იყო გამოსული მაღაროულაზე, თავს წაადგა მიხა. პოლიციის უფროსმა მაუზერისკენ წაიღო ხელი, მაგრამ რას მოასწრებდა მიხას?! იქვე გაათავა. შემდეგ გაიქცა, შევარდა მილიციელთა განყოფილებაში, ყველაფერი მიანგრ-მოანგრია, სანამ თავისი მაუზერი არ იპოვა, აიღო, გამოვარდა, ჩამოგლიჯა წინ გამოკიდებული საბჭოთა დროშა, მოახტა მილიციელ მისრიაშვილის იქვე მიბმულ ცხენს, გააჭენა არაგვისაკენ, გადასერა მდინარე, ცხენი ნაპირზე მიატოვა, თვითონ კი ტყეში გაუჩინარდა. 

ამ დროს, იქვე, მილიციის შენობიდან 200 მეტრში, სკოლის შენობაში, დაბინავებული იყო 60-მდე მილიციელი, რომლებიც ხელაშვილის შესაპყრობად ჩამოიყვანეს. ამის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა ხელაშვილის დევნა. 

24 იანვარს, საღამო ხანს, მიხა ჩარგლის ერთ-ერთ უბანში, ხოდაში მივიდა თავის ძმადნაფიც ლუკა მარცვალაშვილთან. მისი სახლი სოფლის განაპირას იდგა. მასპინძელმა ხინკლის მომზადება დაიწყო, ვითომდა ძალიან გაიხარა. შემდეგ, ჩვეულებრივ, წვერ-პირის გაპარსვა შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და, ყელთან რომ მიიტანა სამართებელი, ხელი აუკანკალდა. მიხამ უთხრა: ლუკავ, გატყობ, ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცო.

– რა უპასუხა ამაზე ლუკამ?

– შეიცხადა და ტირილი დაიწყო – მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არ გჯერაო. ხელაშვილმა დაამშვიდა, თუმცა, ეტყობა, ხინკლის ჭამის დროს ისევ რაღაც შეატყო ძმადნაფიცს და თავისი პატრონტაშიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიაწოდა – როცა ჩემს მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო. 

ცოტა ხანში თანამესუფრეებს ლევან გარსევანიშვილი შეუერთდა. ორივე პურის არაყს აძალებდნენ მიხას, შემცივნებული იქნებიო. მიხაც ალალად ცლიდა ყანწს, ან იქნებ, განგებაც იყო, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო. დამთვრალი მიხა, ვითომდა, მეტი სიფრთხილისთვის, მჭედელთა საბძელში გადაიყვანეს და  იმავე ღამეს იქვე გაათავეს აქტივისტ კომკავშირლებთან ერთად. მეორე დღეს საფიხვნოში დააგდეს საჩვენებლად და დასაშინებლად, თან გაიძახოდნენ: მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ, გაქცეულს შემთხვევით მოვახვედრეთ ტყვია შუბლშიო. შემდეგ ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და მილიციის ეზოში დააგდეს. იქ იმდენ ხანს ეგდო, სანამ მისმა ტანსაცმელმა ფერი არ იცვალა და ცხედარი არ გაიხრწნა. მილიციამ მისი გადაგდება დააპირა. ეს ამბავი მიხას ძმადნაფიცმა, ბარისახოელმა პოლიციელმა ჭინჭარაულმა აცნობა სალომეს, რომელსაც მანამდე უკვე მოეგროვებინა საბძელში გაბნეული ძმის ტვინ-სისხლი და დედის საფლავის გვერდით დაეფლა. მოგვიანებით, მას ძმის გვამიც მოაპარინა ჭინჭარაულმა. მთის წესის თანახმად, ნაწილ-ნაწილ დაჭრეს ცხედარი და ცხენს ისე აჰკიდეს ხურჯინით. სალომემ ღამით მგზავრობითა და დღისით ტყე-ხევებში მალვით აიტანა ის ჩარგალში და, მის ტვინ-სისხლთან ერთად შუაღამისას დაასაფლავა ძმა.  

თურმე, სანამ ლუკასთან მივიდოდა, მიხამ აფხუშოში დასთან შეიარა და ხელნაწერები დაუტოვა. დაუბარებია: ვინიცობაა მომკლან, ვანო ხორნაულს გადაეცი, მის გარდა სხვა არავინ შეინახავსო. თურმე, მანამდეც უგზავნიდა იგი მამას ტყიდან თავის საუკეთესო ლექსებს. თან უთვლიდა, შენ ფანდურზე კარგად მღერი და დაამღერებო. ერთი ნაწილი ხელნაწერებისა მიხას მანამდე ახმეტაში დაუტოვებია კაყიდაშვილთან, რომელსაც, როდესაც მიხას სიკვდილი შეუტყვია, მაშინვე ბუხარში შეუყრია ისინი. ეს ამბავი მისმა მეუღლემ უამბო მიხას ქალიშვილს: „ხელებში ვეცი, რას შვრები-მეთქი, მან კი ჯოხი დამკრა – შენ გინდა, რომ დამიჭირონ და დამხვრიტონო?!” მართლაც, გადასცა მამას სალომემ მიხას დატოვებული ლექსები.

– მათი დაპატრონება დიდი რისკი იყო ვანო ხორნაულის მხრიდან.

– ისეთი, რომ, ვინც კი ახსენებდა ხელაშვილს, დაბეზღებულები მეორე დღესვე მიჰყავდათ მაღაროსკარში და გაუსამართლებლად ხვრეტდნენ. მამაჩემს მიხას ლექსები საგულდაგულოდ გადაუხვევია გასანთლულ ტილოში, ჩაუტენია, ეგრეთ წოდებულ „ფეჩის ტრუბაში“, აუტანია სოფლის პირდაპირ, კლდეში, იქ, სადაც ღრმა გამოქვაბულებია – ბავშვებიც დავრბოდით ხოლმე იმ ადგილას, როცა საქონელს ვმწყემსავდით – და ეხში შეუმალავს. ჩვენ კი გაგვაფრთხილა: მაგ კლდეში ეშმაკები იცის, არ შეძვრეთ, თორემ, დაიხელთებითო (ავი სულები დაგეპატრონებიანო). ამის შემდეგ ჩვენ იმ კლდეს აღარ გავკარებივართ. 

ასე გავიდა რამდენიმე ათეული წელი. 1965 წელს მამასთან მივიდა მიხას ქალიშვილი თამარი. უთხოვია, ჩემმა მამიდამ გამანდო საიდუმლო და, კაყიდაშვილივით შენც თუ არ დაგიწვავს მიხას ლექსები, იქნებ, გადამაწერინოო. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ ამის შემდეგ მამას ეს განძი თამარისთვის გადაუცია. 20 წლის შემდეგ თამარი ჩემთან მოვიდა, ამ დროისათვის მე უკვე რამდენიმე წიგნის ავტორი ვიყავი. შევატყვე, რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა, ისე დავშორდით, არაფერი მნიშვნელოვანი არ უთქვამს. წლების შემდეგ, როდესაც უკვე გადაშენდნენ კომუნისტები, საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს რვეული წარწერით: „მიხა ხელაშვილის ლექსები, გადაწერილი ვანო ხორნაულის მიერ”. როგორც დავასკვენი, რაკი მამა მეგობრობდა სერგი მაკალათიასთან და რაკი საჯარო ბიბლიოთეკამ იმხანად გეოგრაფიის საზოგადოების შენობა მიიერთა, ეტყობა, ბატონმა სერგიმ, როგორც წარსულში ამ დაწესებულების ხელმძღვანელმა, სთხოვა ვანოს, რომ მიხას ლექსები არქივში ჩაედოთ. ბიბლიოთეკაში მუშაობდა ხელაშვილებისა და რაზიკაშვილების ნათესავი გოგო, რომელმაც ხელნაწერების ამბავი უწყოდა თამარისგან. მან ყველაფერი უამბო კოლეგებს და გაჩნდა აზრი ხელნაწერების წიგნად გამოცემისა. მაგრამ, საქმე, რატომღაც, გაიწელა. ამის შემდეგ მომმართეს მე. წიგნი გამოვიდა 2006 წელს, ერთობლივი მუშაობის შედეგად.

 

 

 

скачать dle 11.3