კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უსწორდება ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და სად უწოდებდნენ მას „სამხედრო აზროვნების გენიოსს“

 

„დიადი მემკვიდრე” და „დიადი საქმეების გამგრძელებელი” – ამიერიდან ასეთი ტიტულებით მოიხსენიებენ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ახალ მეთაურს და ბელადს. „დიადი” კიმ ირ სენის შვილიშვილსა და „დიადი” კიმ ჩენ ირის ვაჟს, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაურს, 30 წლის კიმ ჩენ ინს, მამის გარდაცვალებამდე „ახალ ვარსკვლავს” და „შესანიშნავ ამხანაგს” უწოდებდნენ მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი და იზოლირებული სახელმწიფოს მოქალაქეები. „თბილისელების” ამ ნომერში ჩრდილოეთ კორეის ახალი ბელადის, მთავარსარდლისა და მუშათა პარტიის ლიდერის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს გთავაზობთ.

* ოფიციალურად მას კიმ ჩენ ინს უწოდებენ, თუმცა სხვადასხვა ვერსიით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩჟონ ინად, ან კიმ ჩონ ინად მოიხსენიებენ. საინტერესოა, რომ „ჩენ” კიმის სახელში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მამამისის კიმ ჩენ ირად მოხსენიება დაიწყეს, სინამდვილეში კი აწ გარდაცვლილ ბელადს, კორეელები კიმ ჩჟონ ილს  უწოდებდნენ. საინტერესოა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეაში კიმ ჩენ უნად იცნობდნენ. კიმ ჩენ ირის პირადი მზარეულის მიერ სამხრეთ კორეელებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბელადის შვილს სახლში უნად მოიხსენიებდნენ და მხოლოდ 2009 წლის შემდეგ ეწოდა მას ამჟამინდელი სახელი, – კიმ ჩენ ინი.

* დაზუსტებით ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინი დაიბადა 8 იანვარს, ხოლო მისი დაბადების წელი დღემდე გასაიდუმლოებულია. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ვერსიით, ბელადი 1982 წელს დაიბადა და ახლა იგი 30 წლის არის. თუმცა, სამხრეთ კორეული წყაროების ცნობით, კიმ ჩენ ინი 1983 ან 1984 წელსაა დაბადებული. არსებობს ვერსია, რომ კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღი ხელოვნურად შეიცვალა, რათა მისი 30 წლის იუბილე დამთხვეოდა – მამის, კიმ ჩენ ირის 70 წლის იუბილეს და ბაბუის, კიმ ირ სენის 100 წლისთავს. ოფიციალურად, ასევე გასაიდუმლოებულია მისი დაბადების ადგილი. პირველი ვერსიით, იგი დედის, კიმ ჩენ ირის მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის, კო იონ ჰის სახლში დაიბადა, ჩხანსონში, ჩრდილოეთ ფხენანის პროვინციაში. მეორე ვერსიით – კიმ ჩენ ინი ფხენიანში დაიბადა. ჯერჯერობით ჩრდილოეთ კორეაში არ გამოთქმულა ვარაუდი, რომ კიმ ჩენ ინის დაბადებას თან სდევდა რაიმე ბუნებრივი სასწაული. ცნობილია, რომ მამის, კიმ ჩენ ირის კულტის პროპაგანდის მიზნით, გავრცელდა ლეგენდა, რომ მათი ბელადი კორეელებისთვის წმიდა მთა, პეკტუსანზე დაიბადა და მის დაბადებას თან ახლდა ცაზე ახალი ვარსკვლავისა და ორმაგი ცისარტყელას გამოჩენა. სინამდვილეში, კიმ ჩენ ირი, საბჭოთა კავშირში, ხაბაროვსკის ოლქში, დაბა ვიატსკოეში დაიბადა. დაბადებისას მას იური ირსენის ძე კიმი ჩაეწერა დაბადების მოწმობაში.

* ოფიციალური ცნობები კიმ ჩენ ინის ქორწინების თაობაზე არ მოიპოვება. თუმცა, სამხრეთკორეულ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ვერსია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2010 წლის სექტემბერში დაქორწინდა. მის რჩეულს „ჭკვიან და სიმპათიურ გოგონად” მოიხსენიებენ. ის ფხენიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტია, მამა პროფესორი ჰყავს, ხოლო დედა – ექიმი. იმავე წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ცნობა, რომ კიმ ჩენ ინს 2010 წლის ბოლოს შვილი ეყოლა.

* ფორმალურად უცნობია, თუ რომელი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა კიმ ჩენ ინმა. დასავლურ მედიაში მუსირებს ვერსია, რომ 1998-2000 წლებში კიმ ჩენ ინი შვეიცარიაში, ბერნის დახურულ კოლეჯში სწავლობდა, სადაც მხოლოდ დიპლომატებისა და სხვა მაღალჩინოსნების შვილები არიან. ამ სკოლაში კიმ ჩენ ინი გამოგონილი სახელით ირიცხებოდა, რათა არავის სცოდნოდა, რომ იგი „დიადი” კიმ ჩენ ირის შვილი იყო. შვეიცარიაში სწავლისას, კიმ ჩენ ინს მუდამ თან დაჰყვებოდა მისი პირადი მძღოლი და მცველი. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მას ჩრდილოეთ კორეის ელჩი ემსახურებოდა ავტომობილით. თანაკლასელები კიმს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ხშირად იკრიბებოდნენ მასთან სახლში, – ლიბეფელდში, კირხშტრასეს ათ ნომერში. სამშობლოში დაბრუნებული კიმ ჩენ ინი ფხენიანის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, სადაც მას „სამხედრო აზროვნების გენიოსს” უწოდებდნენ. 

* კიმ ჩენ ინის შვეიცარიელი თანაკლასელები იხსენებდნენ, რომ სკოლაში იგი გახსნილი და მეგობრული იყო, თუმცა მორიდებული საპირისპირო სქესთან. უყვარდა ხატვა და ჰოლივუდური ფილმები, განსაკუთრებულად მძაფრსიუჟეტიანი, სადაც მთავარ როლს ჟან-კლოდ ვან დამი ასრულებდა. გარდა ამისა, კიმ ჩენ ინი კალათბურთის თავგადაკლული ქომაგი იყო და შეეძლო, საათობით მჯდარიყო ტელევიზორთან და NBA-ს მატჩებისთვის ეყურებინა. ამბობენ, მისი ოთახის კედლები სავსე იყო ამერიკელი კალათბურთელების პოსტერებით. თავად კიმი კი ამაყობდა, რომ გადაღებული ჰქონდა ფოტო NBA-ს ვარსკვლავებთან – ტონი კუკოჩთან და კობი ბრაიანტთან. თანაკლასელების თქმით, კიმი თავადაც კარგად თამაშობდა კალათბურთს და მოედანზე ლიდერის თვისებით გამოირჩეოდა. კიმის თამაშებს მუდამ ესწრებოდა ორი კორეელი ქალი, რომლებიც მატჩს ვიდეოზე იღებდნენ.

* სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, კიმ ჩენ ინი კიმ ჩენ ირის საყვარელი შვილი იყო. იგი მასში ძლიერ ხასიათს, ლიდერის თვისებებსა და ქარიზმას ხედავდა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა სიცოცხლეშივე თავის მემკვიდრედ. იგივე დაზვერვის ცნობით, კიმ ჩენ ირს კიმ ჩენ ინი, მამას – კიმ ირ სენს აგონებდა. კიმ ჩენ ინი მართლა ჰგავს სახელოვან ბაბუას ახალგაზრდობის დროინდელ ფოტოებზე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენი დღემდე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, სწორედ კიმ ჩენ ინზე შეჩერდა არჩევანი მემკვიდრის გამოცხადების დროს. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან კიმ ჩენ ინი მუდამ დაჰყვებოდა მამას სამხედრო ნაწილების ინსპექტირების დროს. თან სამხედრო ფორმა და ტაბელური იარაღი მუდამ თან ჰქონდა და ჯერ კიდევ მაშინ, ჩრდილოეთ კორეაში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ჩაანაცვლებდა მამას თანამდებობაზე.

* დღემდე გასაიდუმლოებულია კიმ ჩენ ინის სიმაღლე და წონა. ცნობილია, რომ ახალი ბელადი დაავადებულია დიაბეტით და ჰიპერტონიით. არაოფიციალურად სახელდება მისი სიმაღლე, რომელიც მერყეობს 168-175 სანტიმეტრს შორის, ხოლო წონა – 80-100 კილოგრამს შორის. ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინს სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, რაც გამოწვეულია უმოძრაობით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გასულ წელს ის ავარიაში მოყვა და სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. თუმცა, ოფიციალურმა ფხენიანმა არ დაადასტურა ეს ცნობები.

* კიმ ჩენ ინის დედა – კო იონ ჰი, კიმ ჩენ ირის მესამე, არაოფიციალური მეუღლე იყო. იაპონიაში დაბადებული კო მოცეკვავე და მსახიობი იყო. იგი „საყვარელი დედის” ტიტულს ატარებდა და ცნობილია, რომ კიმ ჩენ ირმა იგი მანსუდაის დასის 2 ათასი მოცეკვავიდან აირჩია. ისინი ბელადის წინაშე ასრულებდნენ ეროტიულ ცეკვებს. არსებობს მისი გარდაცვალების ორი ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, კო იონ ჰი 2004 წელს  პარიზში, კიბოთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ვერსიით, ის ერთი წლით ადრე, ფხენიანში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

* თავის პირველ დაბადების დღეზე ქვეყნის მეთაურის რანგში, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ სამხედრო დივიზიას ეწვია ინსპექტირების მიზნით და სწავლებებს დაესწრო. სწავლების დროს კიმ ჩენ ინი რუსული წარმოების ტანკის საჭეს მიუჯდა და  გაისეირნა. იგი ასევე, დაესწრო ბომბდამშენების იმიტირებულ ბრძოლას ჰაერში. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, კიმ ჩენ ინის დაბადების დღე არ არის გამოცხადებული დასვენების დღედ ჩრდილოეთ კორეაში. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ დროის ამბავია და კორეელები ისევე იზეიმებენ ბელადის დაბადების დღეს, როგორც ამას კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის დაბადების დღეებზე აკეთებდნენ.

* ერთ-ერთი პირველი განკარგულება, რომელიც კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის „ტახტზე” ასვლის შემდეგ გამოსცა, უკვე შეფასდა დასავლეთის მიერ, როგორც მორიგი არალიბერალური ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. საქმე ეხება ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ მოქალაქეებს. თუკი, რომელიმე ჩრდილოეთ კორეელი დააპირებს გაქცევას ჩინეთში ან სამხრეთ კორეაში, იგი ადგილზევე იქნება ლიკვიდირებული მესაზღვრეების მიერ. მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები კი საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდებიან.

 

 

скачать dle 11.3