კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოს რა მონაკვეთებში აღარ იარსებებს მდინარე მტკვარი და რატომ ვერ შეძლებს ქართული მდინარეები მტკვარში წყლის დეფიციტის შევსებას

 

– როგორც ვიცი, ქართული მხარე საერთაშორისო დონეზე აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას თურქეთის პროექტს მტკვრის გადაკეტვის შესახებ. რატომ შეიცვალა ვითარება?   

– მტკვარს რომ თურქეთი თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა, მოგეხსენებათ, ეს ამბავი გაახმაურა თურქმა დეპუტატმა. როგორც ჩანს, თვითონაც შეწუხებული იყო, რადგან იმ რაიონის წარმომადგენელია თურქეთის პარლამენტში, რომელიც ამ კასკადის აშენების შედეგად დაიტბორება. ამ კასკადს ჰქვია ბეშიკ ჰაიას კასკადი. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტკვარს საერთოდ უპირებდნენ გადაკეტვას და გამოყენებულ წყალსაც კი თურქეთი გამოიყენებდა, ანუ საქართველოში მტკვარი საერთოდ აღარ შემოვიდოდა და შავ ზღვაში ჩაეშვებოდა, ალბათ, ჭოროხის საშუალებით. მტკვრისა და ჭოროხის სათავეები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან თურქეთის ტერიტორიაზე. იქ შეიძლება გვირაბის გაყვანა ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის აშენება, რის მეშვეობითაც მტკვარი ჭოროხში გადაიქაჩება. ჭოროხზე უკვეა აშენებული კასკადი, რომელიც ანგრევს საქართველოს, კერძოდ, აჭარის სანაპირო ზოლს: ადლია უახლოეს მომავალში წყლის ქვეშ მოექცევა და ეს საფრთხე ბათუმსაც ემუქრება. მტკვრის სათავესთან კასკადის აშენებით, სავარაუდოდ, ორ კურდღელს იჭერს თურქეთი: აპირებს ენერგიის მიღებას წყლიდან და პარალელურად, ამ წყლის დამატებას ჭოროხის კასკადისთვის. თუმცა შემდეგ თურქეთმა უარყო, რომ მტკვრის სრულ გადაკეტვას აპირებენ, მაგრამ ეს ტყუილია.

– რატომ უნდა იყოს ტყუილი?

– მტკვრისა და ჭოროხის ენერგოსისტემა თურქეთისთვის ერთიანი კომპლექსია და საბოლოოდ, მტკვარი მაინც გადაიკეტება. კასკადს ააშენებენ, წყალს აიღებენ იმ ბოლო წერტილიდან, სადაც მტკვარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის და იმას გადაისვრიან ჭოროხში. ამდენად, მტკვარში წყლის რაოდენობა ძალიან შემცირდება. ქართველ მეცნიერებს, ჰიდროლოგიური მეცნიერება ერთ-ერთი ძლიერი იყო საქართველოში, ყველაფერი დათვლილი აქვთ: რამდენი წყალი შემოდის და გადის საქართველოდან. მტკვარს თურქეთიდან საქართველოში წამში 33 კუბური მეტრი წყალი შემოაქვს. ეს არის ერთი კვადრატული კილომეტრი წელიწადში, რაც მთელი მტკვრის წყლის, დაახლოებით, 16 პროცენტია.

– რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს მტკვრის 16 პროცენტით შემცირებას?

– უპირველესად, ამას კატასტროფული შედეგი ექნება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ, მაგალითად, თბილისსა და რუსთავში საკანალიზაციო წყლები უამრავი რაოდენობით ჩაედინება მტკვარში. მტკვარი ისედაც ცუდ მდგომარეობაშია, რადგან  გამწმენდი მოწყობილობა არ გააჩნია და ფეკალური მასები და კანალიზაცია თითქმის მთლიანად მასში ჩაედინება. მტკვარში წყლის შემცირება კი გამოიწვევს იმას, რომ ის საკანალიზაციო კოლექტორად გადაიქცევა, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში. ეს კი გამოიწვევს ეპიდემიებს. მეორე: თუ ჩვენ აგრარული სექტორის განვითარება გვინდა, მტკვარი ჩვენთვის წყლის ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა.

– ჩვენ ხომ გვაქვს სხვა მდინარეებიც, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იღებენ სათავეს?

– ივრისა და ალაზნის წყლის რესურსის დიდი ნაწილი ათვისებულია, ამიტომ მტკვარში წყლის ოდენობის შემცირება პირდაპირ დაარტყამს ჩვენს აგრარულ სექტორს. აღმოსავლეთ საქართველოში მორწყვა ძირითადად საჭიროა ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, როდესაც წყალმცირეობაა და დიდი მოთხოვნაა წყალზე. თანაც გაითვალისწინეთ, ქართველ მეცნიერებს დიდი ხანია, შესწავლილი აქვთ, რომ გლობალური დათბობის პირობებში გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი მდინარეების წყლიანობა შემცირდება. ამდენად, როდესაც ისედაც დეფიციტს ელოდები, წესით, ნორმალური სახელმწიფო ახლავე უნდა გეგმავდეს, როგორ აიგოს სქემა, რომ პერსპექტივაში მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობას წყალი ეყოს. ამიტომ თურქეთის ტერიტორიაზე მტკვრის გადაკეტვა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის საქართველოს როგორც სანიტარული და ეკოლოგიური, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისითაც.

– კონკრეტულად ავუხსნათ მკითხველს, მტკვარი თავის კალაპოტში აღარ გვექნება? დაშრება?

– ახალციხემდე მტკვარი საერთოდ არ იარსებებს, შემდეგ მას აქვს შენაკადები, თუმცა ცოტა მდინარე უერთდება. ანუ გარკვეულ ნაწილში მტკვარი საერთოდ დაშრება მთელი წლის განმავლობაში, სხვა ადგილებში კი, წყალდიდობების დროს წყალი იქნება, მაგრამ იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფს მტკვრის მიერ თავისი სანიტარული ფუნქციის შესრულებას და, რა თქმა უნდა, აგრარული სექტორის განვითარებას.

– აზერბაიჯანს არ შეექმნება პრობლემები?

– რა თქმა უნდა, ეს პრობლემას შეუქმნის აზერბაიჯანსაც. როდესაც ამ პროექტის შესახებ ცნობილი გახდა, ჯერ აზერბაიჯანელები ჩუმად იყვნენ, რადგან თურქეთი მათი პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორია. ბუნებრივია, აზერბაიჯანი შეეცადა, თურქეთის პოზიციები გაემართლებინა და აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მხოლოდ 3 პროცენტი მოაკლდება აზერბაიჯანს ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რაც ჩვენ  პრობლემას არ შეგვიქმნისო.

– ჩვენ თუ 16 პროცენტი მოგვაკლდება, მათთვის 3 როგორ იქნება?

– ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 10 პროცენტი მოაკლდება მინგეჩაურის წყალსაცავს. ალაზანი, იორი და მტკვარი ავსებს ძირითადად მინგეჩაურის წყალსაცავს, თუმცა სწორედ მტკვარია ის ძირითადი წყლის ობიექტი, რითაც იკვებება აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა და ამბობენ, რომ ზოგიერთ რაიონში სასმელი წყალიც მინგეჩაურიდან მიდის. ის 10 პროცენტი რომ მოაკლდება მინგეჩაურს, მერე ნახონ აზერბაიჯანელებმა, შეექმნებათ თუ არა პრობლემა. იორსა და ალაზანში წყალი ისედაც ცოტაა, იმიტომ რომ ინტენსიურად გამოიყენება. ციფრებსაც გეტყვით:  ალაზნისა და ივრის მიერ წამოღებული წყლის რაოდენობა 2,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მტკვრის მიერ წამოღებული. ამიტომ ეს პროექტი აზერბაიჯანს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის.

– როდესაც მდინარე კვეთს რამდენიმე ქვეყანას, იმ სახელმწიფოს, სადაც სათავეა, ასე ხელაღებით შეუძლია იმ მდინარის რესურსის გამოყენება? 

– არა, არსებობს საერთაშორისო კონვენციები, ძველი ხელშეკრულებები თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის წყლის რესურსების გამოყენების შესახებ, რომლებიც დღესაც მოქმედია. არსებობს სასაზღვრო მდინარეების გამოყენების კონვენცია. მე არ ვიცი, არის თუ არა თურქეთი შეერთებული ამ კონვენციას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ბერკეტები არსებობს იმისთვის, თუ სახელმწიფოს უნდა, წინააღმდეგობა გასწიოს. თუმცა, ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის. მაგალითად, როდესაც ჯერ კიდევ ბენდუქიძე იყო ეკონომიკის მინისტრი, მას ჰქონდა მდინარეების აუზების გაყიდვის გეგმა და მათ შორის იყო მტკვრის აუზის პრივატიზაციის გეგმაც. საქართველო იყოფოდა ოთხ აუზად, ანუ ოთხ ნაწილად. ამას ერქვა ვითომ მდინარეების წყლის რესურსების რეგულირების კანონპროექტი, სინამდვილეში კი უნდოდათ მთელი იმ ტერიტორიების გასხვისება. რაც მთავარია, იმ პროექტში ეწერა, რომ, გარდა წყლისა, ინვესტორს გადაეცემოდა იმ მდინარეების აუზში არსებული წიაღისეული, მცენარეული საფარი თუ ცხოველთა სამყარო. ანუ საქართველო იყოფოდა ოთხ სუბიექტად და ეს იყო საქართველოს დანაწევრების სქემა. მაშინ ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავუშალეთ ეს გეგმა ბენდუქიძეს, როდესაც გავშიფრეთ და გამოვიტანეთ საჯარო განხილვაზე და, თუ ბენდუქიძის წარმოშობასა და მის სამხრეებს გავიხსენებთ, ადვილი მისახვედრია, საიდან მოდიოდა საქართველოს დაშლის ეს სქემა. დაახლოებით, იგივე რამ ხდება ტყის კოდექსშიც. ტყის კანონი ჰქვია და სინამდვილეში ტყის დაქცევის კოდექსია. ახალ კანონპროექტშიც, რომლის გაჩერებაც ჯერჯერობით მოხერხდა, მდინარეების აუზებად იყოფა საქართველო, ოღონდ უფრო მცირე მდინარეების აუზებად, მაგრამ იგივე პრინციპით: ინვესტორს ვითომ ტყეს აძლევენ იჯარით, მაგრამ ის ხდება იმ აუზის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის, მცენარეების, ცხოველთა სამყაროს მფლობელიც. მკითხველს უფრო ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეს, გეტყვით, რომ იმ კანონპროექტში არის მუხლები, რომელიც  არეგულირებს ურთიერთობას ტყის მეპატრონესა და გლეხს შორის და ეს არის სუფთა ფეოდალური ურთიერთობები. მაგალითად, გლეხს არ აქვს უფლება, ღამე გაათენოს ტყეში, თუ არ შეუთანხმებს მეპატრონეს, არ აქვს ტყეში არსებული გზების გამოყენების უფლება, ტყეში ტყის პროდუქტების მოპოვების უფლება. შეუძლია, შევიდეს და შეჭამოს, მაგრამ, თუ სოკოს ან კენკრის გამოტანა უნდა, ტყის მეპატრონეს უნდა გადაუხადოს ფული. იქამდეც კი მივიდნენ, რომ „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებზეც კი დართეს ნადირობის ნება. ეს ყველაფერი კანონპროექტების სახით არსებობს და შემთხვევით არ მიხსენებია ეს თემები, თუმცა წყლის რესურსებზე ვსაუბრობდით, რადგან ასეთია ბუნებრივი რესურსებისადმი ზოგადი დამოკიდებულება. 

თურქეთს თავისი ეკონომიკის განვითარებისთვის ენერგია სჭირდება და ჩვენ, „მწვანეთა პარტია“, მაშინვე, ჯერ კიდევ 1996 წელს ვამბობდით, რომ ჭოროხზე კასკადის აშენება კატასტროფით დამთავრდებოდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, რაც დაემართება აჭარის სანაპირო ზოლს. თურქეთის კაშხლებმა დაკეტა ის მყარი მასალა, რომელიც ჭოროხს მოჰქონდა და რითაც კვებავდა აჭარის სანაპირო ზოლს. დღეს, რადგან მყარი მასალით შევსება არ ხდება, განსაკუთრებით დიდი ღელვებისას, ტალღები ანგრევს სანაპიროს და ზღვა წინ მოიწევს. ადლიაში ხალხი უკვე ზღვაშია. რატომ, რის გამო? თურქეთმა რომ თავისი ეკონომიკა განავითაროს, ჩვენ რატომ უნდა ვინგრეოდეთ?! მათაც ხომ უნდა გაგვიწიონ ანგარიში?

– არ შეიძლება, გადაგვიხადონ კომპენსაცია ეკოლოგიური ზიანისთვის?

– მაშინაც იყო ლაპარაკი კომპენსაციაზე, წელიწადში 5 მილიონი დოლარი იყო საჭირო იმისთვის, რომ სანაპირო ზოლი გამაგრებულიყო, მაგრამ თურქეთმა ამაზე უარი თქვა და მაინც თავისი გაიტანა. ახლა საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, საბიუჯეტო  ხარჯებით მოაგვაროს ეს პრობლემა. მანქანებით ყრიან ზღვაში ღორღს, მაგრამ ეს პროცესი ასე იოლად ვერ შეჩერდება. იმ სანაპირო ზოლს სისტემატიური მოვლა სჭირდება. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის მყარი მასალა მოჰქონდა ჭოროხს? მის შევსებას ეხუმრებით?! ცნობისთვის: მთელი ბათუმი და მიმდებარე ტერიტორია ჭოროხის მიერ ჩამოტანილი მყარი მასალითაა შექმნილი. 

– მტკვრის მითვისების შემთხვევაშიც არ არის ლაპარაკი კომპენსაციაზე?

– არა, თურქეთმა თავისი გაიტანა. მართალია, ჭოროხზე ააშენეს კაშხალი, მაგრამ ბოლომდე არ დაუმთავრებიათ. როგორც ჩანს, წყალი არ ჰყოფნით ჭოროხის ზედა წელში და მტკვრის პროექტიც, ალბათ, ჭოროხის კასკადის აშენებასთან არის დაკავშირებული. თვითონ მიიღებენ ენერგიას, განვითარებულ ეკონომიკას, ჩვენ კი დავრჩებით პირში ჩალაგამოვლებული.

– ჰესების მშენებლობა ჩვენს ტერიტორიაზეც იგეგმება, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ჰიდროენერგიის თვითღირებულება საკმაოდ ძვირი გამოდის და თბოსაც კი აჭარბებს.

– საქართველოში 40 ჰიდროსადგურის აშენება სრული ფანტაზიაა, რადგან ეს ყველაფერი დათვლილია. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა სჭირდება ქვეყანას და, რადგან გაქვს წყლის რესურსი, უნდა გამოიყენო, მაგრამ ბევრი რამ ასაწონ-დასაწონია. მაგალითად, რაჭაში წყალსაცავის აშენება რომ არავის არ უნდა მოუვიდეს თავში,  ელემენტარული რამაა და არა მხოლოდ იმიტომ რომ იქ მიწისძვრებისა და მეწყრების საშიშროებაა.  რაჭა თვითონ არის უნიკალური, მის შენარჩუნებაზე უნდა იყოს ლაპარაკი და არა მის დატბორვაზე. თუმცა არის სხვა ტერიტორიები, სადაც მცირე და საშუალო ზომის ენერგოობიექტების მშენებლობა შეიძლება და არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევა წყალსაცავების გარეშე ენერგიის გამომუშავების საშუალებას.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, არსებული ჰიდროობიექტებიც კი არ არის ბოლომდე ათვისებული. ცნობილი ფაქტია, თუ არსებულ ძველ ტექნოლოგიებს ჩაანაცვლებ ახალი ტექნოლოგიებით, ამის საშუალებით შეგიძლია გაზარდო გამომუშავება 30 პროცენტით და ეს ათჯერ ნაკლები ჯდება, ვიდრე იმავე მოცულობის ახალი წყალსაცავის აშენება. ანუ  ჯერ ის უნდა ავითვისოთ, რაც გვაქვს და შემდეგ ვიფიქროთ სხვა რაღაცეებზე. ენერგეტიკის განვითარების უამრავი ალტერნატიული გზა არსებობს. ევროკავშირმა 2008 წელს მიიღო ახალი კონცეფცია 20-20-20, რომელშიც არანაირი ახალი ობიექტების მშენებლობაზე აღარ არის საუბარი. ახალი ტექნოლოგიების დანერგვით აპირებენ ქვეყანაში ენერგიის 20 პროცენტის დაზოგვას, ისე, რომ მოსახლეობა ჩვეულებრივად და იმავე ოდენობით გამოიყენებს ენერგიას. მეორე – არსებულ ეკოლოგიურად მძიმე ენერგოობიექტებს ჩაანაცვლებენ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ენერგოობიექტებით: ქარის, მზის, გეოთერმული და ასე შემდეგ ენერგიით, რაც 20 პროცენტით გაზრდის მათ წილს ენერგიის საერთო გამომუშავებაში. 

 

скачать dle 11.3