კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვალა ედუარდ შევარდნაძის ცხოვრება ერთმა დღემ და რა რეკორდი დაამყარა მან საკუთარ გვარში

25 იანვარს ექსპრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე იუბილარია  – დაბადებიდან  ოთხმოცდამეოთხე  წელიწადს კრწანისში, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში ხვდება. მის ყველაზე „საპატიო” სტუმრებს შორის, მისი პატარა შვილთაშვილები არიან, რომელთაგან ერთ-ერთს ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი „ჰგონია”. 25 იანვარი კრწანისში – მოგონებები წარსულზე, ადამიანებზე, ვინც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკას  ქმნიდნენ  და მონატრება, რომელიც ექსპრეზიდენტს ამ დღეს ყველაზე მეტად ახსენებს თავს.   

 

–  ბატონო ედუარდ, როგორი განწყობით ხვდებით  დაბადების დღეს?

–  ჩემი დაბადების დღე მაინცდამაინც არ მიყვარს. სულ ასე იყო, მაგრამ ვინაიდან ამ დღეს სტუმრები მოდიან ხოლმე ჩემთან, მაინც ყოველთვის კარგი განწყობა მაქვს. მაგრამ, მაინც იმას ვნერვიულობ, როგორ ჩაივლის ეს დღე.  ყველაზე კარგად მახსოვს ის დაბადების დღე, ძალით რომ გადამიხადეს კახეთში. წინანდალში მედიკო მეზვრიშვილმა დაგვპატიჟა მე,  ნანული და ჩვენი ოჯახის წევრები. კახური ღვინო დავლიეთ, მთელი ღამე ვიქეიფეთ. მე ერთი ჭიქა ღვინითაც კი შემეძლო მთელი საღამოს გატარება. არ მიყვარს დალევა, ცოტას ვსვამდი ყოველთვის, მაგრამ კახური ღვინო მაინც სხვაა. ნანულის გარდაცვალების შემდეგ დაბადების დღეები აღარ მიხარია.  ბოლო წლებში ძალიან მოკრძალებულად ვიხდი დაბადების დღეს. ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები მოდიან ხოლმე ჩემთან, მეგობრებიც, ვინც ვერ მოდის, მოლოცვას მიგზავნიან, მირეკავენ. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები – ბეიკერი, გენშერი, დიუმა. ისინი არ არღვევენ ამ ტრადიციას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმაც  გამომიგზავნა მოლოცვის ბარათი, არასდროს მტოვებს უყურადღებოდ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა და სტუდენტი მილოცავს დაბადების დღეს. მიკვირს, ისინი იმ პერიოდში ჩამოყალიბდნენ, როცა ჩემზე ათას უბედურებას ყვებოდნენ, მათგან კი მაინც  დიდ პატივისცემას ვგრძნობ.  

–  რამდენი წლის ხდებით?  ხშირად ამბობდნენ თქვენზე, წლებს იკლებსო. 

–  გვარში ჩემი  ხნის მამაკაცი არ ყოფილა. ოთხმოცდაოთხის ვხდები, მაგრამ თუ გინდათ, გეტყვით, რომ ოთხმოცი წლის ვარ (იცინის). იმასაც კი მაბრალებდნენ, წლებს იკლებს ომში რომ არ წასულიყოო. ომში როგორ წავიდოდი, მაშინ 12 წლის ბიჭი ვიყავი. ან სად უნდა „მომეპარა”  ეს წლები? მამათში სახლში გავჩნდი, მაშინ საავადმყოფო სად იყო? ჩემი დაბადება სასწაულებრივად მოხდა. დედაჩემს ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, მისი დაორსულება არ შეიძლებოდა.  მშობიარობის დროს ექიმს უთქვამს: ბავშვი არ გადარჩება, მარტო დედას თუ გადავარჩენთო. მაგრამ, მეც გადავრჩი და დედაჩემიც. დედაჩემმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გავხდი, ჩამოვიდა, მოვიდა ჩემთან, ხორცი, საჭმელები ჩამომიტანა  და მომილოცა. როცა  ჩემი მომავალი მეუღლე, ნანული გაიცნო და პირველად დაინახა, ასე თქვა: მე არ მიშობია, მაგრამ როგორ ჰგავს ედიკოსო. ასე მეძახდა მე. დედას ექიმების მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდა. საფერშლოზე რომ ჩავაბარე, ძალიან გაუხარდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მაპატია, ექიმი რომ არ გამოვედი.  ძალიან კარგად ვსწავლობდი, ფრიადზე დავამთავრე სასწავლებელი.  დირექტორს, შოთა გორდეზიანს  არ უნდოდა, რომ მე კომკავშირის ხაზით წავსულიყავი. სულ ამბობდა: უგამოცდოდ ჩაირიცხები უმაღლესში, შენგან კარგი ექიმი დადგებაო. მაგრამ, ერთ დღეს მორგში მიმიყვანეს, შემეშინდა და მას შემდეგ სულ ავიცრუე გული საფერშლოზე. შეიძლება მართლაც კარგი ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ,  სხვა მხარეს რომ წავედი, ბედს არ ვუჩივი. ალბათ,  რაც მერე იყო სწორედ ეს იყო ჩემი ცხოვრება. მომწონდა საზოგადოებრივი მოღვაწეობა,  მაგრამ  კაცი  ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ უნდა იყო იმით, რაც გაიარე. იღბალი რა არის? – თავისით რომ მოვა რამე. ასე, ჩემს ცხოვრებაში არაფერი მოსულა, ბევრი სიძნელე  და სირთულე გავიარე.  მე თვითონ ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი,  ბავშვობიდან წიგნების კითხვა მიყვარდა. სკოლის ბიბლიოთეკის გასაღებს ისე მენდობოდნენ,  მარტო მე მაბარებდნენ. ცეკას პარტიულ სკოლაშიც ასე იყო –  ბიბლიოთეკის გასაღები მარტო მე ჩამაბარეს. 

–  გურული ხასიათი და მოხერხებულობაც ალბათ, ძალიან გადგებოდათ?

–  მაინც  შრომისმოყვარეობა იყო მთავარი, ამას ოჯახში დავეჩვიე.  არც გურულ იუმორთან ვარ მწყრალად, მაგრამ მას მარტო იმ ადამიანებთან ვიყენებ, ვისაც იუმორი ესმის.  ყველაზე კარგად ჩემი იუმორი  სახლში ესმოდათ, ნანულის თვითონაც  კარგი იუმორი  ჰქონდა.  ქალს რომ იუმორი აქვს, კარგია.   ჩვენ ბევრი რამით ვგავდით ერთმანეთს, ხასიათითაც, მაგრამ მას უფრო ნატანჯი წარსული ჰქონდა. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ნანული იყო ხოლმე ჩემ გვერდით.  ის ძალიან ოპტიმისტი იყო ხასიათით, ჩემზე მეტად ოპტიმისტი.  მე მშვიდი  ვიყავი, სამჯერ გადავდექი თანამდებობიდან, მაგრამ არც ვნანობდი და არც დიდად განვიცდიდი. ახლა ძალიან ვნერვიულობ იმას, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება. ახლა უფრო ვგრძნობ და ვამაყობ იმით, რომ მე არასდროს მიძნელდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა და სისხლი არც ერთხელ არ დავღვარე. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი თბილისში, თუ მოსკოვში, მაშინ როცა რთული პერიოდი მქონდა, ნანული ყველაზე მეტად თანამიგრძნობდა. მის რჩევას ყველაზე მეტად ვითვალისწინებდი.  მაშინ, როცა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, გენშერისა და ბეიკერის რჩევა გავითვალისწინე. მათ კარგად იცოდნენ ჩემი ბუნება და  მირჩიეს, რომ  სამშობლოში  დავბრუნებულიყავი. ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ თავის თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით დღემდე. 

–  პოლიტიკაში მეგობრობა არსებობს?

–  როგორ არ არსებობს.  როცა ცეკას მდივანი ვიყავი, ყველას ვერ ვენდობოდი და ყველასთან ვერ ვმეგობრობდი, მაგრამ ბევრთან ახლო ურთიერთობა მქონდა. როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, იქ უფრო დიდი იყო ეს წრე. ბეიკერიც მესტუმრებოდა ხოლმე, კისინჯერიც,  ელჩები. სახლში სულ მქონდა ცოტ-ცოტა ქართული საჭმელი, ღვინოც, სანთლის არაყიც.  ერთხელ კისინჯერი მესტუმრა. საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, კისინჯერმა მითხრა: სულ მიმაჩნდა, რომ ჩვენი მთავარი მტერი საბჭოთა კავშირი იყო, ახლა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, არ ვიცით, რა გავაკეთოთო. იმ პერიოდში და შემდგომაც ჩემზე  ბევრი ხალხი „ნადირობდა” რუსეთში.  სამჯერ გადავურჩი ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს.                 

–  ბოლო პერიოდში ხშირად ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში თქვენი შვილი პაატა შეიძლება ჩაერთოს.

–  ამაზე სახლში საუბარი არაა.  მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი პოლიტიკაში იყოს ჩართული და   ის გზა გაიაროს, რაც მე გავიარე. მაგრამ, თვითონ თუ მოინდომებს, მე რა უფლება მაქვს დავუშალო? მე თავიდანვე არ მინდოდა, რომ პაატა პოლიტიკაში წასულიყო. ჩემი მიზანი იყო შრომისმოყვარე და წესიერი კაცი დამდგარიყო და ასეც მოხდა.  ჯერ კიდევ მოსკოვში ვიყავით, როდესაც  პაატა პარიზში წავიდა სასწავლებლად. შემდგომ 14 წელი მუშაობდა იუნესკოში. იქ გატარებული პერიოდის გამოცდილება სამი უმაღლესის დამთავრებას ნიშნავს. კარგი ბიჭი მყავს, თვითონ იცის თავისი საქმე, პატარა აღარაა, რომ რჩევა მკითხოს. თუმცა, მე მაინც ვურჩევდი, რომ უკეთესია, თავის საქმეებს მიხედოს. ახლა საერთაშორისო ფონდი დააარსა,  ახალ პროექტებს უძღვება განახლებადი ენერგეტიკის საკითხებში. ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, რა უნდა ამ პოლიტიკაში (იცინის)? პოლიტიკა საინტერესო საქმეა, თუ კაცად არ ვარგიხარ, პოლიტიკაში არ უნდა წახვიდე.  პაატა  კარგი კაცია, მაგრამ პოლიტიკისთვის არ მემეტება.  აქ კიდევ სხვა თვისებებია საჭირო, პაატა ისეთი მორიდებულია, ისიც და მანანაც დღემდე მორიდებულები არიან ჩემს მიმართ. მეც ასეთი რიდი მაქვს შვილებთან.  

–  სხვები? არც ერთი შევარდნაძე არ გემეტებათ იმ გზისთვის, რაც თქვენ გაიარეთ?

–  არ ვიცი პატარები რა გზას დაადგებიან, მინდა, ღმერთმა კიდევ რამდენიმე წელი მაცოცხლოს, რომ ედუარდის, თოდოს და ალექსანდრეს მეხსიერებას შემოვრჩე.  ედუარდი და ალექსანდრე ჩემს გვარს აგრძელებენ.  თოდორესი  „პრეზიდენტ ბაბუს” მეძახის, კარგი ბიჭია, უკვე ფილმებსაც ერთად ვუყურებთ. თაკო და მისი ქმარიც თბილისში დამკვიდრდნენ. სიძე, სარანთოსი  ბერძენია, კარგი ოჯახის შვილი, ძალიან  უყვარს საქართველო და ჩვენს ქვეყანას დიდ პატივს სცემს. თბილისში დამკვიდრდა ჩემი პაატას შვილი, ლაშაც. უნიჭიერესი პიანისტი რძალი გვყავს, თათია. ჩვენი ოჯახი უკვე ძალიან დიდია,  ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ ის, რაც ყველას გვაერთიანებს, არის  პატივისცემა და მოკრძალება ერთმანეთის მიმართ, ერთადერთი, ჩვენს პატარა ბიჭებს შეუძლიათ ყველაფრის გაბედვა. შვილიშვილებიც კარგი მყავს, ძალიან ნიჭიერი გოგოა  ჩემი სოფო. ხასიათით და თვისებებით ის ყველაზე მეტად მგავს. ძალიან ბრაზობს და ეჭვიანობს, როცა ვინმე ჩემს სიყვარულში ეცილება. მას მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად ვუყვარვარ და არავის უყოფს ჩემს სიყვარულს,  ლამის ჩხუბამდე მიდის თავის დასთან. ვბრაზობ, ოჯახს რომ არ ქმნის. ახლა პირობა მომცა: რამდენიმე თვეში გავთხოვდებიო, ვნახოთ, პირობას როგორ შემისრულებს (იცინის).  

 

 

скачать dle 11.3