კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ამბობს უარს ნინო გაჩეჩილაძე მილიონერ მამაკაცზე და რატომ ვერ იცლის ის პირადი ცხოვრებისთვის

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ბოლო დროს ბევრი ადამიანის საყვარელი სახე გახდა. მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” კატოს პარსონაჟის სახით გამოჩნდა, მან ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია. რაც შეეხება ნინოს თეატრალურ მოღვაწეობას, ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. გასულ წლებში სპექტაკლებში თამაშობდა ასევე, ვაკისა და რუსთაველის სარდაფში. მისი შეხება სერიალებთან გაცილებით ადრე დაიწყო. სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა სერიალში „წვრილვარსკვლავთა ღამე.” როგორია ჩვენი რესპონდენტის ცხოვრება სცენისა და ეკრანს მიღმა მისსავე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– მიუხედავად იმისა, რომ თეატრში მუშაობის საკმაოდ დიდი ხნის სტაჟი გაქვს, საზოგადოებამ გაგიცნო სერიალით, „ჩემი ცოლის დაქალები.”

– ტელევიზიას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მსახიობი შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდეს თეატრში, ფილმებშიც იყოს გადაღებული, მაგრამ მას ფართო საზოგადოება მაინც მაშინ იცნობს, თუ ის სისტემატურად ჩანს ტელეეკრანზე. ჩემთვის ცოტა საწყენია ის ფაქტი, რომ აქამდე ბევრი არ მიცნობდა. თუმცა, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ თეატრს არ ჰყავს იმდენი მაყურებელი, რამდენიც ტელევიზიას.

– ხშირად უთქვამთ, სერიალში მონაწილეობა, მსახიობს ოსტატობას უფუჭებსო.

– რას ნიშნავს უფუჭებს, ცოტა არ მესმის. ამას, ალბათ, ის ხალხი ამბობს, ვინც ვერ ეგუება სატელევიზიო სპეციფიკას და მხოლოდ თეატრს აღიარებს, ან არ არის მათზე მოთხოვნა და ტელევიზიასა და კინოზე განაწყენებულნი, თავს ამით იმართლებენ. უცხოეთში სერიალებში თამაშობენ ძალიან სერიოზული და წარმატებული მსახიობები. სადაც ჯენიფერ ენისტონი, ჯულია რობერტსი, სარა ჯესიკა პარკერი და სხვა ასეთი მსახიობები თამაშობენ სერიალებში, ნებისმიერმა ქართველმა, მსახიობმა რატომ უნდა იუაროს სერიალში თამაში, არ მესმის. 

– როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას, რა მოგცა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები?”

– ჯერჯერობით მაძლევს ძალიან ბევრ რამეს. უპირველესად, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მთელ გადამღებ ჯგუფს ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და ისე დავახლოვდით, მართლა ერთი ოჯახივით ვართ. ისეთი შეკრული გუნდი, როგორიც ჩვენს სერიალზე მუშაობს, მართლა არსად მინახავს. როცა ჯგუფი შეკრულია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გამოდის. 

– როგორც მაყურებელს, თუ მოგწონს საკუთარი გმირი?

– მომწონს თუ არა კატოს ტიპის გოგო, ეს ცოტა სხვა საკითხია, მაგრამ თვითონ გმირი, ძალიან საინტერესოა, ჩემი აზრით. სახასიათო პერსონაჟის თამაში ყოველთვის მინდოდა. თეატრში მქონდა ამის საშუალება, მაგრამ ეკრანზე სახასიათო პერსონაჟი არასდროს მითამაშია. ყოველთვის მქონდა სურვილი, გამეხსნა ისეთი ტელესახე, როგორიც არის, მაგალითად, კატო.  როგორც უცხო ხალხისგან გადმოცემით ვიცი, კატოს გმირი ძალიან შეუყვარდა მაყურებელს. რამდენიმე დღეა „ფეისბუქზე” კატოს გვერდიც არის გახსნილი და უკვე 700-ზე მეტი „ლაიკი” აქვს, რომელიც კიდევ გაიზრდება. ნურავინ იტყვის, რომ არ სიამოვნებს უცხო ადამიანების სითბო და ყურადღება. ისე, კატოს გმირი ძალიან განსხვავებულია ჩემგან.

– რით ჰგავხართ და რით არ ჰგავხართ ერთმანეთს?

– გულუბრყვილობით. ხშირ შემთხვევაში, მეც ისეთივე გულუბრყვილო ვარ, როგორიც კატო. მართალია, მთლად იმ დოზით არა, მაგრამ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ჩემი კოლეგებისთვის, ზომაზე მეტად გულუბრყვილო ვარ, ვიდრე უნდა იყოს გოგო ჩემს ასაკში. ჩემი ასეთი ხასიათით გარშემო მყოფებს მხიარულ ხასიათზე ვაყენებ. ბევრი რამით კატოს ნამდვილად არ ვგავარ. ის ძალიან ეგოისტი და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული გოგოა. ცოტა ეჭვიანიც, თუმცა თავისი მეგობრებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. 

– კატოს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, დარწმუნებული ვარ რეალურ ცხოვრებაშიც არანაკლები იქნება მათი რიცხვი. 

– რეალურ ცხოვრებაშიც მყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ ისეთი ახლო შეხება, როგორიც კატოს აქვს მათთან – არა.

– სიურპრიზებს თუ გიკეთებენ ისინი?

– სიურპრიზები ყოფილა, მაგრამ ასეთი შემთხვევები შედარებით ადრე ხდებოდა. ახლა იმდენად ჩართული ვარ გადაღების პროცესში, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერც ვიცლი. არადა, უკვე დროა, ვიღაც მართლა შემიყვარდეს, შევქმნა ოჯახი, შვილები გავაჩინო და ასე შემდეგ. იმ დღეს ვიხუმრე, მგონი, ამ სერიალზე გავთხოვდი-მეთქი. კი მითხრა გიორგი ლიფონავამ, მიხედე შენს პირად ცხოვრებასო, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხო ეს, არ ვიცი, სულ იქ ვარ. მეგობრებსაც კი ვერ ვნახულობ.

– ოჯახის წევრები როგორ აფასებენ შენს გამოჩენას სერიალში?

– ყველაზე კრიტიკულები არიან, მაგრამ მოსწონთ. თუ რაღაც არ მოეწონებათ, აუცილებლად მეტყვიან. სხვათა შორის, როცა ერთ-ერთ სერიაში ატირებული კატო ნახეს (რომელიც ყვავილებს ნაგვის ურნაში აგდებს), მამაჩემმა ძალიან გააპროტესტა – არ მომეწონა დღევანდელი სერია, იმიტომ რომ ჩემი შვილი აატირესო.  

– თქვენი ოჯახი მუსიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. მამა – ბატონი გივი გაჩეჩილაძე, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელია, და – თაკო გაჩეჩილაძე ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი. შენ როგორი შეხება გაქვს მუსიკასთან, თუ მღერი?

– მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, სხვათა შორის, ფრიადოსანი ვიყავი. ჩემებს ძალიან უნდოდათ, გამეგრძელებინა და ათწლედიც დამემთავრებინა, მაგრამ საშინლად მეზარებოდა მეცადინეობა და აღარ გავაგრძელე. არც კონსერვატორიაში ჩავაბარე, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის ცოტა მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომ, ჩავაბარე თეატრალურში. რაც შეეხება სიმღერას, ვმღერი. მართალია, თაკოსნაირი ხმა არ მაქვს, მაგრამ თუ დამჭირდა, ფილმშიც ვიმღერებ და თეატრშიც მიმღერია. პროფესიონალურ სცენაზე გამოვიდე, მიკროფონით ხელში და ვიმღერო, ჩემი საქმე ეს ნამდვილად არ არის. ადამიანს, რაც კარგად გამოსდის, ის უნდა აკეთოს. ოჯახში ორი მომღერალი უკვე ძალიან ბევრია, მით უმეტეს, როცა ერთს გაცილებით კარგად გამოსდის ეს, ვიდრე მეორეს. ჯობია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. 

– დარწმუნებული ვარ, ქუჩაში შეუმჩნეველი არავის რჩები და შენც გრძნობ უცნობი ხალხის ყურადღებას.

– ამას წინათ, მაღაზიაში შევედი კოსმეტიკის საყიდლად და გამყიდველი ქალბატონი გამომეხმაურა – უი, ჩვენი სერიალის გმირი მოსულაო. მთელი ოჯახი გიყურებთ, გგულშემატკივრობთ და ყველაზე მეტად ის მოგვწონს, რომ იმდენად ბუნებრივები ხართ ყველანი, ვერ წარმოგვიდგენია, თუ თამაშობთო. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო, ალბათ, რაც მივიღე მთელი ამ ორი თვის განმავლობაში. ხელოვნურები რომ არ ვართ, ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– უარს არასდროს ვიტყვი შემოთავაზებულ როლზე. ნებისმიერ როლს დავთანხმდები, გარდა ეროტიკულისა, ეს ჩემი სტილი და ამპლუა არ არის და არც მაინტერესებს. 

– მავნე ჩვევა თუ გაქვს?

– კი, ფრჩხილების კვნეტა და თმის კულულების ხელით ტრიალი. 

– საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი გაქვს. პასიურ ადამიანებთან თუ შეგიძლია ურთიერთობა?

– მართალია, ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. თუმცა, ბუნებით პასიური ვარ და უფრო სიმშვიდისკენ, სტაბილურობისკენ მიდრეკილი. კვირაში ერთი დღე, როცა სახლში მიწევს ყოფნა, ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი დღე გამათბობელთან ვზივარ, ვუყურებ ტელევიზორს, შევდივარ ინტერნეტში და ასე შემდეგ. მოკლედ, მიყვარს სახლში ყოფნა. ღამის ცხოვრება, გართობა, დისკოთეკებზე ცეკვა და მსგავსი რაღაცეები, არ მიზიდავს. კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივდივარ, თუ ჩემს დას აქვს კონცერტი. 

– გატაცებული ან შეყვარებული თუ ხარ?

– სამწუხაროდ, არც გატაცებული ვარ და არც შეყვარებული. ხომ გითხარით, სერიალზე ვარ გათხოვილი-მეთქი. 

– მაშინ ის მითხარი, როგორია შენთვის სასურველი მამაკაცი, რომელიც თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებს?

– ალბათ, ისიც ცოტათი რომანტიკოსი უნდა იყოს, როგორც მე. მე ძალიან რომანტიკული ვარ და ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი. ბევრად უფრო საინტერესოდ ვგრძნობ თავს, როცა რომანტიკაში ვარ ჩაფლული. ამ დროს ბევრად უფრო მაინტერესებს ცხოვრება და აჟიტირებული ვარ. როცა ძალიან რეალისტი ვხდები და მატერიალურ რაღაცეებზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს უკვე აბსოლუტურად უინტერესოა. ამიტომ, ჩემ გვერდით მამაკაციც ასეთი უნდა იყოს – უფრო სულიერი, მხიარული, უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა. ასევე, უნდა იყოს მზრუნველი და ყურადღებიანი. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, არც მილიონერი მჭირდება, რადგან მინდა, ღამე მშვიდად მეძინოს. მოკლედ, მამაკაცს ყველაფერი უნდა ჰქონდეს ზომიერების ფარგლებში. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი. სადაც სიყვარულია, იქ ყველანაირი პრობლემა გვარდება. 

– მაყურებელს რას ეტყვი?

– მინდა, ჩვენი მაყურებელი გავახარო და ვუთრა, რომ როგორც გავიგე, მალე ჩვენი სერიალი ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში. მაყურებელს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი, რომ გვიყურებს. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, უპირველესად მათთვის ვაკეთებთ. არ გვიღალატონ და უყურონ ჩვენს სერიალს.

 

 

скачать dle 11.3