კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

„შინაური“ მკვლელი

 

სამეფო ადვოკატი, სერ ედვარდ პელისერი პენსიაზე იყო და სიმშვიდით ტკბებოდა, როდესაც სახლში ერთი ახალგაზრდა ლედი ეწვია და დახმარება სთხოვა. გოგონას მაგდალენ ვოენი ერქვა. იგი თავის ძმასთან, მეთიუსთან ერთად დეიდის სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში ცხოვრობდნენ ასევე, მათი ნათესავები – ცოლ-ქმარი უილიამი და ემილი. დაახლოებით სამი კვირის წინ დეიდა, მის კრებტრი თავის ოთახში თავგატეხილი იპოვეს. თუმცა, მკვლელის კვალზე პოლიცია ჯერ ვერ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, სახლში ნაღდი ფული იყო და მის კვალს ვერსად მიაგნეს, პოლიციამ ძარცვის ვერსია თავიდანვე გამორიცხა. დაადგინა, რომ სახლში მკვლელობის მომენტში უცხო არავინ ყოფილა და ვერც ვერავინ შევიდოდა. ამიტომ, მკვლელის ძებნა სახლის მობინადრეებს შორის დაიწყეს. გამოდიოდა, რომ მკვლელი მის კრებტრის ოთხი ნათესავიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო. მაგდალენს სურდა, სერ ედვარდ პელისერს მოეკიდა ხელი ამ საქმისთვის და სიმართლე გამოერკვია. მაგდალენი იმედს არ კარგავდა, რომ მკვლელი მაინც ვინმე გარეშე პირი აღმოჩნდებოდა. როგორც მაგდალენი მოყვა, მკვლელობის დღეს,  ჩაის დალევის შემდეგ, ყველა თავ-თავის ოთახში გაიკრიფა. მაგდალენი კერავდა, მეთიუ სტატიას ბეჭდავდა, უილიამი თავის მარკებს ახარისხებდა, ხოლო ემილი საერთოდ ჩაიზეც არ ჩამოსულა, რადგან თავი სტკიოდა. წამალი მიიღო და ოთახში დარჩა. როდესაც რვის ნახევარზე მოახლე ვახშმისთვის სუფრის გასაწყობად ჩამოვიდა, დეიდა ლილი უკვე მკვდარი იყო. მკვლელმა მას თავში პრეს-პაპიე ჩასცხო, შემდეგ კი ანაბეჭდები წაშალა. მოახლემ თქვა, რომ სახლში უცხო არავინ შემოსულა. ყველა ფანჯარა შიგნიდან იყო ჩაკეტილი და არანაირი კვალი არ ჩანდა, რომ მათი კარის გაღებას ვინმე ცდილობდა. ვერც იმას იტყოდა ვინმე, რომ მის კრებტრის სიკვდილით ოთხი ნათესავიდან, რომელიმემ სარგებელი ნახა. მან ოთხივეს ერთნაირი თანხა უანდერძა, სულ 80 ათასი ფუნტი. რაც მთავარია, არც ერთს აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დეიდა ასეთი მდიდარი იყო. ისინი ყოველთვის ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ. 

მკვლელობის ადგილზე სერ ედვარდი მეორე დღეს გამოცხადდა. უპირველესად,  იკითხა, გარდაცვლილი ბოლოს ვინ ნახაო. როგორც გაირკვა, ბოლოს დეიდა ლილი მოახლემ ნახა. წერილები და ხურდა მიუტანა. დღისით ის ბანკში იყო და გადასახადები გადაიხადა. მაგდალენმა აღნიშნა, რომ მოახლეს ბოლომდე ენდობოდნენ. მართა მათ სახლში 30 წელი მსახურობდა და პატიოსნების განსახიერება იყო. მაგდალენთან საუბრის შედეგად კიდევ გაირკვა, რომ ლანჩის დროს დეიდამ და ემილიმ იჩხუბეს. დეიდამ ხშირად წვრილმანებზე იცოდა გამოკიდება. ერთმანეთს შეყვნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ემილიმ განაცხადა, ამ სახლში აღარ ვიცხოვრებო. დეიდამაც არ დაუთმო; რაც მალე წახვალ, მით უკეთესიო. თუმცა, ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები იყო, მხოლოდ ცხელ გულზე ნათქვამი. შემდეგ ემილიმ წამლები დალია და დაწვა. კიდევ ერთი დეტალი: მაგდალენის ძმა, მეთიუ ყელამდე ვალებში იყო. 

უილიამისა და ემილის დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, ორივენი აცხადებდნენ,  რომ საკუთარ ოთახებში იყვნენ და არაფერი გაუგიათ. რაც შეეხება მეთიუს, ის სერ ედვარდს საერთოდ არ დაელაპარაკა. გამოაცხადა, შეხვედრაზე მეჩქარება და ეს ყველაფერი უკვე ყელში ამომივიდაო. სერ ედვარდს ისღა დარჩენოდა, მოახლეს გამოლაპარაკებოდა. მართა სამზარეულოში თეთრეულს აუთოებდა.

– მკვლელობას ამ სახლში მცხოვრებთაგან ვერც ერთი ვერ ჩაიდენდა ისე, რომ მე არ გამეგო, – უთხრა მან სერ ედვარდს, – კიბის საფეხურები ისე ჭრიალებს, ზევიდან რაც უნდა ფრთხილად ჩამოსულიყო ვინმე, აუცილებლად გავიგონებდი. მართალია, მისტერ მეთიუ ზედა სართულზე არ ყოფილა, აქვე, სამზარეულოს გვერდით ოთახში იყო, მაგრამ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა და მანქანის ხმა ერთი წამითაც არ გაჩერებულა. 

– დარწმუნებული ხართ, რომ სახლში არავინ შემოსულა?

– ჩემს გარეშე ამას როგორ გააკეთებდა? კარი ხომ მე უნდა გამეღო?

– თუ მის კრებტრი ვინმეს ელოდებოდა და კარი თავად გააღო? ასეთი რამ ხომ შესაძლებელია?

– შესაძლებელია, მაგრამ საეჭვოა...

მართა ამ კითხვამ ცოტა დააბნია. ეს უცნაური იყო. თუმცა, სერ ედვარდს მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებოდა, ადამიანებს კარგად იცნობდა. ნუთუ სახლის რომელიმე ბინადარს აფარებდა ხელს?

– მაშ ასე, იგი ბოლოს თქვენ ნახეთ, არა?

– დიახ. მას ანგარიშები და ხურდა მივუტანე.

– ფულს სად ინახავდა?

– ზუსტად არ ვიცი. ალბათ, თან ატარებდა საფულით, თუმცა ქეშად ბევრი არასდროს ჰქონდა. შესაძლებელია, საძინებელშიც ჰქონოდა რომელიმე უჯრაში ჩაკეტილი. ზუსტად რამდენი? არ ვიცი. როგორც გითხარით, მე მხოლოდ ხურდა მივუტანე. მახსოვს, წუწუნებდა, ეს ახალი ექვსპენსიანი რას ჰგავს, ძველი ჯობდაო. ძლივს დავარწმუნე, რომ ყალბი არ იყო.

სერ ედვარდი მაგდალენთან ერთად გარდაცვლილის ოთახში შევიდა. იქაურობა დეტალურად დაათვალიერა. გარდაცვალების დღეს მიღებული წერილებიც ნახა, საფულეც ამოატრიალა და იქ მართლაც ხურდის მეტი არაფერი იყო. ხელჩასაჭდი ვერაფერი იპოვა.

სახლიდან გამოვიდა და ქუჩას ჩაფიქრებული გაუყვა. ამოცანის პასუხი სადღაც ახლოს იყო, მაგრამ ხელიდან უსხლტებოდა. რაღაც აკლდა, პატარა დეტალი. ამ დროს ვიღაც მხარზე შეეხო. სერ ედვარდი შეხტა. ეს მეთიუ იყო. 

– სერ ედვარდ, – წარმოთქვა მან, – მინდა, წეღანდელი უხეშობისთვის ბოდიში მოგიხადოთ. რაც გინდათ მკითხეთ,  მზად ვარ გიპასუხოთ. 

– თქვენ მე უკვე დამეხმარეთ, – უპასუხა სერ ედვარდმა. თან, სადღაც მეთიუს უკან, სივრცეში იყურებოდა, – დამეხმარეთ იმით, რომ ამ ადგილზე გამაჩერეთ. მე ისეთ რამეს მივაქციე ყურადღება, რასაც სხვა შემთხვევაში არ მივაქცევდი. 

მან ქუჩის მეორე მხარეს რესტორანზე მიუთითა. რესტორანს „ოცდაოთხი შაშვი” ერქვა.

– სახელი ცოტა უცნაური აქვს, მაგრამ სამზარეულოს არა უშავს,  – უთხრა მეთიუმ.

– გასინჯვას ვერ გავბედავ, – გამოეხმაურა სერ ედვარდი, – თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე თქვენი დაიწყო, მაშინდელი ლექსები მაინც მახსოვს. თუ არ ვცდები, ორიგინალში ეს ასე ჟღერს: „გაუმარჯოს ექვს პენს, ჭვავს და ოცდაოთხ შაშვს”. 

სერ ედვარდი შემობრუნდა და ისევ უკან, სახლში შევიდა. სახლში შესული პირდაპირ გარდაცვლილის ოთახისკენ გაემართა, კომოდიდან მისი საფულე გამოიღო და გადმოაპირქვავა. დიახ, მეხსიერებამ არ უღალატა. ზარი დარეკა. მართა მაშინვე იქ გაჩნდა. მეთიუს სთხოვა დაგვტოვეო და მოახლეს მიმართა:

– თუ არ მეშლება, თქვენ თქვით, რომ ცოტა იჩხუბეთ კიდეც, რაღაც ახალი ექვსპენსიანისთვის. 

– დიახ, სერ.

– ჰოდა, უცნაურია, რომ ამ ხურდებში ახალი ექვსპენსიანი არ არის. ორი კი ვიპოვე, მაგრამ ორივე ძველია. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? იმ საღამოს ამ სახლში ვიღაც იყო. ვიღაც, ვისაც თქვენმა პატრონმა ექვსპენსიანი მისცა. ყველაფერი დამთავრდა მართა. თავადაც ხედავთ, მთავარი უკვე ვიცი. ახლა წყნარად შეგიძლიათ დანარჩენი მოყვეთ.

ქალი სკამზე მძიმედ დაეშვა. ცრემლი წამოუვიდა.

– თავიდან მართლაც ვერ გავიგონე. ზარი თითქმის არ ისმოდა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, გავსულიყავი, ყოველი შემთხვევისთვის.  სასტუმრო ოთახში კართან იმ დროს მივედი, როცა მან თავში ჩაარტყა. ქალბატონის წინ, მაგიდაზე დაგორგლილი ხუთფუნტიანები ეწყო. მან ეს სწორედ ფულის გამო გააკეთა. ეგონა, სახლში მარტო იყო, რადგან კარი თავად გააღო. შიშისგან გავქვავდი. შემდეგ ის მობრუნდა... ჩემი ბიჭი. ის ყოველთვის რთული ბავშვი იყო. მე მას მთელ ჩემს ფულს ვაძლევდი. უკვე ორჯერ იჯდა ციხეში. იგი, ალბათ, ჩემთან მოვიდა, ქალბატონმა კი, რომ დაინახა, მე არ გამოვედი, ეტყობა, კარი თავად გაუღო. ქალბატონს ყოველთვის კეთილი გული ჰქონდა. ალბათ, შემოუშვა და ის ექვსპენსიანი მისცა. ფული კი მაგიდაზე ეყარა. მაშინაც, როცა მე ქალბატონს საჭმელი შევუტანე... და  ეშმაკი შეუჩნდა ჩემს ბენს... მან, მან ის მოკლა. 

– შემდეგ?

– ოჰ, სერ, რა უნდა მექნა? ის ხომ ჩემი შვილია. მე ის გარეთ გავაგდე, თავად სამზარეულოში დავბრუნდი და ჩვეულ დროს ვახშამი მოვამზადე. ძალიან ცუდად მოვიქეცი, სერ?! იგი ქვეყნიდან გაიქცა. არც კი ვიცი, ახლა სადაა.  

– მაშინ შეიძლება, სახრჩობელას გადაურჩეს, თუმცა ამის იმედი მცირეა. მართა, მაგდალენს დაუძახეთ. უთხარით, ყველა მოვიდეს. სიმართლე  მათაც უნდა იცოდნენ.

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3