კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-3(577)

 

თემომ თავი ასწია:

– დევი, მივხვდი, რომ შენ იქნებოდი. მარიკა სად არის? როგორც გითხარი, ისე მოიქეცი?

– ჰო. თუმცა, ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებ.

 – ნელ-ნელა აგიხსნი. მოისმინე ჩილაჩავას ჩვენება? ხომ აქ  იყავი? რატომ თავიდანვე არ მივაქციეთ ამ დეტალებს ყურადღება?

– აბა, რა გითხრა, უბედურ შემთხვევად რადგან გადაკვალიფიცირდა, აღარ ჩავუღრმავდით. ისე, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩილაჩავას შემთხვევა უმარტივესია კრიმინალისტიკის თვალსაზრისით. მკვლელმა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იცოდა, ძალიან მარტივად მოუღებდა ბოლოს.

– ძალით ხომ არ დაალევინებდა „ვიაგრას“?

– რა პრობლემაა? ჩაუყრიდა სასმელში და ეგ იქნებოდა. ამიტომ, ის ვერსია, რომ, თუ იქ მკვლელობა მოხდა, მკვლელი აუცილებლად ქალი იქნებოდა, ახლა უკვე აბსურდულად მეჩვენება.

თემომ ფიქრიანად შეხედა:

– არ ვიცი, დაგეთანხმო თუ არა.

– უნდა დამეთანხმო, რადგან, შენც ხვდები, რომ მართალი ვარ.

– ჩილაჩავამ თქვა, რომ მამა არ უყვარდა. არ დაუმალავს ისიც, რომ ვერც ნიკა იტანდა მეგობრის მამას.

– მერე, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკას ამ კაცის მოკვლა შეეძლო?

– ალბათ, არ ნიშნავს. მაგრამ, იმ დღეს ჩილაჩავამ წყნეთში დიდი დროსტარება დაგეგმა, შვილი და მისი მეგობრებიც კი მიიწვია. როგორც ახალგაზრდა ჩილაჩავამ თქვა, ნიკა ისე გააბრაზა ამ მიპატიჟებამ, რომ არ მოერიდა და მამა სახალხოდ გაულანძღა.

– მერე, რა?

– მერე ის, რომ, თუ ნიკა აფექტურია, თუ მის ბავშვობაში იყო ისეთი რაღაც, რამაც ამ ბიჭში აგრესია დააგროვა, გამორიცხული არ არის, ამ აგრესიის გამოსავლის ძებნა დაეწყო. არ მეთანხმები? – ჰკითხა თემომ დევის. 

დევი სიგარეტის კოლოფს ათამაშებდა და დუმდა. თემომ განაგრძო:

– მოკლედ, მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ დედა-შვილი, ანუ, ნიკა და დედამისი თავისი ოჯახის ნამდვილ ამბავს მალავენ, კონკრეტულად – მამის ამბავს.

– ვერც ამაში ვხედავ რამე კრიმინალს, – თავისი ვარაუდი გამოთქვა დევიმ, – თუმცა, ნიკა მაინც არის საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ.

– საავადმყოფოში მოსმენილი ჩვენებაც არ დაგავიწყდეს. რატომ მიბრუნდა იმ ზეასთან დასალაპარაკებლად, თანაც ისე, რომ მარიკამ ვერ გაიგო? ეს ძალიან საეჭვოა, ძალიან...

– საეჭვო დეტალები საკმარისზე მეტი დაგვიგროვდა, – ამოიოხრა ექსპერტმა, – მარიკა რომ მოვა, უნდა დაველაპარაკოთ. ყველა წვრილმანი უნდა გავთვალოთ.

– რატომ უნდა კლავდეს? – პაპავამ სიგარეტი გააბოლა და შეჭმუხნული შუბლი მოისრისა, – ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

დევიმაც მოუკიდა სიგარეტს:

– რა გითხრა? ამ კითხვაზე მარტივად ვერ გიპასუხებ. მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს. მე ხომ არ ვიცი, ბავშვობაში რა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. თანაც, „კლავდეს“ რაღაც ისე ჟღერს, თითქოს უკვე სერიულ მკვლელად მიგაჩნია.

– არა, არა, ეგ ნამდვილად არ მიგულისხმია, თუმცა...

– თემო, არ გინდა, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, – გააფრთხილა დევიმ.

– ჯერ არაფერია გარკვეული, ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს. საერთოდაც, მოდი, ცოტა ხანს კიდევ შევიკავოთ თავი.

– მაინც რამდენ ხანს? სანამ კიდევ ერთი მკვლელობა არ მოხდება? – წამოსცდა თემოს ინსტინქტურად. დევი მოიღუშა.

– მკვლელობა? ეგ მეტისმეტი იქნება. ჯერჯერობით არაფერს აშავებს. ერთხელაც არ გადაუხვევია ჩვეული გრაფიკისთვის – ვარჯიშობს და მაშინვე სახლში ბრუნდება. შენ თუ ელაპარაკე დათოს?

– არა. ვერ გადავწყვიტე, მე ავიდე მათთან თუ ის დავიბარო აქ. ორივე ვარიანტს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები.

– ჰო, აბა რა... წარმომიდგენია, როგორ არ გინდა დათოსთან ამ საკითხზე ლაპარაკი...

– არადა, ვერც „გავატარებ“. გესმის ხომ ჩემი?! მერე კიდევ – მაკა... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე პირადულის სამსახურებრივში არევა, მით უმეტეს, ისეთ სფეროში, როგორშიც ჩვენ ვმუშაობთ. მაგრამ, მაინც არ ამცდა. ალბათ, ჩემი ბრალია ყველაფერი... ჩემს ცოლთან დაკავშირებით ვგულისხმობ. თუმცა, როცა ვფიქრობ, ვერაფრით მივმხვდარვარ, სად დავუშვი შეცდომა.

– თავს ნუ დაიდანაშაულებ. ზოგჯერ ადამიანებს არ გვინდა იმის დაჯერება, რომ ბედისწერის ხელში უბრალო სათამაშოები ვართ, ძაფზე დაკიდებული მარიონეტები.

– შენ ამბობ ამას? – გაიკვირვა თემომ, – გეფიცები, ძალიან მიკვირს. როდის აქეთაა, ბედისწერის რომ გჯერა?

– ვინ გითხრა, რომ მჯერა? – მხრები აიჩეჩა დევიმ, – მაგრამ, საკუთარი გამოცდილებიდან ერთი რამ მაინც ვისწავლე: ყოველთვის ვნანობ, როცა ჩემს მეორე „მეს“ არ ვუჯერებ.

– ამით რისი თქმა გინდა?

– პირდაპირ გითხრა, თუ თათბირს დაველოდო? მალე ახვლედიანი ჩამოვა და ანგარიშს მოგვთხოვს.

– ახვლედიანი რატომ მიხსენე? შენ გგონია, მე არ მაწუხებს, ბოლო მკვლელობა გაუხსნელი რომ გვიდევს?

– ჰო, თუნდაც... შენც ხომ ფიქრობ ამაზე?

– როგორ არ ვფიქრობ, – ამოიოხრა თემომ, – სულ მაგაზე ვფიქრობ. წარმოიდგინე, რა მოხდება, თუკი ნიკა რაღაცით მაინც იქნება გარეული მკვლელობაში.

– ნაკლებად სავარაუდოა. მე რომ გითხარი, დიდი ალბათობით, მკვლელი ქალია-მეთქი, ამისი მტკიცებულებაც მაქვს.

– არ მითხრა, რომ პომადის კვალი აღმოაჩინე მოკლულის პენისზე, – გახუმრება სცადა თემომ, მაგრამ, შეკრულ წარბზე ეტყობოდა, საერთოდ რომ არ იყო ხუმრობის გუნებაზე.

– პომადა არა, მაგრამ... გეუბნები, მაქვს მტკიცებულება-მეთქი.

– ანუ, ნიკა მკვლელი ვერ იქნება?

– მკვლელი?.. – დევიმ შუბლი მოისრისა... – ამაზე უნდა დავფიქრდე.

– დევი, შენ ახლა ხუმრობ?!

ექსპერტმა თავი ასწია და თემოს თვალებში შეხედა... ეს პასუხი არ იყო...

***

ზურაბმა თავზე გადაუსვა ხელი შვილს:

– მარიკუნა, რაღაც მოწყენილი მეჩვენები. ყველაფერი რიგზეა?

– ჰო, აბა, რა, ყველაფერი რიგზეა, – ნელა წარმოთქვა მარიკამ და შუბლით მხარზე მიეყრდნო მამას, – მიყვარხარ, მა.... ძალიან...

კაცმა ამოიოხრა:

– გასაგებია, რაღაც გინდა ნამდვილად. აბა, აქ მომიყვები თუ სადმე წავიდეთ? თუ გინდა დავსხდეთ მყუდრო კაფეში, ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ. ეს ნიკასთან კავშირშია?

მარიკამ თავი გადააქნია:

– ჩემთან არის კავშირში. არა, არ იფიქრო, რომ ჩემს არჩევანს ვნანობ, პრობლემა ამაში არ არის. უბრალოდ, რაღაცაში ვერ გავრკვეულვარ და ეს მაწუხებს.

 – ჯერ უნდა დამშვიდდე, ემოცია ძალიან ცუდი მრჩეველია, მე ხომ ყოველთვის ამას გასწავლიდი.

– ეგ ვიცი. ამიტომ, ვცდილობ... ვცდილობ... მაგრამ, გულახდილად რომ გითხრა, არაფერი გამომდის.

– ეგ იმიტომ, რომ გიყვარს. ეს ერთი შეხედვითაც გეტყობა, შეუიარაღებელი თვალით.

– მართლა? – ისევ ამოიოხრა მარიკამ, – და ეს ჩემი დიდი პრობლემაა. როგორ მოვიქცე?

– მარიკა, მე მხოლოდ ვხვდები, მხოლოდ ვვარაუდობ, რას შეიძლება, გულისხმობდე ამ სიტყვებში. კონკრეტულად ახსნას არ გთხოვ, არ მინდა, შენს სულში დავიწყო ხელების ფათური, თუმცა, არც ის შემიძლია, მშვიდად ვიჯდე და ვუყურო, ჩემი შვილი როგორ იტანჯება.

– მამა, მითხარი, რას ფიქრობ იმ ქალზე, ჩემს დედამთილზე?

– საინტერესო ქალია, ჭკვიანი, კარგი სპეციალისტი... ვფიქრობ, დიდად არც თქვენს საქმეში უნდა ერეოდეს. ნიკა უფრო უნდა იყოს დამოკიდებული დედაზე. ეს ბუნებრივია – როცა არ არის მამა, მთელი „დატვირთვა“ დედაზე მოდის, მით უმეტეს, ბიჭები განსაკუთრებით მიეწებებიან ხოლმე დედებს. მაგრამ ნიკას ძალიან უყვარხარ, თუ ამაზე ნერვიულობ... მისი შენდამი დამოკიდებულება თვალშისაცემია. უბრალოდ, შენ ძალიან მგრძნობიარე გახდი, ფანტაზიაც ისეთი გაქვს... ეს, ეტყობა, შენი სამსახურის დამსახურებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს.

– ამაში ეჭვი მეპარება... – მარიკამ ხელებზე დაიხედა. თითები ოდნავ უთრთოდა, – არ ვიცი, რა მემართება. აუცილებლად უნდა დავმშვიდდე, აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ, ვერ ვახერხებ.

– რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები... – თავი გადააქნია ზურაბმა.

– ვერ გეუბნები, მა... ცოტა დრო მჭირდება, რომ რაღაცაში დავრწმუნდე. არ მინდა, უბრალო ეჭვების გამო საფიქრალი გაგიჩინო. ხომ გესმის ჩემი?

– ვცდილობ, – გაუღიმა კაცმა, – არ მინდა, ინერვიულო. ჩემიც ხომ გესმის? წავიდეთ კაფეში?

მარიკამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.

– არა, მირჩევნია, სახლში მიმიყვანო. მალე ნიკაც მოვა ვარჯიშიდან და...

ზურაბმა ამოიოხრა:

– ვერაფრით შევეგუე იმას, რომ შენს ოთახში არ გძინავს. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, თან, შენი ასეთი მდგომარეობაც ემატება... მარიკუნა, რატომ აღარ ხარ მხიარული პატარა გოგო?

– იმიტომ, რომ გავიზარდე, მამა...

– და პრობლემებიც გაგეზარდა...

– ლამის ვინანო, რომ საერთოდ ამოვიღე ხმა. მგონი, აჯობებდა, არაფერი მეთქვა. ახლა ინერვიულებ.

– მერე რა, მშობელი ვალდებულია, შვილის გამო ინერვიულოს და არაფერია ამაში არაბუნებრივი. პირობა მომეცი, როგორც კი დაგჭირდები, მაშინვე დამირეკავ.

– გპირდები, – მარიკა კაცისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა, – ძალიან მიყვარხარ... შენ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარ.

– სუპერ-მამა სუპერ-ეფექტებით, – გაიცინა ზურაბმა, – ეს ერთადერთი ეგზემპლარი გამოვედი ასეთი და ისიც შენ შეგხვდი საგანგებოდ.

– სულ ვფიქრობ, ნეტავი, ნიკას როგორი მამა ჰყავდა-მეთქი, – თქვა უცებ მარიკამ სერიოზულად, – ძალიან მაინტერესებს.

– მამაზე არაფერს ლაპარაკობს?

– არა, საერთოდ. არც დედამისი. ამ თემას ტაბუ აქვს დადებული, მე კი ერთხელაც ვერ გავბედე, რამე მეკითხა.

– როგორც წესი, გარდაცვლილებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან საერთოდ არაფერს ამბობენ და, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ ლაპარაკობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ...

– მამა, მაგას დედუქციის მეთოდი ჰქვია. ეს ხუმრობით. ისე კი... პრინციპში, მეც ცოტა უცნაურად მომეჩვენა... შევთანხმდით, როგორც კი დამჭირდები, მაშინვე გირეკავ. ძალიან არ ინერვიულო, კარგი?

–კარგი, ცოტას ვინერვიულებ. მობილური გირეკავს.

– ეს დევია...  – მარიკამ მობილური ყურთან მიიდო, – გისმენ, დევი. კარგად ვარ. ნამდვილად. არა, სახლთან ვარ, მაგრამ ბინაში არ ავსულვარ. მარტო? არა, მარტო არ ვარ, მამაჩემმა მომიყვანა. ახლავე? დილით, რა თქმა უნდა... არა, თუ მნიშვნელოვანია, წამოვალ და შეგხვდები. მაშინ, ხვალამდე. კარგი...

– სამსახურშიც გაქვს პრობლემები? – ჰკითხა ზურაბმა, როცა შვილს მღელვარება შეატყო.

– არა. პრობლემას ვერ დავარქმევ. საქმეა, რომელიც ჯერჯერობით ვერ გავხსენით.

– მკვლელობა?

– ჰო, ჩვენი განყოფილება ხომ მკვლელობებს იძიებს. პაპავა ნერვიულობს.

– შენც ნერვიულობ...

– ბუნებრივია, – მხრები აიჩეჩა მარიკამ, – როგორ არ უნდა ვინერვიულო, როცა ბოლო ვერ მოვაბით. შენც ხომ ნერვიულობ, როცა პაციენტს დიაგნოზს ვერ უსვამ?

– კარგი, კარგი, მესმის შენი. ამიტომაც, აღარ ჩაგეძიები, შენი იმედი მაქვს. ვიცი, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებ.

მარიკამ თავი დაუქნია. მამას ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა. ზურაბს მაშინვე არ დაუძრავს მანქანა, სევდიანად და დაფიქრებულად გასცქეროდა შვილს, სანამ მარიკა სადარბაზოში არ შევიდა.

***

თემომ მაინც გადაწყვიტა, ყოფილი ცოლისძმა ნეიტრალურ ტერიტორიაზე – სამმართველოს შენობის გარეთ ენახა. ახლა უნდა მისულიყო მის სახლთან, დაერეკა და ეზოში ჩამოეყვანა. როგორც კი კორპუსს მიუახლოვდა, ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი და სვლა შეანელა. ის იყო, მაკა... კორპუსის წინ მოწყობილ საბავშვო მოედანზე, სკამზე იჯდა და მუხლებზე ნიკაპჩამოდებული უსასრულობაში იყურებოდა. თემოს გულთან რაღაც აეწვა. ტკივილს ჰგავდა, უსიამოვნოსა და შემაწუხებელს. შეიძლება, სიბრალულიც იყო იმ ქალის მიმართ, რომელიც ერთ დროს ძალიან უყვარდა. ეს სიყვარული ბოლომდე არ გაჰქრობია. მთელი ეს პერიოდი, რაც მასთან არ იყო, მხოლოდ ცდილობდა, ამაზე არ ეფიქრა და თავი მოეტყუებინა იმით, რომ ყველაფერი დამთავრდა...

ქალმა ნელ-ნელა ასწია თავი. არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. მხოლოდ შეხედა და მერე მზერა აღარ მოუშორებია. კაციც უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით. რამდენიმე წუთის განმავლობაში დუმილი არც ერთს არ დაურღვევია. ბოლოს ისევ თემო მოტყდა:

– არ გცივა, აქ რომ დამჯდარხარ? ვინმეს ელოდებოდი?

მაკამ შეხედა. კაცმა მისი შეხედვა თავისებურად ახსნა:

– გასაგებია, შეუფერებელ დროს მოვედი. ბუნებრივია, რომ ჩემს გამოჩენას არ ელოდი.

– ტყუილად ცდილობ, გამაღიზიანო და ისევ საჩხუბრად განმაწყო. მოთმინებიდან ვერ გამომიყვან. ახლა სხვა საზრუნავი მაქვს, ჩვენს ურთიერთობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი.

– მართლა?

– ჰო. თუ ხვდები, არც კი დავინტერესებულვარ, აქ რისთვის მოხვედი, ეს ჩემი საქმე აღარ არის.

– დათოსთან მაქვს რაღაც გასარკვევი.

ქალმა ისევ აღელვებულად აიჩეჩა მხრები:

– ხომ გითხარი, ეს  ჩემი საქმე აღარ არის-მეთქი. შენი ამბები არ მაინტერესებს. საერთოდ არაფერი აღარ მაინტერესებს.

თემომ მხარზე მოჰკიდა ცოლს ხელი და შეეცადა მისთვის თვალებში ჩაეხედა. მაკა გაუძალიანდა:

– თავი დამანებე! ჰო, არ გელოდებოდი. უკვე დიდი ხანია, აღარ გელოდები. ამიტომ, თავს ნუ იწუხებ, ადექი და შენს საქმეს მიხედე. ვალდებული არ ხარ, გვერდით მეჯდე და ათას სისულელეზე მელაპარაკო.

– სისულელეზე? მე მართლა გამიხარდა შენი დანახვა.

– შეიძლება. ჩათვალე, რომ დავიჯერე. მერე?

– მერე?! – ქალის შეკითხვამ კაცი დააბნია.

– ჰო, რა იქნება მერე? ამბობ, შენი დანახვა გამიხარდაო. მე როგორ უნდა მოვიქცე ასეთ შემთხვევაში: აქტიურად გამოვხატო ჩემი სიხარული, რომ არ გძულვარ თუ, ვიფიქრო, რომ მომავალში, როცა ქუჩაში შემთხვევით შევხვდებით, გვერდს არ ამივლი?

– მაკა... – პაპავა შეყოყმანდა, ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა ის, რასაც იმ მომენტში გრძნობდა.

– მე დავურეკო დათოს თუ შენ თვითონ გააკეთებ ამას? – ქალი ადგა და მობილური ამოიღო, – ხელს აღარ შეგიშლი. 

– მოიცადე... კარგად ხარ? ძალიან ფერმკრთალი მეჩვენები, – თემომ ცოლს მკლავზე მოჰკიდა ხელი: – დაბრუნდი სახლში. ახლავე აიღე შენი ნივთები და გამომყევი... ვითომ საერთოდ არაფერი ყოფილა, თავიდან დავიწყოთ. მე ეს მინდა და, ვგრძნობ, რომ შენც გინდა. აქ დაგელოდები... რამდენ ხანსაც გინდა, ოღონდ წამოდი, კარგი?

მაკამ ფრთხილად გააშვებინა ხელი და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– კარგი, დამელოდე.

თემოს შეკრული წარბები გაეხსნა:

– მანამდე დათოს დაველაპარაკები...

***

მარიკამ კარი თავისი გასაღებით გააღო. ბინაში სიჩუმე იყო. სინათლე მხოლოდ მისაღებ ოთახში ენთო. დანარჩენი ოთახების კარები ჰოლიდან არ ჩანდა. მარიკამ აუჩქარებლად დადო ჩანთა საკიდზე, მერე ქურთუკი ჩამოკიდა და ნელი ნაბიჯით შევიდა ოთახში. არავინ იყო, მხოლოდ ჩართული ტელევიზორი ზუზუნებდა დაბალ ხმაზე. გოგომ ქურდივით მიმოიხედა და კატასავით მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა კომოდს: ერთი უჯრა... მეორე... რვეული არსად ჩანდა. მარიკას საკუთარი გახშირებული გულისცემა ჩაესმოდა და ხელები ოდნავ უკანკალებდა. ფეხის ხმა ზურგს უკან საკმაოდ გვიან გაიგონა, სწრაფად შემობრუნდა და გაშეშდა...

***

დევიმ დაუფარავი განცვიფრებით შეხედა კაცს.

– მე მარიკას მამა ვარ, – ზურაბმა ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, – მაპატიეთ, თავიდანვე რომ არ გითხარით. შემეშინდა, მარიკასთვის არ დაგერეკათ და არ გეთქვათ. თქვენი ტელეფონის ნომერი ჩუმად ამოვიწერე მისი მობილურიდან. არ მინდოდა, გაეგო, თქვენთან შეხვედრას რომ ვაპირებდი.

დევიმ თავი დაუქნია:

– მგონი, რაღაცას ვხვდები. ჩემთან ხომ არ ამობრძანდებით? მარტო ვარ და საუბარში ხელს არავინ შეგვიშლის.

ზურაბი დათანხმდა. დევიმ სასმელი შესთავაზა ზურაბს.

– დიახ. ცოტას დავლევდი. ძალიან ვღელავ და ალკოჰოლი ცუდი არ იქნებოდა.

– ვისკის შემოგთავაზებთ, – დევიმ სასმლით შეავსო ორი ჭიქა. ზურაბს წინ დაუდგა და თვითონაც იქვე, სავარძელზე მოეწყო.

– გაგაოცეთ, არა?! მაგრამ, აუცილებლად უნდა მენახეთ და დაგლაპარაკებოდით. ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, იმაზე კარგადაც კი, ვიდრე მას წარმოუდგენია. რაღაც ხდება, ოღონდ, არ მითხრათ, რომ ეს მხოლოდ მზრუნველი, მგრძნობიარე მამის ეჭვებია. მარიკას რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს. რაღაც ხდება... დამეხმარებით? იქნებ, გამარკვიოთ, თუკი, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ხართ, – ზურაბმა ამოიოხრა და ვისკი მოსვა. დევი სერიოზული სახით უსმენდა კაცს და თანაგრძნობით დაუქნია თავი.

– აბსოლუტურად მესმის თქვენი, თუმცა, ვერ გეტყვით, მაქვს თუ არა უფლება, მოგიყვეთ იმ ფაქტების შესახებ, რაც ვიცი...

– გაქვთ, თუკი ამაზე ჩემი შვილის ბედი და კარგად ყოფნაა დამოკიდებული.

– გეთანხმებით, მესმის თქვენი. იმასაც მივხვდი, რატომ არ გინდათ, მარიკამ ჩვენი შეხვედრის შესახებ იცოდეს.

– გმადლობთ. იმედი მქონდა, რომ გამიგებდით. მარიკას ველაპარაკე. აშკარად ბოლომდე არ მეუბნება რაღაცას. დაიწყო, მაგრამ, ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მე უნდა გადავამოწმო ჩემი ეჭვები. ბატონო დევი, რა საქმეზე მუშაობთ და რითი შეიძლება იყოს დაკავშირებული ის ჩემი შვილის პირად ცხოვრებასთან?

დევიმ ვისკი მოსვა, თითქოს პასუხისგან თავი შეიკავა, ზურაბმა განაგრძო:

– მშვიდად ვერ ვიქნები მაშინ, როცა ჩემი შვილის მზერაში შიშს ვხედავ. მარიკა ყოჩაღი გოგოა. ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. არც მე ვერეოდი მის გადაწყვეტილებებში, რადგან ვიცოდი, რომ ჰქონდა უნარი, სწორი არჩევანი გაეკეთებინა. დედამისმა სცადა, ხელი შეეშალა, როცა პროფესიას ირჩევდა, მაგრამ, მარიკა ჯიუტიც არის და პრინციპულიც – ეს მისი ღირსებებია, თუმცა, ზოგჯერ საშიშია, მისთვისვე. ჩემი შეკითხვა ხომ არ დაგავიწყდათ?

– არა, არა...  მარიკა მეც ძალიან მიყვარს... თითქმის შვილივით, – გაიღიმა დევიმ, – ალბათ სითამამეში არ ჩამომართმევთ ამ გულახდილობას. ახლა, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. დიახ, საკმაოდ რთული საქმე გვაქვს, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. ჩვენი პროფესიისთვის რთული და ადვილი საქმე არ არსებობს, ყველა საქმე რთულია თავიდან, სანამ იმ გორგალის წვერს ჩავავლებთ ხელს.

–  მესმის. ისეთი პასუხია, როგორსაც ველოდი, – თავი დაუქნია ზურაბმა, – მაგრამ, ამით ვერ დავკმაყოფილდები და ვერ დავმშვიდდები. ჩემი შვილი ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

– ჰო... – მოკლედ მიუგო დევიმ და ვისკის ბოთლი დაანახვა, – კიდევ დაგისხამთ.

– არა, გმადლობთ... – ზურაბმა ცარიელ ჭიქას ჩახედა და უცებ ჰკითხა.

– ნიკას თუ იცნობთ, ჩემს სიძეს?

– ვიცნობ. რამდენჯერმე შევხვდი. მარიკა უყვარს, ეს შესამჩნევია...

– მაგის კითხვას არ ვაპირებდი. რომ უყვარს, ამას მეც ვხედავ, მაგრამ, ამით ჩემი შვილი ბედნიერი არ უნდა იყოს. მაპატიეთ, ასეთ გულახდილობას რომ ვიჩენ თქვენთან, მაგრამ, ვგრძნობ, იმ ადამიანს ველაპარაკები, ვისი ნდობაც შეიძლება.

დევიმ ოდნავ დაუქნია თავი. ზურაბმა განაგრძო:

– დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს, წავალ, მაგრამ, ერთი სათხოვარი მექნება თქვენთან: მარიკაზე იზრუნეთ, რადგან მე ამის, საშუალება არ მაქვს... საჭიროების შემთხვევაში კი დამირეკეთ...

***

მარიკა დაიძაბა და ინსტინქტურად დაიხია უკან. რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადადგა და კედელს მიეყრდნო, მაგრამ, შეეცადა მორეოდა საკუთარ თავს და შიში არ ეჩვენებინა, თუმცა, თქმა ვერაფრის მოახერხა. ქალი გულხელდაკრეფილი იდგა და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა.

– შემიძლია, რამით დაგეხმარო? – ჰკითხა მზრუნველი ხმით.

– მე? არა, რატომ იფიქრეთ, რომ დახმარება მჭირდება?

– მომეჩვენა, რომ რაღაცას ეძებდი... – ქალის ხმაში ისეთი ყინული იყო გარეული, მარიკას შეაჟრჟოლა.

– ამას ხომ არა? შემთხვევით, ამან ხომ არ დაგაინტერესა?

მარიკამ შეხედა. იას ხელში ტყავისყდიანი რვეული ეჭირა და რიტმულად აქნევდა.

– მოდი, ყოველგვარ თამაშს წერტილი დავუსვათ და ბოლომდე გულახდილები ვიყოთ: ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით და საამისო მიზეზიც გვაქვს. ვიცი, რომ ჩემი დღიური წაიკითხე. თუმცა, ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ. რადგან ეძებდი, ეს იმას ნიშნავს, დაგრჩა რაღაც კითხვები, რომლებზე პასუხებიც აქ გეგულება. მითხარი, რა გაინტერესებს?

მარიკა მიხვდა, რომ რამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა.

– ახლა ნიკა მოვა. გინდათ, მისი თანდასწრებით ვილაპარაკოთ?

– არა, – თავი გააქნია იამ, – შენც ხომ არ გინდა, ეს? ნიკა საერთოდ არაფერ შუაშია და, მოდი, ნურც ჩავრევთ.

– რა თქმა უნდა, ეს თქვენს წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. ნიკამ ხომ ბევრი რამ არ იცის თქვენ შესახებ. მაგალითად ის, რომ მივლინება და კონფერენციები მხოლოდ შესანიღბავად გჭირდებათ და სინამდვილეში არსადაც არ ყოფილხართ, – მარიკამ გადაწყვიტა, ინიციატივა საკუთარ ხელში აეღო და შეტევაზე თავად გადასულიყო, რომ ქალისთვის გონზე მოსვლის საშუალება არ მიეცა. პირველმა სვლამ იას მოუტანა წარმატება, მაგრამ, მარიკას ჯერ კიდევ ჰქონდა ფორტუნის თავისკენ შემობრუნების იმედი. თუმცა, ქალი ასე ადვილად რომ არ დათმობდა პოზიციებს, ამასაც მშვენივრად ხვდებოდა. იამ გაიღიმა:

– ყოჩაღ. მოლოდინს ამართლებ. შენში ეჭვი თავიდანვე არ შემპარვია და, როგორც ვატყობ, არც შევმცდარვარ. მერე, ამის თქმას აპირებ ნიკასთვის?

მარიკამ თამამად შეხედა თვალებში:

– თუ დამჭირდება... რატომ დაგჭირდათ ასეთი ტყუილი?

– საყვარელი მყავს, – ნაძალადევად გადაიხარხარა ქალმა და უცებ რძალს ავად შეხედა: – რა გინდა, რატომ შემოიჭერი ჩვენს ცხოვრებაში? ყველაფერი ისე კარგად იყო... ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ უბედურების მეტს არაფერს მოგვიტანდი. რატომ შეგიყვარა ნიკამ მაინცდამაინც შენ? ეს ჩემი ბედისწერაა თუ სასჯელი? რა წაიკითხე ამ რვეულში, რა იცი ჩემ შესახებ?

– ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ რაღაცას მალავთ, რაღაც საიდუმლო გაქვთ, რომელიც მაგ რვეულის ფურცლებს ანდეთ. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ წერენ ადამიანები დღიურებს, ან როგორი ადამიანები წერენ... თუმცა, თქვენს შემთხვევაში კითხვა ცოტა სხვაგვარად დაისმება.

– როგორ?

მარიკამ პასუხის ნაცვლად საათს დახედა:

– ნიკას მოსვლამდე რამდენიმე წუთი დარჩა.

– მაშინ, სადმე უნდა წავიდეთ, ორივე, მანქანაში ჩავსხდეთ და ქალაქში გავისეირნოთ, თან ვილაპარაკოთ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენი საუბარი შედეგიანი იქნება...

– შენ ხომ ჩემი ნაწერები გაინტერესებდა... ჰოდა, მოგეცემა მათი წაკითხვის საშუალება. 

მარიკამ უნდობლად შეხედა დედამთილს.

– ჩემი არ გჯერა? – მიუხვდა ქალი, – ჩემს უამრავ ნაკლს შორის ტყუილი ნამდვილად არ არის.

– ნიკა ძებნას დაგვიწყებს, – პატარა ბავშვივით თქვა მარიკამ, სახლიდან გაპარვას რომ სთავაზობს მეგობარი და მშობლების გაბრაზების ეშინია.

– რატომ დაფიქრდი? ნიკა ძებნას არ დაგვიწყებს. ჩვენ წერილს დავუტოვებთ ან შენ მისწერ ახლა ისეთ მესიჯს, რომ ის აღარ იღელვებს. სახლში ჩემს არყოფნას კი დიდი ხანია, შეჩვეულია.

მარიკა ჩიხში მოექცა. დედამთილთან ერთად წასვლა თან უნდოდა, თან ცოტათი ეშინოდა კიდეც. ამ ქალში იყო რაღაც ისეთი, რაც ნდობას არ აღუძრავდა და სიმშვიდეს უკარგავდა. ცდუნება ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებისა დიდი იყო. მართალია, ბოლომდე არ სჯეროდა იმის, რომ ქალი რვეულის წაკითხვისა და თავისი ყველაზე იდუმალი ზრახვების შეცნობის საშუალებას მისცემდა, მაგრამ მაინც უნდა ეცადა. ამიტომ, საბოლოოდ სძლია ყოყმანს და თავი დაუქნია:

– თანახმა ვარ. მივწერ ნიკას მესიჯს, – მობილური აიღო და,  თითქმის მაშინვე მოაფიქრდა ისიც, რაც მერე გააკეთა...

***

დათომ სტვენით ჩამოირბინა საფეხურები, მაკა კიბის ბოლოს ელოდა.

– მორჩი სეირნობას? დამშვიდდი? კარგია. სახლში რატომ არ ამოდიხარ, რას ელოდები?

– თემოა მოსული და შენი ნახვა უნდა.

დათო შედგა და დას გაკვირვებულმა შეხედა:

– ოჰო, შენ უკვე ნახე?

– რომ არ მენახა, საიდან მეცოდინებოდა? ზოგჯერ თავს შეგნებულად რატომ იშტერებ?

– ელაპარაკე კიდეც? შერიგდით?

მაკამ უკმაყოფილოდ აუქნია ხელი:

– მომეშვი. შენთან ლაპარაკის გუნებაზე არ ვარ და ნერვებს ნუ მომიშლი. მიდი, გელოდება. ეზოშია, სკამთან.

– აუ, მითხარი რა... შერიგდით? ისე მაინტერესებს...

– ეგ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს... – მაკამ ძმას შეუბღვირა, – ჩემს საქმეში ნუ ერევი, რამდენჯერ გაგაფრთხილე? გინდა გეჩხუბო?

– ჰო, კარგი. ნუ იღრინები, მივდივარ... არაფერი შენ არ გეშველება... სულ გაღიზიანებული და ავი ხარ. თუმცა, შენს მდგომარეობაში მყოფებისთვის ეს, ალბათ, ნორმალურია და აღარ გეკამათები...

მაკა მკვეთრად შემობრუნდა და ბიჭს მხარში სწვდა:

– აბა, რისი თქმა გინდოდა, რა მდგომარეობას გულისხმობდი?

– დედამ უკვე მითხრა. რა გეგონა, სადამდე დამალავდი?

– ენა გააჩერე, გაჩუმდი! დედაჩემს კი, სულერთია, მოვკლავ, შენ რას გიყვებოდა?

– რას ნიშნავს, რას მიყვებოდა? შენი ძმა ვარ. აბა, არ უნდა მცოდნოდა?! სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა.

– გაჩუმდი, რა... სულელი ხარ, რა უნდა გელაპარაკო, – მაკა პასუხს არ დალოდებია, დათოს გვერდი აუარა და კიბეს შეუყვა.

თემომ სიგარეტი ჩააქრო, ურნაში ჩააგდო და მობილურს დახედა. დევი არ ურეკავდა, არც მესიჯი მოუწერია... ამან ცოტა ააფორიაქა. ნიკასთვის მიჩენილი მეთვალყურე ყოველ სამ საათში აბარებდა ანგარიშს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ბოლო მესიჯი ორი საათის წინ მიიღო, ცვლილება არ იყო. თემო მაინც ვერ მშვიდდებოდა. მისი ინტუიცია ისევ ამუშავდა...

– ჩემი ნახვა გინდოდა? – დათო გვერდით მიუჯდა, – ვიფიქრე, მაკამ მომატყუა-მეთქი. აი, თურმე, რატომ აიხირა საღამოს გასეირნება – შენთან აპირებდა შეხვედრას. პრინციპში, არ მიკვირს, ისეთი ახალი ამბავი ჰქონდა სათქმელი.

– მაკამ საერთოდ არ იცოდა, რომ მოვიდოდი. წარმოდგენა არ ჰქონდა... მოიცა, რა ახალი ამბავიო, რას ამბობდი?

– მე? მე არაფერი, ვიფიქრე, მაკამ დაგირეკა, რომ ახალი ამბავი ეთქვა.

– რა ახალი ამბავი? დათო, მე შენს სანახავად მოვედი აქ. მაკა რომ დავინახე, გამიკვირდა კიდეც.

– ჰო?! არაფერი არ უთქვამს? სულ არაფერი? – ჩაეძია დათო.

თემო გაღიზიანდა.

– არა-მეთქი! რა ჰქონდა სათქმელი? დროზე მითხარი!

– რა გაყვირებს? უბრალოდ, მგონია, უნდა იცოდე, რატომ შეიკავა თავი  ჩემმა დამ, არ ვიცი... ფეხმძიმედ არის...

თემოს მობილური გაუვარდა ხელიდან და სახეზე ოფლმა გამოჟონა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3