კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აძლევს თამარ ხურცილავას თავდავიწყების საშუალებას და რა კანონებს „არღვევს“ ლევან ხურცია


ტრადიციული სერიალი, ტრადიციული ინტრიგებით, სიყვარულით, ღალატით, ვნებებით – იმ ყველაფრით, რითაც ჩვენი ცხოვრება ისედაც სავსეა. ლევან ხურცია და თამარ ხურცილავა სერიალში „ჟამი ყვავილობისა“ შეყვარებულებს თამაშობენ, თუ როგორ განვითარდება მათი სიყვარულის ისტორია ამას მთელი საქართველო ელოდება. სერიალი რამდენიმე თვის განმავლობაში გავა ეკრანებზე და დარწმუნებული ვარ ლევანი ბოლოსკენ მაინც გაარკვევს თუ ვის ეკუთვნის მისი გული.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლევან ხურცია:

– მითხარი, ხომ მოგწონვარ?

– ძალიან, გადარეული ვარ.

– მინდა, ერთი ასეთი კითხვა დაგისვა, თვითონ თამრის, არა მარიამს, მოეწონებოდა თუ არა პერსონაჟი ლევან აბულაძე ცხოვრებაში?

– ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მომეწონებოდა ლევან აბულაძე, ის კი არა, მარიამს რატომ უყვარს ვერ ვხვდები.

– რატომ? რას ერჩი? არაჩვეულებრივი ბიჭია.

– კი კარგი ბიჭია, მაგრამ იმდენად არეული და გაორებულია, ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში, რომ თამრის სწორედ ამიტომ არ მოეწონებოდა. არ მომწონს ბიჭები, საერთოდ, ისეთი ადამიანები, ორმაგ თამაშს რომ ეწევიან. რა უნდა, ზუსტად უნდა იცოდეს.

– კი, მაგრამ ხომ შეიძლება, ასეთი რამ ყველას დაემართოს? მათ შორის შენც, თუ უკვე არ დაგემართა. (იცინიან).

– ალბათ კი, შესაძლებელია, ასეთი რაღაც მეც დამემართოს – როდესაც ვერ ერკვევი რა გინდა, ვისთან გინდა, მაგრამ ამ ყველაფერს ამდენ ხანს არ გავჭიმავდი და ვეცდებოდი, არავინ მომეტყუებინა, მათ შორის, ყველაზე მეტად საკუთარი თავი. ისე, დასაშვებია, ორ ადამიანს შორის მერყეობდე, მაგრამ შეიძლება ორი ერთად გიყვარდეს?!

– კი, აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა ეს ძნელი ასატანია. ის, რაც ჩემს პერსონაჟს სჭირს, ძალიან მარტივი ასახსნელია, ვერ გაურჩევია სიყვარული და შეჩვევა ერთმანეთისგან.

– ძალიან საინტერესოა, საერთოდ, რა განსხვავებაა სიყვარულსა და შეჩვევას შორის?! როდესაც შეჩვეული ხარ, მაშინაც ფიქრობ იმ ადამიანზე, მაშინაც განიცდი, გგონია, რომ მის გარეშე ყოფნა არ შეგიძლია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ სიყვარულს სულ სხვა იმპულსები ახლავს, სხვანაირად ხარ, სხვა განცდა გაქვს, აღფრთოვანებული ხარ.

– ცოტა უფრო გამოცდილ, ასაკოვან ხალხს რომ ჰკითხო, ეს ორი გრძნობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ხშირად შეჩვევა სიყვარულზე არანაკლებ მძაფრია, ამიტომ შესაძლებელია, მათი ერთმანეთში არევა.

– კი, მაგრამ, გარჩევა ძალიან მარტივია, უფრო მეტად უნდა დაფიქრდე და მოუსმინო შენს გულს. ხომ ვთქვი, რომ შეჩვევის დროსაც იგივე განცდებია-მეთქი, თუმცა როდესაც გიყვარს იცვლები, სადაც არ უნდა იყო, რასაც უნდა აკეთებდე სულ მასზე ფიქრობ, მისით ცხოვრობ. თუ შენი სიყვარული აღარ გახსენდება, ესე იგი, გრძნობა უკან-უკან მიდის. როდესაც მიყვარს, სულ ამით ვარ მოცული, თავდავიწყებამდე.

– თამრი ეს შენი პირველი როლია ტელეეკრანებზე, მოყევი საიდან მოხვედი აქამდე?

– ვსწავლობ თეატრალურში, მეოთხე კურსზე. ამჟამად ვმუშაობ სადიპლომოზე...

– თუმცა, ძალიან ბევრს მოცეკვავე ჰგონიხარ.

– არა, მსახიობი, რომ ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოცეკვავე არ ვარ, უფრო სწორად ვიყავი. ძალიან მიყვარს ცეკვა და დიდი სურვილი მაქვს, ამ საქმეს დავუბრუნდე.

– როგორ აღმოჩნდი თეატრალურში? რა გინდოდა მსახიობობისგან? არა, ეს კითხვა იმიტომ დავსვი, მაინტერესებს, რა არის ამ პროფესიაში შენთვის ყველაზე კარგი, რა გხიბლავს მასში?

– ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, მსახიობობა საერთოდ ყველა პრობლემას მავიწყებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, როგორც კი სცენაზე ან გადასაღებ მოედანზე შემოვდივარ, აღარაფერი მახსოვს. ანუ, აქ შემოსვლისას თამრის გარეთ ვტოვებ. ყველაზე საინტერესო იქ გადასვლაა, თითქოს ნირვანაში ხარ.

– ანუ, პროფესია საკუთარ თავს გავიწყებს?

– კი, ასე გამოდის. (იცინიან).

– როგორ ცხოვრობ თამრი, კადრს მიღმა?

– ამ ეტაპზე ისე მოხდა, რომ მხოლოდ პროფესიით შემოვიფარგლები, როგორც გითხარით, სადიპლომო გვაქვს ცოტა ხანში და თეატრალურშიც რეპეტიციებია. ძალიან საინტერესოა ეს პერიოდი და მომწონს, რომ ასეთი დაკავებული ვარ.

– როგორ ფიქრობ, თამრი, რომ არა შენი გარეგნობა, იქნებოდი თუ არა უკვე ასეთი წარმატებული შენს საქმიანობაში, რასაც მსახიობობა ჰქვია.

– არ ვიცი, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ზოგადად, გარეგნობა ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავს და შესაძლოა, ჩემზეც ემოქმედა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში ბევრი რამ გარეგნობაზეა დამოკიდებული. მთავარია, საინტერესო იყო, ნიჭიერი. მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემთვის ეს წარმატების მომტანი აღმოჩნდა. გადამწყვეტი ეს ნამდვილად არ არის.

– როგორ მოგწონს ეს გარემო?

– ძალიან. რაღაც მართლა ერთი ოჯახივით შეიკრა ყველა. ერთმანეთის გვერდით ვართ სულ და ყველა ერთმანეთს ეხმარება. რომ არა ეს, ალბათ, ასეთი დატვირთვით გადაღებებს, ნამდვილად ვერ გადავიტანდით. შენც კარგად იცი, რომ არის დღეები, აქედან გამთენიისას, ექვს საათზე მივდივართ და სადღაც შუადღისას, უკანვე ვბრუნდებით. ვეღარც ვგრძნობ, რომ ეს გადასაღები მოედანია.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თამარ ხურცილავა:



– რუსთაველის თეატრის მსახიობისთვის, რას ნიშნავს ეს სერიალი?

– ოო, ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა. საუბარი არ არის იმაზე, რომ რომელიმეს ნაკლები შრომა, დრო და ენერგია სჭირდება, თუ ამ პროფესიის განხრით რამეს აკეთებ, ყველაფერი რთულია. მოითხოვს როგორც ფიზიკურ შრომას, ისე ნერვებს. რაც შეეხება კითხვას. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მაინც თეატრია, ის რაღაც ცალკე დგას, ძალიან მაღლაა. ეს მაინც თავისი ჟანრით საპნის ოპერაა, ადამიანების ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს აჩვენებს და ამით ხალხს ართობს, დასვენების საშუალებას აძლევს. მაშინ, როცა თეატრი, ადამიანებს ცხოვრებას ასწავლის, პირდაპირ ქადაგებს კარგსა და ცუდს. მაგრამ, არც მინდა ეს ორი სამყარო ერთმანეთს შევადარო. კინოც აბსოლუტურად სხვა სპეციფიკისაა. ძალიან სასაცილოდ გამომივა, ახლა, რომ სერიალის სიღრმეებზე ვისაუბრო. შენც კარგად იცი, რომ იმდენად ცოტა დრო გვაქვს გადასაღებად, რომ შეუძლებელია, ფიქრებს ჩაუღრმავდე. ვერ ვიტყვი, რომ თავად ძალიან მაინტერესებს სხვა ადამიანების ცხოვრების ყურება, თუ, რა თქმა უნდა, ახლობელი არ არის. რატომ უნდა ვფიქრობდე ვიღაც ადამიანს რა უჭირს და რა ულხინს. თუ გავიგე, ვიღაცას რაღაც უჭირს, მეწყინება, თუ უხარია, ვიტყვი, რა მაგარია, რომ უხარია-მეთქი.

– თეატრში რა ხდება?

– მიუხედავად იმისა, რომ სიმარტივე აქაც არ არის, თეატრი აბსოლუტურად სხვა სირთულეა. ის უსაზღვროა. ძალიან ღრმად უნდა ჩაწვდე გმირს, ავტორს, პიესას.

– ლევან აბულაძე, რომლის მსგავსი გმირი ჩვენს გვერდით ძალიან ბევრია...

– საქმეც ისაა, რომ ასეთი ძალიან ბევრია ყველა ჩვენგანის გვერდით. სერიალს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, რეალურ დროში ხდება ყველაფერი, იქაც შემოდგომაა, იქაც ნოემბერია. ყველაფერი ახლა ხდება.

– რა საერთო გაქვს ლევან აბულაძესთან?

– უკვე გამოიკვეთა, რომ რაღაც საერთო მაქვს. სერიალში ასე გამოდის, რომ გმირს მაინც შენი ხასიათიდან ქმნი.

– რით არ მოგწონს ლევან აბულაძე?

– გაუგებარი ტიპია, არ იცის რა უნდა, ვერ ჩამოყალიბდა. მგონია, რომ რადიკალურობა აკლია. ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ამ ეტაპზე არეულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რამდენიმე სერიის შემდეგ იმისთანა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სულ გადარევს ყველას. ისეთ რამეს გააკეთებს, რასაც დიდი ვაჟკაცობა სჭირდება. მაგრამ, ამ ეტაპზე ყველასთვის არარადიკალური ტიპია.

– მიუხედავად იმისა, რომ ორ გოგოს შორის ხარ „დაკარგული“, მაინც ვფიქრობ, ორივესთვის იდეალური შეყვარებული ხარ. ორივეს უნდა შენს გვერდით ყოფნა.

– იმიტომ, რომ არც ერთს არ გატყუებთ. (იცინიან) მისი ტყუილები ვითარებიდან გამომდინარეობს და არა იმიტომ, რომ რომელიმესთან გულწრფელი არ ვარ.

– თავად ლევან ხურცია როგორია შეყვარებული?

– ასეთი არა. სხვადასხვანაირი ვარ. გააჩნია, სიტუაციას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მყვარებია ან მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ნებისმიერ ამ სიტუაციაში რადიკალური ვარ. სიყვარულში ყველაზე მეტად ლოგიკას ვეწინააღმდეგები. სიყვარულში ლოგიკა თუ ეძებე, ის სიყვარული აღარ არის. ამიტომაც არის ეს გენიალური გრძნობა.

– როგორი იყო შენი „სიყვარულები“?

– ძალიან კარგი, ძალიან ბევრი რამ მასწავლა ურთიერთობებმა.

– ალოგიკურ სიყვარულს, არალოგიკური დასასრულიც აქვს ხოლმე, რომელიც ხშირად ტკივილთან, იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული.

– აი, ეგ უკვე კაცმა არ იცის. სიყვარულს ყოველთვის თან ახლავს ტკივილი, სიყვარული იმედგაცრუების გარეშე არ არსებობს, მაგრამ არც დიდი სიხარულის გარეშეა. ეს სიყვარული იმდენად ფენომენალურია, რომ ყველა არსებულ და არარსებულ განცდას, გრძნობას მოიცავს.

– შენს გულშემატკივარ, თაყვანისმცემელ გოგონებს ალბათ, ძნელად თუ წარმოუდგენიათ იმედგაცრუებული ლევან ხურცია.

– არა, რატომ?! აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რა სისულელეა...

– რომელიც ჭადრაკსაც თამაშობს.

– (იცინიან) კი, ჭადრაკსაც ვთამაშობ. დღეს ორი პარტიაც წავაგე და ნერვები მეშლება. ასე რომ, მეც ჩვეულებრივად მტკივა, მიხარია, ჩვეულებრივად ვსუნთქავ.

– როგორ გხვდება მაყურებელი?

– შენც იცი, რომ მაყურებელს ყოველთვის აქვს განცდა ეკრანული წყვილი რეალობაშიც ერთად იყოს. სულ მეკითხებიან ხოლმე, რომელზე გააკეთებ არჩევანს, ვინ გიყვარს სინამდვილეში?! არადა, პასუხი არ მაქვს. ლევან აბულაძის საცოლეა მარიამი, გადარეული შეყვარებულია ელენეზე, იგივე ტანიაზე და ლევან ხურცია მთელ ამ სამკუთხედში საერთოდ არაფერ შუაშია. (იცინიან).

– საერთოდ, როგორი ადამიანი ხარ, ხდები ხოლმე პრობლემების ან გაურკვევლობის მიზეზი?

– არა, ნამდვილად. თამამად ვიტყვი, რომ პრობლემების მიზეზი არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება, ვინმეს მიაჩნია, რომ რაღაც ჩემი ბრალია, მაგრამ ამის გარეშე ვერც იცხოვრებ. პროცენტულად თუ ავიღებ, სხვისი პრობლემის მიზეზი არასდროს ვხდები. სულ ვცდილობ, ჩემს გარშემო ყველაფერი გარკვეული მქონდეს. პირიქით მსაყვედურობენ, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან სწრაფი ვარ. მაგრამ, მირჩევნია, სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება და ის მცდარი იყოს, ვიდრე გაურკვევლობაში ვიცხოვრო. ამას ვერ ვიტან. გინდა – გინდა, არადა – ნუ გინდა.

– ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა, დაინახე, გადაირიე...

– დავინახე, გადავირიე ამის ერთმნიშვნელოვნად მჯერა, დამმართნია კიდეც, მაგრამ მერე იწყება ყველაზე საინტერესო. რადგან ამის შემდეგ გამართლება-არგამართლება ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა. დავინახე, გადავირიე და ეს ის არ არის, გადავირიე და ეს ის არის. როგორ და რანაირად ხდება ამის შემდეგ ყველაფერი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადარეულობებში.

– ბედისწერის გჯერა?

– აბსოლუტურად. ისეც არ ვარ, რომ ვფიქრობდე, ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი განსაზღვრულია და რაც გვიწერია, ვერაფრით ავცდებით-მეთქი. არა, რაღაც მომენტში მჯერა, რომ ამქვეყნად ჩვენი გარკვეული გზის გასავლელად ვართ მოსული. ჩვენი მისია გვაქვს, რაღაც კოდი გვიდევს, რასაც ვერ შევცვლით, მაგრამ ადამიანებმაც ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ სწორი გზით ვიაროთ და იმ დაწერილ „პიესაში“, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია, სწორად მივყვეთ. ზოგჯერ „კანონებს“ ვარღვევთ.

– გიყვარს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა?

– ძალიან ბევრჯერ მოვქცეულვარ ასე. დინების საწინააღმდეგოდ კი არა, ჩანჩქერს ავყოლივარ ზევით კალმახივით. (იცინიან) ზოგჯერ გამოსულა ის ყველაფერი, რასაც ვცდილობდი, ზოგჯერ ჩანჩქერი უფრო ძლიერი აღმოჩენილა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ყველაფერი გამომდის, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი ვარ, რომ ძალისხმევას არ ვაკლებ ხოლმე.


скачать dle 11.3