კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ობშიაკის“ ფულის შენახვაზე სტალინმა ციხეში 80 წლის ქურდს უარი უთხრა

 

ბაქოს „ბაილოვის“ ციხე  მეფის რუსეთში არნახული  სისასტიკით გამოირჩეოდა. პატიმრები საშინელ პირობებში  იმყოფებოდნენ. სხვადასხვა  გადმოცემის თანახმად, ბაილოვი ერთ-ერთი პირველი ადმინისტრატორი  იყო, რომელმაც ასეთი წესები დაამკვიდრა ციხეში. მოსახლეობა  ამ დაწესებულებას დღესაც  ამ სახელით მოიხსენიებს. 1908 წელს იქ ახალგაზრდა  ქართველი ტუსაღი, სოსო  ჯუღაშვილი მიიყვანეს, მას  ბრალად პოლიტიკოს-ექსტრემისტებთან  თანამშრომლობა ედებოდა,  რაც ქურდული სამყაროსთვისაც  მიუღებელი იყო. ამ ბრალდებით სასჯელის მოხდა, მისთვის  შესაძლებელია, შემდგომში  გადახდილ ომებზე რთულიც  ყოფილიყო, თუ ციხეში გამეფებულ უკანონობას გავითვალისწინებთ. ეს ეპიზოდი, შემდგომში,  დიდი ბელადის ცხოვრებიდან  ამოღებულია. არც 1947 წელს  მოსკოვში, ალექსანდროვისა  და გალაქტიონოვის გამოცემებსა და არც 1949 წელს, თბილისში „სახელგამის“ პოლიტიკური სექტორის მიერ, ქართულ ენაზე დაბეჭდილ ბიოგრაფიებში, ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, იხდიდა  თუ არა სასჯელს ჯუღაშვილი  ბაილოვის ციხეში. თუმცა, სხვა დაწესებულებებში მისი ყოფნის შესახებ,  თითქმის დეტალურადაა მოთხრობილი. ამ საკითხით დაინტერესებულ,  იურიდიულ მეცნიერებათა  დოქტორს, ყოფილ მაიორ  პრონონს, საკუთარი ვერსია  აქვს. 

ქურდული კანონი 

კანონი  კატეგორიულად კრძალავდა  პოლიტიკაში ჩარევას და  მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან  თანამშრომლობას. დოქტორი  პირდაპირ ასახელებს სოსო  ჯუღაშვილს, იმ დროს იმპერიის  ნავთობის დედაქალაქის,  ბაქოს ერთ-ერთი ძლიერი კრიმინალური ავტორიტეტის,  ბაგიროვის (მეტსახელად „ბაგირის“) მეგობრად და თანამოაზრედ. თუმცა, გაოცებულია, სად  გაიცნო ახალგაზრდა, ყოფილმა  სემინარიელმა კანონიერი  ქურდი. მეოცე საუკუნის  დასაწყისში, იმპერიაში სხვადასხვა  ტიპის ბანდები დათარეშობდნენ,  იგივე ხდებოდა ბაქოშიც – „ტიარიხი“ ბამბის ბიზნესით  ირჩენდა თავს, „ტიავიკი“ ჯიბის და სხვა წვრილმან ქურდებს აკონტროლებდა, „შემოხანელები“ ყაჩაღობდნენ. თუმცა, სერიოზული ძალაუფლება ლონია კონტაპილსკის  ჰქონდა, რომელიც ადგილობრივი  არ იყო და როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ოდესაში „მოღვაწეობის“  დროს გადაიბირა ოხრანკამ. სწორედ ამ დროს ჩავიდა  სოსო ბაქოში. 1906 წლისთვის  იქ სრული ქაოსი სუფევდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს  შორის გავლენის სფეროები  დანაწილებული იყო და  მხოლოდ მცირედი უთანხმოებები  ჰქონდათ. ჯუღაშვილი მათ  შეკრებაზე ხელცარიელი  არ ჩასულა. ბაგირს დიდი  ოდენობით ოქრო გადასცა  და დაარწმუნა, რომ მხოლოდ  გაერთიანებით შეიძლებოდა  სრული კონტროლი ქალაქზე. შესაბამისი ღონისძიებებიც  დასახა, მათ შორის ოხრანკის უფროსის ნეიტრალიზება  და ცენტრალურ ბანკზე  შეტევის განხორციელება.  ცხარე კამათი გაიმართა, კონტაპილსკი წინააღმდეგი  იყო, რადგან მიაჩნდა, რომ  გაერთიანების შემთხვევაში, ყველა ერთად მიიღებდა დარტყმას ხელისუფლებისგან, ცალ-ცალკე კი გადარჩებოდნენ. ბოლოს, სოსომ, ჩატანილი ძღვენისა და დამაჯერებელი სიტყვის ძალით, მაინც შეძლო ყველას დარწმუნება და რამდენიმე თვეში გეგმა განხორციელდა. აღმოჩნდა, რომ ოხრანკის უფროსი გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. თუმცა, საკუთარი თავდაჯერებულობისა და უყურადღებობის გამო, სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა. რაც შეეხება ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გატაცებულ თანხებს, მათი დიდი ნაწილი ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა. სულ მალე, კონტაპილსკის მეშვეობით, ოხრანკამ ჯუღაშვილზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა. ცალკე კი, მთავარი ქურდული კანონის დარღვევისა და პოლიტიკაში ჩართვისთვის,  კრიმინალური სამყარო გადაემტერა, რადგან ოხრანკის უფროსის მკვლელობის შემდეგ,  ხელისუფლებამ ისინი ძალიან შეავიწროვა. მას ვერც ბოლშევიკები დაეხმარნენ, რომელთაც მისი წყალობით, სერიოზული თანხები მიიღეს. ბედის ანაბარა დარჩენილი ახალგაზრდა კი, რომელიც სომხური, ტოტომიანცის გვარით იმალებოდა, შეიპყრეს. 

ბაილოვი

უზარმაზარი  კედლით შემოღობილი ტერიტორია შიშის ზარს სცემდა მოქალაქეებს.  ყველამ იცოდა, რომ იქ შესვლა ადვილი იყო, გამოსვლა  კი შეუძლებელი. არ ყოფილა  იქიდან წარმატებული გაქცევის  პრეცედენტი. ბოროტმოქმედი  ჯუღაშვილი პირველ კორპუსში, ეგრეთ წოდებულ „სპეცებში“  მოათავსეს და პატიმრებისთვის ამანათები და პაემნები  მაქსიმალურად შეზღუდეს. სხვა მკაცრი დისციპლინური  ზომებიც იქნა მიღებული  მთელი ციხის ტერიტორიაზე.  სამი თვის განმავლობაში  სოსოს ხმა საერთოდ არ  ამოუღია. ბევრს მუნჯიც  კი ეგონა (ბავშვობაში  მან დაკარგა მეტყველების  უნარი, მაგრამ რამდენიმე  დღეში ისევ დაუბრუნდა). ამ გზით მან ის მოახერხა, რომ თითქმის ყველასთვის შეუმჩნეველი  იყო. მას მხოლოდ იმით არჩევდნენ, რომ ბევრს  კითხულობდა და დედის  შეგზავნილ მურაბას ჭამდა.  რაღაც დროის შემდეგ, ის 80 წლის კანონიერმა ქურდმა  „შარხანმა“ დაიბარა და  გაესაუბრა. ძველ პატიმარს  ახალგაზრდა მოეწონა, სხვა  შემთხვევაში, ციხის საერთო  ფულის შენახვას არ დაავალებდა, რაც მეტად საპატიო საქმე გახლდათ. შესაბამისად,  როგორც პატიმარს სხვა, უფრო მაღალი სტატუსი  და სხვა შიდასაპატიმრო  პრივილეგიებიც ეკუთვნოდა, მაგრამ სოსომ მალე ამ საქმეზე უარი თქვა. შარხანი განრისხდა, ხელახლა დაიბარა (აღნიშნულზე  უარის თქმა, განსაკუთრებული  მიზეზის გარეშე, ციხის  ტრადიციებით, ღალატს ნიშნავდა) და პირდაპირ ჰკითხა: რატომ  ამბობ უარსო. სოსოს არ  დაუმალავს და უთხრა, რომ  გაქცევას აპირებდა. გაანდო, რომ გეგმა დიდი ხანია აქვს, მაგრამ ორი  სანდო კაცი სჭირდება და  ამიტომ იკავებს თავს. ამ გაქცევასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსიებია. არის ჭორი, რომ ჯუღაშვილმა  ბადრაგი მოკლა; მეორე ვერსიით ბადრაგი დილით დაბმული  იპოვესო. შემდეგ ხმები  გავრცელდა, ჯუღაშვილმა  ობშიაკის ფულიც თან წაიღოო. ამას, ალბათ, ვერავინ ვერასდროს  გაიგებს. მაგრამ, ციხის  ყარაულის ცვლის ჟურნალში, იმ დღეს ჯუღაშვილის მიერ  გაკეთებული ყალბი ხელმოწერა   მართლაც არის. ანუ, ერთი რამ უდავოა, სოსო ციხიდან ბადრაგის ფორმაში გადაცმული და იარაღით გავიდა. 

ზღვის ნაპირთან დაღესტნელი  ძმადნაფიცი, აიდინი დახვდა. ის ჩვეულებრივი ყაჩაღი  არ იყო. აიდინის რაზმებს  აკლებული ჰქონდათ აზერბაიჯანის  ჩრდილოეთი და დაღესტნის ნაწილიც. ბაქოში მასზე  ლეგენდები დადიოდა და ყველას შიშის ზარს სცემდა. ცხადია, ამჯერად სოსომ  დასაყრდენი მასში ნახა. ქალაქში დარჩენილ ავტორიტეტებს  გული გაუსკდათ ეს ამბავი  რომ გაიგეს, მაგრამ გვიანი იყო. სოსოს კარგად ახსოვდა, როგორ მიატოვა ყველამ და ოხრანკას მიუგდეს. ამიტომ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებაზე  არავისთან წავიდა. ერთადერთი, ბაგირს შეუთვალა, ჩვენ  ისევ ძმები ვართო. ბაქოდან  ხელცარიელები არ წასულან,  სომეხ ვაჭართა გილდიას  „ჩაუარეს“. აიდინისა და  კობას (ბაქოში ყველა ამ  სახელით იცნობდა)  დანახვის  შემდეგ მასპინძლებმა კონფლიქტის  გარეშე მოახერხეს სტუმრების  „პატივისცემა“. კობამ ისინი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ აღარავისთვის გადაეხადათ. შემოვლითი გზებით მეგობრებმა ქალაქის დატოვება შეძლეს, იმ დროისთვის ბაქოში უკვე ძებნა იყო გამოცხადებული. არც დაღესტანში ყოფნის  წლებია სტალინის ოფიციალურ  ბიოგრაფიებში, მაგრამ კავკასიის მთებში ციხის შემდეგ მას დასვენება მართლაც მოუხდა. მერე დიდხანს იხსენებდნენ, რომ სტალინი  კარგი მონადირე იყო, მაგრამ  მიზანში აიდინი უკეთ  ისროდაო; ავარული ხინკალი და არაყი უფრო მოსწონდა, ვიდრე ლეკურიო და ასე შემდეგ. მეგობრებმა ბაქოს  თითქმის სრული კონტროლი  მოახერხეს, ქალაქში ავტორიტეტებს  ბაგირი ხელმძღვანელობდა. წინააღმდეგობების მიუხედავად, მან ბრწყინვალედ გაართვა  თავი საქმეს – დიდი ხნის  განმავლობაში, ნავთობის დედაქალაქში  კრიმინალურ  დაჯგუფებებს შორის, ომი  მძვინვარებდა. მაგრამ, როგორც კი ბაგირს სადმე პრობლემა  გაუჩნდებოდა, მთებიდან  უმალ დაეშვებოდნენ და  საკადრის პასუხს სცემდნენ  მოწინააღმდეგეს ვაჟკაცი  კავკასიელებით დაკომპლექტებული  აიდინის რაზმები. ეს ზუსტად  ის რაზმებია, რომლებიც  მომავალში რევოლუციურ  საქმიანობაშიც დიდ როლს  შეასრულებენ. 

P.S.  სტალინთან თხოვნებით ბავშვებიც მიდიოდნენ სხვადასხვა საქმეებზე,  აუცილებლობის შემთხვევაში,  სტალინი კონსპირაციულად, დევნისა და ძებნის მიუხედავად, მაინც ჩადიოდა. სწორედ ასეთი ვოიაჟის დროს, ბაქოს ერთ-ერთ უბანში, რომელიც ძირითადად, მუშებით იყო  დასახლებული, საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა. რიგი პოლიტიკური საკითხები  უნდა განეხილათ. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, იქიდან გამოსვლის შემდეგ, მასთან ბავშვი მივიდა და უთხრა: კობა, შენ უნდა დამეხმაროო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ის. ქალაქში მასზე ძებნაა გამოცხადებული და ამ დროს პატარა ბავშვმა იცნო. შენ რა იცი, მე ვინ ვარო, ჰკითხა. ბავშვმა უთხრა – მოედანზე მეწაღე რომ ზის, იმან მითხრა, დაგეხმარებაო. სტალინი მოხუც ბაქოელ მეწაღეს იცნობდა და დამშვიდდა. უბრალო, ჩვეულებრივ ბაქოელ მოქალაქეებს მისგან სიკეთე ახსოვდათ და უყვარდათ. ბავშვს პრობლემა ჰქონდა: ღარიბი ოჯახის ბავშვებმა გამოიჭირეს, კოჭი ათამაშეს და რაც კარგი ტანსაცმელი ჰქონდათ მოუგეს. კობა მათთან მივიდა და ჰკითხა. პატარებს რატომ ჩაგრავთო. მათ უთხრეს, რომ თვითონ უნდოდა თამაში და არავის დაუძალებია. თუმცა, მისი პატივისცემით დაუბრუნებდნენ ბავშვს ტანსაცმელს. სტალინმა ნივთები დააბრუნებინა, თუმცა მოგებულებს ფული მაინც აჩუქა. დატუქსვით კი ყველა დატუქსა. უფროსებს პატარებთან თამაში აუკრძალა. ბავშვი კი, რომელსაც ნათქვამი ჰქონდა, მამაჩემმა რომ გაიგოს, მომკლავსო, კატეგორიულად გააფრთხილა: ამის მერე რომ გავიგო, კიდევ ითამაშე, მამაშენს მოვკლავო.

 

 

скачать dle 11.3