კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდება სინინგიას ოთახის განიავება და ბუგენვილიას რომელი სახეობა ისვენებს ზამთარში

ძალიან ბევრი მცენარე ზამთარში ისვენებს, მაგრამ ზოგჯერ მათ ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღებაც კი სჭირდებათ. ამ დროს ზოგიერთს ადგილის შეცვლა, ტემპერატურის აწევა ან დაწევა, მორწყვის შემცირება სჭირდება. თუ როგორ მოვუაროთ ზამთარში სინინგიასა და ბუგენვილიას, ამას „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან საუბარში გავარკვევთ.

 

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა სინინგია და როგორ მოვუაროთ მას ზამთარში?

– სინინგია ოთახის ერთ-ერთი ულამაზესი მცენარეა თავისი მოზრდილი და სხვადასხვა ფერის – ვარდისფერი, წითელი, თეთრი და იისფერი ყვავილებით.

 ეს მცენარე ვეგეტაციას იწყებს გაზაფხულსა და ზაფხულში. შემოდგომაზე ყველა ფოთოლი თანმიმდევრულად ხმება და სცვივა. ფესვებიც თითქოს კვდება, მაგრამ თქვენ ამის გამო არ იფიქროთ, რომ მცენარე გაგიფუჭდათ. უბრალოდ, ეს გარდაქმნა მცენარის დასვენების პერიოდზე მეტყველებს. 

– როგორი პირობები სჭირდება მცენარეს ამ დროს?

– ზამთარში სინინგიას ძირებს სილა მოაყარეთ. არც მორწყათ, უმჯობესია, სიგრილეში ამყოფოთ და დადგათ 10-12 გრადუს ტემპერატურაზე. სწორედ ამ პერიოდში იყიდება სინინგიას ძირები, რომელიც მარტამდე უნდა შეიძინოთ. დააკვირდით მცენარეს და დარწმუნდით მის სიცოცხლისუნარიანობაში. იანვარ-თებერვალში მცენარე უკვე სითბოში უნდა დადგათ. ანუ, თუ ბინაში გაქვთ სინინგია, ამ თვიდან მცენარეს შეუცვალეთ ადგილმდებარეობა და რეგულარულად დაიწყეთ მისი მორწყვა. როდესაც ამონაყრები გამოჩნდება, გადარგეთ ახლად შეზავებულ ნიადაგში: ფოთლოვანი მიწა, ტორფი, სილა და ჩვეულებრივი მიწა. 

– რით გავამრავლოთ მცენარე?

– თუ თქვენი მცენარე საკმაოდ დამსხვილდა და რამდენიმე ღერო აქვს, შეგიძლიათ, ფრთხილად დაყოთ რამდენიმე ნაწილად. ჩარგეთ ისე, რომ თავი ზემოთ დაუტოვოთ. თუ მიწას ბოლომდე დააყრით, მცენარეს განვითარება დააგვიანდება ან ერთ ამონაყარს გაიკეთებს. მცენარეს განიერი და ღრმა ქოთანი სჭირდება. სინინგია მრავლდება ასევე თესლით და ფოთლოვანი კალმით. მისი თესლი ითესება იანვარ-თებერვალში არც ისე ღრმად. მორწყეთ პულვერიზატორით და ზემოდან გადააფარეთ შუშა ან ცელოფანი. თუ ტემპერატურა 18-20 გრადუსია, მაშინ გამრავლების პირველი ნიშნები ორ კვირაში გამოჩნდება. თვე-ნახევარში უკვე შეიძლება მცენარის ქოთანში გადარგვა. თესლით გამრავლებული სინინგია 6-7 თვის შემდეგ იყვავილებს. სასურველია, პირველი ბუტონები მოტეხოთ, რადგან შემდეგი ყვავილები უფრო დიდი ხნით და მეტი სიხშირით იყვავილებს, თან, უფრო მსხვილი ექნება.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?

– სინინგიას სჭირდება ხშირი მორწყვა ქოთნის თეფშიდან, ან ირგვლივ მიწაზე. გახსოვდეთ, არაა სასურველი წყლის ძირებზე ან ფოთლებზე მორწყათ. ამით მცენარეს ფოთლები დაუზიანდება. ნიადაგს მინერალური სასუქებით კვება სჭირდება, მხოლოდ ნაკლები კონცენტრაციით. 

– რას გვეტყვით მისთვის სასურველ ტემპერატურაზე?

– სითბოს მოყვარული მცენარისთვის სასურველია, ოთახში იყოს 20-22 გრადუსი. აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ოთახი. გაითვალისწინეთ, ორპირი ქარი, წვიმა და ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობა, მცენარისთვის მომაკვდინებელია. ამიტომ გირჩევთ, სინინგია ღია გრუნტში ან აივანზე გაიტანოთ.

– რას გვირჩევთ, როგორ განათებაზე ვამყოფოთ მცენარე?

– განათება ამ მცენარის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. თუ ოთახში მაღალი ტემპერატურაა, ის არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, თუნდაც სამხრეთის რაფაზე. მას არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები. სინინგია 10 წელიწადი ცოცხლობს. რაც უფრო მსხვილია მისი ძირი, მით უხვად ყვავილობს. 

– რით შეიძლება, დაავადდეს სინინგია?

– ის ავადდება ობობის ქსელით და ტკიპათი. თუ ამას შეამჩნევთ, მცენარე მორწყეთ კალიუმპერმანგანატის ხსნარით ან მოაცილეთ დაზიანებული ნაწილები.

– რამდენად შესაძლებელია ბუგენვილიას გაზრდა ოთახის პირობებში?

– ეს მცოცავი მცენარე ბუნებრივ გარემოში (თბილ კლიმატში) მაღალი და ძლიერი იზრდება. თუ ქოთანში ჩარგავთ, რეგულარულად კრეჭის შემთხვევაშიც კი, შეიძლება 1,5 მეტრის სიმაღლეს მიაღწიოს. მისი მცოცავი ღეროს ეკლები ნებისმიერ საყრდენს ებღაუჭება. ამიტომ, თუ ოთახში დიდი ფართი არ გაქვთ, ამ მცენარის გაზრდა გაგიჭირდებათ თავისი სიდიდის გამო.

– როდის ყვავის მცენარე და განსხვავდება თუ არა მისი სახეობები ერთმანეთისგან?

– ბუგენვილია ზაფხულში ყვავის. თანაყვავილები თეთრი, ვარდისფერი ან წითელია. გლაბრა მთელი წლის განმავლობაში ყვავის, ალექსანდრა კი ზამთარში ისვენებს. მაღაზიებში ბევრ ბუგენვილიას მხოლოდ ჯიშის სახელწოდებით ყიდიან, სახეობის სახელწოდება კი არ ახლავს. ამიტომ ყველას ისე მოუარეთ, თითქოს ზამთარში დასვენების პერიოდი ჰქონდეს. 

– რა პირობების შექმნაა საჭირო ბუგენვილიას კარგად გახარებისთვის?

– მას მთელი წლის განმავლობაში კარგი სინათლე სჭირდება, რომ კარგად იყვავილოს. უყვარს ზაფხულის სითბო, დაახლოებით 25 გრადუსი, მაგრამ სიმშრალესა და სიცხეს ვერ იტანს. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 18-24 გრადუსი. როცა თანაყვავილები შეფერადდება, მცენარე ჩრდილში გაიტანეთ და მეტხანს იყვავილებს. თუ ახალ ყლორტებს საყრდენზე შემოახვევთ, ყვავილების რაოდენობა მოიმატებს. ზამთარში გამხმარი ნაწილები გაზაფხულზე მოაცილეთ. 

– რაც შეეხება მორწყვას...

– ზაფხულში ზრდის პერიოდში, ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი მიწა მხოლოდ ოდნავ ტენიანი უნდა იყოს: ზედმეტ წყალს ნუ დაასხამთ. გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლომდე მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი. 

 

скачать dle 11.3