კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გათხარა საკუთარი ხელით მიწა მიშა თუმანიშვილმა და რატომ დატოვა მან ის, რასაც მთელი ცხოვრება შესწირა

რეჟისორი, რომლის სახელიც კარგადაა ცნობილი, რომლის წიგნებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გამოცემული, რომელსაც მსოფლიო სახელი და დიდება აქვს მოხვეჭილი, იმას განიცდიდა მძაფრად, რომ მას თეატრში უკვე აღარ ელოდნენ სიხარულით და გულღიად, იმიტომ, რომ იქ ყველას რაღაც თავისი გეგმები ჰქონდა. „უცნაური კანონზომიერებაა: ყველაფერი სიყვარულითა და თაყვანისცემით იწყება და ბოლოს, იქამდე მიდის, რომ „გამოთაყვანებული ბერიკაცი“ ხარ! არაფერია, არაფერი! – ვუთხარი ჩემს თავს. ოღონდ მართლა არ გამოვთაყვანდე და არ შევიშალო. მშვიდად უნდა აკეთო შენი საქმე. გუშინ ხომ გამოგდიოდა იგი, საჭიროა, ყველაფერი გააკეთო, რომ ხვალაც გამოგივიდეს... შეტევა მქონდა. ისევ სასწრაფოს გამოუძახეს. მერე – ინფარქტი. ეს სიგნალია შეჩერებისკენ. შინაგანად უნდა შევიცვალო, მაგრამ ლოდინი არაა საჭირო. შეძლებისდაგვარად უნდა ვიმუშაო, კი არ ველოდო, არამედ ვიმუშაო მოძრაობისთვის. ყველაზე მთავარია, არ გაჩერდე, სულ რაღაც აკეთო, გული რომც გტკიოდეს, მაინც!“ – ამბობს თავის ჩანაწერებში  მიშა თუმანიშვილი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება თეატრს შეალია.

*

როდესაც სტუდენტებს ან მსახიობებს ვუყვები იმის შესახებ, თუ რა გადამხდა ომის დროს, ვუამბობ, რომ კავალერისტი ვიყავი და ბრძოლებში ვმონაწილეობდი, უნაგირზე მჯდომი მტერს ვესროდი და ფაშისტური ტყვეობიდან არაერთხელ გავპარულვარ, მათ უძნელდებათ ამგვარ სიტუაციებში ჩემი წარმოდგენა და უნებლიეთ ეღიმებათ კიდეც. მე კი, მართლაც კავალერისტი ვიყავი. იმას ვერ დავიკვეხნი, რომ ბრძოლის შუაგულში შეუპოვრად ვიბრძოდი, მაგრამ შიში და უბედურება საკმარისად ვნახე. ხმლით ხელში ბრძოლაში მონაწილეობა არ მიმიღია, არც ქვემეხებიდან მისროლია და არც ალმოკიდებულ ტანკში ვმჯდარვარ – სატელეფონო კაბელის ქსელს ვშლიდი და ვახვევდი. ბრძოლის დროს ნაწილებს შორის კავშირს ვამყარებდი. მთელი ომის განმავლობაში, როცა ნაწილებს შორის კავშირი წყდებოდა, სატელეფონო ხაზზე დავრბოდი და დაზიანებულ ადგილებს ვეძებდი, თან კილომეტრიანი კაბელის კოჭას დავათრევდი, ან სანგრებში ტელეფონის ყურმილით ხელში ვიჯექი და ბრძანების გაცემას ველოდი. ბრძანებას რომ მივიღებდი, აღელვებული ვიმეორებდი მას და მერე მთელი ძალით ჩავყვიროდი ყურმილში: „ცეცხლი!“ თუმცა, სჯობია, თანმიმდევრულად მოვყვე. 1939 წელს მე და ჩემი ამხანაგები წითელი არმიის რიგებში გაგვიწვიეს. ყველა ცდილობდა, ჩემგან კარგი მეთაური დამდგარიყო. უმცროს მეთაურთა სკოლაშიც მასწავლიდნენ, მსროლელთა პოლკშიც დამავალეს კავშირგაბმულობის ნაწილის მეთაურობა, მაგრამ რიგიანი რომ ვერაფერი გამოვიდა, ხელი ჩაიქნიეს. იმ დროს პოლკთან არსებულმა კლუბის დრამწრემ დამაინტერესა და თავისუფალ დროს სულ იქ ვატარებდი. სპექტაკლებს ვდგამდი, ვთამაშობდით, კონცერტებს ვმართავდით, ჩემს პარტნიორ გოგონას ვეარშიყებოდი, პლატონურად გვიყვარდა ერთმანეთი. ომის დაწყებისას, მატარებელი, რომლითაც ის ევაკუირებული იქნა, გერმანელებმა დაბომბეს და ვალიაც დაიღუპა. ფინეთის კამპანიაში მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ ისეთ პირობებში გვიხდებოდა სამსახური, რომლებიც ბრძოლას არ ჩამოუვარდებოდა. ზამთარში, ძლიერი ყინვების დროს სამხედრო ქალაქის ეზოში მიწური გავთხარეთ და იქ ვცხოვრობდით. გაძლიერებულ საბრძოლო მზადებაში ვიყავით. კინაღამ გავიყინე. მითხრეს ფეხსახვევს შორის გაზეთი ჩაიფინეო. მიშველა. ზაფხულში ბესარაბიაში გავილაშქრეთ, ჩრდილოეთ ბუკოვინა გავათავისუფლეთ. მე, როგორც ფიზიკურად სუსტი და მიწის სამუშაოს შესრულებისთვის უვარგისი, დამაწინაურეს და სამშენებლო მასალის – ფიცრების, ლურსმნებისა და მავთულების საწყობის გამგედ დამნიშნეს. 20 ივნისს შტაბში ტელეგრამა მოვიდა კიევში ჩემი გამგზავრების თაობაზე. წასვლა ვერ შევძელი. 22 ივნისს დილის ოთხ საათზე ომი დაიწყო. თვითმფრინავები, ფრთებზე დახატული შავი ჯვრებით, ბანაკს ყუმბარებს უშენდნენ. თვალნათლივ მაშინ დავინახე, რა არის სიკვდილი. ჩემი ამხანაგი კუნძზე იჯდა და წიწიბურას ფაფას ჭამდა. აიღეს და მოკლეს. მერე, მეორე, მესამე... ბრძოლა საბავშვო თამაშ „ყაჩაღობანას“ წააგავდა, ოღონდ ნამდვილი მსხვერპლით. დავიწყეთ შეტევა. მინდორზე მივხოხავდი. უცებ, თითქოს ვიღაცამ რკინის ჯოხი ჩამარტყა ფეხში, დამჭრეს. ძალიან არ მტკენია, მაგრამ ხოხვა ვეღარ შევძელი. მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი, უკან მოვიხედე, ბევრი სისხლი მდიოდა. გრძნობა დავკარგე. სისხლის ან შპრიცის დანახვაზე ბავშვობიდან გული მიმდის. ვხედავ, ცუდადაა საქმე. ფორთხვა-ფორთხვით ხევში ჩავეშვი. სად მივდიოდი, თვითონაც არ ვიცოდი. დილით გერმანელებმა შემიპყრეს. საბარგო მანქანაში ჩამაგდეს და ქალაქ უმანში წამიყვანეს. იქ დაჭრილ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოვხვდი. ორსართულიანი ხის საწოლები დაჭრილი წითელარმიელებით იყო გადაჭედილი. ჭრილობებში მატლები დაცოცავდნენ. დღეში ათობით წითელარმიელი კვდებოდა. მათ პირდაპირ თხრილში ყრიდნენ. ტილებისა და ჩირქის სუნისგან ოთახში არ დაიდგომებოდა. ჩვენი სამხედრო ექიმები, რომლებიც იმავე ბანაკში აღმოჩნდნენ, დაჭრილთა გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. ურთულეს ოპერაციებს ჯიბის დანებით აკეთებდნენ. მედიკამენტები და სახვევები არ იშოვებოდა. ჭრილობას, არ ვიცი საიდან აღმოაჩნდათ, ყვითელი რივანოლის ხსნარით ამუშავებდნენ. ეკლიანი მავთულების მიღმა ქალები იდგნენ. ტიროდნენ, ყვიროდნენ, თავისიანებს ეძებდნენ, მოჰქონდათ უმი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ვისაც სიარული შეეძლო, იმათ უგდებდნენ. მე და ჩემმა ორმა ამხანაგმა გაქცევა გადავწყვიტეთ. ერთ წვიმიან დღეს ეკლიანი მავთულის კედელზე გადავძვერით... სახლში დავბრუნდი. მატარებელი ძალზე ნელა მიდიოდა. ბაქოს შემდეგ სულ ფანჯარასთან ვიჯექი. ღამით ჩამოვედი, ბნელოდა. ჩემს ქუჩამდე მთელი ქალაქი ფეხით გამოვიარე, ქუჩამდე, სადაც დავიბადე და ვცხოვრობდი. სიბნელეში გამოჩნდა პატარა, ორსართულიანი სახლი – ჩემი სახლი. ერთი თვის შემდეგ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. ეს იყო 1944 წლის ივლისი. გავხდი რეჟისორი. ვდგამ სპექტაკლებს, ზოგს სევდიანს. ზოგი გამოდის, – ზოგიც – არა. მაგრამ ყოველ მათგანში არის რაღაც იქიდან, იმ ცხოვრებიდან...

*

... კარი მოვიჯახუნე და ქუჩაში გამოვედი. მზიანი დღე იდგა. რუსთაველის პროსპექტზე ხალხის ტევა არ იყო. ყველას საითკენღაც მიეჩქარებოდა – თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. აქამდე ეს მშვენიერი შენობა ჩემი მშობლიური სახლი იყო. ახლა იგი უკვე უცხო გახდა ჩემთვის. მე წამოვედი თეატრიდან, სადაც თითქმის ოცდახუთი წელი ვიმუშავე. მივბორიალებდი გულშეღონებული, თითქოს რაღაც მოხდა, სიზმარში მოხდა, სული დასცილდა სხეულს და სადღაც გაქრა. ცუდად ვარ, გაცილებით უარესად, ვიდრე წარმომედგინა. თითქოს ნავში ვზივარ და ვშორდები ნაპირს. მინდა, სადმე უკაცრიელ კუნძულზე გადამაგდოს განგებამ. თეატრიდან არავინ მნახულობს, სად არიან ახლა ჩემი თანამებრძოლები, ამხანაგები, სადაა „შვიდკაცა“?! როგორც მათ მოსწრებულად შეარქვა ვიღაცამ. ყველაფერი წარსულში დარჩა, ყველაფერი უკვალოდ წაიშალა. დილით თეატრიდან დარეკეს, ჩემთვის ძალზე საყვარელი თეატრიდან. „მინდა მხარი დაგიჭიროთ, დიდი ხანია, ვგრძნობდი, რომ ყოველივე ეს სწორედ ასე მოხდებოდა, მაგრამ ასე ჩქარა არ ველოდი. არც კი იცით, რამდენი ხალხი ადევნებს თვალყურს თქვენს ამბავს. ისე, კაცმა რომ თქვას, რაზე უნდა გაიხეთქოთ გული? ბრწყინვალე სპექტაკლები გაქვთ დადგმული, ბევრს უყვარხართ, გაფასებენ. სულით ნუ დაეცემით. ჯერ ბევრი გამარჯვება გელოდებათ წინ!“ – მითხრეს. ადვილი სათქმელია – სულით ნუ დაეცემიო. მიჭირს! ვერაფრით შევგუებივარ ჩემს ამ ახალ ყოფას. ირგვლივ სიცარიელეა. მთელი ცხოვრება რამდენიმე სურათად შეიძლება დაიყოს. ბავშვობა და სკოლის წლები, ჯარი და ომი, ინსტიტუტი, რუსთაველის თეატრი და აგერ, ახლა აღარსად აღარ ვარ. შიგნით, ჩემს არსებაში რაღაც გატყდა, დაიმსხვრა და მას ვერაფრით გაამთელებ. თეატრი კი, თეატრი, რომელსაც 25 წელი შევწირე, შორეთში იბინდება. ჩემი მეუღლე მამშვიდებს და ამ ფრაზას რამდენადმე გადასხვაფერებულად მეუბნება: „შენ კი არ შეგიწირავს თეატრისთვის 25 წელი, თეატრმა მოგცა საშუალება მის კედლებში 25 წელი გემუშავაო“. შესაძლოა, მართალიც იყოს. მაინც რატომ წამოვედი თეატრიდან? ალბათ, იმიტომ რომ სადღაც რაღაც შემეშალა. იქნებ ჯობდეს დამშვიდებით გავერკვე ყოველივე ამაში ისე, რომ წვრილმანებს, ჭორებს წავუყრუო?! რა იქნება, რომ მთელ ამ ამბავს შორიდან, სხვისი თვალით შევხედო. თითქოს ყველაფერი ეს მე კი არა, ვიღაც სხვას გადახდენოდეს თავს. რატომ წამოვედი თეატრიდან? დირექციის გამო. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. დირექციასთან ყოველთვის იდეალური თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ასატანი, საქმიანი ურთიერთობა მქონდა. მაშ, რეჟისურის გამო? არა მგონია. მით უფრო, რომ თეატრის რეჟისორები ჩემი მოწაფეები იყვნენ. ისინი პატივს მცემდნენ, აღიარებდნენ ჩემს ავტორიტეტს, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, ალბათ, მაკრიტიკებდნენ, როგორც ეს სჩვევიათ საერთოდ ახალგაზრდებს. თუმცა, მუშაობაში ხელს არ მიშლიდნენ. პირიქით, მე თვითონ ვუშლიდი მათ ხელს. ზოგჯერ მავიწყდებოდა, რომ ისინი ბავშვები აღარ იყვნენ, მაგრამ ამას სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივუყვანივართ. არა, მე თეატრიდან რეჟისურის გამო არ წამოვსულვარ. იქნებ იმიტომ წამოვედი, რომ რუსთაველის თეატრის სცენა მეტისმეტად დიდია და მე კი, სიბერეში ფეხშემდგარს, მცირე სცენაზე მუშაობა მომინდა? ასე არ ყოფილა. თავის დროზე თეატრში ჩვენ გავხსენით მცირე სცენა. ნუთუ, რაც მოხდა, შიდათეატრალური კინკლაობის გამო მოხდა? მე თეატრიდან არ წამოვიდოდი მხოლოდ იმის გამო, რომ შესაძლოა, ჩემით უკმაყოფილო ყოფილიყო რამდენიმე მსახიობი, რომლებიც ჩემს სპექტაკლებში იშვიათად თამაშობდნენ. მაგრამ, რომელ თეატრში არ ხდება ასეთი რამ? უროლო მსახიობი ყუმბარაა, რომელიც ჯიბეში გიდევს და ყოველ წუთს შეიძლება, აფეთქდეს. მსახიობებიც თავისებურად მართალნიც არიან – კაცი თეატრში თუა, უნდა მუშაობდეს კიდეც. მე თეატრიდან წავედი იმის გამო, რომ ჩემი თანამებრძოლები უკვე ვეღარ მიგებდნენ ან მე ვერ ვუგებდი მათ. მათ უკვე ნამდვილად აღარ აღელვებდათ ის პრობლემები, რომლებიც მე დღე და ღამე არ მასვენებდა. იქნებ მეც არ ვცდილობდი, მაინცდამაინც გამეგო, რას ეწსრაფოდნენ ისინი. სხვადასხვა მიზნები, ინტერესები და ამოცანები გაგვიჩნდა. ამან შემოქმედებით ურთიერთგაუგებრობამდე და მდუმარე კონფლიქტამდე მიგვიყვანა...

*

...შინ მივედი. ჩემს კარს მივადექი, გასაღები ამოვიღე და უცებ გავიფიქრე, რომ ჯერ კიდევ გუშინ მეჩვენებოდა – ჯიბეში მიდევს გასაღები, რომელსაც მრავალი წელი ვეძებდი. გასაღები ჯიბეში მედო, მაგრამ უკვე არ მქონდა საამისო კარი. მე გადავწყვიტე, ჩემს ბავშვებთან ერთად ამეშენებინა თეატრი, რათა არსებულიყო კარი, რომელსაც ჩემი გასაღები მოერგებოდა და ჩვენ დავიწყეთ თეატრის „თამაში“. ეს იყო მე-11 აუდიტორიის თეატრი. სიტყვა – „სახელოსნო“ თვითონ მოვიფიქრეთ. ცხადია, მას შეიძლებოდა „კინომსახიობთა თეატრიც“ დარქმეოდა, როგორც ბოლოს და ბოლოს შეერქვა კიდეც. მე კვლავ თეატრში აღმოვჩნდი, პატარა და იმ თეატრისგან სრულიად განსხვავებულ თეატრში, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე.

*

... დავით კლდიაშვილის ერთ, საიქიოში ნამყოფ გმირს თუ დავუჯერებთ, იქ ჩვენზე ადრე მისულნი სრულიადაც არ გრძნობენ თავს ცუდად. პირველი, რაც ამ გმირმა დაინახა – ცვრიანი, მწვანე ბალახით დაფარული ველები და მდელოები იყო. მდელოებზე თეთრი კრავები ბალახობდნენ და ყვავილები ყვაოდა. ირგვლივ ენით აუწერელი სილამაზეა. ჩვენი გმირი ბილიკს გაუყვა და ხედავს – წყაროსთან ვიღაც ზის. შემდეგ გაირკვა, რომ იგი მთავარანგელოზი იყო. ჩვენებისკენ როგორ გავიდეო, – ჰკითხა. აი, ამ ბილიკით წახვალ და შემდეგ იმათ წყაროსთან შეხვდებიო. გაუყვა ბილიკს. ხედავს, წყაროსთან ხალიჩასა და მუთაქებზე ზის ყველა მისი გარდაცვლილი ნათესავი და მეზობელი. ჩაცივებულ ღვინოს სვამენ, ცოცხლებს იხსენებენ, მათზე ყველაფერი იციან. გეგონებათ, არც დახოცილან. ახალმოსული რომ დაინახეს, გაიხარეს, მიესალმნენ, გამოკითხვა დაუწყეს. აი, თურმე ასე სხედან ისინი ანკარა წყაროს წყალთან, ლამაზ-ლამაზ სადღეგრძელოებს ამბობენ და პოლიტიკაზე საუბრობენ. მაგრამ, მე მაინც რატომღაც ამქვეყნად დარჩენას ვარჩევ. ვწევარ თვალებდახუჭული და საკუთარ ფიქრებს ვუგდებ ყურს. რაა ის უმთავრესი, რაც გონებაში ტივტივებს – თეატრი. სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე ისეთი სპექტაკლის დადგმა თუ შეუძლია კაცს, მოსახლეობის მეოთხედი რომ აალაპარაკოს? სამი, ოთხი, ჰა, ბევრი. ერთი ასეთი სპექტაკლის დადგმაც თუ მოახერხე, შეგიძლია იზეიმო. პირადად მე, რომელი ასეთი სპექტაკლის ჩამოთვლა შემიძლია? რა მაქვს დადგმული? „ესპანელი მღვდელი“, ჩეხური პიესა სიყვარულზე, „ჭინჭრაქა“, „ანტიგონე“. თუ ძალა მეყოფა და ათ წელიწადს კიდევ გავძლებ, ამ სიას რამეს მივუმატებ. მაშინ მშვიდად შემიძლია ვთქვა: „მე ვარ რეჟისორი, ვინც რაღაც გააკეთა და კიდევ, სინდისის ქენჯნის გარეშე შემეძლება შევძვრე ამ შემკულ, მოხატულ ვიწრო კუბოს მსგავსი, სიმპათიური ქვის ქვეშ!“

скачать dle 11.3