კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაჰყავს ჭკუიდან ვერიკო ტურაშვილს და რატომ დარჩა ზუზუ ბეჟაშვილი უსახლოდ, უმეგობროდ, უყველაფროდ

ვერიკო ტურაშვილმა და ზუზუმ ერთმანეთის ხასიათის, სურვილების, შესაძლებლობებისა და ნიჭიერების შესახებ, თითქოს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ დიდი ხნის მეგობრებმა ჩვენი ინტერვიუს საშუალებით, ერთმანეთში კიდევ უამრავი სიახლე აღმოაჩინეს.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ზუზუ

– საინტერესოა, ამ კუთხით საუბარი. პირველი შეკითხვა ეგრევე გამიჩნდა. ჩამომითვალე სამი რამ, რაც ყველაზე მთავარია შენთვის.

– თავიდანვე დამაბნიე. ამდენწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და სათუთ თემად ერთი რამ იქცა – ყველა საყვარელი ადამიანი ჯანმრთელად იყოს. ბევრი დანაკლისი მქონდა ცხოვრებაში და მინდა, ყველა ბედნიერად იყოს.

– და შენ სად ხარ ამ დროს? შენი ბედნიერებისთვის რა არის საჭირო?

– იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ეგო უკანა პლანზე მაქვს გადაწეული, ალბათ, ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობ, მხოლოდ ჩემთვის რა არის კარგი. მაგრამ, თუ მაინც სამი რამ უნდა დავასახელო, პირველი ჯანმრთელობაა, ჩემი საქმე რომ მქონდეს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია... მაინც მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან ბედნიერება ბევრი კომპონენტისგან შედგება. შეიძლება, წვრილმანმაც კი წყალში ჩაყაროს ყველაფერი დალაგებული.

– ჩემთვის პირადად, ეს არის ჯანმრთელობა, ჩემი ცხოვრების ყველა წუთისგან მივიღო სიამოვნება – ურთიერთობებიდან, ადამიანებისგან, საქმისგან. მხოლოდ პოზიტივი და არა ნეგატივი. მესამე კი, ეს არის ჰარმონიულად ყოფნა როგორც საკუთარ თავთან, ისე სამყაროსთან. 

– ფულიც გვინდა, ზუზუ.

– კი, აუცილებლად გვჭირდება. ყოველი წუთისგან რომ სიამოვნება მიიღო, ამას ფული სჭირდება, ამ კომპონენტში ჩავდე. მაყურებლის მხრიდან შენ როგორ ხედავ მომღერალ ვერიკო ტურაშვილს?

– რა ჩამჭრელ კითხვებს მისვამ, ვინ ყოფილხარ (იცინიან)?! არ ვიცი. ასე, საკუთარ თავს ვერ ვაფასებ, მიჭირს გარედან დანახვა...

– ერთი რამ არ მესმის – არ ვიცი, როგორ ვითამაშე... აი, რაღაც დამაკლდა... ეს ყველაფერი მოგონილია. ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორ ვითამაშე. ასე რომ, შენც იცი, როგორი მომღერალი ხარ.

– არა, მართლა არ მაქვს თვითშეფასების უნარი დაქვეითებული. კონკრეტულად, რაღაც სიმღერა შეიძლება, არ ვიცოდე როგორ ვიმღერე, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი, მაგრამ თვითშეფასებაში „კარგად ვარ“. ბევრი წელი დავკარგე, ამ დროში უამრავი რაღაცის გაკეთება შემეძლო. ამიტომ, ახლა ყოველი წუთი უნდა გამოვიყენო, დასაკარგი დრო არ მაქვს. მით უმეტეს, რომ ვგრძნობ, მართლა შემიძლია, კეთება. 

– ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე და მინდა, კიდევ ერთხელ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს მომღერლისთვის არტისტიზმს? მხოლოდ ვოკალური მონაცემების მტკიცება ცოტა სასაცილო მეჩვენება და მიხარია, რომ შენ სიმღერებში ამას არ ამტკიცებ.

– და სულ ამას მსაყვედურობენ, რატომ არ ამტკიცებო. შეიძლება, ჩურჩულით გამოხატო ის, რისი გამოხატვაც სიმღერით გინდა. მეასეხარისხოვანია რამხელა ნოტს გაჭიმავ. სიმღერის კულტურა, არტისტიზმი, ეს ყველაფერი ერთიანობაში კარგ მომღერალს ქმნის.

– ითამაშებდი სადმე, გიფიქრია ამაზე? მაგალითად, მიუზიკლში.

– არა. შეიძლება ერთჯერადი პროექტის სახით მომესინჯა, მაგრამ ზოგადად მიუზიკლების მსახიობად საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. იმიტომ კი არა, შევძლებ თუ ვერ შევძლებ, უბრალოდ, ვერ ვხედავ ჩემს თავს ამ მიმართულებაში. 

– ჰქონდათ რუსებს მიუზიკლი „მეტრო”...

– მსგავსი ტიპის მიუზიკლში სიამოვნებით ვითამაშებდი. დღეს, მგონი, რაღაც სასწაული თუ არ გააკეთე, შოუთი ვერავის გააკვირვებ. თუ კარგად არ ცეკვავს ადამიანი, იმისთვის, რომ ეს სცენაზე კარგია, არ უნდა იცეკვოს. ჩვენი საყვარელი მომღერალი – ემი უაინჰაუსი, რა შუაშია მასთან სცენაზე დგომა და რაღაც დაზეპირებული მოძრაობების კეთება (იცინიან).

– ვერიკო, მითხარი, ბევრი მეგობარი გყავს?

– რომ დავფიქრდი, მივხვდი, არცთუ ისე ცოტა. გამიმართლა ადამიანებში. ორი-სამი წლის წინ ვფიქრობდი, რომ ეს წრე ძალიან პატარა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ – არა. თუნდაც, ჩვენს სფეროში მყავს ადამიანები, რომლებსაც შემიძლია, მეგობარი ვუწოდო და არ არის ეს ორი და სამი კაცი. ბევრნი არიან და მიხარია. 

– მე ვინ ვარ „ვაფშე”, აი ზუზუ ვინ არის შენს ცხოვრებაში (იცინიან)? მაინტერესებს, მიყვარს ჩემზე რომ ლაპარაკობენ. 

– ჩვენი გაცნობა და დამეგობრება მოხდა ავტობუსში, ზუსტად ნახევარ წამში. გავიცანი და მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია (მე მომმართავს – ავტორი) მას შემდეგ, ყოველდღე ვრწმუნდები ამაში. მეგობრობა დამტკიცდა ყველაფერში – საქმეში, ურთიერთობებში, როცა უბრალოდ, გინდა, ელაპარაკო, დაურეკო. ანდა, არც ელაპარაკო, ისე იყოს შენ გვერდით. დღე არ გავა, რომ სამჯერ-ოთხჯერ არ ვილაპარაკოთ.

– სამჯერ-ოთხჯერ არ ვიჩხუბოთ და მერე შევრიგდეთ. ჭკუიდან გადამყვანი ადამიანი ხარ. ყველგან აგვიანებ, ერთი პროცენტი არ არსებობს იმის ალბათობა, რომ გააკეთებინო ის, რაც მას არ უნდა. აი, წამოდი, რა იქ... არ არსებობს! 

– მაცადე, შენზე ვლაპარაკობთ. რაც შეეხება შენს პროფესიულ მხარეს, სახლში პოსტერი მაქვს გასაკრავი. მიხარია, რომ ჩემ გვერდით უნიჭიერესი, ასეთი წარმატებული ადამიანი დგას. მეამაყება შენი ბოლო წარმატებაც და ისე მიხარია, როგორც საკუთარი. მგონია, იმხელა პოტენციალი გაქვს, ან საქართველოს უნდა ეშველოს, ან შენ უნდა გაიქცე აქედან. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვერიკო ტურაშვილი

– დასაწყისში, მოდი, იმ ჯილდოს შესახებ მოგვიყევი, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ აიღე.

– ბაქოს ფილმების ფესტივალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ფესტივალია. იქ ავიღე პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – „ოქროს აფროდიტე“. ეს პრიზი გავუყავი ერთ იტალიელ მსახიობს, რომელიც ასევე ძალიან მოეწონათ, მაგრამ ქანდაკება მე გადმომცეს.

– შენ თვითონ როგორ ფიქრობ, რამდენად ახერხებ შესაძლებლობების რეალიზებას და თუ ვერ ახდენ, თავად ხომ არ აკლებ ძალისხმევას ამ ყველაფერს?

– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ძალიან გვიან. ვიწყებ ადრე და შედეგი გვიან მოდის. თავიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ინსტიტუტში გვიან ჩავაბარე. გვიან ვითამაშე კინოშიც. მაყურებელმა ჩემი ბევრი ფილმი არც იცის. უფრო პაპსა პროექტები იციან. მაგრამ, კინოში გამიმართლა. დღეს როცა ფილმებს „რედ-ზე” იღებენ, გამიმართლა და მონაწილეობა ნამდვილ კინოში მაქვს მიღებული და არა კინოსთან ახლოს პროექტებში. 

– ეს გამართლებაა თუ შენი შრომის შედეგი?

– მაინც გამართლებაა. ჩემი მთავარი პროექტის რეჟისორი ძალიან ბევრ ქვეყანაში ეძებდა ჩემს პერსონაჟს და ამიყვანა მე. მერე კი... როგორ ვიმუშავე, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაზღვროს. მხოლოდ ამ პროექტზე კი არა, ზოგადად, იღბალი ძალიან ბევრს ნიშნავს. არ მიყვარს ამ თემაზე ღიად ლაპარაკი, მაგრამ ბევრჯერ მითხოვია ღმერთისთვის საქმეში გამიმართლოს-მეთქი. იღბალი კი არა, ღმერთით ხდება ჩემს ცხოვრებაში კარგიც და ცუდიც. 

– არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ამ ნიჭთან ერთად, შეუძლიათ კარგად გაყიდონ საკუთარ თავი, რაც შენ არ გაქვს.

– და ეს სულ არ არის ჩემი პლუსი. ყველა მსახიობს სჭირდება ადამიანი, ვინც მის ფინანსურ და მსგავს საქმეებს მოაგვარებს. ათასი ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხია, რაზეც აგენტმა უნდა იზრუნოს და არა არტისტმა. ჰონორარებზე ლაპარაკი უბრალოდ მრცხვენია.

– მეც საშინლად მრცხვენია.

– აი, მაგალითად, ახალ წელს გირეკავენ და გეუბნებიან, რამდენი გინდა? ძლივს პასუხობ რაღაც თანხას. ისინი კი, ორას დოლარს, თუ რაღაც ეგეთს, კიდევ გაკლებინებენ და თავი ვაშლი გგონია. საშინელებაა. ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანები რომ იყვნენ, დამიჯერე, გაცილებით მეტი საქმეც გვექნებოდა და შემოსავალიც. 

– შენი კეთილი ნებით როგორ გირჩევნია წარმატებული იყო საქართველოში, თუ აქედან წახვიდე?

– ვიყავი წასული და შენ კარგად იცი, რომ ყველანაირი პირობა მქონდა მოსკოვში დავრჩენილიყავი. მქონდა მიწვევები და ახლაც მელოდებიან. მაგრამ, ამაზე მაინც უარის თქმა მიწევს, მიუხედავად იმისა, აქ ბევრი დღეა ისეთი, არაფერს რომ არ ვაკეთებ. ბოლო წლებში როგორი სურვილი გამიჩნდა, იცი?! არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რაღაც მნიშვნელოვანი არ გავაკეთო. კარგი კინო მინდა, ყველაფრით. კინო არ არის მარტო მსახიობი, რეჟისორებსა და ოპერატორებს რომ თავი დავანებოთ, კინოს ორმოცი პროცენტი, მონტაჟია. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ნიჭიერი ადამიანები არ გვყავს. ჩვენი მსახიობები გადასარევ როლებს გაგიკეთებენ სხვა ქვეყანაში. გაუშვი რეჟისორი – მაგარ კინოს გადაიღებს. აქ რა გვემართება, ვერ გავიგე. ალბათ, ავირიეთ. არსებობს კლასიკური და თანამედროვე ხედვა, ჩვენთან კი ეს ყველაფერი ატყლიზნულია. დღეს ისეთი დროა, ყველგან ბევრი ნაგავი კეთდება და ცოტა კარგი. ასევეა ჩვენთან. ამიტომ ჯობია, მეტი გადავიღოთ და იქიდან უფრო მეტი იქნება კარგი. 

– საკმაოდ კომპეტენტური ხარ მუსიკაში...

– ჩემი კომპეტენტურობა არ განისაზღვრება იმით, რომ დღედაღამ მაილს დევისს ვუსმენ. ყველაფერს ვუსმენ, პაპსადან დაწყებული.

– ზუსტად ამიტომ გეკითხები, შენ როგორ მხედავ – ვიზუალიდან დაწყებული რეპერტუარით დამთავრებული?

– მიმდინარეობას ვერ გეტყვი და არც გეტყვი, რადგან არ მინდა, ერთი პლანის მომღერალი იყო. რა მუსიკაშიც კომფორტულად იგრძნობ თავს, ის მინდა იმღერო. არადა, ვხედავ, ხშირად კომფორტულად სულაც არ ხარ. რაც შეეხება ვიზუალს, სცენაზე არ მომწონს გადაპრანჭული ხალხი. არის რამდენიმე ფიგურა, ვისაც ეს უხდება, მაგრამ შენ ასეთი არ ხარ. ჰიპადაც გხედავ, ბოშადაც... მინდა, გამოხვიდე, უკან ბენდი იყოს და იმღერო. იმღერო ყველაფერი, რაშიც კომფორტულად იქნები. ამის ყველანაირი მონაცემი გაქვს – ვოკალიც, გარეგნობაც, გრძნობაც, ტკივილიც, სიყვარულიც... ყოველთვის მინდოდა, სიმღერა და რატომ? – ეს შენი განცდების გადმოტანის ყველაზე კარგი საშუალებაა. ჩურჩულის მერე კივილს ვხედავ. ვიცი, რომ ეს შეგიძლია, რადგან დაგროვილი გაქვს... შენი სოლო კონცერტი მინდა რა (იცინიან).

– ზუზუ, შენი სურვილები გვითხარი, პირადი და არა, მაინცდამაინც საქმესთან დაკავშირებული. რა არის ისეთი, რისი გაკეთებაც გინდა და იტყვი – ამისთვის ცხოვრება ღირდა.

– შეიძლება, ბევრი წელი გავიდეს ისე, რომ არაფერი გააკეთო... მაგრამ, ერთი გააკეთო და ისეთი, რომ მთელ ცხოვრებად ღირდეს. არ მინდა ამქვეყნიდან შეუმჩნეველი წავიდე... მეშინია ავადმყოფობის და სიბერის. დრო ისე მალე გადის, მინდა ბოლომდე დავიხარჯო – ყველა ენერგია გავხარჯო, რაც მაქვს. 

– ჰარმონიაზე საუბრობდი. გაქვს კონფლიქტები სამყაროსთან ან საკუთარ თავთან?

– უფ, რამდენიც გინდა. მუშაობის დროს ჩემი ღილაკები მაქვს, რომლებიც ხან ირთვ ება, ხან ითიშება. თუ ყველა ღილაკი გაითიშა, აი, მაშინ ხდება ნგრევა, იწყება კონფლიქტები სამყაროსთან. მოვმკვდარვარ და თავიდან დამიწყია ცხოვრება, ფეხის ადგმა. საბედნიეროდ, ეს ხშირად არ ხდება. საკუთარ თავთან კი სულ სხვა სიტუაცია მაქვს. ამ ბოლო დროს ზუზუ „მევასება”, მეცოდება კიდეც. ხშირად დავრჩენილვარ უმეგობროდ და ამ დროს ჩემი თავის მეგობარი ვხდები ხოლმე. ვერ მივალ ვიღაცასთან და ვერ ვთხოვ, გადამიღე-მეთქი. ამ დროს კი მეორე ზუზუ ამბობს – დამშვიდდი, ამას გადავახტებით და მაინც გავაკეთებთ. 

 

 

скачать dle 11.3