კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთავაზობდა ვაცლავ ჰაველი ლეგენდარულ ფრენკ ზაპას და როკენროლის რომელ ვარსკვლავთან ერთად მიესალმა იგი მოქალაქეებს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ

 

ის იყო ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, დრამატურგი და დისიდენტი, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ცვლილებების სიმბოლო, ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმთან მებრძოლი და ბევრი მოქმედი პოლიტიკოსისთვის სამაგალითო ადამიანი. 

* ვაცლავ ჰაველი 1936 წელს პრაღაში, ცნობილ ჩეხურ ოჯახში დაიბადა.  ბაბუამისი – ვაცლავ ჰაველი სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული. მან ააშენა პრაღის ლუცერნა ვაცლავის მოედანზე და დააარსა კინოკომპანია „ლუცერნაფილმზი”. ბაბუის საქმის გამგრძელებლები იყვნენ ვაცლავის მამა, ვაცლავ მ. ჰაველი და ბიძა, მილოშ ჰაველი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მათი ოჯახი ფლობდა – კინოსტუდია „ბარანდოვს”, „ლუცერნას” რესტორნების ქსელს, მონადირის სახლს ჩეშკო-მორავიის მაღლობზე 1 400 ჰექტარი ტყის ფართობით, რომელიც ყოველწლიურად არენდით გაიცემოდა და ასევე, საცხოვრებელ სახლებს პრაღის სანაპიროებზე. დედა – ბოჟენა, გათხოვებამდე ვავრიჩკოვა, ბურჟუაზიული გაზეთ „ლიდოვე ნოვინის” რედაქტორის, გუგო ვავრიჩკოვის შვილი გახლდათ. გუგო თავის დროზე ჩეხეთის ელჩი იყო ავსტრიასა და უნგრეთში და 1938 წლამდე პროპაგანდის მინისტრის პორტფელი ებარა. 

* გერმანული ოკუპაციის წლებში, 1942 წელს ვაცლავ ჰაველი პირველად წავიდა სკოლაში. 8 წლის იყო, როცა წითელი არმიის ძალისხმევით, 1945 წლის მაისში, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია სრულად გაიწმინდა ოკუპანტებისგან. 1947 წელს ვაცლავის ოჯახმა შვილი კერძო ინტერნატში გაამწესა – პოდებრადაჰში, სადაც მას დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ესწავლა. სკოლაში ელიტის წარმომადგენლების შვილები, კომუნისტების შვილებთან და ობოლ ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ. იმავე ინტერნატის მოსწავლე იყო ობოლი მილოშ ფორმანი, ვაცლავ ჰაველის მეგობარი და მომავალში ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი, ორგზის  „ოსკარის” ლაურეატი ფილმებისთვის  – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და „ამადეუსი”. ფორმანის მშობლები ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში – ბუჰენვალდსა და აუშვიცში დაიღუპნენ. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში კომუნისტები მოვიდნენ და ჰაველის ოჯახს მთელი ქონება ჩამოართვეს, ხოლო თავად ვაცლავი, როგორც მოქმედი რეჟიმის მოწინააღმდეგის შვილი, ინტერნატიდან გარიცხეს. მან მხოლოდ 1954 წელს მოახერხა საშუალო განათლების დამადასტურებელი საბუთის აღება.

* 1955 წელს ვაცლავ ჰაველი პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი და უმალ მოიპოვა პოპულარობა ლიტერატურულ წრეებში. იმავე პერიოდში გაიცნეს მისი პიესები. 1957-1959 წლებში იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა ბუდეიოვიცეში და სამხედრო ნაწილში  თეატრალური წრე ჩამოაყალიბა, სადაც პიესებს დგამდა. ხშირად სპექტაკლებში თავადაც ასრულებდა როლებს. 1960 წელს ჰაველმა მუშაობა დაიწყო თეატრ „ნა ზაბრადლში”, ჯერ ტექნიკოსად, შემდგომ კი, უკვე დრამატურგად. ამავე თეატრში 1963 წელს დაიდგა მისი პირველი სპექტაკლი პიესაზე „ბაღის დღესასწაული”, რომელიც მოგვიანებით, დასავლეთ ბერლინში, შილერის თეატრშიც დაიდგა. ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო ვაცლავი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა სასურველ ჰუმანიტარულ განათლებას. მას ქიმიკოს-ლაბორანტის განხრით მოუხდა სასწავლებლის დამთავრება. 1966 წელს კი მან დაუსწრებლად დაამთავრა პრაღის ხელოვნების აკადემიის თეატრალური ფაკულტეტი. 

* საბჭოთა ჯარების ინტერვენციის დროს, 1968 წელს ვაცლავ ჰაველი აქტიურად ჩაერთო დემოკრატიისთვის ბრძოლაში. იგი აქტიურად იბრძოდა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი დისიდენტი იყო, დისიდენტური მოძრაობა „ქარტია 77-ის” ერთ-ერთი ავტორი. იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მათ შორის უკანასკნელად 1989 წელს, როდესაც „ხავერდოვანი რევოლუცია” ძალებს იკრებდა. თავად ჰაველი კი უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში. იმავე, 1989 წელს ვაცლავ ჰაველი ფედერალური საბჭოს მიერ იქნა არჩეული ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად.

* ვაცლავ ჰაველის პოლიტიკურ ცხოვრებას თან ახლდა როგორც აღზევება, ისევე დაცემა. 1992 წელს ვაცლავ ჰაველს სულ რაღაც 20 ხმა დააკლდა, რომ ხელმეორედ დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი. მაშინ მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, იმ პერიოდს დაემთხვა ჩეხოსლოვაკიის დაშლა და 1993 წლის 2 თებერვალს ვაცლავ ჰაველი დამოუკიდებელი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა. მეორე ვადით არჩევის დროს კი, ჰაველს მესამე ტურამდე მოუწია ბრძოლა ოპონენტებთან. მისი დამსახურებაა, რომ 1999 წელს ჩეხეთი ნატოს წევრი გახდა. 

* ჰაველის პრეზიდენტობის პერიოდს დაემთხვა მისი უდიდესი ცხოვრებისეული ტრაგედია. 1996 წლის იანვარში გარდაეცვალა მეუღლე, რომელთანაც 30 წელი იცხოვრა. მათ ერთმანეთი 1956 წელს გაიცნეს, რვა წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ. ჰაველს არაერთხელ უთქვამს, რომ ოლგა მისი მთავარი დასაყრდენი იყო ცხოვრებაში. 1997 წლის იანვარში ჰაველი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული მსახიობი დაგმარ ვეშკრნოვა გახდა, რომელთან ერთადაც მან ცხოვრების ბოლომდე იცხოვრა.

* მიუხედავად ჩეხი ხალხის უაღრესად დიდი პატივისცემისა, ვაცლავ ჰაველს ხშირად აკრიტიკებდნენ. კრიტიკის ობიექტი იგი ძირითადად შეწყალებებისა და ამნისტიების გამო ხდებოდა. 13-წლიანი მმართველობის პერიოდში ჰაველმა სამი ამნისტია გამოაცხადა და მათ შორის ყველაზე მასშტაბური, რომელსაც ცხარე კრიტიკა მოჰყვა, 1990 წლის ამნისტია გახდა. მან პატიმრების 75 პროცენტი გამოუშვა ციხიდან, საერთო ჯამში, 15 ათასი ადამიანი. შეწყალებულთა რიცხვმა კი 1938 ადამიანი შეადგინა. საინტერესოა, რომ ზოგმა პატიმარმა, პოლიტიკური მოტივით, თავად თქვა უარი შეწყალებაზე და ციხეში დარჩა.   

* ვაცლავ ჰაველი როკენროლის დიდი მოყვარული იყო. პრეზიდენტად არჩევის დროს იგი მოქალაქეებს აივნიდან მიესალმა, გვერდს კი „როლინგ სთოუნზის” სოლისტი, მიკ ჯაგერი უმშვენებდა. გარდა ამისა, ვაცლავ ჰაველი მეგობრობდა ლუ რიდთან და ფრენკ ზაპასტან. ფრენკს ის მინისტრის პორტფელსაც სთავაზობდა თავის მთავრობაში. 

* ლიტერატურულ-დრამატულ წრეებში ვაცლავ ჰაველი ცნობილია, როგორც პიესების უბადლო ავტორი აბსურდის თეატრისთვის. სწორედ მის სახელს უკავშირდება აბსურდის თეატრის აღორძინება ჩეხეთში. თავის ნაწარმოებებში იგი ხშირად გამოიყენებდა ტერმინს – აბსურდისტანი, რაც იმ ქვეყნის სახელწოდებას ნიშნავს, სადაც აბსურდი ცხოვრების ნორმად იქცა, განსაკუთრებით პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავდაპირველად, ეს ტერმინი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დისიდენტებს შორის, ხოლო მოგვიანებით, ის ახლოაღმოსავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც აიტაცეს. 

* ცხოვრების ბოლო წელს, 75 წლის ვაცლავ ჰაველმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქრონიკული დაავადების გამო, კინორეჟისორის სავარძელში ჩაჯდა და თავისი პიესების მიხედვით მხატვრული ფილმი გადაიღო. 

* 2011 წელს ვაცლავ ჰაველის უშუალო ჩარევით ჩაიშალა „კვადრიგას” პრემიის გადაცემა ვლადიმირ პუტინისთვის. პრემიას გერმანული არაკომერციული ორგანიზაცია გადასცემს პოლიტიკოსებს, რომლებიც პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროში ინოვაციური პროექტების დანერგვას მიესალმებიან. პუტინისთვის ამ პრემიის მინიჭების წინააღმდეგ ჰაველის გარდა, „ვიკიპედიის” ავტორი – ჯიმი უეილსი და გერმანელი „მწვანეების” ლიდერი – ჯემ ოზდემირი გამოვიდნენ.

* ვაცლავ ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია 23 დეკემბერს გაიმართა და ურნა მისი ფერფლით ჰაველების საგვარეულო აკლდამაში, პირველი მეუღლის, ოლგას გვერდით მოათავსეს. ჰაველთან გამოთხოვების ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი დაესწრო, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ამერიკის გენმდივანი ჰილარი კლინტონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიდან, მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ არ მიუსამძიმრა ოფიციალურად ჩეხეთის რესპუბლიკას. ვლადიმირ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა პირადად არ გაგზავნეს სამძიმრის წერილი პრაღაში.

 

 

скачать dle 11.3