კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ენიჭება, ახალი კოდექსით, მოქალაქეების დაკავების უფლება უამრავ სახელისუფლო ორგანოს და რატომ არ იარსებებს ახალ „ადმინისტრაციულ კოდექსში“ დაკავებულის უფლებები

ახალი ადმინისტრაციული კოდექსის პროექტის (რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ ზაფხულს დაამტკიცა) ძირითადი დებულებები მკითხველს წინა ნომერში უკვე გავაცანით. თუმცა ადმინისტრაციული კოდექსის პროექტი  მოიცავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, რაც ადმინისტრაციულ პატიმრობას ეხება და, ექსპერტთა შეფასებით, ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოქმედი კოდექსის ახალი ვარიანტი ამ ნაწილშიც დამძიმებულია (აქვე გეტყვით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა საბჭოთა სისტემის გადმონაშთია და ის, ძირითადად, მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გვხვდება, ბუნებრივია, არასახარბიელო საბჭოთა მემკვიდრეობის გავლენით, რომელსაც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ ველევით). კოდექსის პროექტში ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე  საიას იურისტი სოფო ვერძეული გვესაუბრება.

 

– ჩვენთვის ახლა ხელმისაწვდომია პროექტის უახლესი ვარიანტი, რომელიც გადაეგზავნა ევროპის საბჭოს ექსპერტებს და სწორედ ამ პროექტის მიხედვით ვისაუბრებთ.

– სანამ უშუალოდ ახალი კოდექსის პროექტის ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილზე ვისაუბრებთ, განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს ადმინისტრაციული დანაშაული?

– ეს არის გარკვეული გადაცდომა კანონიდან, რომელიც სიმძიმით არ არის დანაშაულის ტოლფასი ქმედება. მართალია, არის კანონდარღვევა, მაგრამ გაცილებით მსუბუქი, ვიდრე დანაშაული. ასეთი ძალიან ბევრი სამართალდარღვევა არსებობს, რომელიც შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადახდეს ადამიანს. მათ შორის, ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. შესაბამისად, თავისი სიმძიმით ის არ უტოლდება დანაშაულს. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაწესებულ სასჯელებს: ჩვენი აზრით, სასჯელები თავისი სიმძიმით არ არის ადეკვატური და გაცილებთი მძიმეა, ვიდრე ჩადენილი სამართალდარღვევა. ჩვენ ვიცით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გათვალისწინებულია 90 დღემდე ვადით. ასეთი ვადით პატიმრობა ადეკვატურია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. თუმცა მხოლოდ 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა არ არის ამ ახალი კოდექსის ერთადერთი ხარვეზი.

დავიწყოთ დაკავებით: დაკავების საფუძვლების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და, რაც მთავარია, არსებული პრაქტიკით, დაკავება ადმინისტრაციული პატიმრობის ერთგვარი წინაპირობაა. არსებული კოდექსით, დაკავების მაქსიმალური ვადაა 12 საათი, ახალი პროექტით, უკვე შემოტანილია 24-საათიანი დაკავების ვადა. თავისთავად, 24-საათიანი დაკავების ვადა უარყოფითი არ არის, იმდენად, რამდენადაც 24 საათი შესაძლოა, ადვოკატმა გამოიყენოს პირის უკეთ დასაცავად, მაგრამ არის სხვა პრობლემები. მაგალითად, პროექტში არ არის ცალსახად გაწერილი, თუ რამდენ ხანში უნდა შეატყობინოს დამკავებელმა ან დაკავებულმა ინფორმაცია დაკავების შესახებ დაკავებულის ოჯახის წევრებს ან ადვოკატს. მართალია, მითითებულია და პირს განემარტება, რომ აქვს შეტყობინების უფლება, მაგრამ არ მიეთითება, რომ შესაბამის პირებს აქვთ თუ არა ვალდებულება, ვთქვათ, დაკავებიდან 5 წუთში მისცენ ტელეფონი და დაარეკინონ დაკავებულს. ამიტომ დაკავების 24-საათიანმა ვადამ შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ პირმა ვერ მოახერხოს ამ დროის განმავლობაში შეტყობინება.

– შეიძლება, რომ დაკავებიდან 23-ე საათზე შეატყობინონ ოჯახის წევრებსა და ადვოკატს პირის დაკავების შესახებ?

–  რა თქმა უნდა. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ, განსხვავებით მოქმედი კოდექსისგან, პროექტში ამოღებულია იმ ორგანოების ჩამონათვალი, რომლებსაც აქვთ დაკავების უფლება. გაჩნდა ბუნდოვანი ჩანაწერი, რომ პირის დაკავება შეუძლია განკარგულების გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს.

– და რამდენი ორგანოა ასეთი?

– ძალიან ბევრი.

– ეს ნიშნავს, რომ, თუ, ვთქვათ, გადავკვეთე ღერძულა ხაზი, მაგრამ ეს დაინახა არა საპატრულო პოლიციამ (ახლა მხოლოდ მას აქვს ჩემი დაჯარიმების ან დაკავების უფლება), არამედ სამხედრო ან დაცვის პოლიციამ, ახლა უკვე მათაც ექნებათ ჩემი დაჯარიმების უფლება?

–  საერთოდ არც კი ვიცით, ვინ შეიძლება, დაგვაკავოს. ამ ახალი პროექტით, ყველაფერი შეიძლება, რადგან ჩამონათვალი არ არის. შესაბამისად, ყველა ორგანოს ექნება ამის უფლება, ვისაც კი აქვს ინსპექტირების ფუნქცია. კიდევ ერთი პრობლემაა დაკავების ოქმის შედგენა. ვიცით, რომ დამკავებელმა უნდა შეადგინოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაკავებული პირი და მასში იწერება დაკავების საფუძვლები. თუმცა პროექტში ცალსახად არ არის მითითებული, როდის შედგა ეს ოქმი. ანუ შესაძლოა, ის ამ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შედგეს.

– ვინ დაადგენს, რომ დაკავებიდან ათი საათის შემდეგ არ დაიწერა ოქმი და რომ სწორედ მაშინ დააკავეს პირი და არა ათი საათით ადრე?

– ესეც სადავო საკითხია და ისიც, რომ, თუკი დაკავებიდან 23-ე საათზე შედგა ოქმი, იცის თუ არა პირმა, რისთვისაა დაკავებული. პროექტში ცალსახად არ არის განმარტებული, უნდა განემარტოს თუ არა პირს დაკავების მომენტშივე, რისთვის არის დაკავებული. საერთოდ, არსად არ არის მისი უფლებების ჩამონათვალი. ჩვენი აზრით, ეს ჩამოთვლილი უნდა იყოს ნათლად და მომენტალურად უნდა შეატყობინონ პირს, თუ რის გამოა დაკავებული, მაშინვე განემარტოს ოჯახისა და ადვოკატისთვის შეტყობინებისა და გასაჩივრების უფლებები. თუ უფლებები არ გაიწერა, აღმოჩნდება, რომ შესაძლოა, მან 24 საათის განმავლობაში არ იცოდეს, რისთვისაა იზოლატორში, არ იცოდეს, რას ედავებიან და დაცვამ ვერ მოასწროს მომზადება.

– პატიმრობა რა შემთხვევაში შეეფარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულს?

– მას შემდეგ, რაც პირს დააკავებენ, ის დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს და სასამართლოს აქვს 24 საათი გადაწყვეტილების მისაღებად.

– პირი დააკავეს, გავიდა 24 საათი, შემდეგ სასამართლოს გადასცეს საქმე და მასაც 24 საათი აქვს, ესე იგი, 48 საათი გამოდის?

– გამოდის, მაგრამ, თუ დაკავებულს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს დრო ითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

– თუ არ შეეფარდება, ტყუილად დააკარგვინებენ 48 საათს?

– ათავისუფლებენ დარბაზიდან. თავისთავად ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. უკვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა არის ძალიან ხისტი პასუხისმგებლობა იმ ტიპის სამართალდარღვევისთვის, რაც ადმინისტრაციულ დანაშაულში იგულისხმება. ის არ არის იმდენად მძიმე ქმედება, რომ ექვემდებარებოდეს 90 დღის ვადით პატიმრობას, რაც უპრეცედენტო ვადაა. ასევე, ძალიან პრობლემურია საქმის სასამართლო განხილვის ეტაპი. ჯერ ერთი, პირი 24 საათია დაკავებული და ეს არის ის ვადა, რომელშიც ადვოკატმა უნდა მოახერხოს დაცვის მომზადება, შესაბამისი მტკიცებულებების მოგროვება და ასე შემდეგ. ვადა იმდენად შემჭიდროებულია, რომ ხშირად ეჭვქვეშ აყენებს, არსებობს კი საერთოდ დაცვის უფლება?! რაც მთავარია, შეზღუდულია იმ მასალების წვდომა, რის საფუძველზეც ითხოვენ შესაბამისი ორგანოები პირისთვის პატიმრობის შეფარდებას. პროექტით, მოხსენიებულია შუამდგომლობა, რომელშიც ყველა ის საფუძველია ჩამოთვლილი, თუ რატომ ითხოვს სამართალდამცველი ორგანო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას. თუმცა ცალსახად არ არის მითითებული, რომ განკარგულების ასლი გადაეცემა დაკავებულსა და მის ადვოკატს. მასალებზე წვდომის არარსებობა არის ის ხარვეზი, რაც დაცვის უფლებას აკნინებს. რაც შეეხება სასამართლო განხილვას: პრაქტიკის მიხედვით, როგორც წესი, სასამართლო პროცესი არ გრძელდება 15-20 წუთზე დიდხანს, სასამართლო მტკიცებებში არ შედის, რასაც განაპირობებს სტანდარტის არარსებობა. კანონში არ გვაქვს მითითებული, რა მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს სასამართლო გადაწყვეტილება. პრაქტიკა იმგვარად წარიმართა, რაც ძალიან სახიფათოა, რომ მოსამართლე ეყრდნობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და პოლიციელის ჩვენებას, რომელიც ადგენს ამ ოქმს. ეს კანონმდებლობის პრობლემაცაა, რომელიც სტანდარტს არ აწესებს, მაგრამ ეს არის იმ კონკრეტული პრაქტიკის პრობლემაც, რომელიც დამკვიდრდა და მოსამართლე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებას იღებს იმიტომ, რომ მას ჰქონდა კანონიერი ნდობა პოლიციელის მიმართ.

– ყოფილა შემთხვევები, როდესაც კანონიერი ნდობა ჰქონია მოსამართლეს მოქალაქისადმი?

– პოლიციელის მიმართ კანონიერი ნდობა უნდა ჰქონდეს მოსამართლეს იმ მოტივით, რომ სამართალდამცველს არ უნდა ჰქონდეს მიზეზი, არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსამართლეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადვოკატი, გავრცელებული პრაქტიკით, შუამდგომლობას უყენებს სასამართლოს, გახსნას ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, რომ ნახოს, რა მოხდა რეალურად. ამას სასამართლო, ერთი მხრივ არ აკეთებს იმიტომ, რომ მეორე მხარის კანონიერი ნდობა აქვს და მეორე, იმიტომ რომ 24 საათში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გამოთხოვა კი დროსთან არის დაკავშირებული და ამიტომ სასამართლო ამაზე უარს ამბობს.

– შეიძლება, კანონში იყოს ისეთი ხარვეზი, რომ მოსამართლეს არ ჰქონდეს დრო, ნახოს მტკიცებულებები?!

–  დროში რეგულირება არის ყველაზე პრობლემური საკითხი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის იმ ტიპის სამართალდარღვევა, რომელიც დროში სწრაფად საჭიროებს რეაგირებას. ძალიან დიდი პრობლემაა, რომ არ არსებობს პროცესის გადადების საშუალება, არც პირის თავდებობით ან გირაოთი გათავისუფლების პირობა. ასევე, პროექტით, ძალიან მნიშვნელოვანია გასაჩივრების საკითხიც, თუმცა არსებულიც პრობლემურია. მაგალითად, პროექტში საერთოდ გაქრა სასამართლო სხდომის ოქმის ჩაბარების ვადები. მართალია, გასაჩივრების 72-საათიანი ვადა ითვლება ოქმის ჩაბარებიდან, მაგრამ, თუ მე ის სამ დღეში ჩამბარდა, ის სამი დღე ხომ პატიმრობაში ვარ?! არადა, შემეძლო, დროულად გამესაჩივრებინა და გავთავისუფლებულიყავი. კიდევ ერთი პრობლემა: მოქმედ კოდექსში ჩამოთვლილი გვაქვს დასაშვებობის კრიტერიუმები, ანუ, როდესაც დაცვის მხარე ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, იცის, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი. ახალ პროექტში ეს კრიტერიუმები ამოღებულია და შეიძლება, სასამართლომ აბსოლუტურად გაუგებრად უთხრას დაცვის მხარეს უარი საჩივრის მიღებაზე და დაცვის მხარეს არ ექნება შესაძლებლობა, ივარაუდოს, რის საფუძველზე უთხრეს უარი. არადა პროცესი აქ მთავრდება, ის უზენაესში აღარ საჩივრდება.

– პატიმრობის მოხდის პირობები ისეთივე არაჰუმანური დარჩა, როგორიც არის? 

– ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ნაწილი ახლაც პრობლემურია. რადგან ადმინისტრაციულ პატიმრობას პირი იხდის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთვალყურეობაშია. მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, პატიმრობის პირობები გაუმჯობესდა.

– მხოლოდ ბრძანებაში თუ რეალურად?

– ბევრი საკითხი ისეთია, რაც ინფრასტრუქტურას არ უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ ინფრასტრუქტურასაც მოაწესრიგებს.

– კონკრეტულად რა იგულისხმება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში?

– უშუალოდ საკნების მოწყობა. თითოეული პატიმრისთვის განისაზღვრა 3 კვადრატული მეტრი, რაც აქამდე არ იყო, თუმცა რეკომენდაციაა 4 კვადრატული მეტრი ერთ პირზე. 

– საპირფარეშო ისევ იქვეა, სადაც დაკავებულები ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან? 

– ახალი პროექტითაც არ არის განსაზღვრული საპირფარეშოს იზოლირება საკნის ძირითადი ნაწილისგან. თუმცა შეეცადნენ, რომ ცალკეული უფლებები მოეგვარებინათ: გასეირნების, შხაპის, პაემნების, ამანათების. მოქმედი კოდექსით, დაკავებულებს  არ ჰქონდათ შხაპის მიღებისა და პაემნის უფლებები. თუ მისჯილი ჰქონდა  30-დღიანი პატიმრობა, 29-ე დღეს, კეთილი ნების საფუძველზე, აძლევდნენ შხაპის მიღების საშუალებას. მაგრამ, ახალი პროექტით, როგორც გასეირნების, ისე შხაპის უფლება მიაბეს პატიმრობის ვადას.

– ეს როგორ?

– შხაპის უფლება კვირაში ორჯერ, ოღონდ, იმ შემთხვევაში თუ პირს შეფარდებული აქვს შვიდდღიანი პატიმრობა.

– პოსტრევოლუციურ საქართველოში მიიჩნევა, რომ შხაპი არ უნდა მიიღო პირველი ექვსი დღე და შემდგომ –  მხოლოდ კვირაში ორჯერ? ხელ-პირის დაბანაც ლიმიტირებულია ღიატუალეტიან საკანში?

– საკანში არის ონკანი. გასეირნების შემთხვევაშიც იგივეა –  ვისაც შვიდ დღეზე ნაკლები ვადით აქვს პატიმრობა, მას არ ეკუთვნის გასეირნება, თუ შვიდ დღეზე მეტი აქვს, ყოველდღიურად ერთი საათი. ჩვენი აზრით, ვისაც 72-საათზე მეტი აქვს მისჯილი იზოლატორში, ყველას უნდა ჰქონდეს შხაპის მიღებისა და გასეირნების უფლება.

– მე რომ მკითხოთ, 3 დღეც დიდი ვადაა. საპონი აქვთ საკნებში ხელსაბანთან?

– ვიცით შემთხვევები, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა საკნებში და ქაღალდიც კი არ არის. ახლა მინისტრის ბრძანებაში ჩაწერეს –  შესაბამისი დანამატებით და, ალბათ, იგულისხმება, რომ საპონიც იქნება და ქაღალდიც.

– სარკმელი? და თუ იღება ის სარკმელი, რომ განიავდეს საკანი?

– ზოგადი მოთხოვნაა, რომ საკანი ბუნებრივი განათებითა და სარკმლით იყოს უზრუნველყოფილი. მოქმედი კოდექსით, დაკავებულებს არ ჰქონდათ პაემნის უფლება, პროექტით ენიჭებათ. არის როგორც შეხვედრის, ასევე, სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, მაგრამ მითითებულია, რომ დაკავებულის სურვილით შესაძლოა, შეხვედრა შეიცვალოს სატელეფონო საუბრით, მაგრამ რეალურად, ესენი ხომ არ არიან დამნაშავეები? ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი ხარჯით შეუზღუდავად დარეკვის საშუალება და, თუ აქვთ სურვილი, შეხვდნენ თავიანთ ახლო ნათესავებს. ასევე, პრობლემაა იზოლატორების ცვლილება. კანონით არ არის დარეგულირებული, რა შემთხვევაში შეგიძლია, შეუცვალო დაკავებულს იზოლატორი ან უნდა შეატყობინო თუ არა ამის შესახებ დაკავებულის ოჯახის წევრებს.

– სულ ბოლო ვარიანტით, არასრულწლოვანთა ასაკი, რომლებსაც შეიძლება, შეეფარდოთ ადმინისტრაციული პატიმრობა, 14-დან 16-წლამდე აუწევიათ. არასრულწლოვნებიც ასე დაუბანლები და უჰაეროდ იხდიან ერთ კვირამდე სასჯელს?

– დიახ, თუმცა არასრულწლოვნების დაკავების მაქსიმალური ვადაა 30 დღე. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო მათი იზოლირების ვალდებულება, ისევე, როგორც ქალების, მამაკაცების. აქამდე ეს ასე არ იყო.

 

 

скачать dle 11.3