კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყვნენ ძმები კარბელაშვილები „შავ სიაში“ შეყვანილები და როგორ დასაჯეს ისინი გარდაცვალების შემდეგ

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკლესიის წმიდანთა დასში ძმები კარბელაშვილები შეირაცხნენ, რომელთა ღვაწლი, თავდადება ქვეყნის, დედაეკლესიის წინაშე უდიდესია.

 

პეტრე კარბელაშვილი –

დიდი მოღვაწე და მგალობელი

ლუარსაბ ტოგონიძე (მკვლევარი): კარბელაშვილების გვარს უდიდესი დამსახურება მიუძღვის სამშობლოსა და დედაეკლესიის წინაშე. გვარი მომდინარეობს მისი წინაპრის, პეტრე ხმალაძისგან. მას ზედმეტსახელად „კარბელას“ ეძახდნენ, რადგან მისი დედულეთი, სადაც გაიზარდა, სოფელი კარბი იყო. როცა ის სოფელ ჭალაში დაბრუნდა, „კარბელა“ შეარქვეს. პეტრე ამილახვრებთან მსახურობდა, შინა ყმა იყო. როდესაც ამილახვრების ერთ-ერთ თავადიშვილს მუსიკას ასწავლიდნენ, პეტრეს საოცარი მუსიკალური ნიჭი გამოუმჟღავნებია, ურთულეს საგალობლებს ღიღინებდა და მაშინვე არქიმანდრიტის ყურადღება მიიქცია. მან ის წაიყვანა და გალობა ასწავლა. ის წლების განმავლობაში გალობდა საქართველოს მრავალტანჯული კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ მეორის (ბაგრატიონის) გუნდში. 1810 წლის ნოემბერში პატრიარქის საქართველოდან ძალადობრივი განდევნის შემდგომ, პეტრე რუსთველი მიტროპოლიტის, სტეფანეს (ჯორჯაძეს) სამღვდელმთავრო გუნდს ხელმძღვანელობდა. პეტრეს ოთხი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ გრიგოლმა გააგრძელა მისი საქმე. რვა წლის ასაკიდან იგი გალობდა და სამოციქულოს კითხულობდა შიომღვიმის მონასტერში. 15 წლის გრიგოლი დავით გარეჯის მონასტერში გადავიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო ტიპიკონი, სრული გალობა და მწიგნობრობა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გრიგოლი დაოჯახდა და მამის გარდაცვალების შემდეგ, 1844 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. იგი სოფელ ჭალაში, თავად ამილახვრების კარის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც საკუთარი ხარჯით ინახავდა და ასწავლიდა სამღვდლოდ გამზადებულ ახალგაზრდებს. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში ქართული გალობის გადარჩენის საკითხი მწვავედ დადგა. ეს ის პერიოდია, როდესაც ძველი თაობა მიდიოდა და იკარგებოდა დიდი საგანძური. ეს თითქოს წარმოუდგენელი იყო, რადგან გალობის მცოდნენი ათასობით იყვნენ, მაგრამ ეპარქიების გაუქმებამ, მწიგნობრული კერების მოშლამ, ძალიან ბევრ საკითხს შეუქმნა საფრთხე. დღის წესრიგში დადგა სხვა მგალობლების მოძებნა. მაგრამ, საუბარი იყო იმაზე, თუ რომელი საგალობლები ჩაეწერათ და რა მეთოდით. ერთადერთი ლოგიკური და გამართლებული მეთოდი იყო ოთხხაზიანი სანოტო სისტემის შექმნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მგალობელთა გუნდების შეპირისპირება. დასავლეთ საქართველოში საგალობლების ჩაწერა ითავა ფილიმონ ქორიძემ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – დეკანოზმა გრიგოლ კარბელაშვილმა, რომელიც აღმოჩნდა ერთადერთი სრულად მცოდნე აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოებისა. 1862 წელს ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაკარმა (მატათაშვილმა), იგი ქართული გალობის მასწავლებლად მიიწვია. მისმა აღზრდილმა მოწაფეებმა სახელი გაითქვეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. მამა გრიგოლი თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული გალობის მასწავლებლად გადაიყვანეს, მაგრამ 1872 წელს რუსული რეაქციული პოლიტიკის გამტარებელმა, ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) ქართული გალობის მასწავლებლის შტატი გააუქმა და სემინარიაში მშობლიურ ენაზე კითხვა-გალობა აიკრძალა.

დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილის ღირსეული შთამომავლები

დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილს ჰყავდა 6 შვილი, ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ხუთივე ვაჟმა: ფილიმონმა, ანდრიამ, პოლიევქტოსმა, ვასილმა და პეტრემ სასულიერო მოღვაწეობის გზა აირჩიეს. ძმათაგან უფროსი, ფილიმონი, გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობის ნიმუშად მიიჩნეოდა. 1860 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და აქედან იწყება მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა. ის ცნობილი იყო მთელ ქართლ-კახეთში, როგორც კარგი მგალობელი, მქადაგებელი და მწყემსი კეთილი. მამა ფილიმონის უშუალო ხელმძღვანელობით იზრდებოდნენ უმცროსი და-ძმები. მას სკოლაც ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. წმიდა ილია მართალმა მოთხრობაში „გლახის ნაამბობი“ მოძღვრის სახედ სწორედ მამა ფილიმონი გამოიყვანა. თავისსავე გახსნილ  სკოლაში მოღვაწეობის გარდა, მამა ფილიმონი გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი საბუთების შეგროვებითა და შესწავლით. ამილახვრების ოჯახში დაცული არაერთი უძველესი საეკლესიო თუ საისტორიო დოკუმენტი მისი გადარჩენილია. მან შეაყვარა თავის უმცროს ძმას, პოლიევქტოსს მშობლიური ქვეყნის ისტორია. წმიდა მღვდელმთავრები, ალექსანდრე და გაბრიელი, მამა ფილიმონს მოიაზრებდნენ საქართველოს ეკლესიაში ეროვნული მიმართულების საიმედო დამცველად და ფიქრობდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მღვდელმთავრად გამოერჩიათ. მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შეუწყო ხელი და ადრეულ ასაკში, 1979 წელს მოულოდნელად აღესრულა. ის სამთავისის ტაძრის ეზოში დაასაფლავეს, სადაც მსახურობდა. ამ განსაცდელმა დეკანოზ გრიგოლს სიბერე გაუმწარა და ერთი წლის შემდგომ, 1880 წელს ისიც გარდაიცვალა. ძმებისთვის კი, მამისა და უფროსი ძმის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ისინი ბავშვობიდან სულ ფილიმონთან ერთად იყვნენ და საკმაოდ საინტერესო გარემოში გაიზარდნენ: ამილახვრების სასახლე, ძველი საბუთები, სიგელ-გუჯრები, ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა. პოლიევქტოსი სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს წარსულისადმი. უფროსი ძმის, მამა ფილიმონის მიბაძვით, ნებისმიერ საბუთს, წიგნსა თუ ნივთს, რომელთაც ისტორიასთან მცირედი შეხება ჰქონდა, რუდუნებით აგროვებდა და ინახავდა. ადრეული ასაკიდან დაეუფლა საეკლესიო გალობას, კალიგრაფიასა და მწიგნობრობას. მისი წყალობით, არაერთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი სიგელ-გუჯარი შემოგვრჩა. პოლიევქტოსს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე ყაზბეგთან. თბილისში ერთად ცხოვრობდნენ და მისი შესანიშნავი მოგონებები დღემდეა შემორჩენილი. კომიკურ სიტუაციებს იხსენებს, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის მაიმუნს, ჩიკოს ეხებოდა. ასევე, ძალიან ბევრი ცნობა აქვს ალექსანდრე ყაზბეგის ხასიათთან დაკავშირებით. მამა და უფროსი ძმა სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როცა ისინი ძმებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, მათი გამოცდილება, განსაკუთრებით საგალობლების გადარჩენის საკითხში. მაგრამ, ვასილმა გამოსავალი ნახა, 1882 წლის 1 ივლისს მოსკოვის კონსერვატორიაში შევიდა, სადაც პროფესორ კოშკინთან სამუსიკო ხელოვნებას ეუფლებოდა. მას სურდა, საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რომ შემდეგში ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეტანა ნოტებზე და ამგვარად  შემოენახა შთამომავლობისთვის. მისი დაბრუნებისთანავე, ანდრია, პოლიევქტოსი და ვასილი მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში თითქმის თანადროულად იწყებენ სამღვდელო მოღვაწეობას. ვასილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდებოდა გაზეთებში: „დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, ჟურნალში „კლდე“ და სხვა. ის „ვინმე ხუცესის“ „ბერი ბერდიას“, „ძველი სემინარიელის“ ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს ქართული ეროვნული საგალობლების აღორძინება-დაცვის, საქართველოს ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნებისა და ერისთვის სხვა მტკივნეულ საკითხებზე. მამა ვასილი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მან აღწერა და შეისწავლა ქართული არქიტექტურული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ის ძეგლები, რომლებიც არ იყო შეტანილი იმ დროის თვალსაჩინო ისტორიკოსებისა და გეოგრაფების მიერ შედგენილ ნუსხებში. საქართველოს ამ უძველესი კუთხის ძეგლთა აღწერა მით უფრო ყურადსაღები იყო, რომ არაქართველი მოსახლეობის (სომხების) მიერ მათი მითვისება ხდებოდა. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა 2 კრებული: „ქართლ-კახური გალობა, კარებლაანთ კილო“ („მწუხრი“, I ნაწილი, 1897 წელი და „ცისკარი“, II ნაწილი, 1898 წელი). რომ არა კარბელაშვილები, ძალიან ბევრი კილო, საგალობელი დაგვეკარგებოდა. ყველაზე ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ – კარბელაშვილების არის. შემდეგ ფალიაშვილმა ის თავის კრებულში შეიტანა. ასე გახდა ცნობილი, თორემ საგალობელი ვასილ კარბელაშვილმა გამოსცა და ისევ ისეთივე სახით იგალობება, როგორც კარბელაშვილებმა გადაარჩინეს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემონახულია ეპისკოპოს სტეფანეს (ერისკაცობაში – ვასილ კარბელაშვილი) სანოტო არქივი, სადაც 2 000-მდე საგალობელია შესული.

 

დევნილობა, ცილისწამება, დასმენა...

ძმები კარბელაშვილების აქტიური მოღვაწეობა ძლიერ აღიზიანებდა რეაქციულად მოაზროვნე რუს ბიუროკრატებს. მათ სხვადასხვა ცილისწამებითა და დასმენით შეძლეს, ძმების თბილისიდან განდევნა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან დროებით გარიყვა. 1903 წელს მღვდელი ვასილი, ოჯახთან ერთად, შიდა გუბერნიაში ქალაქ შემახას სამრევლოში (დღევანდელი აზერბაიჯანი) გადაიყვანეს. მამა ვასილი, თავის ძმასთან, მღვდელ პოლიევქტოსთან ერთად, დახასიათებულია, როგორც ხელისუფლებისთვის მეტად საშიში პიროვნება. შემახაში მამა ვასილს დიდი განსაცდელი შეხვდა, რამაც კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა. 1903 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „სამწუხარო ამბავს გვატყობინებენ ქ. შემახიდან: ახლახან იქ გამწესებული მღვდელი ქართულ საეკლესიო მწერლობაში ცნობილი ვასილ კარბელაშვილი თოფით დაუჭრიათ. ტყვია მოხვედრია მარჯვენა მხარში და მარცხენაში გაჩერებულა. ექიმი მელიქიშვილი, რომელმაც  ტყვია უკვე ამოაცალა, იმედოვნებს, რომ დაჭრილი მორჩება...“ მამა ვასილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ქართველი საერო და სასულიერო პირების დაჟინებული მოთხოვნით, დაჭრილი მოძღვარი სამშობლოში დააბრუნეს. მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, ძმები კარბელაშვილები არ ანელებენ მოღვაწეობას. მამა ვასილი არ ეგუებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ტერორსა და უსამართლობას. 1923 წლის 2 მაისს მან სტალინს საყვედურის წერილიც კი გაუგზავნა: „დიდად პატივცემულო (ბატონო) სოსო! გაგიკვირდება ძველი მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელმაც უნდა მოგაგონოს, რაც იყო, ჩაგაფიქროს, რაც არის და გაგათვალისწინებინოს, რაც იქნება! ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი: „ვაი, იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს“... სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ და საქართველოს მიწამ გამოგზარდა, სამშობლოსა და ერის სიყვარულს ვერარა დაშრეტს შენს გულში! კიდევ გთხოვ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ. რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისთვის იბრძვი, რომ სომხები, ოსები და ურიები არ წამოასხათ კისერზედ ქართველ ხალხს? საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან, როგორ შეავიწროვონ ტერიტორია? იქნებ გწყინს, ჩემო სოსო? ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლის შემაშრობელს, იმედია, ყურად იღებ და მოალბობ ჩემს გულს და მალე სანუგეშოს მომწერ, რომ აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენს მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზე გული. პასუხს ველი“. სამწუხაროდ, სტალინს ამ წერილზე პასუხი არ მიუწერია. სხვათა შორის, პოლიევქტოსსაც აქვს ასეთივე მამხილებელი წერილი მიწერილი ფილიპე მახარაძისთვის, ოღონდ მისი წერილი უფრო მკაცრი იყო, რადგან თვითონ პიროვნება იყო პირდაპირი. ძმებ კარბელაშვილებს თავიანთი ცხოვრების გზაზე არაერთი სიმწარის დათმენა მოუწიათ, მაგრამ შვილების დაკარგვისგან მიყენებული ტკივილი უმწარესი აღმოჩნდა. პოლიევქტოს კარბელაშვილის ვაჟი გიორგი (გიგო), ირანის ფრონტზე ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო მეორე ვაჟი – იოანე, 1920 წელს ზაქათალაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს. თავად პოლიევქტოსი და ვასილი „შავ სიაში“ იყვნენ შეყვანილები, რადგან სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ  შეუწყვეტავთ ღვთის დიდება და სამშობლოს მომავლისთვის ზრუნვა. 1936 წლის აპრილში ჯერ ეპისკოპოსი სტეფანე გარდაიცვალა, ხოლო იმავე წლის მიწურულს, პოლიევქტოსმაც მშვიდობით შეავედრა სული უფალს. ძმები კარბელაშვილების დევნა არ დასრულებულა მათი გარდაცვალების შემდგომაც. 1937 წლის რეპრესიებისას სასტიკად გაუსწორდნენ მათ შვილებს. უსამართლოდ დახვრიტეს დავით პოლიევქტოსის ძე კარბელაშვილი, ნიჭიერი ენათმეცნიერი, იგივე ბედი ეწია ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილს, მკვდრებიც კი დასაჯეს...

 

1924 წლის 6 სექტემბერი... ძმების მოწამეობრივი აღსასრული

1924 წლის აგვისტოს აჯანყების სადამსჯელო ოპერაციები მთელი სისასტიკით მიმდინარეობდა გორის მაზრაში. მამა ანდრიასთან მოვიდა შემაშფოთებელი ცნობა, რომ სოფელ მუხრანში, სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად, დაუპატიმრებიათ მისი უმცროსი ძმა, მღვდელი პეტრე კარბელაშვილი. ასაკოვანი მოძღვარი მაშინვე გაეშურა ძმის საძებნელად. ადგილზე მისულმა შემაშფოთებელი ვითარება იხილა. გაბოროტებულ ჩეკისტებს დაპატიმრებული ჰყავდათ ყველა ის პიროვნება, ვისზეც მცირეოდენი ეჭვი მიიტანეს და ბევრიც ისეთი, ვისაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ აჯანყებაში მონაწილეობასთან. მამა პეტრესთან ერთად იყო რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის ოჯახის ახლობლები, ქვემო ჭალის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარი და სამთავისის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი გაბრიელ პარკაძე. ჩეკისტები აცხადებდნენ, რომ დაპატიმრებულები მიჰყავდათ გორში, სადაც გაირკვეოდა მათი ბრალეულობა. სამწუხაროდ, მათ თავიდანვე განზრახული ჰქონდათ დაპატიმრებულთა სიკვდილით დასჯა, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. ტირიფონას ველზე, მდინარე ტორტლასთან მისვლისთანავე, ჯალათებმა მოაწყვეს პატიმართა გაქცევის ინსცენირება და ცეცხლი გახსნეს. ოცდაოთხი ქართველი პატრიოტის უსულო სხეული ღია ცის ქვეშ მიატოვეს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. დილით, ადგილზე მისულმა ახლო სოფლების მცხოვრებლებმა შემზარავი სურათი იხილეს. გათხარეს საერთო საფლავი და მოწამეობრივად აღსრულებულნი მიწას მიაბარეს. დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე კარბელაშვილები მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ღვთისმსახურები იყვნენ  და ქრისტეს სარწმუნოებას არ უღალატეს – უარი თქვეს ანაფორის გახდაზე და უმძიმეს დროს  თავისი სამწყსო არ მიატოვეს.

ძმები მრავალმხრივი მოღვაწეები იყვნენ, აქამდე მათ ხალხი იცნობდა როგორც მგალობლებს, მათი ცხოვრების წესისა და თავგანწირვის შესახებ არაფერი იცოდნენ. ჩვენი ეკლესიის დაცვა, მათი ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა, დევნილობის დათმენა, ყველაფერი, რაც კი მღვდელმსახურს ავალია, მათ მიერ სიცოცხლეშივე იყო აღსრულებული. ამიტომაც, წმიდა სინოდმა ისინი წმიდანებად შერაცხა და იწოდებიან: წმიდა მღვდელმოწამენი: ანდრია და პეტრე, წმიდა მღვდელმთავარი სტეფანე, ფილიმონ, პოლიევქტოს აღმსარებელნი – ძმები კარბელაშვილები. მათი ხსენების დღედ გამოცხადდა 6 სექტემბერი, ანუ წმიდა მღვდელმოწამეთა: ანდრიასა და პეტრეს დახვრეტის დღე.

 

 

скачать dle 11.3