კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

 

ქეთისთვის წელი კარგად დაიწყო... შედარებით კარგად, თორემ, ბედნიერება ისეთივე მიუწვდომელ, აუხდენელ ნატვრად მიაჩნდა, როგორც წარსულში დაბრუნება და თავისი ცხოვრების გეგმების რადიკალურად შეცვლა... შესაცვლელი კი ბევრი იყო. იმდენი, რომ ქეთი ცდილობდა, მათზე აღარ ეფიქრა. ან, რანაირად უნდა ჰქონოდა ბედნიერების პერსპექტივა 30 წელს მიტანებულ, მაგრამ, ისევ გოგონას ასაკში ჩარჩენილ ქალს, რომელსაც მძიმე ბავშვობა ერგო მემკვიდრეობად – უსიხარულო, ნაცრისფერი, სევდითა და ცრემლით გაჯერებული ბავშვობა. ახლა კი რეალურად იდგა უმუშევრად დარჩენის საფრთხის წინაშე. ის ყოველთვის ისეთი შეუმჩნეველი იყო ოფისში თავისი მოკრძალებული ღიმილითა და მსუბუქი, უხმაურო ნაბიჯებით, რომ...

ქეთიმ ამოიოხრა და შეეცადა, არ შეეხედა უზარმაზარი „ლაით-ბოქსისთვის“, ახლად აშენებულ, მთლიანად შემინულ და მოლაპლაპე შენობაზე რომ ეკიდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი „ლაით-ბოქსი“ იყო, რომელიც გამვლელებს შენობაში განთავსებული ოფისის (სხვათა შორის, ფრიად პოპულარული და საჭირო დაწესებულების) შესახებ ამცნობდა. მაგრამ, ქეთის მისი დანახვისას უცნაური განცდა ეუფლებოდა – თითქოს ამ „ლაით-ბოქსს“ მისი გასრესა სურდა, ისევე, როგორც, მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის წინ „ჩაეწერნენ“ ქალი-გოგონას ყოველდღიურობაში...

მენეჯერის თანაშემწის ადგილი შემთხვევით იშოვა. რა თქმა უნდა, წესისა და რიგის მიხედვით გაგზავნა „სივი“ ვაკანსიაზე და ფოტოც დაურთო. არ ჰქონდა იმედი, რომ გაუმართლებდა. დაწესებულება, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში თანამშრომელი დასჭირდა, საკმაოდ პრესტიჟული და ქალაქში ყველასთვის კარგად ცნობილი იყო. გასაუბრებაზე რომ დაიბარეს, უფრო გაუკვირდა, ვიდრე გაუხარდა. ნახევარი საათით ადრე გამოცხადდა და ამან უშველა. ეს უკვე მერე, თავად გადაწყვიტა, რომ ამის წყალობით მიანიჭეს უპირატესობა მის კანდიდატურას. მენეჯერს იმ მომენტში იმდენი საქმე ჰქონდა, რომ მოურიდებლად „უწილადა“ ვალდებულებები და შვებით ამოისუნთქა, როცა შეატყო, რომ ქეთიმ სწრაფად აუღო ალღო... და, დატოვეს... შესაძლოა იმიტომაც, ქეთის მორიდებულობა მოეწონათ. ასეთ ოფისებში ძველ, ერთმანეთთან უკვე „შეხმატკბილებულ“ თანამშრომლებს მოსწონთ ხოლმე უპრეტენზიო, ზრდილობიანი, ღიმილიანი, თავაზიანი ახალბედები, ამბიციები რომ არ აწუხებთ და არ ცდილობენ, შეფის ყურადღება საკუთარ პერსონაზე გადაიტანონ...

ქეთიმ ზამთრის შემაწუხებელ მზეს ხელი მოუჩრდილა და დაელოდა, სანამ მანქანების ნაკადმა ოდნავ არ იკლო, მერე სირბილით და საკმაოდ სახიფათო მანევრირებით გადაჭრა ქუჩა. კარი ძნელად დაემორჩილა. რკინის სახელური ცივი იყო და ხელისგულიდან მთელ სხეულში ჩაეღვარა სიცივე...

მისი უშუალო უფროსი, ოფისის მთავარი მენეჯერი, გაღიზიანებული და გაბრაზებული დახვდა. ვიღაცას მთელი ხმით უყვიროდა და ქეთის შესვლა არც შეუნიშნავს... ქეთიმაც ჩვეული, მორიდებული გამარჯობა თქვა და შეეცადა, რაც შეიძლება, სწრაფად დაეკავებინა თავის მაგიდასთან ადგილი...  ქეთიმ იცოდა, როგორი დამღლელი და რუტინული  შეიძლებოდა ყოფილიყო სამუშაო ასეთ სერიოზულ კორპორაციაში, ამიტომ, მშვიდად ხვდებოდა მენეჯერის დროდადრო გამოჩენილ უხეშობას. მისთვის ეს ძნელი არ იყო – ცხოვრებამ გამოაწრთო და ბევრჯერ ჩაუტარა სიმკაცრის გაკვეთილები.

ქეთიმ ჭიქაში ყავა და შაქარი ჩაყარა,  აპარატიდან მდუღარე ჩამოასხა და ჩაფიქრდა. ყოველთვის უყვარდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ფიქრი. ესეც ცხოვრებამ „შესთავაზა“ და არჩევანი არ დაუტოვა. შეეჩვია პრობლემებისა თუ ტკივილების მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაზიარებას. ისე შეეჩვია, რომ ეს ბუნებრივადაც კი მიაჩნდა. უყვარდა, თანამშრომლები მოსაწევ ოთახში რომ შეიყრებოდნენ ხოლმე და ისეთ რამეებს ყვებოდნენ, ქეთი ყველაზე თამამ ფიქრშიც რომ ვერ გაბედავდა, თუნდაც ვინმეს გულწრფელად გამოეთქვა მისი მოსმენის სურვილი.

– თქვენ ახალი ხართ? – მოესმა სასიამოვნო ბარიტონი.

ქეთი მოულოდნელობისგან შეკრთა და ლამის ყავა გადაისხა. რამდენიმე ცხელი წვეთი მაინც შეეშხეფა ხელებზე და სიმწრისგან ტუჩზე იკბინა.

– ადრე აქ არ მინახავხართ... – ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური და უნაკლოდ ჩაცმული მამაკაცი მეგობრულად უღიმოდა და ინტერესით ათვალიერებდა. ქეთის თითქოს ენა გადაეყლაპა – გაშეშდა და სიტყვის დაძვრა ვერ მოახერხა. ქეთი დაიფიცებდა, რომ აქამდე ასეთი ლამაზი მამაკაცი არასდროს ენახა. იყო მის ღიმილშიც რაღაც ამოუცნობი და იდუმალი...

– ბატონო დიმიტრი, გნებავთ რამე? – მარიკომ მოურიდებლად გასწია ქეთი გვერდზე და მამაკაცის წინ ღიმილად დაიღვარა.

– არა, არაფერი... კარგი, მოგვიანებით გავიცნოთ ერთმანეთი... – დიმიტრიდ წოდებულმა „ბრეტ პიტმა“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქათქათა კბილები და ნელი ნაბიჯით გაუყვა ვრცელ დერეფანს.

– არც იფიქრო, გესმის? არც იფიქრო-მეთქი! – მაშინვე ეცა მარიკო ქეთის, მხრებში ხელი მოკიდა და შეანჯღრია, – იცოდე, ჩემია!..

– მოიცა, ვინ არის შენი... ან, რა არ უნდა ვიფიქრო... ვერაფერი გავიგე, – ქეთიმ დაბნეულმა დაახამხამა წამწამები და ხელში შერჩენილი ყავით სავსე ჭიქა ფრთხილად დადგა მაგიდაზე.

– რა ვერ გაიგე,  მე მომწონს და წარმატებებიც მაქვს... თუმცა, ეს შენი საქმე არ არის, მაგრამ, მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ...

– მარიკო, რა ამბავში ხარ?! – შემინული კარი ფეხსაცმლის წვერით გააღო და ოთახიდან კეკლუცად გამოგოგმანდა გრძელფეხება ნინი, – სულ ტყუილად ნერვიულობ. ხომ იცი, ეს ვერანაირად ვერ იქნება შენი კონკურენტი... კარგი, რა!..

– ჰო, მაგრამ, მაინც არ არის სასიამოვნო... – მარიკომ შუბლზე ჩამოშლილი თმა სათუთად მოვლილი თითებით შეისწორა და ქეთის ავად გადახედა. – რა ვიცი, რა ვიცი, ზოგჯერ სწორედ ასეთ „ნაცრისფერ თაგვებს“ გაუღიმებთ ხოლმე ბედი.

– კარგი რა... ისევ გაიმეორა ნინიმ – წავიდეთ, მოვწიოთ. მერე ყავა დავლიოთ, თან, მაგარ ბელგიურ შოკოლადს გაჭმევ, ჩემმა ძმამ ჩამომიტანა ბრიუსელიდან.

– ჩამოვიდა? იცი, როგორ მშურს შენი ძმის? რა ენაღვლება, სულ სადღაც, მიფრინავს, მოფრინავს... და გრიალებს, რა... მთელი მსოფლიო მოიარა, თანაც სახელმწიფოს ხარჯზე... კიდევ ჩამოგიტანდა რამეს...

– ჯერ ერთი, საქმიან შეხვედრებზე დადის და მეორეც, თვითონ რომ ჰკითხო, სულაც არ ეხალისება ეგ „გაფრენა-გამოფრენები“ – დავიღალეო, ამბობს. იცი, რა ჩანთა ჩამომიტანა?! „შოკი“! და, კიდევ რაღაც, მაგრამ, ჯერ არ გეტყვი...

– რა საზიზღარი ხარ... – მარიკომ მსუბუქად უბიძგა ნინის მხარზე, – კარგი, წავიდეთ, მოვწიოთ...

ქეთიმ მხოლოდ გახედა მიმავალთ და თავისი უკვე საკმაოდ გაცივებული ყავა მოსვა.

– ეგ გადააქციე და ახალი ყავა დაისხა ჩემს უჯრაშია... – კომპიუტერთან მჯდარმა გოგონამ სქელმინიანი სათვალე შეისწორა და ქეთის ხელი დაუქნია, – არც ისეთი „სწერვები“ არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. მაგალითად, ნინის ოქროს მედალი აქვს, თუმცა, ადამიანების დაცინვა უყვარს, ოღონდ, ისე, გასართობად. აბა, რა ქნას, მოწყენილი ხომ არ იქნება?! საზრუნავი ბევრი არაფერი აქვს და გამოუძებნა საკუთარ თავს გასართობი... ისე, შეფს ეგეც ეპრანჭება, მაგრამ, არ იმჩნევს.

– შეფს?! – ქეთიმ საკმაოდ გვიან აღიქვა სიტყვის მნიშვნელობა, – მაშ, ის...

– ჰო, არ იცოდი? რამდენი ხანია, აქ მუშაობ?

– ორი თვეა... – გუნებაში გადაიანგარიშა ქეთიმ.

– უცნაურია, რომ აქამდე არ შეხვდი... თუმცა, შენ ხომ „კადრებმა“ აგიყვანა... თან, მართლა ძალიან შეუმჩნეველი ხარ... ოღონდ, არ გეწყინოს, კარგი? – გოგონამ ხელი ხელზე მოჰკიდა და მეგობროულად მოუჭირა.

– არა, მაგდა... არ მეწყინება. სიმართლეა და იმიტომ... ესე იგი, ეგ არის... ჩვენი შეფი... 

– ძალიან სიმპათიურია, არა?! თან, ძალიან მდიდარიც. ხომ იცი, ეს კიდევ დამატებით ხიბლს ანიჭებს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გოგოები ასე ირევიან მასზე... გარდა ამისა უცოლოც არის და... მარიკომ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ ბატონი დიმიტრი მის მიმართ ცოტა მეტ ყურადღებას იჩენს და ვეღარ ისვენებს. ამბობენ, მარიკოს პირველი ქმარიც მაგარი სიმპათიური ჰყავდაო...

ქეთიმ თვალები დახუჭა. ერთბაშად ამდენი ინტიმური ინფორმაციის მიღებამ მასზე ცუდად იმოქმედა და თავში ყველაფერი აერია – სახელები, ფაქტები. თვალწინ სიმპათიური მამაკაცის ფიგურა ედგა, მაგდას სიტყვები კი ზუზუნად ჩაესმოდა.

 – რას გეუბნებოდი? – მაგდამ თვალები მოჭუტა... – ჰო, იმის თქმა მინდოდა, არც ისეთი საშიშები არიან-მეთქი...

– ნინი ლამაზია...

– ეგ მარიკოსთან არ წამოგცდეს, – ხმამაღლა გაიცინა მაგდამ, – მორჩა, საქმეს უნდა მივხედო, შენიშვნას მაინც მე მაძლევენ ხოლმე და... შენც შენს მაგიდას დაუბრუნდი. თუ ჯერ არ გამოგიცდია, ნათიამ საშინელი გაბრაზება იცის, თან, შენი უშუალო უფროსი ეგ არის... მერე კიდევ ვიჭორავოთ. კომპიუტერთან კი ვზივარ, მაგრამ, აქაურობაზე და აქაურებზე ყველაფერი ვიცი. შენც ნელ-ნელა ყველას გაიცნობ.

ქეთი თავის მაგიდასთან დაბრუნდა და მუშაობას შეუდგა. საღამომდე თავაუღებლად შრომობდა და აწესრიგებდა დოკუმენტაციას. ნინისა და მარიკოს ხითხითი ჩაესმოდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია... ვერც მის მაგიდასთან მდგარი მთავარი მენეჯერი შეუნიშნავს.

– შტატში ჩაგსვით... იცოდე, ეს შანსი უნდა გამოიყენო, – ნათიას წარბი არ გაუხსნია, ეს მართლა შანსია, ასეთ სამსახურზე ბევრი ოცნებობს. წყნარად იჯექი და შენი საქმე აკეთე. აქაურ ცერცეტებს ნუ აჰყვები. მაგათ აქვთ ამისი უფლება, შენ – არა...

ქეთიმ სწრაფად „დაატრიალა“ გონებაში უფროსი მენეჯერის სიტყვები, მაგრამ არ უკითხავს, იმათ რატომ აქვთ ცერცეტობის უფლებაო. მიხვდა, რომ ზედმეტი არ უნდა ელაპარაკა.

– ყველაფერი გაიგე? – მკაცრი დამრიგებელივით ჩაეკითხა  ქალი.

– დიახ, რა თქმა უნდა.

– და, კიდევ: აქ შენი პირადი თუ ოჯახური ამბები არავის აინტერესებს. უფრო სწორად, მე არ მაინტერესებს. შენი უშუალო უფროსი კი მე ვარ... შენი ყოფნა-არყოფნა ამ კორპორაციაში ერთპიროვნულად ჩემზეა დამოკიდებული.

– დიახ, რა თქმა უნდა, – მექანიკურად გაიმეორა ქეთიმ და ისევ მექანიკურადვე იკითხა, – ანუ, გამოსაცდელი ვადა უკვე გავიარე?

– ზედმეტი შეკითხვებიც არ მიყვარს, – წარბი შეიკრა ნათიამ, – შტატში ჩასმა სწორედ ამას ნიშნავს. კადრების განყოფილებაში მიხვალ და დანარჩენს იქ აგიხსნიან... ოღონდ, ახლა არა, სამუშაო საათები რომ დამთავრდება, მერე. 

ქეთის უნდოდა, ეკითხა, თუ სამუშაო საათები დამთავრდება, კადრების განყოფილებაში ვინღა დამხვდებაო, მაგრამ, ვერ გაბედა. ან კი როგორ გაბედავდა... ნათიას მკაცრად შეუვალი სახე ჰქონდა და მანაც მხოლოდ მორჩილად დაუქნია თავი.

– აი, ასე, – ნათიას აშკარად მოეწონა ახალი თანამშრომლის უსიტყვო ჟესტი, – ყურადღებით იყავი. ბევრჯერ გამეორება არ მიყვარს, უთქმელადაც უნდა ხვდებოდე, რა მჭირდება.

– გასაგებია.

– ჰოდა, ძალიან კარგი. შესვენება ორის ნახევრიდან ორამდე გექნება. ნახევარ საათში ჭამას მოასწრებ, ჭორაობას – ვერა და ასეც უნდა იყოს.

ნათია შებრუნდა და ქუსლების ბაკუნით გაუჩინარდა მინის კარს მიღმა. რამდენიმე წუთში ოთახში მაგდა შემოიჭრა, ქეთის მაგიდას ჩაუქროლა და უფროს მენეჯერთან შეირბინა. მერე მის ყურთან დაიხარა და რაღაცაზე ემოციურად დაუწყო ლაპარაკი, თან, რამდენჯერმე ქეთისკენ გამოიხედა. ქეთი შეშფოთდა. ისედაც ძლივს დაიჯერა, რომ ასე გაუმართლა და ახლა, გული ტკივილით შეეკუმშა ალბათ, რაღაც მაინც შემეშალა და ახლა გამიშვებენო. ეს რომ წარმოიდგინა და ისიც იფიქრა, რა მოჰყვებოდა მის მარცხს, შეაჟრჟოლა... „ო, ღმერთო, ოღონდ ეს არა... ოღონდ ახლა არა... ძლივს იმედი გამიჩნდა, ძლივს გამიჩნდა სახლიდან გამოსვლის და ნორმალურ ხალხთან ურთიერთობის შანსი... როგორც იქნა, ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა და... აი“... 

– ქეთი, შემოდი ჩემთან! – ნათიას ხმამ მოძრაობის უნარი დაუკარგა, მაგრამ, თავს ძალა დაატანა და წამოდგა. ის დრო, სანამ უფროსის მაგიდამდე მიაღწევდა, საუკუნედ მოეჩვენა...

– შეფს შენთან დალაპარაკება უნდა. არ ვიცი, რატომ დაინტერესდა შენი პიროვნებით, ჩვეულებრივ, თანამშრომლების უმრავლესობას სახითაც ვერ ცნობს... მოკლედ, მესამე სართულზე ახვალ, ლიფტიდან მარცხნივ მეორე კარია. შეეცადე, მეტი  მოისმინო და ნაკლები ილაპარაკო. თუ ბევრს ილაპარაკებ, ბევრ სისულელეს იტყვი. ჩამოხვალ თუ არა, მაშინვე ჩემთან შემოდი...

მთელი ამ საუბრიდან ქეთიმ მარტო ის გაიგო, რომ შეფი თავისთან უხმობდა. სწორედ ის, პრიალა ჟურნალის ყდიდან გადმოსული მამაკაცი... მექანიკურად გაემართა ლიფტისკენ და მექანიკურად დააჭირა ღილაკს თითი. 

კაბინეტი ცარიელი დაუხვდა. ინტერიერმა ისე მოხიბლა, რომ კართან მიიყუჟა და წინ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ოთახში ფრანგული პარფიუმის მძაფრი არომატი იგრძნობოდა... ამ არომატის წყარო კი არსად ჩანდა... ლოდინის რამდენიმე მტანჯველი წუთი გავიდა.

– უნდა წავიდე. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა... სხვა დროს გავისაუბროთ... – ქეთი ძლივს მიხვდა, რომ ეს სიტყვები მისი მისამართით იყო ნათქვამი, თანაც ისე, რომ ოთახი კვლავ ცარიელი დარჩა... ქეთი შემობრუნდა და კაბინეტიდან გამოვიდა. კარიც გამოიხურა....

ნინიმ პირველმა ვერ გაუძლო ცნობისმოყვარეობას. მაგიდასთან მივიდა და კეკლუცად მოუსვა მხარზე ხელი:

– საყვარელო, ხომ არ იცი, რა ხდება?

– რა ხდება? სამუშაო დღე მთავრდება. დრო არ არის?

– შენ რა, მეხუმრები? ახლა მე სამუშაო დღის დამთავრება მაღელვებს?! მართლა „იმან“ გამოიძახა?

– ვინ?

– ვინ?! მაგდა, თავს ნუ ისულელებ, არ გიხდება. მარიკო გიჟს ჰგავს. თვითონ დაუძახა? არ არსებობს... ალბათ, უნდა გააგდოს. უცნაურად არ გეჩვენება? როდის აქეთაა, რომ თანამშრომლებს თვითონ იღებს და ათავისუფლებს? მაგრამ, მაინც ხომ დაუძახა... მაგდა, მითხარი, რა ხდება... გინდა, ჩემს სამაჯურს გაჩუქებ, ხომ ყოველთვის მოგწონდა?

– ნინი, გეყოფა, რა გჭირს? არაფერი არ ვიცი. ჰო, შეფმა დარეკა და ითხოვა, ის გოგო, დღეს რომ შემხვდა, ამოვიდესო... სულ ეს არის.

– ეჰე, – წაუსტვინა ნინიმ, – არა, რა, ეს კაცები აშკარად აფრენენ... ეტყობა, აქ კარგად ვერ შეათვალიერა...

– ნუ სულელობ...

– ვერთობი. აბა, გგონია, იმას დავიჯერებ, რომ შეფი ამ საბრალო კონკიამ მოხიბლა?

– რატომ? უფლისწული ხომ მოიხიბლა კონკიათი?

– კარგი, რა, ზღაპრების არასდროს მჯეროდა, – დაიჭყანა ნინი, – იმ ზღაპარში არაფერია ნათქვამი, კონკიას რა ფირმის ფეხსაცმელი ეცვა? აუცილებლად ბრენდი იქნებოდა. ასეთი კონკიებით უფლისწულები არ იხიბლებიან... ისე, რა „ჩიტია“, საიდან მოვიდა?

– ნინი, ათ წუთში სამუშაო საათები დამთავრდება. როგორ დავიჯერო, რომ არსად გეჩქარება? სალონში მაინც არ ხარ ჩაწერილი?

– აჰა, ესე იგი, რაღაც იცი... ასეა, ხომ?

მაგდამ ამოიოხრა.

– ზოგჯერ ისეთი აუტანელი ხარ... აჰა, ჩამოვიდა... მიდი და შენ თვითონ ჰკითხე, რას აკეთებდა შეფთან... – მაგდამ ლიფტისკენ მიუთითა.

ქეთის თავი არც ჰქონდა, ნინის ცნობისმოყვარეობა ახსნა-განმარტებებით დაეკმაყოფილებინა. იმასაც არაფერი უკითხავს. იმიტომ კი არა, რომ დაზოგა, უბრალოდ, არჩია, ინფორმაცია სხვა წყაროდან მოეპოვებინა.

– ეს, მგონი, ცოტას მოისულელებს, – უთხრა ნინიმ მაგდას, როცა ქეთი ოთახში შევიდა.

– არა მგონია – დაეჭვებით გადააქნია თავი მაგდამ, – თუმცა, ცოტა უცნაური ვინმე კი ჩანს... ვნახოთ. შენ უნდა გიხაროდეს, გასართობი არ მოგაკლდება.

ნინიმ პასუხად ხმამაღლა გაიცინა.

***

„სახლი“... რასთან ასოცირდება ეს სიტყვა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ, ჩემთვის სითბოსთან და სიმყუდროვესთან იყო პირდაპირ კავშირში. ამბობენ, ბედნიერება სწორედ ის არის, როცა სახლში მისვლა გიხარიაო... თავისთავად, სახლი ბევრს არაფერს წარმოადგენს და ის ყოველთვის საშენი მასალების გროვად დარჩება, თუ იქ მყოფმა ადამიანებმა თავისი სითბო არ უწილადეს ერთმანეთს...

ქეთი შეეცადა, რაც შეიძლებოდა უხმაუროდ შეპარულიყო სახლში, რომ დიდხანს დარჩენილიყო შეუმჩნეველი. ერთადერთი ადამიანი, რომლისთვისაც უღირდა სიცოცხლე, ახლა ბინაში არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ, თვითონაც უნდა მოეხერხებინა ის, რომ რამდენიმე საათი სიმშვიდეში გაეტარებინა... ოთახამდე ფეხაკრეფით მივიდა, მაგრამ კარის სახელურის ჩამოწევა ვეღარ მოასწრო. ვიღაცის დაჟინებულმა, მსუსხავმა მზერამ აიძულა, შემობრუნებულიყო – სალომე დადარაჯებულივით დოინჯშემოყრილი იდგა და ანადგურებდა თავისი გამოხედვით. ქეთიმ ოდნავ გაიღიმა.

– სულელივით ნუ იცინი, – მაშინვე მიიღო პასუხად, – ამას გირჩევნია, სამზარეულოში გამოხვიდე და ყველაფერი შენით მოყვე. ხომ იცი, დეტალები გვაინტერესებს.

– რა უნდა მოვყვე? მუშაობა დავიწყე.

– მუშაობა დაიწყო... – გამოაჯავრა სალომემ და მსხვილი ტუჩები ზიზღით მოპრუწა, – წარმომიდგენია, რა საცოდავი და ბანძი ოფისია, შენნაირ თანამშრომლებს რომ იყვანენ.

ქეთის უნდოდა ეთქვა, ბანძი კი არა, საკმაოდ სერიოზული და პრესტიჟული კორპორაციააო. მარტო ამ დაწესებულების სახელის ხსენებაც საკმარისი იქნებოდა სალომეს გასაჩუმებლად, ყოველ შემთხვევაში, გესლისა და ირონიის გადმონთხევის სურვილს ნამდვილად გაუქრობდა, მაგრამ, ნახევარდასთან კამათი რომ არ ღირდა, გამოცდილებამ ასწავლა. მის წინააღმდეგ ბრძოლაში სალომე მარტო არ იყო – სერიოზული მოკავშირე ჰყავდა დედის სახით... ქეთის კი წყენის მშვიდად გადაყლაპვა ერჩივნა მასშტაბურ სკანდალს. სალომე დოინჯშემოყრილი მიუახლოვდა და ზიზღნარევი ირონიით შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე.

– ასე ჩაცმული იყავი სამსახურში... და მიგიღეს?! გეუბნები რა, სადღაც გადაკარგულში იქნება, სოროში... ალბათ, შენნაირი თხუნელებითაა სავსე... მაგრამ, მე ეს ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია, კარგად გადაგიხადონ და სახლში ფული მოიტანო.

– კარგი, – თავშეკავებულად წარმოთქვა ქეთიმ, – ახლა შეიძლება, ჩემს ოთახში შევიდე?

– ნწ, – თავი გაიქნია სალომემ, – არ გამოვა. დედამ, სამზარეულოში შემოვიდესო. ასე რომ, დაივიწყე. ეგეთი სახე ნუ გაქვს, რა უბედურებაა, რას იჯღანები! ვიცი, გულზე რომ არ გეხატები, მაგრამ, მოგწონს ეს თუ არა, მე შენი და ვარ, ის კი დედაშენია.

– კარგი. მიდი და მოვალ, – ქეთის გულთან რაღაც ჩასწყდა. ყოველთვის ცდილობდა, სიტყვა „დედა“ არ მისწვდომოდა მის სმენას. საკუთარი ლექსიკიდანაც გააქრო, ტაბუ დაადო და საკუთარ თავს აუკრძალა, ამ სათუთ თემაზე ეფიქრა.

– დაყრუვდი? როდემდე გინდა, ის ქალი ალოდინო? თუ, გირჩევნია, აქ მოვიდეს?

ქეთიმ თმა შეისწორა და სამზარეულოსკენ გაემართა. სალომე ტრიუმფატორივით მოზეიმე სახით მიჰყვა უკან...

***

ნინიმ ოფიციანტს ყავა და ტირამისუ შეუკვეთა და თვალებმოჭუტულმა მოწრუპა წვენი.

– შენც ხომ ტირამისუ გინდოდა? აღარ გკითხე...

– ტირამისუ კი არა, ლამის მჭადი და ყველი შევჭამო, ისეთ გუნებაზე ვარ, – ჩაიბურდღუნა მარიკომ და ერთბაშად ასლუკუნდა.

– არაფერში ბედი არ მაქვს, არაფერში... ამდენი ხანია, მანდ ვმუშაობ და ერთხელაც არ მივუწვევივარ თავის კაბინეტში, ერთხელაც არ შემიდგამს იქ ფეხი, ეს კი... როცა ამაზე ვფიქრობ, ლამის გული გამისკდეს!..

– სამაგიეროდ, ორჯერ იცეკვა შენთან „კორპორატიულზე“. ეს უკვე რაღაცაა, – თვალი ჩაუკრა ნინიმ.

– კარგი, რა, მამშვიდებ? ასე თითქმის ყველა თანამშრომელ ქალთან იცეკვა, ვინც კი სურვილი გამოთქვა.

– შენთან ორჯერ იცეკვა... ოღონდ, არ მითხრა ახლა, მე ამის სურვილი ორჯერ გამოვთქვიო. პესიმისტი ნუ იქნები.

– ოპტიმისტი რომ იყო, ამისთვის სულ პაწაწინა მიზეზი ხომ მაინც უნდა გქონდეს? თუნდაც ამხელა, – მარიკომ მოვლილი თითებით ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომ თავისი სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობა მიენიჭებინა.

– მე კი გეუბნები, თუ ოპტიმისტი იქნები, შენი საქმეები გაცილებით უკეთ წავა.

– დიდი ხანია, მაქვს იმედი, მაგრამ... იცი, რას ვფიქრობ?! სწორედ ოპტიმიზმი მღუპავს. გეუბნები, ვერ მოვიხსენი ვარდისფერი სათვალე, რა... როცა ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, გული მწყდება – მარტოხელა დედის სტატუსი და არავითარი პერსპექტივა...

ნინიმ გადაიკისკისა:

– ახლა უკვე აჭარბებ... რა სტატუსებზე მელაპარაკები? დღეს სწორედ განათხოვარი და შვილიანი ქალებია მოდაში... აი, ისეთი – სოლიდური და რესპექტაბელური.

– ჰო, აბა!  სწორედ სოლიდური სიმარტოვე მელის, თუ არ გავაქტიურდები, – ამოიოხრა მარიკომ, – არა, გეუბნები, რა, ვერ გავიგე, რა ჯანდაბა უნდათ ამ კაცებს... ტყავში ძვრები, თავს შიმშილით იკლავ, თითოეულ მომატებულ კილოგრამს გააფთრებული ებრძვი... საკუთარი თავი ყველაზე თამამი პლასტიკური ექსპერიმენტებისთვისაც არ გენანება და – რა?! გეკითხები – რა?! ერთი ნორმალური თაყვანისმცემელი არ ჭაჭანებს ჩემ გარშემო. ყველას იქით უნდა უღიმო, ეფერო, უბოდიშო და აპატიო...

– აპატიო? – ნინიმ გაიცინა, – ეგ თავიდან, საყვარელო, მერე კი პირიქით ხდება ხოლმე... ისე, მე ჩემს თაყვანისმცემლებს არ ვუჩივი, მეტ-ნაკლებად ქაჩავენ.

– იმიტომ არ უჩივი, რომ შენ შორს მიმავალი გეგმები არ გაქვს. მე კი შემთხვევითი, არაფრისმთქმელი რომანებისთვის და ფლირტისთვის ნამდვილად აღარ მცალია.

– ჰო, ვიცი. ბეჭედი გჭირდება არათითზე... არათითი ჰქვია, ხომ? მერე, სიყვარული?!

– სიყვარული... პირველად რომ მიყვარდა, რა სიკეთე მომიტანა? თან, მას შემდეგ ცოტა გავიზარდე, ცოტა ჭკუაც ვისწავლე და ვიცი, რომ გარანტიები აუცილებელია.

– სულ ვფიქრობ, რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ ოფიციალური ქორწინება რამის გარანტიაა. ერთ ჟურნალში ისიც კი წავიკითხე, ერთცოლიანობა საერთოდაც ქალებმა მოიგონესო.

– რა სისულელეა! ერთცოლიანობა, პატრიარქალური ნორმაა, რომელიც სწორედ მამაკაცების უმრავლესობის უფლებებს იცავს. 

– გეხვეწები, ეს საიდან იცი? – ნინის სიცილი აუტყდა, – ვაიმე, დავიხრჩვი სიცილით. რომელ უფლებებზე ლაპარაკობ?! კაცებს რა დაცვა სჭირდებათ? არ გადამრიო... თუმცა, რაღაც სიმართლის მარცვალი არის ამაში... კაცებს ჩვენგან, ქალებისგან სჭირდებათ დაცვა.. ჰა, ჰა, ჰა! – ნინი გადაბჟირდა.

– შენ იცინე და, ეს მონოგამია სწორედ ქალებისთვის არ არის ხელსაყრელი. მაგრამ, როგორმე სხვა დროს აგიხსნი, ახლა ამის თავი ნამდვილად არ მაქვს, – ხელი ჩაიქნია მარიკომ, – არა, მაინც რა მოეწონა იმ საფრთხობელაში?

– კარგი, რა, მოეწონა არა, ივ სენ ლორანის ჩანთა! – ნინის თავადვე მოეწონა ნათქვამი, – ნახე, რა მაგარი რაღაც ვთქვი! მოკლედ, ბატონმა დიმიტრიმ კი დაიბარა თავისთან, კაბინეტში ჩვენი კონკია, მაგრამ, თვალითაც არ უნახავს.

– რანაირად?

– ჰო, მაგდას წამოვაცდენინე. ხომ იცი, როგორი ჩერჩეტია. ვითომ არ აპირებდა თქმას...

– ვერაფერი გავიგე...

– რა ვერ გაიგე, კონკია რომ უფლისწულთან ავიდა, ის იქ არ დახვდა. შეხვედრაზე მიდიოდა და... შეიძლება, ბოლო წუთს ისიც კი იფიქრა, რაში მჭირდება, რაზე ველაპარაკოო... მოკლედ, შეგიძლია, დამშვიდდე.

მარიკომ ყავა მოსვა. ნინიმ სიგარეტს მოუკიდა და თვალები მაცდურად მოწკურა:

– ასე სერიოზულად მოგწონს ბატონი დიმიტრი?

– ჩემი დასაწუნი სჭირს რამე?

– რა ვიცი, ზოგადად, მე ეგეთი „გაპრიალებული“ ტიპები არ მომწონს... კლასიკურ როიალებს ჰგვანან.

– შენც იტყვი ხოლმე, რა! როიალს როგორ უნდა შეადარო კაცი, თანაც, ასეთი მამაკაცი... ჩემი აზრით, უნაკლოა... – მარიკომ თვალები მინაბა და ამოიოხრა, – წარმოვიდგინე, როგორ მივფრინავთ მე და დიმა საქორწინო მოგზაურობაში კანარის კუნძულებზე.

– რატომ მაინცდამაინც კანარის კუნძულებზე?

– ისე ვთქვი, მაგალითისთვის... ბორა-ბორა იყოს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მისი ფულისა და შესაძლებლობების პატრონს, არ გაუჭირდება... ნინი, არ გინდა, დამეხმარო?

– მე? რანაირად? მარიკო, ზოგჯერ ისეთ უცნაურ რამეს იტყვი ხოლმე...

– მეგობარი არა ხარ? ჩემი ბედნიერება არ გინდა?

– შენი მეგობარი როგორ არ ვარ და შენი ბედნიერებაც მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენია ჩემი დახმარება? მივიდე და ვუთხრა: ბატონო დიმიტრი, თქვენ ცოლად ერთადერთი ქალი, მარიკო შეგეფერებათ-მეთქი?! არა, რა... ხანუმობას ვერ გავქაჩავ... უი, ერთი კარგი, გამოცდილი ხანუმა რომ გიპოვო?

– ნინი, ნუ დამცინი. იცი, რამდენი წლის ვარ? 36-ის, ანუ, დრო ცოტა მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცხოვრება მოვიწყო, თუნდაც ამისთვის ისეთი რამის გაკეთება დამჭირდეს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი ან ჩემს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

– მიზანი ამართლებს საშუალებას! – მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი ნინიმ და ტირამისუიანი თეფში მიიჩოჩა...

***

ქეთი კუთხეში გაჩერდა, როგორც შეჩვეული იყო... ლოყები მაშინვე გაუხურდა და მთელი სხეული აუკანკალდა. ამდენი წლის განმავლობაში ვერაფრით შეეჩვია, იმუნიტეტი ვერ გამოიმუშავა...

 – ესე იგი, შტატში აგიყვანეს? ძალიან კარგი... – ქალმა კოპები შეიკრა და თითების გატკაცუნებით გამოხატა თავისი კმაყოფილება, – ხელფასი? ზუსტი ციფრი მაინტერესებს. ჩემი მოტყუება არც სცადო, მაინც გავიგებ და, რა მოჰყვება ამას, თავადაც იცი...

– მე არასდროს მომიტყუებიხართ...

– თავის მართლებას ვცდილობთ? ეს უკვე  დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ, მე ფეხებზე მკიდია. მთავარია, სახლში იმდენი მოიტანო, შენი და შენი მუქთახორა ძმის ჭამა-სმაზე გაწეული ხარჯი ნაწილობრივ მაინც ავინაზღაურო – ვალების გადახდის დრო მოვიდა.

– ორი წელია, მოსწავლეებისგან შემოსულ თანხას მთლიანად გაძლევდი. ჩემთვის და გიოსთვის ლარიც კი არასოდეს დამიტოვებია...

– კაპიკებს მითვლი? – მრისხანედ ასწია ქალმა წარბი, – კარგი, ანგარიში მეც ვიცი და ახლავე ჩამოგიწერ, რამდენი გავაკეთე თქვენთვის, უმადურო...

– ჰო, აბა, რა... ანგარიში ჩვენც ვიცით, – სარკასტული ღიმილით ჩაურთო სალომემ და ნახევარდას ნიშნისმოგებით გაუცინა...

 

скачать dle 11.3