კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ვერ შეძლო ცხოვრება ვახტანგ ჭაბუკიანმა და რა წერილებს სწერდა მას ყოფილი ცოლი

 

„თავიდანვე მოუსვენარი ვიყავი ბუნებით და ჩემ გარშემოც მხოლოდ ასეთი მწამდა კაცი! ეს დაუდეგრობა შემდეგ ცეკვაში თუ გადადუღდებოდა, იქნებ, სხვებს კი არა, მეც არ მეფიქრა, მაგრამ, ცეკვაში არის რაღაც ძლიერიც, ლამაზიც, მეტყველიც და მცინარიც. ყოველივე, რაც მიყვარდა ბავშვობაში, იგივე მიყვარს ახლა და, ვისურვებდი, ჩვენს ახალგაზრდებს, ყოველდღე რომ ვხვდები თბილისის ქუჩებში, ჩვენს თეატრსა და სტუდიაში თუ მაყურებელთა დარბაზში – არ ეღალატოთ იმ რწმენისთვის, რაც თავიდანვე ასულდგმულებდათ. იყვნენ ისეთივე მოძრავები, როგორც ბავშვობაში, რადგან, სწორედ ეს მოძრაობაა სიცოცხლის ხალისისა და რიტმის შემოქმედი“...

ჭაბუკიანის უნაკლო, დახვეწილ აღნაგობას ადარებდნენ ანტიკური ხანის ჩამოსხმულ ქანდაკებას, ტემპერამენტს – ვულკანის ამოფრქვევას, ხოლო პლასტიკას  – მღელვარე ოკეანის ტალღებს, გოლიათის ძალას, გრიგალისებურ ცეკვაში დაღლა რომ არ ეტყობოდა.

ჭაბუკიანი სვანური გვარია. საქართველოს ულამაზესი მთიანი მხარე – სვანეთი – ვახტანგ ჭაბუკიანის წინაპარმა დატოვა, ქართლში გადმოვიდა და დიღომში დასახლდა. ვახტანგ ჭაბუკიანის მამა, მიხეილი, სადურგლო ხელოსნობის ოსტატი ყოფილა. დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვისთვის ლიკანის საზაფხულო სახლის მშენებლობაზე მიუწვევიათ სადურგლო სამუშაოების შესასრულებლად. ამ პერიოდში მიხეილმა გაიცნო ბორჯომში სამკურნალოდ ჩასული მშვენიერი ახალგაზრდა პოლონელი ქალი ელენე კრისტიანის ასული ვაიცეროვსკაია-პლიახი და მასზე დაქორწინდა. ქართული გიმნაზიის მშენებლობისას სადურგლო სამუშაოებს ატარებდა უკვე სახელგანთქმული ხურო – მიხეილი. გიმნაზიის მშენებლობისას იქვე, ფიქრის გორაზე (ფასანაურის ქუჩაზე) მიხეილ ჭაბუკიანმა ბანკიდან გამოტანილი თანხით სახლი აიშენა. მიხეილსა და ელენეს შეეძინათ შვილები: ეკატერინე, კონსტანტინე, მარიამი, ელენე, თამარი და ნაბოლარა – ვახტანგი. ვახტანგ ჭაბუკიანის ნათლიები იყვნენ მეზღვაურ-ოფიცერი იოსებ ნადირაძე და ტატიანა შაპტოვსკაია. ოჯახი შრომისმოყვარე, გამრჯე, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი იყო. მიხეილს ძალიან უყვარდა ძმაკაცები და მათთან პურობა. პატარა ვახტანგი საოცრად ცელქი ყოფილა. მან ბავშვობა ფიქრის გორაზე გაატარა, დარბოდა ვარაზის ხევში, ჭყუმპალაობდა მდინარე ვერეში, უბნის ბიჭებთან ერთად თამაშობდა ლახტს, სალაობას, ომობანას ხის თოფებითა და ხმლებით. როდესაც ამ პატარა ტანის გამხდარ ბიჭს რაზმის უფროსობა დაავალეს, მან ისეთი გამჭრიახობა გამოიჩინა, რომ მისმა გუნდმა გაიმარჯვა. დამსახურებისამებრ, გულზე ჯილდო – თუნუქის ჯვარი დაჰკიდეს. ამ ამბავს თვითონ ჭაბუკიანი სიცილით იხსენებდა – ერთი კვირა ყოჩივით დავდიოდი ბიჭებშიო. 8 წლის ვახტანგი ვერაზე (ბელინსკის ქუჩაზე), მესამე დაწყებითი სკოლის მოსწავლე ხდება. დაწვრილშვილებული ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. სკოლის პარალელურად, ვახტანგი ღარიბთა შვილებისთვის მარიამ შევალიეს მიერ გახსნილ საოსტატო-სამხატვრო სახელოსნოში (ტერგუკასოვის ქუჩა ¹4, ახლანდელი გურამიშვილის ქუჩა) შეგირდად მუშაობდა და შესრულებულ სამუშაოში გასამრჯელოსაც იღებდა: წნავდა წნელის კალათებს, პაპიემაშედან აკეთებდა კოლოფებს, მუყაოსგან ხერხით ფიგურებს ჭრიდა. ვახტანგის ნამუშევარი პატარა კალათა შევალიეს მოხუცებულობაშიც ჰქონდა, შენახული როგორც ძვირფასი რელიკვია. შევალიე ატყობდა, რომ ბავშვი ნიჭიერი იყო და ცეკვისადმიც ჰქონდა მიდრეკილება, ვინაიდან, ერთგვარად, სულ ფეხის წვერებზე ტრიალებდა. ამის გამო მან ვახტანგს „ბზრიალა“ შეარქვა. შევალიემ ვახტანგი თავის მეგობართან, ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელთან, მარია პერინისთან გაგზავნა და დაავალა, პერინის სტუდიაში (გრიბოედოვის ქუჩა ¹24) შეგირდების მიერ ნაძვის ხისთვის გაკეთებული სათამაშოები წაეღო. შევალიესა და პერინის შორის წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ვახტანგი სტუდიაში შეიპატიჟეს, რათა ცეკვები ენახა. ბიჭი ამ სანახაობით მოიხიბლა. მოგვიანებით ჭაბუკიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „მე ისე გამიტაცა სანახაობამ, რომ დავიწყე მოძრაობებისა და ცეკვების ცალკეული ფრაგმენტების უსასრულოდ გამეორება“, მან შევალიეს პერინის სტუდიაში მოწყობა სთხოვა. შევალიე ისედაც მზად იყო, ბიჭისთვის ეს ოცნება შეესრულებინა და 12 წლის ვახტანგი პერინის ქორეოგრაფიული სტუდიის მოწაფე გახდა, თან, შევალიეს სახელოსნოშიც განაგრძობდა მუშაობას. ერთ დღეს კი შევალიემ სახელოსნოში ცეკვების დილა მოაწყო. მონაწილეები სახელოსნოს შეგირდები იყვნენ, რომლებსაც პატარა ბალეტმეისტერი ვახტანგ ჭაბუკიანი ამეცადინებდა. ვახტანგი სასტიკი და ენერგიული ბალეტმეისტერი აღმოჩნდა. გახარებული შევალიე ეუბნებოდა: ჩემო ბზრიალა, თუ ასე იმეცადინებ, პირველი ბიჭი იქნებიო.

პატარა ტანის ვახტანგი დიდი ნებისყოფის ფასად, მთელი წელი ვარჯიშობდა ძელზე, რათა მაღალი გამხდარიყო. 

ბურთიკაშვილი ამბობს: „მოხუცმა შევალიემ მიამბო, ვახტანგი ყოველდღე მეკითხებოდა: „დეიდა მანია, მემატება სიმაღლე თუ არა?“ მე ვპასუხობდი: – იზრდები, შვილო, იზრდები. შენ ნამდვილი მარიუს პეტიპა იქნები...“

ვახტანგს ცეკვის გარდა თეატრი და კინო უყვარდა. რადგან ბილეთის ფული არ ჰქონდა, საზრიანი და გონიერი ბიჭი ყოველთვის მოძებნიდა ხოლმე გამოსავალს სანახაობაზე მოსახვედრად: ხან თეატრის უკანა კარიდან შეიპარებოდა პატარა მსახიობებთან ერთად; ხან აგურს გაახვევდა ქაღალდში – ვითომ სასცენო კოსტიუმი მიჰქონდა; ხან გროშებს აგროვებდა... ერთხელ საკუთარი ხალათიც კი გაყიდა, რათა შესასვლელი ბილეთი შეეძინა. მოგვიანებით ვახტანგიც გამოიყვანეს სცენაზე – „აბესალომ და ეთერში“ გოგოს კაბა ჩააცვეს. ვახტანგმა ეს იწყინა, მაგრამ, მოითმინა, რომ სპექტაკლი არ ჩაეშალა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვახტანგის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა დაუძლურდა, დედას დიდი ჯაფა დააწვა მხრებზე, კერვით გადაიღალა და ვახტანგი ცდილობდა, ოჯახისთვის ტვირთი  შეემსუბუქებინა. ფიქრის გორაზე შესანიშნავ სახლში ნაცხოვრები ოჯახი, ბოლოს ვაკის რაიონის მოტიტვლებულ, ხრიოკ ადგილას, ქოხში ცხოვრობდა ორ-სამ მოსახლესთან ერთად. არც წყალი იყო, არც არაფერი. ვახტანგი ოჯახს წყლით ამარაგებდა, რომელიც შორიდან მოჰქონდა – ვაკისა და საბურთალოს შორის, ხევში მდებარე წყაროდან. ტრანსპორტი მათ საცხოვრებელ ადგილამდე არ მიდიოდა და ბიჭი 5-6 კილომეტრს გადიოდა ფეხით ყოველდღე: სახლიდან სკოლაში, ვერაზე, იქიდან – შევალიეს სახელოსნოში, შემდეგ კი – პერინის სტუდიაში. პერინის ქორეოგრაფიულ სტუდიაში სწავლის პერიოდში სხვადასხვა სტუდენტისგან მოცეკვავეთა ჯგუფი შეადგინა. ბალეტებიდან მოამზადა საცეკვაო ნომრები და კირკის ქუჩაზე (ახლა მარჯანიშვილის ქუჩა) მდებარე საკრებულო ბაღში გამართა საბალეტო ჯგუფის პირველი გამოსვლა. აფიშები იუწყებოდა, რომ საბალეტო ცეკვები დადგმული იყო ჭაბუკიანის მიერ. ამის შემდეგ საცეკვაო გამოსვლებს ითხოვდნენ სხვა კლუბებიც. პერინის სტუდიაში სწავლის დროს ჭაბუკიანი პრაქტიკის მისაღებად ჩარიცხეს თბილისის ოპერის თეატრში სტაჟიორად (1924-1925 წლები). ჭაბუკიანმა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შეასრულა საკუთარი დადგმა – „ცეცხლის ცეკვა“. ამ დღეს დაიბადა იგი, როგორც მოცეკვავე და ბალეტმეისტერი. ჭაბუკიანი დიდი სიყვარულით იგონებდა მარია პერინის. „ბედის ნებით თუ შემთხვევით, მე, 12 წლის ბიჭი, შევხვდი პერინის და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, შეიძლება, არც მოვსულიყავი ბალეტში, ჩემი ცხოვრების გზაზე რომ არ ყოფილიყო პერინი. მარია პერინი ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულთ, მათ შორის მეც, უფასოდ ასწავლიდა. პერინიმ ჩემი შვილად აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები არ დაეთანხმნენ“. პერინი იტალიურ ოპერას ჩამოჰყვა სოლისტად და თბილისში დარჩა. როცა მან დააარსა საბალეტო სკოლა, მაშინ თბილისში ბალეტი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. სწორედ პერინიმ დაუდო სათავე საქართველოში კლასიკური ბალეტის ხელოვნებას.

ცხოვრებამ ჭაბუკიანს ყველაფერი მისცა, გარდა – ოჯახური ბედნიერებისა. ალექსანდრე ვერტინსკი წერდა, რომ დიდი არტისტები ღმერთებივით არიან, მაგრამ მარტოხელები. მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, რაც ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა, მეუღლეს, ბალერინა გალინა კუზნეცოვას, მალე დაშორდა. მიუხედავად ამისა, მათ ურთიერთსიყვარული და პატივისცემა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს. განქორწინების შემდეგ გალინა ვახტანგს სწერდა: „ძვირფასო, ვახტანგ! დღეს უკანასკნელად მაქვს უფლება, ვიამაყო ჩემი საყვარელი, ნიჭიერი ქმრით. ძვირფასო ვახუშტი, მთელი გულითა და სულით გისურვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს შენს ცხოვრებაში, სამუდამოდ ვრჩები შენი გულწრფელად ერთგული მეგობარი. გკოცნი მაგრად, შენი გალია“.

გალინა თავის მოგონებებში წერდა, რომ ჭაბუკიანის გვერდით ცხოვრების წლები მას ბედის საჩუქრად მიაჩნდა. მსოფლიოში სახელმოხვეჭილი და ძალიან სიმპათიური  ხელოვანის მიმართ გულგრილი არავინ რჩებოდა. ვახტანგს თაყვანისმცემელ ქალბატონთა უზარმაზარი არმია ეხვია გარს, გულიც ბევრჯერ ასძგერებია სიყვარულისთვის, მაგრამ, გენიალურმა მოცეკვავემ სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერებისთვის ვერ შეძლო გულის ნაწილის გაღება, რადგან მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნა ის.

ეკა პატარაია

(მასალა მომზადებულია დავით ჯანგველაძის წიგნიდან „ვახტანგ ჭაბუკიანი – 100“).

 

скачать dle 11.3