კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ლამაზი ქალებიც არიან ჭკვიანები

ჩვენთან, სამსახურში, ორი გოგო მუშაობს, 25-26 წლის არიან და დაქალობენ. ერთი ძალიან ლამაზი და ეფექტურია, მეორე ლამაზი არ არის, მაგრამ, სათვალე უკეთია, თავის დაჭერა და სიტყვა-პასუხი ეხერხება და, შესაბამისად, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჯერ ორივეს დავუმეგობრდი და სულ ერთად დავდიოდით ყველგან, მერე კი თანდათან ვიგრძენი, რომ ორივე მომწონდა, ოღონდ, ვერ ვხვდებოდი, რომლისკენ უფრო მიმიწევდა გული და, ამიტომ, არ ვჩქარობდი, რომელიმესთვის სიყვარული ამეხსნა.

ჩემს უახლოეს ძმაკაცებს რომ გავუმხილე ჩემი გასაჭირი, ორივემ ერთხმად მითხრა, მართალია, ნინი ძალიან ლამაზია, მაგრამ, როგორც წესი, ლამაზი ქალები ცოტას წაისულელებენ. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულხარ შენს გრძნობებში და, თან, სერიოზული სამომავლო მიზნები გაქვს, ჯობია, სასწორი ვერიკოსკენ გადასწონო, რადგან მაგისნაირი ტიპაჟები ძალიან ჭკვიანები არიან, მით უმეტეს, რომ უსიმპათიოც არ არისო.

ჩემმა ძმაკაცებმა ასეთი რჩევა იმიტომ მომცეს, რომ იციან ჩემი ხასიათი, შტერ და ცანცარა გოგოებს რომ ვერ ვიტან. მეც უკვე აღარ ვარ პატარა ბიჭი და ოჯახის შექმნაზეც სერიოზულად ვფიქრობ – როდემდე უნდა ვირბინო წინ და უკან თინეიჯერივით, თან, ეს „საყვარლობანაც“ ყელში ამომივიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ნინიც და ვერიკოც უფრო ახლოს გამეცნო და ისე გამეკეთებინა არჩევანი. შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ჩემი მხრიდან უპატიოსნო საქციელი იყო, მაგრამ, მე ხომ ჯერ არც ერთისთვის არაფერი არ მქონდა ნათქვამი და, ამიტომ, სულაც არ ვგრძნობდი თავს უხერხულად.

სხვათა შორის, თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ (ორივეზე ცალ-ცალკე), ნამდვილად დავამსხვრიე მითი ლამაზი ქალის სულელობისა და სათვალიანი და თავდაჭერილი ქალის გონიერების შესახებ. აღმოჩნდა, რომ, თავისი სილამაზის მიუხედავად, ნინი ძალიან ნაკითხი, ჭკვიანი, გონიერი და საქმიანი (ამავე დროს – ნიჭიერი და მიზანდასახულიც) გოგო აღმოჩნდა; ვერიკო კი, მართალია, ცერცეტი და სულელი არ იყო, მაგრამ, ძირითადად, ნინის ჰბაძავდა ყველაფერში და, ასე ვთქვათ, „მის ხარჯზე გამოდიოდა“. ყველაფერთან ერთად, ნინის საკმაოდ რბილი ხასიათი აღმოაჩნდა, თან, თავისი გარეგნობის მიუხედავად, არ ჰქონდა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, არც თავისი ოჯახითა და წინაპრებით ტრაბახობდა (არადა, აშკარად ჰქონდა სატრაბახო) და არც სნობი იყო, რასაც ვერ ვიტყოდი ვერიკოზე. მათი ხასიათებიც რომ შევისწავლე, დავრწმუნდი, რომ არჩევანი ნინიზე უნდა გამეკეთებინა და ასეც მოვიქეცი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საქმროდ ვითვლებოდი (გარკვეული მიზეზების გამო), ნინიმ მითხრა, მეც მომწონხარ, მაგრამ, თუ ჩემს გრძნობაში არ ვიქნები დარწმუნებული, ისე ვერავის გავყვებიო. სამაგიეროდ, ვერიკოს აშკარად არ ესიამოვნა ეს ამბავი (ალბათ, თვითონ მოვწონდი და იმიტომ). ვითომ გაუხარდა. მაგრამ, ჩუმ-ჩუმად ცდილობდა ჩემსა და ნინის შორის „ჩორტების“ ჩაგდებას. კიდევ კარგი, ორივე მივხვდით მის თვალთმაქცობას და დროულად ჩამოვიშორეთ.

სხვათა შორის, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა თვისებასთან ერთად, ნინი არაჩვეულებრივი მეუღლე და დედა გამოდგა, ვერიკო კი ორჯერ გათხოვდა და ორჯერვე რამდენიმე თვეში გაშორდა ქმარს. ასე რომ, თუ ვინმეს ლამაზი ქალი შეუყვარდება, ნუ შეეშინდება, ლამაზი ქალიც შეიძლება იყოს ჭკვიანი და კარგი მეოჯახე.

თემური, 32 წლის.

დედას გათხოვების უფლება მივეცით

10 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ძალიან მრცხვენია, გარდაცვლილ მშობელზე ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ნარკომანი იყო და, როგორც იტყვიან ხოლმე, „წამალში გაიპარა“. თავიდან სიყვარულით შეუღლდნენ ჩემი მშობლები, თუმცა, მამაჩემის ნარკომანობამ ის სიყვარულიც გააქრო და შვილების (ჩემი და ჩემი უმცროსი დის) ნერვებიც შეიწირა.

თავდაპირველად დედა ყველაფერს გვიმალავდა, რომ მე და ჩემს დას მამის მიმართ აგრესია არ გაგვჩენოდა, მაგრამ, ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ყველაფერს მივხვდით, რადგან მამაჩემი უკვე ისე იყო წამალზე „შემჯდარი“, ჩვენ თვალწინ იკეთებდა ნარკოტიკს, სულ გათიშული იყო და, გარდა ამისა, ჩუმად თუ ძალით, სახლიდან ყველა ღირებული ნივთი გაიტანა და გაყიდა, რომ „წამალი“ ეყიდა. თან, სულ შარზე იყო და რამდენჯერმე იმასაც შევესწარით მე და ჩემი და, რომ დედას ხელით შეეხო, რადგან მან მასწავლებლისთვის მისაცემი ფული არ მისცა, თუმცა, ის ფული მაინც წაართვა. როცა  სახლიდან გადიოდა და კარში შევეჩეხეთ შეშინებულები და ატირებულები, ჩვენც კარგად წაგვითაქა და ისე წავიდა. იმ დღის შემდეგ დედას მარტოს აღარ ვტოვებდით, რადგან, გვეშინოდა, მამას არ ეცემა ან არ მოეკლა. ერთხელ კი ისე ჰკრა ხელი, რომ დედა წაიქცა, თავი მაგიდას ჩამოარტყა და, იმ მომენტში შემთხვევით ჩვენი მეზობელი რომ არ შემოსულიყო (ის ქალი ექიმია და დედას მაშინვე აღმოუჩინა პირველადი დახმარება), დედაჩემი მოკვდებოდა. იმ დღიდან საშინლად შემძულდა მამა, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და პროტესტის გამოხატვისაც მეშინოდა, რომ ისევ დედაჩემისთვის არ მოეთხოვა პასუხი.

მამაჩემის ნარკომანობას დედა კარგა ხანს უმალავდა დედამთილ-მამამთილს, მაგრამ, ბოლოს ისევ იმ მეზობელმა დაურეკა ბებიაჩემს და უთხრა, მოდით და მიხედეთ თქვენს შვილს, სანამ ცოლ-შვილი არ დაუხოცავსო. ბებიაჩემმა კი, იმის ნაცვლად, რომ რამე ეღონა, დედა დაადანაშაულა – მაგან მიიყვანა ჩემი ანგელოზივით შვილი აქამდე და ახლა მეზობლებში უტეხს სახელსო. მოკლედ, რომელი ერთი გავიხსენო. ჩვენს ოჯახში ისეთ სცენებს შევსწრებივარ, მოყოლისაც კი მრცხვენია. საწყალი დედა, ნახევარჯერ აცდენდა სამსახურს – ისეთი დალურჯებული ჰქონდა ხოლმე სახე და თვალები, ხალხში ვერ ჩნდებოდა. ბოლოს, როცა უკვე მართლა გაუსაძლისი გახდა მამაჩემის საქციელი (თან, მეზობლებმა და ახლობლებმაც შეაგულიანეს), დედამ ქმართან გაყრა გადაწყვიტა, რაზეც მამაც დათანხმდა (ალბათ, იფიქრა, ხელის შემშლელი მაინც აღარ მეყოლებაო) და ერთად შეიტანეს განცხადება განქორწინებაზე. რადგან ბინა დედაჩემის იყო, ნივთები კი, პრაქტიკულად, აღარ გაგვაჩნდა, ქონების გაყოფის საკითხიც არ დამდგარა (ეს ყველაფერი მე და ჩემმა დამ წლების შემდეგ გავიგეთ) – მამა თავის მშობლებთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. მაგრამ, ისე მოხდა, რომ განქორწინება ვერ მოასწრეს – ერთ საღამოს, მამაჩემი თავისნაირ ნარკომან ძმაკაცთან რომ იყო, დიდი დოზა გაიკეთა და გარდაიცვალა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ამბავი ატეხა ბებიაჩემმა (ბაბუას რცხვენოდა და ხმას ვერ იღებდა, თუმცა, არც თავისი ცოლის გაჩერება უცდია), დედას მოუვარდა, უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა და ყველაფერი მას დააბრალა. დედაჩემს პასუხი არ გაუცია. ჩემდა გასაოცრად, ძალიან დაიტირა მამაჩემი, ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გაუკეთა და ორი წელი შავები არ გაუხდია. ერთი ის იყო, დედამთილ-მამამთილთან არ ჰქონდა ურთიერთობა. ისინი თვითონ თუ დარეკავდნენ ან მოვიდოდნენ წელიწადში ერთხელ, დედა ზრდილობიანად ხვდებოდა და ელაპარაკებოდა, არც ჩვენ გვიშლიდა მათთან სიარულს (თუმცა, ამის სურვილი ჩვენ თვითონ არ გვქონდა), მაგრამ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა, თვითონ მათთან ერთხელაც არ მისულა და არც დაურეკავს.

ჩვენს გაზრდაში დედას ისევ თავისი მშობლები ეხმარებოდნენ და, რადგან სახლში ჩხუბი და აყალმაყალი აღარ ხდებოდა, ჩვენი ცხოვრებაც მოწესრიგდა.

მამას გარდაცვალებიდან სამი წელი რომ გავიდა, დედამ გათხოვება გადაწყვიტა, თუმცა, ძალიან უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. დედაჩემმა გაგვაცნო თავისი საქმრო და მე და ჩემს დას გვითხრა, თქვენ თუ არ მოგწონთ და წინააღმდეგები ხართ, არ გავთხოვდები და ისევ ისე ვიცხოვრებთ ერთადო. მე და ჩემს დას ის კაცი კი მოგვეწონა, მაგრამ, მაინც ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი და ტირილი დავიწყეთ. მერე დედამაც იტირა და გვითხრა, აღარ გავთხოვდებიო და იმ კაცს უარი შეუთვალა, მაგრამ, ძალიან სევდიანი დადიოდა, თუმცა, ჩვენ არც ალერსს გვაკლებდა და არც ყურადღებას. ერთ საღამოს კი გავიგონე, როგორ უთხრა დედამ ტელეფონში იმ კაცს, აღარასოდეს დამირეკო. მართალია, მიყვარხარ, მაგრამ, ამის გამო ჩემს შვილებს ტკივილს ვერ მივაყენებ, ისედაც გამწარებული ბავშვობა ჰქონდათო, მერე კი მთელი ღამე გულამოსკვნილი ტიროდა. ჯერ გამიკვირდა, რადგან ჩვენ ცრემლს არ გვაჩვენებდა და მეგონა, ის კაცი დაივიწყა-მეთქი, მაგრამ, კიდევ რამდენჯერმე რომ გავიგონე ღამით მისი ტირილი, მივხვდი, რომ დედას ის კაცი უყვარდა და ჩვენი უარის გამო იტანჯებოდა. იმ დროს უკვე 14 წლის ვიყავი და მივხვდი, რომ სწორად არ ვიქცეოდით. მეორე დილასვე მოველაპარაკე ჩემს დას (ის მაშინ 13 წლის იყო), ათასნაირი ხრიკებით გავიგეთ, სად მუშაობდა ის კაცი, მივადექით სამსახურში და ვუთხარით, თუ მართლა გიყვართ ერთმანეთი, თანახმა ვართ, დედა ცოლად გამოგყვეთო. ისე გაუკვირდა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მერე თავის კაბინეტში შეგვიყვანა და კარგა ხანს გვესაუბრა. ამ საუბრით დავრწმუნდით, რომ დედა თავის არჩევანში არ შემცდარა. მერე იქიდან სამივე ერთად წამოვედით, გზაში ყვავილები, შამპანური და ტორტი ვიყიდეთ და ასე მივადექით დედას სახლში. ცხოვრებაში არ დამავიწყდება დედაჩემის სახე. მერე ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა და ამჯერად უკვე სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა. ბიძია გიორგიმ ჩვენ გვთხოვა დედას ხელი და, თანხმობის მიღების შემდეგ, ჩვენ თვალწინ გაუკეთა ნიშნობის ბეჭედი.

მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ, სულ 20-25 კაცი იყო, მაგრამ, ყველამ ძალიან კარგი დრო გაატარა.

ძია გიორგიმ თავის ბინაში გადაგვიყვანა სამივე, ჩვენი ბინა კი გააქირავა და თანხა პირდაპირ ირიცხებოდა ჩემი და ჩემი დის ანგარიშზე (დღემდე ასე ხდება). ყველა ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა არის ნამდვილი ოჯახი.

მართალია, ბებიაჩემმა ერთი არევა აგვირია – ჩემმა რძალმა ანგელოზივით ქმარი მოინელა და ახლა მამინაცვალი დაუსვა შვილებს სახლშიო, მაგრამ, მე და ჩემი და მაგრად დავხვდით და არ გამოუვიდა ნომერი.

უკვე ორი წელი გავიდა დედას გათხოვებიდან და ახალ ბედნიერებას ველოდებით – მალე პატარა ძამიკო გვეყოლება.

ანი, 16 წლის.

 

ჩემი ქმარი ნამდვილი მონათმფლობელია

გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ, გაცნობიდან ქორწილამდე, რამდენიმე თვე ვხვდებოდი ავთოს და, ამ ხნის განმავლობაში, შემიძლია, ვთქვა, არაფერი შეშლია. ისეთი დახვეწილი იყო, ისეთი ყურადღებიანი და ხელგაშლილი, ბედნიერებისგან ჭკუაზე არ ვიყავი. მიხაროდა, რომ სწორედ ისეთი მამაკაცი შემახვედრა ბედმა, როგორზეც ვოცნებობდი. ყოველ შეხვედრას მოუთმენლად ველოდი და, ერთი დღეც რომ არ მენახა, ისე მენატრებოდა, ლამის მეტირა. მასში მხოლოდ დადებითს ვხედავდი, რადგან მანებივრებდა, ზრუნავდა ჩემზე, საოცრად დახვეწილ საჩუქრებს მიძღვნიდა, ყველგან თან დავყავდი და ჩემით ამაყობდა; ჩემს დაქალებსაც თან ჰყვებოდა, ჰოდა, მეტი რა უნდა ახალგაზრდა გოგოს, მით უფრო – გამოუცდელს?! ღმერთად ჩავთვალე და უგონოდ შემიყვარდა.

დიდი და ლამაზი ქორწილი გადავიხადეთ და ბედნიერებისგან დავფრინავდი. ისედაც სულ თვალებში ვუყურებდი, მაგრამ, ქორწილის მერე გადავწყვიტე, ჩემი უსაზღვრო სიყვარულითა და ზრუნვით დამებრუნებინა მისთვის ის დიდი ბედნიერება, რაც მან მომანიჭა. საქორწინო მოგზაურობაში რომ წავედით, იქაც დედოფალივით ვყავდი, ნებას არ მაძლევდა, მისთვის თუნდაც ყავა მომედუღებინა ან ნამცხვარი დამეჭრა – მეუბნებოდა, შენ ჩემი საკუთარი თოჯინა ხარ, ამ ყველაფერს კი ის გააკეთებს, ვისაც ფულს გადავუხდიო. მე სულელს მიხაროდა ამ სიტყვების გაგონება და მეამაყებოდა, რომ ქმარი ასე მიფრთხილდებოდა. რა ვიცოდი, რა მელოდა.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ანუ, მეორე დღიდან, ავთომ ორი ქალი მოიყვანა სახლში და მითხრა, ერთი აქაურობას დაალაგებს, მეორე კი სამზარეულოს საქმეებს მიხედავს. შენგან მხოლოდ ორ რამეს მოვითხოვ: ყოველთვის კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზე უნდა დამხვდე, სამაგიეროდ, არაფერი მოგაკლდებაო. მართლაც ასრულებდა სიტყვას: თითქმის ყოველდღე მოჰქონდა უძვირფასესი და საოცრად გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი, სამკაული თუ პარფიუმერია და მეც მეხალისებოდა, მის მოლოდინში გამოვპრანჭულიყავი, მისთვის თავი მომეწონებინა და მერე ერთად გაგვეტარებინა საღამო სახლში ან სადმე მყუდრო კაფეში. ერთი ეგ იყო, რომ ავთოს მოთხოვნით (და არა თხოვნით), სამსახურს დავანებე თავი; გარდა ამისა, მისი ნებართვის გარეშე უფლება არ მქონდა, დაქალებთან წავსულიყავი, ან, თუნდაც, მაღაზიაში გადამერბინა, ვთქვათ, პურის საყიდლად. ჩემს მშობლებთანაც კი, ან თვითონ მივყავდი, ან მის მძღოლს, რომელიც დათქმულ საათზე ისევ მომაკითხავდა და უკან წამომიყვანდა ხოლმე. მობილურსაც, ვითომ ხუმრობით, სულ მიმოწმებდა, სახლში კი ნომრების ამომცნობი აპარატი დააყენა. მოსამსახურესა და მზარეულსაც ისეთი განრიგი გაუკეთა, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთი საათითაც არ დავრჩენილიყავი მარტო. რამდენიმე ხნის განმავლობაში კი ჩემი დაქალებიდან ნელ-ნელა ყველა „დაბრაკა“ და მხოლოდ ორთან მომცა ურთიერთობის უფლება, ისიც, გარკვეულ დღეებსა და საათებში, ის „დაბრაკულები“ კი ისე ჩამომაშორა, მე თვითონაც გვიან მივხვდი.

თავიდან, სანამ ეს ყველაფერი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ, ერთ დღეს, როცა დედაჩემი მოვიდა ჩემთან და სახლში დაბრუნებულ ავთოს სახლში სიდედრი დახვდა, დაუფარავი უკმაყოფილებით მიმართა: ქალბატონო დოდო, რატომ არ ვიცოდი, მოსვლას თუ აპირებდითო. დედაჩემმა გაოცებით რომ შეხედა და ვითომ ხუმრობით უპასუხა, ჩემს შვილთან მოსვლაზე თუნდაც შენისთანა კარგ სიძეს რატომ უნდა შევუთანხმდე, მომენატრეთ და მოვედიო, ავთო მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ გამოუვიდა ნათქვამი და შეეცადა, გამოესწორებინა – ასე იმიტომ გითხარით, მანქანას გამოგიგზავნიდით, რომ არ შეწუხებულიყავითო.  წასვლისას დედამ მთხოვა, მაინც მარტო ხარ სახლში, საქმეც ბევრი არაფერი გაქვს და იქნებ, ცოტა უფრო ხშირად მოხვიდე ჩემთანო, რაზეც ავთომ მაინც ვერ შეიკავა თავი და ზრდილობიანად, თუმცა, საკმაოდ კატეგორიულად უთხრა: ქალბატონო დოდო, მოსვლა, ასე თუ ისე, თქვენი ნებაა და ყოველთვის მოხარული ვიქნები, ჩემს სახლში გიხილოთ, მაგრამ, ჩემი ცოლი ვისთან, როდის და რამდენი ხნით წავა, ამას მხოლოდ მე გადავწყვეტო. არ დამავიწყდება დედაჩემის გაოცებული და შიშჩამდგარი თვალები. საწყალი, ისე წავიდა სახლში, აღარაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ კატეგორიული უარი განაცხადა ავთოს მძღოლის მომსახურებაზე. იმ დღის შემდეგ ჩემი მშობლები განსაკუთრებულ შემთხვევებში მოდიოდნენ ჩვენთან, და მე სულელი კი ვერაფერს ვხვდებოდი, რადგან, ჯერ ისევ უგონოდ მიყვარდა ქმარი და ყველაფერში შეუმცდარი მეგონა. მერე და მერე, როცა ეს ყველაფერი მომბეზრდა, როცა მივხვდი, რომ ავთოსთვის მხოლოდ მისი საკუთარი ლამაზი ნივთი ვიყავი და იმის უფლებაც კი ჩამომართვა, რომ ჩემი აზრი მქონოდა რამეზე, ჯერ ჩუმი პროტესტი გამიჩნდა, მერე კი ყველაფერი გავაანალიზე (თუმცა, აზრადაც არ მომდიოდა, რომ გავყროდი, რადგან, უკვე ისე ვყავდი დაპროგრამებული, რომ ეს არც კი მიფიქრია, ისე გამორიცხა გაყრის შესაძლებლობა ჩემმა ქვეცნობიერმა) და მივხვდი, რამე გამოსავალს თუ არ მოვძებნიდი, შეიძლება, ძალიან მალე გამეფრინა. ბევრი ფიქრის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი მოვძებნე – შვილი უნდა გამეჩინა. მეგონა, რომ ბავშვი მთლიანად დადებითისკენ შეცვლიდა ჩემს ქმარს. კარგა ხანს ვურჩიე დრო და, ბოლოს, როგორც იქნა, ვუთხარი, შვილი სჭირდება ჩვენს ოჯახს და მეც ძალიან მინდა დედობა-მეთქი. ისე შეიცხადა და ისე გადაირია, თითქოს სხვისგან ვაპირებდი ბავშვის გაჩენას. მეც აღარ დავუთმე და სერიოზული სკანდალი გამოგვივიდა. აღმოჩნდა, რომ ავთოს საერთოდ არ უყვარდა ბავშვები, თანაც, იმ ფაქტმა გააგიჟა, მე რომ ჩემი აზრი მქონდა რაღაცაზე და წინააღმდეგობის გაწევა გავუბედე. რამდენიმე დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მერე კი, ეტყობა, იფიქრა, ასე არ გამოვაო და ძვირფასი საჩუქრების მოტანა დაიწყო, მაგრამ მე ზედაც არ შემიხედავს, ის კი არა, რაც მანამდე ჰქონდა მოტანილი, ის ყველაფერიც ერთად დავაწყვე (მას რომ დაენახა, ისე) და ხელს არ ვკიდებდი, მის ნაყიდ ტანსაცმელსაც კი აღარ ვიცვამდი. რომ მიხვდა, აღარ ვიყავი მისი საკუთარი ფაიფურის თოჯინა, რაღაც დათმობებზე დაიწყო წასვლა: დედაჩემთანაც უფრო თავისუფლად მიშვებდა, ჩემს დაქალებთანაც. ერთ დღეს კი მითხრა, სამსახური გიშოვე, რომ მთლად არ გამოიკეტო სახლში, ოღონდ, ნახევარ განაკვეთზე იმუშავებ 10-დან 2 საათამდე და ჩვენი მძღოლი წაგიყვანს და მოგიყვანსო. ეს უკვე გამარჯვება იყო, მაგრამ გადავწყვიტე, ან საბოლოოდ მოვიყვანდი გონს, ან მართლა გავეყრებოდი. ამას რომ მიხვდა (მით უმეტეს, რომ არც ვმალავდი ჩემს გადაწყვეტილებას), პოლიტიკა შეცვალა და ახლა სხვანაირად მექცევა, თუმცა, მეჩვენება, რომ თავს ძალას ატანს და ამ ყველაფერს თამაშობს, რადგან, მისდა უნებურად, შიგადაშიგ მაინც ავლენს ხოლმე თავის მონათმფლობელურ მიდრეკილებებს, მაგრამ, ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს.

თამთა, 27 წლის.

 

скачать dle 11.3