კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა არის პირის დაკავების საფუძველი და რა დროიდან ითვლება ადამიანი დაკავებულად? 

პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაკავების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით, სასჯელის სახით, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს, პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე, რომელიც არ საჩივრდება. აღნიშნული გულისხმობს, რომ პირის დაკავებაზე ხორციელდება წინასწარი სასამართლო კონტროლი. თუმცა, განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაძლებელია პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშეც. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან, ხოლო დაკავების შემდეგ პირი ითვლება ბრალდებულად.

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაშია ნებადართული პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე?

პასუხი: პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ: 

პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;     

პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავების მიზნით; 

პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; 

პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდეგ იგი თვითმხილველმა ამოიცნო; 

პირი, შესაძლოა, მიიმალოს; 

თუ პირი ძებნილია. 

ნიშანდობლივია ისიც, რომ პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემების პროპორციულია. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევების დროს და რა პროცედურების დაცვით ხდება პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება და რამდენია ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის ან ქალაქის სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადაა 90 დღე. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ: ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ 12 წლამდე ასაკის ბავშვები, 18 წლის ასაკის მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.    

კითხვა: მაინტერესებს,  შეიძლება თუ არა, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებული პირი ამავდროულად იქნეს დაჯარიმებული და ზოგადად რა ოდენობის ჯარიმებია დადგენილი სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირებისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის – გაძევებულ პირსაც, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით, შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა 50-დან 5 000 ლარამდე ოდენობით, რაზეც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარამდე.

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება და რა ვადით გამოიყენება პატიმრობა აღნიშნული დარღვევისთვის?

პასუხი: თუ სასამართლო სხდომაზე პირის მოქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს, პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის მითითებით, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებასა და დაკავების ოქმის შედგენას. ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს. დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ, არაუგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია, გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. 

კითხვა: გთხოვთ, ამიხსნათ, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, რა კანონიერი საშუალებები არსებობს მისი სასამართლოში გამოსაცხადებლად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მხარე უფლებამოსილია, წარადგინოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ. პირს, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია, გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროსა და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ან, თუ უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე, იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ. მოწმის იძულებით მიყვანის გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს, რომლის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, მისაყვანი მოწმის აღმოჩენის შემთხვევაში, ხელწერილით აცნობებს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში. ამასთან, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის, მიყვანის დროის, აგრეთვე, მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ მოწმის მიყვანა შეუძლებელია, მიყვანის გადაწყვეტილებაზე იგი წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და აღსრულების გარეშე უბრუნებს ინიციატორს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  აქვს თუ არა მსჯავრდებულს ადვოკატის ყოლის უფლება, რა პროცედურების დაცვით შეუძლია მას ადვოკატის აყვანა და შეზღუდულია თუ არა მსჯავრდებული ადვოკატთან შეხვედრის უფლებით? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნებისმიერ მსჯავრდებულს, მიუხედავად იმისა, რომელი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ის მოთავსებული, აქვს დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება.  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსჯავრდებულს შეუძლია, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. 

კითხვა: გთხოვთ მომცეთ ტერმინ „ნოტარიატის“ განმარტება და ხდება თუ არა ნოტარიატის რეგულირებაში სახელმწიფო ჩარევა? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

скачать dle 11.3